თავი პირველი

24 2 0
                                    


შემოდგომა, 1952 წელი
კარგი, რადგან არ იშლით, ერთ ამბავს მოგიყვებით. ოღონდ იცოდეთ, მერე
კიდევ არ მთხოვოთ. უკვე გვიანია და მე და ფარის წინ დიდი გზა გვაქვს.
კარგად უნდა გამოიძინო, ფარი. აბდულა, შენ იცი, როგორ მიხედავ
აქაურობას, სანამ მე და შენი და შინ არ ვიქნებით. დედაშენსაც შენი იმედი
აქვს. ჰო, აბა, ახლა ორივემ ყურადღებით მომისმინეთ და არ შემაწყვეტინოთ.
დიდი ხნის წინ, როცა ქვეყნად დევები, ჯინები(ჯინი – ავი სული, მაქცია,
გრძნეული.”აქ და შემდგომში ფარსი-დარის ენაზე ნათქვამ, ორიგინალში
დახრილი შრიფტით გამოყოფილ სიტყვებს სქოლიოში ვურთავთ ქართულ
მნიშვნელობებს (რედ. შენ.).) და გოლიათები სახლობდნენ, მაიდან საბზში,
ერთ პატარა სოფელში, გლეხკაცი ცხოვრობდა. კაცს ბაბა(ბაბა – მამა.) აიუბი
ერქვა. მას დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი და დღე-ღამეს შრომაში ასწორებდა.
ხნავდა, მიწას აბრუნებდა, უჯიშო ფსტის ხეებს კი პირდაპირ თავს ევლებოდა.
როცა არ უნდა მოგეკითხათ, ყანაში ნახავდით ცელივით წელში მოკაკულს.
დაკოჟრილი ხელები დასისხლიანებული ჰქონდა, ისე იღლებოდა, რომ ღამით,
სანამ ბალიშზე თავს დადებდა, უკვე ეძინა.
მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ ასე მხოლოდ აიუბი იტანჯებოდა. მაიდან
საბზში ცხოვრება ერთნაირად მძიმე იყო ყველასთვის. როგორც ამბობენ,
ჩრდილოეთის მდელოებზე უფრო ხვავიანი სოფლები ყოფილა გაშენებული,
მსხმოიარე ხეხილის ბაღებით, სუფთა, ყვავილების სურნელით გაჟღენთილი
ჰაერით და კამკამა, ცივი, მოჩუხჩუხე წყაროებით. მაიდან საბზი კი ერთი
მივარდნილი, კლდეებით გარშემორტყმული ადგილი იყო. ცხელი ქარი ხალხს
ცხვირ-პირში აყრიდა მტვერსა და ქვიშას. მოკლედ, თავის სახელთან – მწვანე
მინდორთან – ამ სოფელს ვერაფრით დააკავშირებდით. წყლის მოსაპოვებლად
ხომ ცალკე ომი ჰქონდათ ყოველდღე გადასატანი. ყველაზე ღრმა ქაშიც კი
წყალი ფსკერზე იდგა. მდინარემდე ნახევარი დღე უნდა გევლოთ,
მიხვიდოდით და ტალახიანი წყლის მეტი არაფერი შეგრჩებოდათ. ათწლიანი
გვალვის შემდეგ ისიც დაშრობის პირას იყო. ასე რომ, მაიდან საბზის მკვიდრთ
ორჯერ მეტი შრომა უწევდათ, რომ როგორმე ეარსებათ.
ბაბა აიუბს თავი მაინც იღბლიან კაცად მიაჩნდა, რადგან ამქვეყნად მისთვის
ყველაფერზე ძვირფასი ოჯახი იყო. ცოლი უყვარდა და ხელი კი არა, ხმაც არ
აუწევია არასდროს. მის რჩევებსაც ძალიან აფასებდა და სიამტკბილობით
ცხოვრობდნენ. ღმერთმა ინება და იმდენი შვილი მისცა, რამდენი თითიც
ჰქონდა ხელზე – სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ყველანი ძალიან უყვარდა.
გოგონები სიკეთით, დამყოლი ხასიათითა და უმწიკვლო რეპუტაციით
გამოირჩეოდნენ. ვაჟებმა კი მამისგან იცოდნენ პატიოსნების, მეგობრობის,
სიმამაცისა და მძიმე ხვედრის უდრტვინველად ატანის ფასი;
ემორჩილებოდნენ და მხარში ედგნენ ისე, როგორც ეს კარგ შვილებს
მოეთხოვებათ.
