"თუ ოდესმე გადაწყვეტთ, რომ ქართული სული იგრძნოთ, პირველი, სადაც უნდა წახვიდეთ ეს მთებია."
სვანეთი ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად შემორჩა ქართული სული, წესი, ტრადიცია და ის თვისებები, რაც ქართველ მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდა. როგორც წესი, სვანურ თემს ჰყავდა მახშვი, ადამიანი, ვინც ქალაქში ან სოფელში მომხდარ ცვლილებებს აკვირდებოდა და აკონტროლებდა. ის ვინც მოსახლეობას სთხოვდა, რომ ყველაფერი წესისამებრ განხორციელებულიყო.
ყველაფერს აქვს ორი მხარე და ასე ვიტყოდი, რომ იქ სადაც ხალხისთვის ღირსება, რწმენა, სამართალი და ოჯახის სახელი უმთავრესია, წესები და მათი დაცვაც ამ სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა, თუ ყოველივეს გვერდით გადავდებთ, კარგს საპირისპირო მცნებაც გააჩნია და ჩვეულებრივ, იმ ადგილას, სადაც სიწმინდეს ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს, მისი საპირისპირო, ქაოსი, არეულობა და ბოროტებაც ახლოს ბუდობს.
ამბობენ, რომ მთიელ ხალხს, ერთი მოუწონარი წესი აქვთ. ისეთი დანაშაულის ჩადენა, რასაც საზოგადოება არ გაპატიებს, ან გაძევებით, ან კი ამ მოუწონარი, სისხლის აღებით დასრულდება.
მთიელ კაცს, ღირსეულად უნდა ეცხოვრა, რომ თემიდან არ მოეკვეთათ და საზოგადოებისთვის მან და მისი ოჯახიც, სამარცხვინო და მიუღებელი არ გამხდარიყო.
გვარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და როგორც ისტორია ამბობს, კოპალიანების ოჯახიც, თავიანთი დიდგვარეულობით, სიწმინდით და სიმდიდრით იწონებდა თავს, მთელ სვანეთსა და მესტიაში.
სასახლის თავზე, კოპალიანთა საგვარეულო გერბი რკინით ჰქონდათ მოჭედილი. რკინის, შავ ჭიშკარზეც კი, სიამაყით გამოეფინათ იგი და ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ეს სასახლე კოპალიანების სამფლობელოში შედიოდა.
დიდი დრო გასულიყო მას შემდეგ, რაც სვანეთში თემის მთავარკაცი და მოსამართლე აღარ განაგებდა და აგვარებდა მიმდინარე პროცესებს, პრობლემებსა და სხვადასხვა საკითხს, თუმცა მაინც, კოპალიანების ოჯახში ცხოვრობდა ვინმე მთავარი, სახელად ეგნატე კოპალიანი.
დიდი ცოდნის და გამოცდილების პატრონი ყოფილა ჩვენი ეგნატე, მთელ მოსახლეობაში მისაბაძი და მაშასადამე, მისი სიტყვაც ყველგან ჭრიდა და ფასობდა. მთელი ცხოვრება სწავლასა და პატიოსნებაში გაეტარებინა, მის ოჯახზე ცუდს ვერ გაიგებდით. თუ ვინმე ურჩი, ურწმუნო და ცუდის ჩამდენი აღმოჩნდებოდა ქალაქში, პირველი კოპალიანების ოჯახს აკითხავდნენ და ეგნატეს სიტყვაც მაშინ კანონობდა. ზუსტად რომ ეგნატე იწყებდა საქმის განხილვას, ბოლოს კი მოსახლეობის საერთო აზრს შეაგროვებდა და განაჩენსაც ის გამოიტანდა.
დიდი ამბავი დატრიალებულიყო მესტიაში. მთებიც კი ავისმომასწავებლად იყურებოდნენ შორიდან. ყველამ იცოდა, რომ მთელი ქალაქი ხვალ ფეხზე დადგებოდა. მომხდარის წამიდან, ვერც კოპალიანები იქნებოდნენ გამონაკლისი, მათი ოჯახიც ფორიაქს, სიმწარეს, ტკივილს და ბრაზს აეტანა. ქალები ტიროდნენ, კაცები ვითომ მხნედ იდგნენ ფეხზე და თათბირობდნენ.
