ყოველი წვიმა, შენს თავს მახსენებს. მახსენდება ის, თუ რაოდენ გიყვარდა წვიმა, მისი ხმა, მისი შეხება შენს კანზე. მახსენდება შენი ბედნიერი ღიმილი, როდესაც წვიმაში სასეირნოდ ან სათამაშოდ გამოყოლაზე დაგთანხმდებოდი ხოლმე. რთული იყო, ძალიან რთული უარის თქმა მაშინ, როცა შენი ლამაზი თვალებით შემომცქეროდი, ქვედა ტუჩი წინ გქონდა წამოწეული და ჯიუტად არ ნებდებოდი, ხან გაბრაზდებოდი, გაიბუტებოდი, შემდეგ მე ვერ ვუძლებდი და მაინც გთანხმდებოდი. ხანაც კი მარტო გარბოდი ქუჩაში და იძულებულს მხდიდი გამოგყოლოდი ხელში მოსაცმელით, რომ არ გაციებულიყავი.
დაბალი იმუნიტეტი გქონდა, მარტივად ცივდებოდი და თან არც წამლების დალევის მოყვარული ყოფილხარ დიდად. ყველაფერს აკეთებდი, რომ წამლის დალევა აგეცილებინა თავიდან. ასე მეგონა შეყვარებულს კი არა ბავშვს ვუვლი მეთქი და ეს ზოგჯერ მაბრაზებდა კიდევაც.
ნეტავ იცოდე, რამდენჯერ მდომებია მეყვირა შენთვის, მეთქვა რომ ზრდასრულისავით მოქცეულიყავი. მეთქვა, რომ მე არ ვარ შენი ძიძა და არ ვარ ვალდებული ვითმინო შენი გამოხტომებითქო. ბევრჯერ იმდენად გამოგიყვანივარ წყობილებიდან, რომ სახლიდან გავქცეულვარ, რადგან არ მინდოდა შენთვის რამის დაშავება ან წყენინება.
მიუხედავად იმისა, რომ შენი ბავშვურობა, ჯიუტობა და დაუმორჩილებლობა მაცოფებდა, ვიცოდი... ვიცოდი, რომ ეგ იყო ის, რითაც დამაინტერესე და თავი შემაყვარე და არა მხოლოდ შენი სილამაზე.
მართალია, ვერ ვუარყობ იმას, რომ თავიდან შენმა სილამაზემ დამატყვევა. როცა შემოგხედე, ჩემმა თვალებმა ჩემდა უნებურად დაიწყო შენს სახეზე მოგზაურობა და შენით ტკბობა მაგრამ, როცა გამოგელაპარაკე, გავიგონე შენი სიცილი, შენი ხმა, თავი დავკარგე.
არვიცი... ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. იმ დღესვე ჩემს გულში ღრმად გაიდგი ფესვები, იმდენად ღრმად, რომ შენი მოცილება ჩემი გულიდან შეუძლებელი გახდა.