ერთხელ შეხედავდით და გაიგებდით, რამდენი რამ ენახათ ამ მთებს. ზანტაც იწვნენ და თითქოს ეს ძალზე რთული საქმე იყო შესასრულებლად.
არაფერი იყო ამაზე ლამაზი. სული შეგეკვრებოდა, შორეულ, გადათეთრებულ მთებს რომ მოჰკრავდი თვალს. გული აუცილებლად აგიძგერდებოდა სხვანაირად. სულ რომ უგრძნობი იყო, სულ რომ სიცარიელე გქონდეს სულში, მზის გამონათებას გამოიწვევდა ადამიანის სხეულში ამ სიმწვანის დანახვა.
გახედავდი თუ არა, ხეები და მდინარეები გიხმობდნენ, მოდი და შემიცანიო. ერთი დიდი, ბურუსით მოცული სამყარო იმალებოდა ამ მთებში და არავინ იცოდა, თან რამხელა თავისუფლება თარეშობდა იქვე.
ეს რომ ყველას სცოდნოდა, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გადაიხვეწებოდა და გაიხიზნებოდა მთებში.
მერე უკან ვეღარაფერი დააბრუნებდათ და ალბათ, მთებიც დაკარგავდნენ ამ ხელშეუხებელ და წლებით შეკოწიწებულ, ნაგროვებ თავისუფლებას.
თუ მართლა ქართველი ხარ, მიდი გახედე უშბას, უშგულს, თუნდაც ყაზბეგის მთას რომ ეძახიან, იმას და არ თქვა რომ ძარღვებში სისხლი არ აგიდუღდა. ნისლში გახვეულ ადგილებს დააკვირდი. შენს სულში შებოჭილ, ჩაკეტილ ადგილებსაც კი გაგიხსნის აქაური ჰაერი, აქაური თავისუფლება ყოველ უჯრედს მოივლის და გაგრძნობინებს, რომ შეუჩერებელი ხარ.
კავკასიონი იმზირებოდა, ხანაც ალმაცერად, ხანაც ღიმილით, ხან ბოროტულად და ხანდახან სულ ვერ გაიგებდი, რა უნდოდა.
უყურებდა თინათე ამ მისთვის უცხო გარემოს და ამჩნევდა, რამდენი საერთოც ჰქონდათ, იმდენივე განსხვავებაც.
ადრეც ენახა ეს მთები, ადრეც ყოფილა სვანეთში, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისი ხევსურული მთები ერჩივნა. მისი ყაზბეგი და შატილი, მისი მხარე.
სახლთან შორი-ახლოს იდგა, არც მონა იყო და არც ისეთი, ვინმეს ბრძანებები შეესრულებინა. ვერ გაუძლებდა სახლში გამომწყვდევას, ბრაზი ყელში ახრჩობდა ოსეს და ყველა აქაურის დანახვაზე.
ამდენ დარდს ვერაფერი მოუხერხა, პირიქით, ყოველდღე ემატებოდა ერთ დარდს მეორე და არ იცოდა, სად წასულიყო. გაქცევა სცადა, დაიჭირეს. იყვირა, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. დაიმუქრა, ისე მოუჭრეს, მერე გააცნობიერა რომ მის ოჯახს შეიძლება იქით ავნებდნენ.
იყურებოდა მთებისკენ და მათ სთხოვდა წამით მაინც მოევლო თვალი აღმოსავლეთი მხარისკენ, მის მშობლებთან, რომელთა გახსენებაზე გული ეკუმშებოდა, ტვინი კი საშიშროების სიგნალებს გამოსცემდა ხოლმე.
კესანები შეამჩნია ახლოში, მივიდა და ერთი-ორის მოწყვეტა დააპირა, მის წინ ცხენზე ამხედრებული უცხო ვაჟი რომ შეამჩნია.
-მაშ, აქაური არა ხარ?- თინათეს გაყინული მზერა მოავლო და პასუხის მოლოდინში შეჩერდა.
-ვინ ხართ?- ჰკითხა და ფეხზე წამოდგა.
-ერთი აქაური.- გოგოს გაეფიქრა, ნუთუ ამ მხარეში ყველა ასეთ პასუხებს იძლევაო.
-თუნდაც არ ვიყო, მერე რა?- უპასუხა წინა კითხვაზე და ბრაზით ახედა. ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა ამ მომენტში.
