უკვე მესამე წელია ამ პროცესს ცვლილების გარეშე გავდივარ. თავიდან თითქოს ყველაფერი მარტივია, მერე ემოციები ნელ-ნელა მძლავრდება და საბოლოოდ ყველაფერი ისევ ცრემლებამდე მიდის, მაგრამ აქ ეს არავის უკვირს. მხოლოდ აქ მყოფებს შეუძლიათ ამ ემოციის სწორად გაგება და გაზიარება. ყველაზე რთული მაინც მეორე მხარეა, როდესაც კივილამდე ატირებულსაც აღარ შეგიძლია კიდევ ერთხელ ჩახუტებისთვის მობრუნება. მოკლედ, ჩემთვის საყვარელ ადამიანებს გამოვემშვიდობე და გასაფრენად წავედი. რთულია, მაგრამ საჭირო. ეს პროცესი კიდევ 1 წელიც და აუცილებლად მორჩება.
ლონდონში პირდაპირი რეისის არ არსებობის გამო, ჯერ სტამბულში ჩაფრენა მიწევდა. მეორე ფრენამდე კი 7 საათიანი დრო მრჩებოდა. უკვე წინასწარ დაგეგმილი გამოძინების 7 საათის გახსენებაზე მოწყენილს გამეღიმა და სკამებზე დავწექი. ახლა ჩემმა ცრემლებმა ვერტიკალური მიმართულები იწყეს ღვრა. უსიამოვნო შეგრძნება მრჩებოდა, მაგრან წინასწარ გაანალიზებული მონატრების სევდასაც ვერ ვერეოდი. როგორ არ მიყვარს ასე რომ განვიცდი. ხომ შეიძლება ამ დროს ვიღაც ჭკუას გარიგებდეს და ეს ჭკუის დარიგება მართლა შველოდეს. კიდევ რამდენიმე წუთიც და ამ ქართულ ნომერსაც ერთი წლით დავემშვიდობები. არ შეიძლება ასე! არ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის სანახავად სჭირდებოდეთ ვიზები, ფრენები, დრო და ამხელა მანძილი.
ეს უნდა იყოს რაღაც მაგიური.
აი ისეთი, თვალები რომ დახუჭო, იმის სახელი თქვა ვისი ნახვაც გინდა,
მერე რამე მაგიური სიტყვა,
თვალები გაახილო და იმასთან გაჩნდე ვისთანაც გინდა,
ან ის გაჩნდეს შენთან.
სულ ერთია.
...
ან რომ დავათვალიერო სტამბული? მაგრამ, მერამდენედ? ძილს თვითმფრინავშიც მშვენივრად მოვასწრებ. ჯობია სადმე გავიდე, მაგრამ მარტო ძალიან მეზარება. მოკლედ, მაგას მოვიფიქრებ. წინ კიდევ საათები მაქვს.
გაფრენამდე დრო ყავის სმით და შოკოლადების ჭამით გავიყვანე და გულის რევამდე სანამ არ მივედი არც ერთის კეთება არ შევწყვიტე. მერე იყო საშინელი ფრენა, საშინელი გვერდით მჯდომის თანხლებით, საშინელი დაფრენა და განწყობა, რომელიც თბილისიდან გამომყვა...
ზოგისთვის ასე მარტივად დასრულდა.
თბილისში დაიწყო და სტამბულში დამთავრდა.
მე კიდევ მთელი 7 საათი უნდა გამეტარებინა და ამის შემდეგ კიდევ ერთი ხანგრძლივი დამღლელი ფრენა.
თვითმფრინავიდან ფეხის ჩამოდგმამდე უკვე ვიცოდი რომ ჩემი ფიქრი სტამბულში გასეირნებასთან დაკავშირებით სისულელე იყო.
საშინლად წვიმდა.
არც მჯეროდა როგორ დაფრინდა თვითმფრინავი ასეთ ამინდში და ტუჩზე ვიკბინე ჩემი სიცოცხლისუნარიანობის გადასამოწმებლად. დიდად გულიც არ დამწყვეტია, ჩემი პირველი გეგმის გათვალისწინებით, ისევ ძილი გადავწყვიტე. დაძინებამდე მშობლებს ველაპარაკე მშვიდობით ჩაფრენა ვამცნე და ცოტა ხანში ისევ დარეკვის პირობით ყურმილი გავთიშე. ისმოდა უამრავი ხმა, ენა, დიალოგები, შეხვედრები, დამშვიდობებები. ქართულიც ისმოდა აქა-იქ. გასაკვირი რა არის? ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ყავის აპარატისკენ წავედი და თურქული კეთილგანწყობის რამდენიმე ფლანგის გავლის შემდეგ, გამახსენდა რომ თურქული ფული არ მქონდა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შევიცვალე კურსი და ფულის გადასახურდავებლად წავედი. ჯერ-ჯერობით განწყობა აშკარად მწყობრში მაქვს. ისე რაიმე ფილმი რომ ვნახო? არც ესაა ცუდი იდეა. მოკლედ 15 წუთიანი მოქმედების შემდეგ, ყავა ჩემია!
სკამზე როგორც შესაძლებელი იყო კომფორტულად მოვკალათდი და ყავა მოვსვი. მერე ფილმის არჩევა დავიწყე და პარალელურად ფეისბუქზეც შევიხედე. საინტერესოა და ცოტა არ იყოს სასაცილოც. ჩემი ძველი სტამბულელი ჯგუფელი გამახსენდა. აიშეს გახსენებამ ცოტა გამახალისა, ვიფიქრე მივწერ-მეთქი. აიშეს, ჩემი ძველი კლასელი მოყვა, რომელიც სტამბულში სწავლობდა. ამან უფრო მეტად მომიყვანა ხასიათზე. მერე იყო რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი და ჩემი ძველი კლასელის შეტყობინებამაც არ დააყოვნა
-რაღაც შეცდომაა, თუ მართლა აქ ხარ?
-ჰაჰა, მართლა აქ ვარ, 7 საათით)))
-7 საათით? ხუმრობ ხო?
-არააა, ფრენა მაქვს 7 საათში.
-საით?
-ლონდონი.
-აჰა, გასაგებია, რაღაცის მოსწრება მაინც შეიძლება 7 საათში, რას იტყვი??