.

61 4 2
                                    

კუთხეში, ფანჯარასთან ვიპოვე მაგიდა და უხმოდ მივუჯექი. სავარძელი ტყავის იყო, ყავისფერი და ზედ ნაპრალები ეტყობოდა. ჰაერი - თბილი და ნოტიო, ოდნავ ცხვირს მწვავდა. რამე ცხელი სასმელი მომინდა, თუმცა, ალკოჰოლის გარდა, მეეჭვებოდა, რამე ჰქონოდათ. არ ვიცი, სახლში წასვლის მაგივრად აქ რატომ შემოვაბიჯე. ალბათ, იმისგან გაქცევა მინდოდა, რაც შინ უნდა დამხვედროდა - სიცარიელე. თავისებური რამეა, ვერ ხედავ, მაგრამ კარის გაღებისთანავე ცხვირში გეცემა ხრწნის სუნივით. არ გინდა ზღურბლზე გადაბიჯება, მაგრამ სხვა გზაც არ გაქვს და ასე, რჩები მარტო საკუთარი თავის, არეული ზეწრებისა და იმ სარკის წინაშე, შენს მეტი რომ არავინ უხილავს წლებია. სიცარიელე ყველაზე მძიმეა, ყველაზე დიდი ძალით გაწვება სხეულზე და სუნთქვას გიკრავს, გულს გიჩერებს.

საწერი კალამი და რვეული ამოვიღე, გაურკვეველი ფიგურების ჯღაბნას მოვყევი. თავში სიტყვაც არ მაგონდებოდა ხვალინდელ სტატიასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ იმ განცდებზე მინდოდა მეტირა მელნით, ყოველ წამს რომ თავს დამტრიალებდენ და ხედვას, სიარულს, საუბარს მირთულებდნენ. მაინც ვერაფერს ვწერდი, უაზროდ ვდუმდი. ჯიბიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვაძვრინე და მოვუკიდე. მიყვარდა გემო, რომელსაც კვამლი ენასა და კბილებს უკან მიტოვებდა. ადრე სწორედ ეს მაღიზიანებდა, მერე კი ერთ დღეს უცნაურად მომეწონა და ამეკვიატა.

ღამეზე ვფიქრობდი. იყო დრო, მაწყნარებდა, საკუთარ თავთან მტოვებდა სიმშვიდეში. ახლა მასში ზუსტად ის მძულდა, რომ ჩემს თავთან მასაუბრებდა, ცივ მარტოობაზე მაფიქრებდა. მარტოობაზე, შენამდე რომ მიყვარდა და შენ რომ შემაძულე, ჩემს შიშად აქციე და მერე მისაჩუქრე, როგორც წართმეული თავისუფლება, თუმცაღა, შენც იცოდი და მეც, რომ თავისუფლების ნატამალი აღარ შერჩენილიყო ჩემთვის ამ მდგომარეობას და პირიქით, ციხედ ქცეულიყო, რომელიც თავის თავში გამომამწყვდევდა და ნელ-ნელა დამმარხავდა ცოცხლად.

შენამდე გულწრფელი არავისთან ვყოფილვარ. არც საკუთარ თავთან. მაგრამ შენ იყავი ჩემთან და მეც დავიჯერე, რომ ვიღაცასთან იგივეს გაკეთება შემეძლო.

თვალებს რომ ვხუჭავ, ღამის სილურჯეში ჩაძირული გზა მახსენდება. შენ საჭესთან ზიხარ, მე გვერდით და მუხლებმოკეცილს ფორთოხლისფერი პლედი მახურავს. ვიცინი და პატი სმიტის Because the night-ს მთელი ხმით ვმღერი. შენც იგივეს აკეთებ და ჭაობისფერ თვალებში ვერცხლისფერი წერტილები გიელავს.

because the night belongs to lovers
because the night belongs to us

და მართლა მგონია, რომ ღამე ჩვენია. რომ ჩემი და შენი რაღაც არსებობს და შენც ჩემი ხარ. ბოლომდე და უსასრულოდ.

თუმცა,
ორიდან ერთი ყოველთვის მიდის. მეორე კი რჩება დანაკლისის, მომავალი ზამთრის ქარების და თავისი დემონების პირისპირ ეული. ადრე ყოველთვის მე ვტოვებდი, მერე გამოჩნდი და თავად დავრჩი მიტოვებული. რატომ ხდება, რომ ვიღაცას მაინც უნდა ეტკინოს? რატომ ხდება, რომ მოდიან, მიდიან და ისე მიაქვთ შენი ნაწილი, რომ შემდეგ სიცარიელისგან სულთან ერთად კანიც გიჭკნება?

შინ არ მინდა, რადგან ჩემი ოთახის კედლებს ახსოვხარ. ჩემს მკლავებსაც. ასე მგონია, კვლავ ზედ ატყვიათ შენი თითების კვალი. ხერხემალსაც ახსოვს შენი კოცნები, რბილი და სველი, ჟრუანტელს რომ იწვევდა დიდი, დიდი ხნის წინ.

ისევ პატის სიმღერიდან მიტრიალებს გონებაში ნაფლეთები:

...take my hand as the sun descends
they can't touch you now
can't touch you now,
can't touch you now...



ახლა ცოტა მძულხარ. ალბათ იმიტომ, რომ მართლა მიყვარდი. გნანობ თუ არა, დღესაც არ ვიცი. როგორ გინანო, როცა ჩემი და შენი ყველა ღამე მიყვარდა. ჰო, ყველა მათგანი შეცდომა იყო.

და მაინც, ჩემი ყველა შეცდომა მიყვარდა. 

Because the NightWhere stories live. Discover now