-თვალი ვის უდგას შენზე, უცხო ქალო?-
-თუ ბედავ და მაგას მეკითხები, მაშინ ვერც ვერავის!- დაიყვირა გოგომ და კოპალიანების სახლისკენ გაეშურა.
როგორ აღმოჩნდა ჭიშკრის გარეთ?
ოსემ ურჩია, გადი ხალხს დაენახე, გაიგონ რომ უბრალოდ სტუმარი ხარ და ეჭვები გაიქრონო. ასე თვლიდა კოპალიანი საჭიროდ. დაღალა ხალხის ლაპარაკმა, ყველას პირზე მათი გვარი და გვართან ერთად ცრუ ინფორმაციები ეკერა. მეოთხე დღე თენდებოდა და უკვე საკოპალიანოს სული უწუხდა ვითარებით.
ქალაქში ხმა გავარდნილიყო გოგოს შესახებ. ამბობდნენ, "ისეთი ლამაზია, მზეს ჩამოიყვანს უშბიდანო." დაეცქვიტათ თვალები ვაჟებს, იქნებ და სიმართლეა სტუმარი რომ არის და ჩვენ გვერგოს მისი ბედიო. გოგონებს ორმაგად ფართოდ გაეხილათ თვალები, ოსეს თაყვანისცემით გულამოვსილებს რა დააწყნარებდათ, კოპალიანების სახლში ხომ უცხო და თანაც ულამაზესი ქალი ჰყავდათ.
ერთმა დაინახა, მეორემ და მაშინვე ის ითქვა, ამ ქალაქში ასეთი ლამაზი მეორე არ დადისო.
თმები სიამაყით აიპრიხა ქალბატონმა ფატიმამ, რა სჯობს იმ სტუმარს, რომლის სილამაზეზეც მთელი მოსახლეობა ალაპარაკდებაო. ეს ცოტათი მაინც უმშვიდებდა გულს, ამდენ ნერვიულობას ერთი დადებითი მაინც ხომ უნდა ჰქონოდა?!
ირაიდას ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, სხვა რა გზა ჰქონდა. ვერც მოუწესრიგებელი გაივლიდა, ამიტომ ყველა საჭირო ნივთი ირაიდას ეთხოვებინა მისთვის დროებით.
დიდად გულზე არ დაეხატა ეს გოგო, მაგრამ მისმა ძმამ დაიქუხა, როგორც საჭიროა ყველამ ისე მოიქეცითო და სხვა გზაც არ დაუტოვა.
ტყეში წასულიყო ოსე. დაიღალა კამათით და ახსნა-განმარტების მომთხოვნი მზერებით. როგორც სჩვეოდა, ტყეს შეაფარა თავი და ეცადა განმარტოვებას. როგორც ვთქვით, ყველამ რომ იცოდეს მთების ამ საიდუმლოებებზე, აღარ იქნებოდა იგი ასეთი მისტიური, მიუწვდომელი. ოსე კი ერთ-ერთი იყო ქალაქიდან, ვისაც მთელი კავკასიონის საიდუმლოება ამოეხსნა. არავის გაუმხელდა ამას, სანამ ისინი არ გამოცდიდნენ თავიანთ თავებზე. ეს კი, არც ისე ხშირად ხდებოდა, რადგან ქალაქში სულ რამოდენიმე ბედავდა ამ სიშორეზე წასვლას.
სულს და გონებას ანიავებდა იქ ყოფნით და როცა საღამოვდებოდა, უკან ბრუნდებოდა. დღესაც ასე იყო, იმ ურჩმა გოგომ ნერვები დაუზიანა და დედამისის გაუთავებელმა ნერვიულობამაც.
შვებით სუნთქავდა პირველად, რადგან იცოდა, რომ მისი საყვარელი ბიძაშვილის სისხლი არავის შერჩენია.
ქალაქში ჩამოსულს, გზად დათა ფანგანი შემოეგება.
-ქალი მოიყვანე და გადაივიწყე არა მეგობარი, კოპალიანო?- სიცილით შეხვდა ბიჭი.
-შენ დარჩი და შენც არ დაიწყო, რა.- ხელი მობეზრებით აიქნია.