-ოსე სად არის?!- დაიჭექა ეგნატემ.
-ხომ დაიბარა, მალე დავბრუნდებიო, ბევრი არ დარჩა..-უპასუხა კუთხეში, თვალცრემლიანმა ქალმა.
-მოძებნეთ და ჩამოიყვანეთ!- კაცი ვერაფრით წყნარდებოდა. წვერში თეთრი შერეოდა, მრისხანე თვალებში კი ტკივილის ნაპერწკალი მაინც ვერაფრით დაემალა. უკვე ასაკში იყო, ამდენი ცუდი გაუგია სხვებისგან, მაგრამ ასეთი უბედურება ასე უეცრად თავზე არასდროს დასტყდომია.
-ის უსირცხვილო.. ცოცხლად დასაწვავი, ეს როგორ გააკეთა..-მოთქვამდნენ ქალები.
-ნეტავ გუშინვე მოვმკვდარიყავი, ბოლოს რომ სახლში გავაცილე მაშინვე, ოღონდ ეს დღე არ გათენებულიყო ჩემთვის..- ამბობდა ეგნატეს მეუღლე, ქალბატონი ფატიმა კოპალიანი და ცრემლს ვერაფრით იკავებდა.
მას, ვისაც ყველაზე მეტად სტკიოდა მომხდარი, დედა იყო. მეორე კოპალიანების ოჯახის ქალს, ეგნატეს ძმის ცოლს, მერი კოპალიანს სტკიოდა ყველაზე მეტად.
სანამ ყველა ასაკის მცხოვრებამდე მივიდოდა ამბავი, საქმე უნდა დაწყებულიყო. სანამ მოსახლეობას შიში და განსაცდელი აიტანდა, საქმე უნდა გახსნილიყო.
ღამეს მოეცვა ქალაქი, შუქი მხოლოდ კოპალიანებთან და ზოგიერთ იმ ოჯახში ენთო, სადაც ეს ამბავი უკვე ტრაგედიად სცნეს. მთის ცივი, სუსხიანი ქარი უფრო საშიშ შესახედაობას სძენდა არემარეს. მთებს წარბიც კი არ შეტოკებიათ, თითქოს ირონიულად დაჰყურებდნენ მაცხოვრებლებს და უკვე აღარაფერი უკვირდათ, მათ შორის, არც მომხდარი.
საათები გადიოდა, ცა ნელ-ნელა იწყებდა თეთრს და ყველა უფრო მეტად აეტანა ნერვიულობას. ცის შეთეთრებას, ფეხად მოჰყვა ცხენის ჩქარი ნაბიჯების ხმა, რომელმაც ქალაქი გამოაღვიძა.
ან იქნებ, სულაც მისი მხედარი იყო ხალხის გამოღვიძების მიზეზი, რადგან იგი ჩვეულად, ამ დროს ბრუნდებოდა ხოლმე. ფანჯრებიდან ნამძინარევი ასულები იცქირებოდნენ, თვალები ახლად აეხილათ და მხედარის მოლოდინში აცქრიალებული გული სიხარულით უფეთქავდათ მკერდში. თვალს თუ გაახელდნენ, რა იქნებოდა იმაზე უკეთესი, საკუთრივ, თავიანთი აზრით, სწორფერი რომ ეხილათ პირველებს, ცხენზე ამხედრებული, წელში გამართული, ძლიერი მხედარი, ის ვინც მთელ სვანეთში მისაბაძ სახელს ატარებდა და მისი შესადარიც არავინ მოიძებნებოდა.
ახალგაზრდა გოგონებს ეგონათ, დღე კარგად დაიწყო, თვალს ვახელთ და ჩვენს სატრფოს ვუყურებთ ფანჯრიდანო, თუმცა ჯერ რა იცოდნენ, რა ტრაგედია დატრიალდა მათ თავს.