აიუბს შვილები ძალიან უყვარდა, მაგრამ მაინც, მისი გულის რჩეული
უმცროსი ვაჟი, სამი წლის ლურჯთვალა კაისი იყო. ბიჭმა ისეთი ეშმაკური სიცილი იცოდა, გულგრილს არავის ტოვებდა. ზღვა ენერგია ჰქონდა და
გარშემომყოფთ ქანცს აცლიდა. ფეხი რომ აიდგა, სიარული ისე მოეწონა, აღარ
გაჩერებულა, მთელი დღე დადიოდა და დადიოდა… ბოლოს ძილში
სიარულიც დაიწყო. მძინარე წამოდგებოდა, ალიზის ქოხის კარს გაიხურავდა
და მთვარის შუქში გამოხვეულ წყვდიადში უჩინარდებოდა. რასაკვირველია,
მშობლები წუხდნენ. რა ეშველებოდათ, ჭაში რომ ჩავარდნილიყო, ან ის არსება
რომ გადაჰყროდა გზაზე, შუაღამისას მინდვრებში რომ დაყიალებდა? რითი არ
უწამლეს, რა არ სცადეს, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს, როგორც იქნა, ბაბამ
მარტივ გამოსავალს მიაგნო – თხას პაწაწინა ზარი მოხსნა და ბიჭს კისერზე
შეაბა. ღამით, წამოიწევდა თუ არა კაისი საწოლიდან, ოჯახს ზარის ხმაზე
ეღვიძებოდა. დრო გავიდა და კაისმა ძილში სიარული შეწყვიტა, მაგრამ ზარის
მოხსნაზე ვერაფრით დაიყაბულეს. მუშაობით დაქანცული აიუბი სახლში რომ
ბრუნდებოდა, კაისი წკარუნ-წკარუნით გამოეგებებოდა ხოლმე. ბაბა ხელში
აიტაცებდა და სახლში შედიოდნენ. მერე კაისი დიდი ყურადღებით
აკვირდებოდა, როგორ იბანდა ბაბა ხელებს, ბოლოს გვერდით
მიუსკუპტებოდა და ვახშამსაც ერთად მიირთმევდნენ. ვახშმის შემდეგ აიუბი
ჩაის წრუპავდა და თან თავისი ოჯახის ცქერით ტკბებოდა. იმ დროზე
ოცნებობდა, როცა მისი შვილები დაოჯახდებოდნენ და დიდი მონაგარი
ეყოლებოდათ. მაშინ კი იქნებოდა აიუბი მრავალრიცხოვანი ოჯახის ამაყი
პატრიარქი.
ვაგლახ, რომ, ჩემო ფარი და აბდულა, აიუბის ბედნიერების დღეები
დათვლილი იყო.
ერთ დღესაც მაიდან საბზში მთებიდან დევი ჩამოვიდა. მის ფეხქვეშ მიწა
ზანზარებდა. სოფლელებმა ბარები, თოხები და ნაჯახები ადგილზე დაყარეს
და სახლებში შეიკეტნენ. როდესაც დევის ნაბიჯების გამაყრუებელი ხმა
შეწყდა, მაიდან საბზის ცას მისი ჩრდილი შავ ღრუბლად გადაეფარა. ამბობენ,
ორი დაგრეხილი რქა ჰქონდაო თავიდან ამოჩრილი, მხრებს და ძლიერ კუდს,
თურმე, შავი, ჯაგარივით თმა უფარავდა. კიდევ ამბობენ, თვალები წითლად
უელავდაო. ზუსტად ვის ეცოდინება, მაგრამ ასე ამბობენ, იმ წუთში ჭამდა
ყველას, ვინც გაბედავდა და თვალს შეავლებდაო. აბა, რაღა აახედებდათ
ზევით სოფლელებს, საწყლები მიწას ჩაშტერებოდნენ.
ყველამ კარგად იცოდა, რისთვის დადიოდა დევი სოფლებში. კიდევაც
უკვირდათ, ამდენ ხანს რომ არ მიიქცია მაიდან საბზმა მისი ყურადღება.
ალბათ ჩვენმა სიღატაკემ გვიშველა, რადგან ჩვენს ბავშვებს მსუქანი ხორცი არა
აქვთო, ფიქრობდნენ. ბოლოს მაინც უმტყუნათ
ბედმა.
მაიდან საბზს გააჟრჟოლა და სუნთქვა შეეკრა. ხალხი ღმერთს ევედრებოდა,
რომ დევს მათი სახლის სახურავზე არ დაეკაკუნებინა. დააკაკუნებდა და ერთი
ბავშვი უნდა მიეცათ. დევი ბავშვს ტომარაში უკრავდა თავს, ტომარას ზურგზე
მოიგდებდა და იქ წაიყვანდა, საიდანაც მობრუნებული ბავშვი თვალით
არასდროს არავის ენახა. არ მისცემდი ერთ შვილს და ყველას წაგართმევდა. არავინ იცოდა, სად მიჰყავდა დევს ბავშვები. ალბათ თავის ციხესიმაგრეში,
ძალიან შორს მაიდან საბზიდან, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით. რომელი
ჭკუათმყოფელი გაბედავდა იქ წასვლას? ამბობენ, ციხესიმაგრეში, მიწისქვეშა
დილეგების კედლებზე ყასბის დანები ეკიდაო.
