chaos

651 75 34
                                    

04.10.2019

ნაცნობ ბილიკს მივუყვებოდი ტაატით, მზესუმზირას გეახლებოდით, მეგობართან ვლაზღანდარობდი და ვიწრო ჩიხში ვაპირებდი მასთან ერთად შეპარვას, რათა უჩუმრად გაგვებოლებინა თითო ღერი, მერე კი სახლებში გაგვეწია, როგორც ყოველთვის... მოვდიოდით ისე, თითქოს მორიგი დღე ყოფილიყოს ჩვენს უბადრუკ ცხოვრებაში. მაინც როდის მოვედით აქამდე?! არ ვიცი, არ მახსოვს, ფიქრიც კი მეუხერხულება ზოგჯერ ამაზე... სამარცხვინოა ხილვებით ცხოვრება...

- აქ რაღაცას აშენებენ, ხედავ? - დიდ ამწეზე მიმითითა, რომელიც სიმძიმეს ეზიდებოდა.

- ჰო, ვხედავ... - ჩაიბურტყუნე უინტერესოდ, მაგრამ თვალი არ მომიშორებია მოწითალო, ჟანგიანი რკინისთვის.

- ნეტავ, რას?! - ჩამეძია და მრავალმნიშვნელოვანად მიაშტერდა მუშებს.

ვფიქრობ, ბედი იყო. იმ დღეს უნივერსიტეტი გავაცდინე.

- ღმერთო, ფრთხილად! - ვიკივლე სულისშემძვრელად, როცა ციდან გადმოკიდული წყლის უზარმაზარი ფირფიტა დავინახე, რომელსაც რამდენიმე მამაკაცი თოკებით ეჭიდებოდა, რათა ჩამოვარდნისაგან დაეკავებინათ... კინაღამ სული დავლიე. ხვდებით, რას ვამბობ? ჩვეულებრივი, გამჭვირვალე წყლის ფირფიტა იყო გადებული კამარაზე, მე კი ვიღაცის ხელს ჩავეჭიდე და გაქცევა ვცადე. თვალებდახუჭული გავრბოდი. ჰაერის წინააღმდეგობას უარვყოფდი და შეშლილივით ვიცინოდი ვენებში დაგროვილი ადრენალინის გამო.

- მგონი, გამოვაღწიეთ... - ამოვიჩურჩულე და სწორედ იმ საბედისწერო მომენტში დამემხო თავზე ყველაფერი.

ვერ მოერივნენ, ხელიდან გაუსხლტათ ყველაზე ძლიერი სტიქია. ფეხდაფეხ აგვედევნა... როგორ მინდოდა დამეწერა ტრამალ და ტრამალ, როგორც იმ უმშვენიერეს ლექსშია, თუმცა ტყუილი მძაგს.

- ეს ატრაქციონები აქ იდგა?

- ფილმს იღებენ...

- კი, მაგრამ ზღვა ჩანს ჩემი აივნიდან...

- ის ჩამოვიდა... მთავარ როლზე დაამტკიცეს, გესმის?!

tourner dans le videWhere stories live. Discover now