შიშით და მორიდებით, ფარდებს ამოფარებული უთვალთვალებდნენ სხვადასხვა სახლებიდან, სხვადასხვა გოგონები ეგნატე კოპალიანის ერთადერთ ვაჟს, ოსე კოპალიანს. რას აღარ აკეთებდნენ, ოღონდ ოსეს მათკენ გაეხედა, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს.
ხანდახან იმასაც ფიქრობდნენ, რომ მისთვის ზედმეტად პატარები და გამოუცდელები იყვნენ, მაგრამ ეს მათ ტრფობას მაინც ვერაფრით აქარწყლებდა. გულებს და ამ გრძნობას, მაინც ვერაფერი მოუხერხეს.
ასე ხდებოდა, ქალაქის სიამაყე, ნადირობის სეზონს პირველი ხსნიდა და მთებში მიდიოდა ნადავლის მოსაპოვებლად. იმდენად სიამოვნებდა ჯირითი და ნადირობა, რომ ხანდახან კვირეები არ ბრუნდებოდა სახლში. ეს კი აგიჟებდა ბატონ ეგნატეს, მაგრამ ვერა და ვერაფერს გახდა მის ჯიუტ ვაჟთან.
ყოველგვარ საკომუნიკაციო საშუალებას იშორებდა თავიდან, თავის საყვარელ ცხენს მოამზადებდა, თოფს და საგზალს წაიღებდა და უკანმოუხედავად გაიკვალავდა მთებისკენ გზას.
ადგილი, სადაც იგი ნადირობდა და ცოტა ხნით ცხოვრობდა კიდეც, საშიშზე უფრო საშიში იყო. ქალაქიდან ყველა ვაჟი ვერ ბედავდა იქ ასვლას, რადგან იმდენად მამაცები ვერ იყვნენ, როგორიც ოსე.
ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ოსეს ასე ძლიერ ეტრფოდნენ იქაური გოგონები და ხანდახან, ქალებიც.
მთლიანობაში კი, ოსე ყველას უყვარდა. ზოგიერთ ბიჭს თუ შეშურდებოდა მისი, რადგან იგი ყველასთვის სასურველი სტუმარი და შემდგომში კი სასურველი სასიძო იყო.
ჭკვიანი, ერთგული, პატიოსანი და ვაჟკაცად აღზრდილი ბიჭი, არავის გამორჩებოდა თვალში. ამაში მისი კავკასიური გარეგნობაც უწყობდა ხელს, ისეთი იყო, ერთხელ თუ დაინახავდი, იტყოდი, რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია და მერე კიდევ დიდხანს დაგამახსოვრდებოდა, შემოგრჩებოდა გონებაში.
თან კითხულობდა, თან ჯირითს და ნადირობას ასწრებდა. თან ეგნატეს ეხმარებოდა ბიზნესში, თან ნადირობის წინ, დედას ჰკოცნიდა შუბლზე და უბარებდა, თუ ვერ დავბრუნდი, ესეიგი უკეთეს ადგილას მოვხვდიო.
ატირდებოდა ხოლმე, ქალბატონი ფატიმა შვილის სიტყვებზე. ვაი, რომ მართლა აღარ დამიბრუნდეს, ჩემი ერთადერთი ვაჟიო.
არაფრის ეშინოდა. იმას გაიძახდა, მხოლოდ უფალს აქვს უფლება, ჩემი ნაბიჯი განსაჯოსო. სადღაც ამაყიც იყო, ვიტყოდი, ძალიან ამაყი.
ყველაფერი აძლევდა ამის უფლებას, დიდგვაროვანი ოჯახი, სახელი, მისი პიროვნული თვისებები და ხალხის ეს აკვიატებული სიყვარული მის მიმართ. სიმდიდრეც არასდროს აკლდათ, პირიქით, ყველაზე მდიდრებად ითვლებოდნენ ქალაქში.
