ოქსფორდელი მუსიკოსი

15 2 4
                                    

ოქსფორდშირი, 1939 წელი.

ბიბლიოთეკიდან კინწისკვრით გამოგვაბუნძულეს, ნუ ხმაურობთ, სხვაგან იარშიყეთო. არადა, მხოლოდ და მხოლოდ, ჩურჩულზე ერთი ნოტით მაღალი ხმით მიკითხავდა მისი ბავშვობის საყვარელ პოემას, რომელზეც ასე მეუბნებოდა, სიმფონია უნდა შევქმნაო.

გამოვიქეცით. წიგნი წამოეღო. მაგრად ჩაებღუჯა ყავისფერი, ყდამაგარი კრებული, ზედ მოოქროვილი ასოებით რომ ეწერა „ლანდი გაზაფხულისა".

შემოდგომა იდგა, ოქსფორდშირში ხეები გაჭაღარავდნენ და ნელ-ნელა გარდაცვალება დაეტყოთ. სწორედ ასეთი, მომაკვდავი ხის ძირას მოვკალათდით. ჯერ ისევ მზე ანათებდა, მაგრამ მიწას საგრძნობლად ეტყობოდა მომავალი ზამთარის გამოგზავნილი, მალემსრბოლი დამქაში, რომელიც სიცივით გვატყობინებდა, სულ მალე ჩემი ბატონი დაგეპატრონებათო.

კალთაში ჩემი თავი ედო, ყავისფერ, ეკლებივით ბასრ კულულებში ხელი აეხლართა და კითხვას განაგრძობდა. ჟღერადი, არც ისე ბოხი, ტენორი ჰქონდა.

როცა ყინულის ჯარისკაცმა შემომიტია და მისმა მახვილმა ტანში გამიარა, ოქსფორდის ლაბადა გაიხადა და გადამაფარა. მეშინია, ზამთრის მოციქულმა არ გაგყინოსო, მითხრა.

თვითონ ფრაკისამარა დარჩა, სიცივის არაფერი ეტყობოდა. ერთი-ორჯერ გავეხუმრე კიდეც, თოვლის მეფე ხომ არა ხარ-მეთქი. საპასუხოდ, ღიმილი შემომანათა, წამიერად აელვარებული თვალებიდან სიყვარულის მდინარემ გადმოსჩქეფა.

ცისფერი თვალები ჰქონდა, თბილი. ქერა თმა, მზის მომსგავსო, ლამაზად დაევარცხნა. კითხვას განაგრძობდა და თვალწინ დამიდგა ყველა პერსონაჟი, მის შობილ სიმფონიაზე აცეკვებული.

მობერილმა ქარმა ბებერ მუხას მკვდარი შვილები მოსტაცა და თავზე გადმოგვაყარა. გვესმოდა მუხის გოდება. ხეს ნაზად მიეფერა, ნუგეშისცემით უთხრა, სულ მალე დაგიბრუნდებიანო.

დაბნელებისას მებრძოლებმა ერთიათად იმატეს და აცივდა. ერთი ხელის მოსმით წამომაყენა და თავისი სახლისკენ გამიძღვა, ჩაი დავლიოთო.

ჩაის სმა ჩვენი არც თუ ისე საიდუმლო შეხვედრების თანმდევი მოვლენა იყო.

ჩაით მთვრალი მიუჯდა მაგიდას, გვერდით მომისვა, სიგარეტს მოუკიდა და წერას მიჰყო ხელი. ვხედავდი კალამი - ფურცელზე, მის გონებაში აჟღერებულ მელოდიაზე, როგორ ცეკვავდა, როგორ ხატავდა ნოტებს ზოლებს შორის.

ერთ სიგარეტს მეორე მიჰყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე... და ახალი მუსიკა დაიბადა.

სახეში შემომცინა და მაშინვე პიანინოს მიუჯდა, გულიდან გადმონაჟონი გრძნობა, კლავიშების გავლით, ჩემამდე რომ მოეტანა. ვაღმერთებდი მისი თითების სიმკვირცხლეს, დაუღალავად რომ დარბოდნენ კლავიატურაზე.

ჩემი წასვლის დრომ რომ მოატანა, გაგაცილებო, მითხრა.

ნაადრევად მოსული თოვლი ლამპიონების შუქზე ცვიოდა და სიბერის სეზონზე გამარჯვებულმა ზამთარმა ოქსფორდშირი სიკვდილის საბანში გაახვია.

მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა, გარდა ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის ლოდინისა.

ორ დღეში გამოცხადდა, ინგლისი ომში ჩაებაო...

il limite della guerraWhere stories live. Discover now