______________________________________
"ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს?
გახსოვს? ის მზიანი დღე, გამწვანებულ მინდორში რომ მიიკვალავდი გზას.
გრძელი, ხავერდივით თმა,
ყურს უკან გქონდა გადაწეული...
საუცხოოდ გამოიყურებოდი, ტანს კი ის ცისფერი, უბრალო კაბა გიმშვენებდა.
ხელში ნაზი იების თაიგული გეჭირა.
მე ჩრდილში ვიჯექი, მციოდა, მაგრამ შენი ღიმილი მითბობდა გულს.ჩვენი პირველი საუბარი გახსოვს?
შენ გადმოდგი პირველი ნაბიჯი ჩემკენ.
ერთადერთი იყავი ვისაც შეეძლო ჩემ უემოციო სახეზე ნანატრი ღიმილი აღებეჭდა.
შენ სანახავად მოვდიოდი ამ ტრიალ მინდორზე.
მიყვარდა შენი რეაქცია, რომ დამინახავდი, გახარებული მორბოდი ჩემთან.
ჩვენი პირველი კოცნა გახსოვს?
გინდოდა დაუვიწყარი ყოფილიყო, ამიტომ საკუთარი ხელით დაწნული გვირილების გვირგვინი დაგადგი თავზე და ჩემს დედოფლად გამოგაცხადე.
გიყვარდა "Scenery", რომელიც შენ დაგიწერე საკურას აყვავების დროს.
მთხოვდი შენთვის ყოველ საღამოს მემღერა, მზის ჩასვლისას.
მეც დამქონდა ჩემი გიტარა და ყოველი დაისის დროს - საკურას ქვეშ გიმღეროდი.
შენც ჩემთან ერთად ღიღინებდი, ხედით ტკბებოდი.
ასე გრძელდებოდა დილამდე, სანამ ჩემს კალთაში მყოფი თვალებს არ გაახელდი.
გახსოვს ის ღამე, პირველად რომ ჩავუთქვით სურვილი ვარსკვლავს?
მე ჩემი ოცნება დაგიმალე, შენ კი შენი გამიმხილე - ისეთი ცისფერი კაბა გინდოდა გქონოდა, ჩვენი პირველი შეხვედრისას რომ გეცვა.
სიმართლე გითხრა იმ დღიდან დავიწყე ფულის შეგროვება, რათა შენი სანუკვარი სურვილი ამეხდინა.
ჩვენი შეხვედრები კი გრძელდებოდა.
მახსოვს, ზამთრის მიწურულს ის სუსხიანი დღე, გაშისვლებულ საკურასთან მარტო რომ ვიდექი.
დიდხანს გელოდე... ალუბლის ხესთან ვიჯექი, მარტო, დაუზარელად და განუწყვეტლივ ვუკრავდი შენს საყვარელ სიმღერას.
იმედი მქონდა, რომ გამოჩნდებოდი, მაგრამ შებინდებისას მეც დავტოვე იქაურობა.
ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ შენს მოსაძებნად წამოვსულიყავი.
შენი დანახვისას ჟრუანტელმა დამიარა და კანკალი დავიწყე.
გაუნძრევლად იწექი საწოლზე; კანი გაგფითრებოდა, შენი ბაგეები კი ლურჯ ფერს მოეცვა.
მახსოვს როგორ მომეკვეთა მუხლები შენს სასთუმალთან.
ვხვდებოდი... ვხვდებოდი, რომ უკანასკნელად შევიგრძნობდი შენს სურნელს, ამიტომ გვერდიდან არ მოგშორებივარ.
გამთენიისას შენმა ჩამწყდარმა ხმამ გამაღვიძა:" თეჰიონ..."- ჩურჩულებდი შენ, -" ჩვენს ხესთან დამმარხე, კარგი?"
მაშინ ბოლოჯერ ვნახე შენი სუსტი ღიმილი.
ეს იყო ის დღე, როდესაც სახე საკუთარი ცრემლებით დაგისველე.
აღარ დავაყოვნე - დაისის დროს ჩავასვენე შენი გაყინული, უმწეო სხეული ჩემი ხელით მოკაზმულ კუბოში.
იმ საღამოს, თითქოს მთელი სამყარო გლოვობდა.
თავსხმა წვიმა იყო, მაგრამ მე მაინც გიმღეროდი...
____
იმის შემდეგ არცერთი დღე არ გამომიტოვებია.
თითებზე ტყავის გადაძრომამდე ვუკრავდი და წარმოვიდგენდი თუ როგორ ღიღინებდი შენც ჩემთან ერთად, საყვარელო...
ის კაბა გიყიდე! ცისფერია, მაქმანებით!
ჰო, ისეთი, შენ რომ გინდოდა!
ო, ნეტავ, იცოდე როგორ დაამშვენებდა შენ სხეულს!
ეს წერილი იმისთვის დავწერე, რომ ჩემი ბოლო მეც ვიგრძენი. მინდა ვინმემ იცოდეს შენს შესახებ, რომ არსებობდა გოგონა ჩემ ცხოვრებაში
სახელად ...
______________________________________
წერილის კითხვა ჩაამთავრა პატარა ბიჭუნამ და ფურცლის ნაგლეჯი გვერდზე გადადო.
ბაბუა დიდხანს უმალავდა ამ კარადას. მას კი ყოველთვის სძლევდა ცნობისმოყვარეობა, აინტერესებდა შიგნით რა იყო.
კარადა კიდევ ერთხელ გამოაღო, რომ დამტკბარიყო ლამაზი კაბის ცქერით, რომელზეც დამჭკნარი გვირილების გვირგვინი იყო ჩამოკონწიალებული.
________