ეცინებოდა ხოლმე, რომ გაიგებდა, მეზობლის გოგონებს როგორ უყვარდათ. რას აღარ უქსოვდნენ, ერთი გოგო, ინოლა სანადიროდ წასვლის წინ სახლიდან გამოვარდნილა, თავისივე ხელით ნაქარგი ტანსაცმლით და ოსესთვის უჩუქებია, რომ ჩაიცვამ მე უნდა გაგახსენდეო.
ცოტა ირონიული იყო, გოგონებს გულს არ სტკენდა, იღებდა ამ საჩუქრებს, ამ სიყვარულს მაგრამ, მაინც ჩაეცინებოდა ხოლმე ეშმაკურად, მერე კი მზერით გააქვავებდა ყველა თაყვანისმცემელს. ის ფაქტი სადღაც მისში, მალულად მოსწონდა, რომ თვალს ვერცერთი აცილებდა.
ამ სიამაყეს, ვაჟკაცობაში, უზადო სიმამაცეში, პატიოსნებასა და უშიშრობაში მალავდა. სიტყვა არ დასცდებოდა მის ოჯახსა და დიდგვაროვნებაზე. ყველა დეტალი, მის დიდსულოვან საქციელებზე აისახებოდა ხოლმე და იქ უსიტყვოდ, ყველასთვის ყველაფერი ნათელი იყო მის შესახებ.
ლამაზი, კავკასიური, მგლისფერი თვალ-წარბი პირველი მოგხვდებოდა თვალში, თუ რამეს შეადარებდი ერთი შეხედვით და არამარტო, სულიც მგელივით მებრძოლი და უშიშარი ჰქონდა.
უკვე ქალაქის ახალგაზრდობა იმ ასაკში იყო, დაოჯახებაზე რომ მიუდგებოდათ საქმე. ოსეც ერთ-ერთი მათგანი იყო და ყველა ოჯახში საღამოობით იმის განხილვა მიდიოდა, ვის რომელი ქალი უნდა შეერთო, ვის ვის გაურიგებდნენ და რომელი ასული რომელ ოჯახში მოხვდებოდა.
ნეტავ მას, ვინც კოპალიანების ვაჟს მოხიბლავდა და დაიკავებდა საპატიო ადგილს, ამ საპატიო გვარს მიიღებდა.
ჯერჯერობით, ვერავინ აღმოჩნდა ასეთი.
ოსესთან ერთად, ეგნატეს კიდევ ჰყავდა საამაყო ქალიშვილი, ირაიდა. ჯერ არავინ იცოდა, მისი გული ვინმეს თუ მოეგო, მაგრამ აქა-იქ ხმა დადიოდა, ვიღაც უყვარსო.
ყოველღამე ღიღინებდა ფანდურით ხელში, სატრფიალო მელოდიებს და ხალხსაც ასე ეგონა, სადაცაა გათხოვდებაო.
ეგნატეს ძმა, ვაჟა კოპალიანი დიდი ხნის წინ ნადირობას ემსხვერპლა, კლდიდან თან გადაჰყოლია მტაცებლისგან შეშინებულ ცხენს და ისევ მისი ძმის, ეგნატეს მეზობელ სახლში ცოლ-შვილი მარტოდ მიუტოვებია.
დიდხანს მოთქვამდა ქვრივი მერი.. ელოდა თავის ქმარს, უკან დაბრუნებულს.. დრო გადიოდა და მისი ბიჭიც ოსესთან ერთად წამოიზარდა, დრო აღარ ჰქონდა მუდმივი ტანჯვისთვის. გეგი კოპალიანი კეთილი, მხიარული, ერთგული და მამაცი ბიჭი გაიზარდა. ბავშვობიდან მას და ოსეს განსაკუთრებული ბიძაშვილობა ჰქონდათ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. გეგის ორი და ჰყავდა, უმცროსი 11 წლის, მაგდა და მასზე უფროსი და, ვაჟას და მერის ამომავალი ნათება, მარგო.