თურმე ჭერიდან ხორცის დასაკიდებელი კაუჭები ეშვებოდა, უზარმაზარ
მაყალში კი ცეცხლი გიზგიზებდა, შამფურებიც იქვე ეწყო. მართალია, დევს
ბავშვების ჭამა უფრო უყვარდა, მაგრამ არც დიდის ხორცზე ამბობდა უარს,
თუკი ვინმე გაბედავდა და მისი სამფლობელოს შორიახლოს გამოჩნდებოდა.
ალბათ უკვე მიხვდით, ვისი სახლის სახურავს დაადგა დევმა თვალი.
კაკუნის გაგონებაზე ბაბა აიუბს არაადამიანური კვნესა აღმოხდა, ცოლს გული
წაუვიდა, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ ერთი
მათგანი დევის ლუკმა გახდებოდა. ოჯახს განთიადამდე უნდა გადაეწყვიტა,
რომელ შვილს დათმობდა.
იმ ტანჯვის აღწერა, რაც მათ გადაიტანეს, სიტყვებით შეუძლებელია.
ღმერთმა დაიფაროს ყველა მშობელი ასეთი არჩევანისგან! ხუთი შვილიდან
ერთი უნდა გაეწირათ. აიუბი და მისი ცოლი, ისე, რომ ბავშვებს არ გაეგონათ,
მთელი ღამე ბჭობდნენ, ტიროდნენ და კედლებს აწყდებოდნენ. ბოლოს ბაბა
აიუბი გარეთ გავიდა, ხუთი ერთნაირი ქვა შეარჩია, ზედ ბავშვების სახელები
დააწერა, ჯვალოს ტომარაში ჩაყარა და ცოლს მიაწოდა. ქალმა
გველნაკბენივით უკან წაიღო ხელი.
– არ შემიძლია, – აკანკალებულმა ძლივს ამოღერდა, – ვერ ამოვარჩევ, ვერ
გადავიტან.
– ვერც მე… – მაგრამ ფანჯარაში გაიხედა და მიხვდა, რომ მზე რამდენიმე
წუთში ამოიწვერებოდა აღმოსავლეთის მთებიდან. დრო არ ითმენდა.
სასოწარკვეთილი შესცქეროდა ბავშვებს. თუ გინდა, რომ ხელი გადაარჩინო,
თითი უნდა მოიკვეთო. თვალები დახუჭა და ტომრიდან ქვა ამოიღო.
ძნელი მისახვედრი არაა, ვისი სახელი ეწერა ქვაზე. აიუბმა ზეცას ახედა და
გმინვას გული ამოაყოლა. მერე კაისი ხელში აიყვანა. პატარამ სიხარულითა და
ნდობით მოჰხვია ხელები მამას. რას წარმოიდგენდა, რომ ბაბა გაიმეტებდა.
აიუბმა ბავშვი სახლიდან გაიყვანა, ძირს დასვა და კარი ჩარაზა. როცა კაისი
მიხვდა, რაც მოხდა, ტირილით ეხვეწებოდა ბაბას სახლში შეშვებას, თან
პატარა მუშტებით კარზე აბრაგუნებდა. გახევებული ბაბა კარს უკან იდგა,
ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა და ჩურჩულებდა: – მაპატიე, მაპატიე… მერე
კიდევ ერთხელ შეირყა მიწა – დევი იქაურობას გაეცალა. აიუბს კაისის
ტირილის ხმა ისევ სწვდებოდა, – მაპატიე, მაპატიე… ბოლოს სიმშვიდემ და
სიჩუმემ დაისადგურა მაიდან საბზში, მაგრამ ბაბას რა დაამშვიდებდა,
გულამოსკვნილი ტიროდა და კაისის პატიებას სთხოვდა.
– აბდულა, შენს დას ჩაეძინა, ფეხებზე საბანი გადააფარე. აი, ასე, კარგი ბიჭი
ხარ. შევწყვიტო თუ გავაგრძელო? კარგი, კარგი, გავაგრძელებ. სად ვიყავი? ჰო,
ამ ამბავს ორმოცდღიანი გლოვა მოჰყვა. მეზობლებს თვალი არ მოუხუჭყავთ,
ოჯახს საჭმლით ამარაგებდნენ, ზოგს პური მიჰქონდა, ზოგს ჩაი, ზოგს
კანფეტი და ნუში, ცდილობდნენ თანაგრძნობა გამოეხატათ. ბაბა აიუბს მადლობის თქმის თავიც აღარ ჰქონდა; კუთხეში მიმჯდარს ცრემლი არ
აშრებოდა; გეგონებოდათ, ათწლიანი გვალვის დასრულებას თავისი ცრემლით
აპირებსო. ასეთ ტანჯვას კაცი მოსისხლე მტერსაც კი არ უსურვებს.
