მე და შენ ერთმანეთს ვცილდებით, ჩემო
ამას გეუბნები ყოველი დიალოგის ბოლოს, როდესაც საუბარს ვამთავრებ სიტყვებით " სულ ერთია"
არ არის სულ ერთი .
გეუბნები, გიმეორებ ყოველ ჯერზე, მაგრამ არა თუ შენ ჩემი,მე საკუთარი ხმაც კი ძლივსღა მესმის . ყოველი დაძახილი ექოსთან ერთად ქრება, იკარგება უსასრულობაში. ყოველ ჯერზე ვუწევ ხმას, ვცდილობ ,ვიკივლო, იოგების დახევამდე ვყვირი, მაგრამ ჩვენს შუა ამოვარდნილი ქარი თითოეულ ბგერას ფანტავს, იტაცებს და მიაქვს. განა თავისთვის, უბრალოდ ჰაერში კარგავს, აძლევს დავიწყების საშუალებას.
ჩემსა და შენ შორის მცირე მანძილია, ჩემო.
ერთი დიდი ნაბიჯია ჩემსა და შენ შორის, მაგრამ იჩემებ, რომ რთულია მისი დაფარვა. პირისპირ ვდგავართ და ვიწრო ბზარი გვყოფს, რომელიც უძიროა, სასრულოდ გრძელდება ქვემოთ, მაგრამ თუ კი გულიანად მოინდომებ მისთვის გადაბიჯებას, მეორე მხარეს უსაფრთხოდ მოხვდები. მაგრამ ამბობ, რომ შეუძლებელია, ტრიალდები უკან, მაქცევ ზურგს და სხვა გზას მიუყვები, რომელზეც ეკლიანი ბუჩქებია გართხმული და ყოველი ფეხის დაბიჯებაზე ახალ ჭრილობას გმატებს, მაგრამ იმ მომენტში თავს მყარად გრძნობ და გგონია, რომ ეს არის სწორი. სად მიდიხარ, არ იცი. ბოლოდ რა გელოდება, არც ის.
მე და შენ ერთმანეთი გვჭირდება,ჩემო.
მე შენ მჭირდები, რომ საკუთარი თავი შევიყვარო, შენ კი სითბო გჭირდება და ნდობა, ყველაზე მეტად ნდობა. მომაკვდავიც წამოვდგები იმისათვის, რომ წამოდგომაში დაგეხმარო. მაშინ ჩემი წყლულებიც სასწაულებრივად შეხორცდება. დაღვრილ სისხლს წვიმა ჩამორეცხავს, ტკივილს კი დრო გაიტაცებს. ვივლით ერთმანეთზე მიყრდნობილები გზაზე და კვლავ იმ უძირო ბზარს მივადგებით
გადმოხტები?
გეკითხები ყოველ ჯერზე
მთანხმდები, მიშვებ წინ და როგორც კი იქ აღმოვჩნდები, მაშინვე იწყებ ყოყმანს. თვალები გემღვრევა, ათასი ფიქრი ერთად იწყებენ სირბილს და დაბნეულს გირევენ გზა კვალს. უყურებ ხრამს, უყურებ და ის შენს თვალწინ უფრო იზრდება, მაგრამ ილუზიურად,რა თქმა უნდა.
ბრუნდები და მირბიხარ.
მე კი ამ ხრამის წინ ვჯდები და ჩავყურებ უსასრულოდ.
ხან ფეხებსაც გადავკიდევ და გავასავსავებ ხოლმე, ვიყურები შენ მიერ განვლილ გზაზე და ნისლში ველოდები ნაცნობი სილუეტის გამოჩენას.
ამ ლოდინში კი ყოველ ჩემს ნატეხს ამ ხრამში ვაგდებ.
უძიროა თქო, ხომ გითხარი
ვერ აივსება ვერასოდეს, სწორედ იმიტომ, რომ ყოველი შენი გამოჩენა მამრთელებს და მამზადებს თავიდან დასაფშვნელად.
მეც მივდივარ წრეზე
დაუსრულებლად.
მე შენ მიყვარხარ,ჩემო.
გიმეორებდი და ვოცნებობდი, ოდესმე გამეგო ამ ყველაფრის დასასრული.
" და მაინც, ადამიანთა ურთიერთობა როგორი სიმბოლურია,ქუჩაში ორი ნაცნობის ჩავლას ჰგავს. ორი , საკუთარ საქმეზე გამოსული სხეული ჯერ შორიდან ამჩნევს ერთმანეთს, უახლოვდებიან, რამდენიმე წამით კვეთენ გზებს და ჩერდებიან , იმ წამს მხოლოდ ერთმანეთით კავდებიან. შემდეგ დამშვიდობება მოდის, საპირისპირო მხარეს მოძრაობა და საკუთარ სამყაროში ჩაძირვა.
მთავარი მომენტი იცი რა არის ამ დროს, ჩემო?
როდესაც ჩაივლი, გაიხსენო ის, ვისაც გზად შეხვდი და კვლავ დათქვა შეხვედრა, მიუბრუნდე და აღარ დასცილდე.
მაგრამ ხშირად ასე არ გამოდის ხო?
მე ვიტანჯები, ჩემო.
მტკივა და ვიმტვრევი, მაგრამ მაინც ვიცდი. არ ვიცი რატომ, არც ახსნა მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში დამაჯერა დედამ იმ ზღაპრული ურთიერთობის შესახებ, რომელიც ორ სულს აერთებდა?
გაქრობა მინდა,ჩემო.
ვუყურებ ხრამს და ვხვდები, როგორი პატარა ბიძგი მაშორებს ჩავარდნამდე. მაგრამ შენთვის, მხოლოდ შენ გამო, წყალწაღებული ხავსს ვეჭიდები.
მჭირდები,ჩემო.