ისეთი გოგო იყო, სიკეთეს და მშვიდობას ასხივებდა ღიმილით. შანსი არ იყო, არ გაღიმებოდათ ოჯახისწევრებს, მეზობლებს და მთელ ქალაქს მის დანახვაზე. ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, საზოგადოებისგან "გასათხოვარის" სტატუსი რომ მიიღო, ოსე და გეგი ჯერ კიდევ ბავშვებად ითვლებოდნენ. ოცი წლის იყო, კაკი ბენდელიანმა რომ მოიტაცა. ამ დროს, მამა უკვე აღარ ჰყავდათ და უფრო მარტივად გამოუვიდა საქმე. ბენდელიანები ქალაქის ბოლოს ცხოვრობდნენ, რატომღაც ყველაზე ნაკლები სტუმარი ჰყავდათ ხოლმე, რადგან არავის უყვარდა იქ მისვლა.
ყველამ იცოდა, რომ მარგოს კაკი არ ჰყვარებია. კაკიმ მოიტაცა და სახლში მიყვანილი დააშინა, უკან დაბრუნებულს, მოტაცებულის სტატუსით, ჩემს გარდა სხვა მაინც აღარ გაგიღებს ოჯახის კარსო. უკარნახა, შენს ოჯახს ეტყვი, ნებით გავყევი და მიყვარდაო.
ასეც მოიქცა დაბნეული მარგო.. არავის ემეტებოდა ბენდელიანებისთვის. ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობოდა მისი ამგვარი ბედის გამო სევდა და უკმაყოფილო ხმა.
ეგნატე კოპალიანს, მარგოს ბიძას, უკვე სიტყვა ვეღარ სცდებოდა პირიდან. იმ დროიდან, სიყვარულის დაშლა ცოდვად ითვლებოდა და ამ ალალ-მართალ, მორწმუნე კაცს, ღვთის შიშით ხელი ვერ შეუშლია მათთვის. რა იცოდა, საწყალი მარგო რომ მოიტყუებდა. რამდენჯერ უკითხავს პირადად, ხომ არ ატყუებდა, კაკი ცუდად ხომ არ ექცეოდა..
პირიქით, მარგო ყოველთვის იმას გაიძახდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მის თავს ცუდი არასდროს მომხდარა მათი შეუღლების დღიდან. შვიდი წელი გავიდა მათი შეუღლებიდან და შვილი ჯერ კიდევ არ შეეძინათ.
რა არ გააკეთეს, მაგრამ არაფერი.. ბენდელიანების დედამთილმა მარგო დაიწუნა, შვილიშვილი ვერ უნდა გამიჩინო და სხვა აქ რისთვის ხარო. კაკი ბენდელიანს გულიდან ამოუვარდა ქალი, ქერა თმა და ცისფერი თვალები ქალაქში გამოჩენისას რომ გულს უჩქარებდა, მობეზრდა. ყოველდღიურობაში დაკარგული მარგო, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ექცა ცხოვრებაში. ეს მისი დინჯი ხმა, მოკრძალებული საუბრები და უსიყვარულო, მაგრამ მაინც კეთილი ხმა, "კაკი, შემოდი ჭამე," ჩვეულებრივ იავნანას დაემსგავსა, ყოველთვის იგივეს რომ ამბობს და იგივეს რომ გიქადაგებს.
ალბათ ამას ეწოდება ადამიანით გატაცება, თორემ რომელი ადამიანი ამოიგდებს გულიდან ნამდვილ საყვარელს, ვინ გადაიყვარებს ცისფერ თვალებს და საყვარელი ქალის მომღიმარი სახეც როდის მოაბეზრებს თავს მასზე შეყვარებულ კაცს?!
ქორწინების ბოლო წელს, ხშირად ჩხუბობდნენ. ამ ყველაფერში ხელს კაკის დედაც ურევდა. მისი ნეგატიური და უიმედო საუბრებით უსიყვარულო ცხოვრება მალე დაინგრეოდა, მაგრამ ისე ნამდვილად არა, როგორც რეალურად მოხდა.
გაუთავებლად ჩხუბობდა კაკი. ნასვამი მოდიოდა ბოლო თვეების განმავლობაში და გაუთავებლად ლანძღავდა მშვიდ, უწყინარ მარგოს, იმის გამო რომ შვილი ვერ გაუჩინა. სხვების ქალებს ადარებდა, "გახედე, ერთ მეზობელს ბიჭი ჰყავს, მეორე მეზობელს ტყუპი ბიჭებიო.."