რამდენიმე წელი გავიდა. მაიდან საბზს გვალვა არ ეშვებოდა. ხალხი კიდევ
უფრო გაღატაკდა. ჭებში წყალმა ისე დაიკლო, რომ აკვნებში ჩვილები
წყურვილით იხოცებოდნენ. მდინარეები დაშრა, ბაბა აიუბის ტანჯვა კი
დღითი დღე მატულობდა. ოჯახს აღარაფერში
ადგებოდა. ყველაფერზე უარი თქვა, მუშაობა, ჭამა და ლოცვა არც
ახსენდებოდა. ცოლ-შვილის ხვეწნა-მუდარას ხომ დიდი ხანია ყურს აღარ
უგდებდა. საქმე ვაჟიშვილებმა იტვირთეს. ბაბა აიუბი კი თავისი ყანის
განაპირას საცოდავად, მარტოდმარტო იჯდა ხოლმე და მთებს გასცქეროდა.
თანასოფლელებს ხმასაც არ სცემდა, რადგან ფიქრობდა, რომ მის ზურგს უკან
ქირქილებდნენ: – კარგი მამა განა შვილს უბრძოლველად დათმობდა? ოჯახის
დაცვისას დევს არ შეაკვდებოდა?
ერთხელ ეს ფიქრი ცოლსაც გაუმხილა. – მსგავსი რამ არავის უთქვამს, და
არც არავინ ფიქრობს, რომ მშიშარა ხარ.
– როგორ არა, სულ მესმის მათი ხმა.
– ეგ შენი საკუთარი ხმაა, – უთხრა ცოლმა, მაგრამ ის კი დაუმალა, მართლა
რომ ჭორაობდნენ მეზობლები.
ალბათ გაგიჟდაო, ამბობდნენ. ერთ დღესაც ბაბამ ხალხს დაუმტკიცა, რომ
მართლა ვეღარ იყო სრულ ჭკუაზე. განთიადისას ისე ადგა, ცოლ-შვილი არ
გაუღვიძებია, ტომარაში რამდენიმე პურის ნატეხი ჩადო, ფეხსაცმელი ჩაიცვა,
წელზე ცელი დაიმაგრა და გზას გაუდგა. იმდენი იარა, ისე შორს წავიდა, რომ
მზის სხივი ვეღარ სწვდებოდა. ღამით ქარს გამოქვაბულებში ემალებოდა, თუ
წყნარი ამინდი იყო, მდინარის პირას, ხის ქვეშ იძინებდა. სანამ ჰქონდა, პურს
ჭამდა, მერე სოკოს და კენკრას კრეფდა, ხანდახან თევზს საკუთარი ხელით
იჭერდა, ზოგჯერ სულ მშიერი იყო, მაგრამ არ გაჩერებულა, მიდიოდა და
მიდიოდა. გზაზე თუ გადაეყრებოდა ვინმე და ჰკითხავდა, სად მიდიხარო,
პასუხს რომ მოისმენდნენ, დასცინოდნენ ან გიჟად მიიჩნევდნენ და მაშინვე
გარბოდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გზას ულოცავდნენ, რადგან
ოდესღაც მათი შვილებიც დევმა იმსხვერპლა. ბაბა აიუბი თავჩაქინდრული
აგრძელებდა გზას. ფეხსაცმელი რომ შემოეხა, ფეხებზე ბაწრებით დაიმაგრა,
როცა ბაწრებიც დაიგლიჯა, ფეხშიშველმა განაგრძო გზა. ასე გადაიარა
უდაბნოები, მინდვრები და მთები.
ბოლოს ერთ მთას მიადგა. ამ მთის თავზე დევის ციხესიმაგრე იყო
გაშენებული. ისე ეჩქარებოდა აიუბს საწადელის ასრულება, რომ არ
დაუსვენია, პირდაპირ მთაზე ასვლა დაიწყო. ტანსაცმელი ნაფლეთებად ეკიდა
ტანზე, ფეხებიდან სისხლი სდიოდა, თმაზე მტვერი ჰქონდა შემხმარი, მაგრამ
მაინც ზევით იწევდა. კლდის წვეტიანი ნამტვრევები ფეხის გულებში
ესობოდა, ქორები სახეს უკორტნიდნენ, ძლიერი ქარი აქეთ-იქით
ანარცხებდა… ბოლოს მაინც ავიდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 17, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მთებმა მთებს უთხრესWhere stories live. Discover now