თურმე ამაზე პასუხობდა, "მერე და რა, გოგონაც ღვთის საჩუქარიაო" კაკი ამ პასუხზე ცოფდებოდა, არა იმიტომ, რომ მისი ცოლისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს, იმიტომ, რომ მარგო თავს იბრმავებდა. იმედი ჰქონდა, რომ შვილი ეყოლებოდა და ამ სტრესს, დამახინჯებულ და მტკივნეულ ცხოვრებას მხრებიდან მოიცილებდა პატარა საჩუქრის წყალობით, თუმცა არც ეს დასცალდა.
ერთ საღამოს, მშვენიერი, მოცინარი და უწყინარი მარგო, სიცოცხლეს გამოესალმა. კაკი ისევ მთვრალი დაბრუნებულა და მეუღლეს სცემა. იმდენჯერ დაარტყა, ბოლოს ხელებში შემოაკვდა მისი გოგონა. კარს ამოფარებული დედამთილი გულს იფხანდა ცოლ-ქმრის ჩხუბით, მაგრამ ბოლოს, სიგიჟე დაეტყო თვალებში, როცა გაიგო, რომ იმ ოთახში უკვე მკვდარი რძალი დაეგულა.
წინა კვირით შეუარა ოსემ, ჰკითხა ვინმემ ხომ არ გაწყენინაო და ისე გაეშურა სანადიროდ, მაგრამ ვინ რა იცოდა, ამდენი ხანი ოჯახის დანგრევის და სახელის შელახვის შიშით, მარგო რომ ყველაფერს მალავდა.
ზუსტად ის დღე იყო, მთელი ქალაქი რომ ფეხზე დადგებოდა მომხდარით. სანამ ხმა ბენდელიანთა ოჯახიდან გავარდებოდა, კაკის დედამ, გურანდა ჭინჭარაულმა მიხვდა, რომ თავის უვარგის შვილს, მარგოს სისხლს არ აპატიებდნენ და გადაწყვიტა მისი ვაჟი თავის სანათესაო მხარეში გადაემალა. შვილი გააპარა და თვითონ სპექტაკლი დადგა, ვითომ მარგო ოთახში მკვდარი დახვდა.
დედის ინსტიქტებმა ყველაფერი გააკეთებინა ქალს. ყველამ იცოდა, რომ ისეთ ქრისტიანულ ადგილას, როგორიც სვანეთია, კაცმა ხელი ყველაზე წმინდაზე, ქალზე არ უნდა აღმართოს. იქ წაიქცევა მისი ვაჟკაცობაც, სახელიც და მთელი ოჯახიც წაუხდება. თავი გამოსაჩენი, აღარსად ექნება და მოსახლეობაც არსად აღარ მიიღებს, თემიდან მოჰკვეთენ, როგორც უსირცხვილოს.
თუმცა მაშინ, როცა საკუთარი ცოლი ცემით სიკვდილამდე მიგყავს, პატიება აღარ, და სიკვდილი ნამდვილად გემუქრება.
მერი კოპალიანი ქალიშვილს მისტიროდა. ხმა აღარ ჰქონდა, თვალებიდან აღარც ცრემლი სდიოდა უკვე. ჯერ იყო და ქმარი დაკარგა, ახლა კი მისი მზესავით ქალიშვილი უნდა მიებარებინა მიწას. განა ვერ ხვდებოდა, რომ მისი შვილი იტანჯებოდა ამ წყეული ქორწინებით?
მაგრამ ასე იყო, ოღონდ სირცხვილი არ ეჭამა მის გვარს, ოჯახსა და სახელს, გოგოს უკან ვერ დაიბრუნებდა, თან იმას ფიქრობდა, იქნებ მართლა შეუყვარდება ოდესმე და ვაი რომ ცოდვა ჩავიდინოო.
გეგი კოპალიანი იტანჯებოდა. და მოუკლეს და ვეღარ გაეგო, მასაც იგივე გაეკეთებინა თუ პირდაპირ კაკის მოსაკლავად წასულიყო. ვენებში სისხლი უჩქეფდა მრისხანებისგან, მაგრამ მთელი სული სტკიოდა, მარგოს უსიცოცხლო, სიფრიფანა სხეულს რომ იხსენებდა. სამწუხაროდ, არცერთი წამით არ ამოსდიოდა თვალებიდან, ის საზიზღარი სცენა.
შუაღამის სოფელი შემოევლო კაკის ძებნით, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ხელში იარაღით, მაინც ვერსად იპოვა მისი კვალი. გურანდა ბენდელიანმა მოიტყუა, როცა მივედი, სახლში არ დამხვდა, არც ის ვიცი, სად წავიდაო.
ბენდელიანების ოჯახს აუცილებლად გადაასახლებდნენ. მანამდე კი, კაკის მოძებნიდნენ.
ქალაქში დაბრუნებულ ოსეს, გული შიშით აუძგერდა. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ადრე და ამას მთელი ტანით გრძნობდა.
ეზოში მისულს, შუქები რომ დახვდა ახლა სულ სხვა შიშით აუკანკალდა გული, ვაი რომ, ეგნატე დახვედროდა ცუდად. არა, მაინც როგორ დაემშვიდობა მამას წინაზე?
"მე კარგად ვიქნები, დედას მიხედე და კიდევ ნუ დამელაპარაკები მთებში არ წასვლაზე, აზრი არ აქვსო." არ მოუსმინა მამას, ახლა კი შიშს აეკლო მისი გული. ნაბადი მოიშორა, ქუდი მოიხადა და ოჯახის კარი შეაღო.
ის იდილია დახვდა, რისაც წამის წინ შეეშინდა.
მაგრამ, ხომ არაფრის ეშინოდა ოსეს ამქვეყნად?
ერთადერთი, ალბათ საყვარელი ადამიანის დაკარგვის, რადგან ადამიანის ასე გაშვება, ზუსტად რომ არაამქვეყნიური განსაცდელია.
ამიტომაც შეეშინდა ცოტა ხნის წინ, ცხოვრებაში უკვე მეორედ. პირველი ბიძა რომ დაკარგა და ახლა აღარ იცოდა რა დახვდებოდა.
ყველა ტიროდა. პირველი, თვალში მამის მრისხანე სახე რომ მოხვდა, შვება იგრძნო, მერე დედის ცრემლიან თვალებს გახედა და ბოლოს, მის დას, ირაიდას. -რა მოხდა?!- თვალებს გაურკვევლად ათამაშებდა, ხან დედისკენ, ხან ბიცოლასკენ.
ბოლოს, ჩუმი წამების შემდგომ, გეგის ხელი იგრძნო მხარში. ვერ იცნო თავისი ბიძაშვილი, წაშლილი და განადგურებული სახე ჰქონდა.
-გეგი მეტყვი რა დაგემართათ?!- დასჭექა კოპალიანმა. გეგი რომ მოეხვია, მერე მიხვდა ყველაფერს. ჩუმად ამოუჩურჩულებია, სრულიად გაუაზრებლად საწყალს, "მარგო.." და ყველაფერი გასაგები გახდა ოსესთვის.
თოფს დასტაცა ხელი, მომხდარმა სისხლი აუდუღა ვენებში.
-არ ვიცით, სად არის! გონს მოდი ოსე!- ყვიროდა ეგნატე. ოსეს დაბრუნებას ელოდნენ, რადგან მომხდარს განაჩენი არ სჭირდებოდა, კაკი უნდა ეპოვნათ, მათ ოჯახში მოეყვანათ და სიკვდილიც ასე მიეღო მის ცოდვილ სულს.
სისხლს არავის შეარჩენდნენ, რაც არ უნდა ყოფილიყო. გვარში მსგავსი არასდროს მომხდარა და ახლა აფორიაქებულები, ტკივილით სავსეებმა აღარ იცოდნენ, რომელ მხარეს წასულიყვნენ.
-სადაც არ უნდა იყოს, მკვდარიც რომ იყოს, მიწიდან ამოვთხრი და არ გავახარებ. მის სულსაც კი არ მივცემ სიმშვიდის უფლებას!- ყვიროდა ოსე.
ცხენზე შედგა და პირველი, რაც გააკეთა, ბენდელიანების აქედან გაძევება იყო. გურანდა ბენდელიანმა ბოლომდე დამალა მისი შვილის ადგილსამყოფელი.
ეგნატეს არ დაუშლია მისთვის რაიმე, იცოდა, რომ ოსემ სწორი განაჩენი გამოიტანა.
-სიკვდილსაც კი არ იმსახურებს, მაგისთვის ნამეტარია..- ამბობდა ოსე და სიმწრის ცრემლს თვალიდან გადმოსვლისთანავე იგლეჯდა. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს იტირა.
ეს ცრემლი, მარგოსთვის იყო, მისი საყვარელი ბიძაშვილისთვის და ვერ დაისვენებდა, სანამ სამართალს არ აღასრულებდა და მარგოს სულს არ გაათავისუფლებდა.
მთებსა და სოფელში ეძება იმ დღეს, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნო. რით არ დაემუქრნენ გურანდას, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს, არაფერი ვიციო. იმასაც შეშლილის სახე ჰქონდა, ალბათ იმ მომენტიდან უკვე გამხდარიყო კიდეც. ქალს ხელს არაფრით დააკარებდნენ კოპალიანები და, ბენდელიანებიც აქედან გადაასახლეს, როგორც მერე გაიგეს, სამეგრელოში დასახლებულან, გურანდა და კაკის უმცროსი ძმა.
გათენდა და ყველა ოჯახი გლოვობდა მარგოს. მთებიც გაშავებულიყვნენ და კიდევ ერთხელ, ირონიულად ეღიმებოდათ ადამიანთა ბედზე. ალბათ იმაზე ეცინებოდათ, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად ზუსტად ხალხის აზრს ეწირებიან და ბოლოს ისე ასრულებენ, როგორც მარგო.
მის სიკვდილში, მარტო კაკი არ მონაწილეობდა. ტყუილი, სიჩუმე, სირცხვილი და შიში იყო მისი სიკვდილის მიზეზი.
ყველა მთა გლოვობდა და იმ დღიდან, კოპალიანების მთავარი მოტივიც, კაკის ძებნა გახდებოდა.
დღეები გადიოდა, მაგრამ ოსე კოპალიანს ვერაფრით აჩერებდნენ.
ტყეში მგელივით დაძრწოდა, რომ კვალისთვის მიეგნო. გეგი ტყის მეორე მხარეს დაიარებოდა დამშეულივით და სისხლის წყურვილს აეტანა.
ოსე ვერაფრით დაღალეს დღეებმა, იმიტომ რომ ასეთი იყო, თუ რამეს გრძნობდა, ბოლომდე გრძნობდა და უჭამდა გონებას. კეთილი იყო, მაგრამ მგელივით აზროვნებდა და ხშირად, ყინულივით ცივი იყო საჭიროების შემთხვევაში.
დღეები თენდებოდა და თითქოს არაფერი, ოსესთვის ახალი შანსი იყო. მთები ისევ პირქუშად იყურებოდნენ და იცოდნენ, ეს მგელსავით ბიჭი, რომ არ გაჩერდებოდა.
ნეტავ სადამდე მიიყვანდა ეს გზა?
ნუთუ ადამიანურ ყოველივე გრძნობას შეაზიზღებდა მას განგება?
მთებია მოწმე, რომ ცხოვრება მას ამ უზარმაზარ მთებზე შორს, კავკასიონის გადაღმა წაიყვანს და ყველა მალე შეამჩნევს, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება საინტერესო და იდუმალი გაგრძელება.-
გატავწყვიტე აქაც დამედო, არ აქვს მნიშვნელობა წაიკითხავენ თუ არა, უბრალოდ საშინლად მომენატრა
ვათი.
ჯერ კიდევ წერის პროცესშია და მხოლოდ 7 თავი
მაქვს.