-რა იყო, მართლა ასეთი ლამაზია რომ მთელი ქალაქი აალაპარაკა?-
-გგონია აინტერესებთ როგორ გამოიყურება? ამათ ოღონდ სალაპარაკო მიეცი, სხვა არაფერი უნდათ, წვეთს ზღვად აქცევენ.- მაინც ვერ გაეგო, იმ ანჩხლ გოგოში რა დაინახა ამ ხალხმა. მელიასავით ჩასაფრებული იყო და თითქოს ყოველ გამოხედვაზე წყევლიდა ბიჭს. ოსე ვერც მშვიდად ელაპარაკებოდა და ვერც რამეს აგნებინებდა, რა უნდა ყოფილიყო ამაზე უარესი?
-მე რომ დამცინი, ვერ ხვდები რომ შენი დრო მართლა მოვიდა?- სიცილით შეაპარა ოსემ.
-სვანეთში ჯერ ვერავის გადავეყარე, ჰო და ისე იყოს, როგორც ამ მთებს უნდათ.-
-თვალი ფართოდ გაახილე, გოგო გამოილია ამხელა მხარეში?-
-ვინ მეუბნება ამას, ინოლა და მეზობლის გოგონები ერთმანეთს ჭამენ შენი გულისთვის, მგონი სულ გძინავს და მაგიტომ ვერ ამჩნევ. ასე თუ გააგრძელე, ტყეში ერთ ჯიხვს გამოძებნი და იმას დაისვამ ქალად.- ცხენები მოუსვენრად ათამაშდნენ ადგილზე.
-არა დათა, საჩემო აქ არ დაიარება.- მეგობრის სიტყვებზე მაინც გაეცინა.
-წავედი, საქმეები მაქვს, თვალი გაახილე იცოდე. ჰო, მერე გამოგივლი, საქმე მაქვს.- მეგობარს გამოემშვიდობა და სახლის გზას აუყვა.
ცხენის ნაბიჯებზე იცნეს გოგონებმა და შანსს როგორ გამოტოვებდნენ, სანამ სახლამდე ავიდოდა, ფანჯრებიდან უყურებდა ყველა მათგანი კოპალიანების ვაჟს. სულ არ იმჩნევდა ბიჭი, არ იყო ის, ვინც სხვას თავს უხერხულად აგრძნობინებდა, მაგრამ გულში, თავისთვის იცოდა, ვინ როგორ უმზერდა.
-ვასილი მოდის ჩვენთან.- სახლში შესვლისთანავე ეგნატემ აცნობა.
-რა პატივია.- ამოთქვა დაღლილი ხმით.
-სახლში დახვდები?-
-პატარა საქმე მაქვს და მეც შემოგიერთდებით. სულ გაგიჟებულია ალბათ, ბენდელიანის აქ ყოფნა გააცოფებდა.-
-ასეა. ჩვენთან ლაპარაკი უნდა, ხომ იცნობ როგორია, ბოლომდე უნდა ამოქექოს ყველაფერი. ისიც გაუგია, სახლში უცხო ქალი გყავთო.-
-ყველამ იცის, პირველი მან გაიგებდა.-ბიჭს ირონიულად გაეცინა.
-მერე და რომ იცის, არ ამოქექოს მისი წარმომავლობა, თორემ ხომ იცი, თუ რამე ჩაიფიქრა გონება ვერ დაუშლის.-
-ვიცი, სანამ აქ ვარ, არაფერი მოხდება.-
-რა იცი?!-
-ვეცდები მაინც.- ბიჭმა იმედიანი ხმით წარმოთქვა და სამზარეულოში დედასთან შევიდა.
ნაწყენი იყო ქალი, თვითონაც ვერ გაეგო, რა სწყინდა. სულ ისე ეგონა, მისმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა და იმის ღირსად არ ჩათვალა რომ წინასწარ ეთქვა დედისთვის. ასე ეგონა, მაგრამ თან იცოდა, სიმართლე რომ არ იყო ეს ყველაფერი.
მაინც ვერ უწყნარდებოდა გული, სხვა იყო ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება და მისი სირთულეებიც მოჰქონდა ამ ყოველივეს. დაბნეულიყო და ხალხის შეკითხვებს ხან თავს არიდებდა, ხან დაბნეულად პასუხობდა ხოლმე.
-როგორ ხარ?- სამზარეულოს დაეყრდნო და ვაშლი ჩაკბიჩა.
-როგორ ვიქნები, არაფრად არ მაგდებთ და..- ცხვირი გააშვირა ქალმა.
-კარგი რა დედა, ხომ იცი უსაფუძვლოდ გწყინს. ასეთ რთულ სიტუაციაში ვართ, ტვირთს თავიდან სადაცაა მოვიშორებთ, რა დროს ასეთი ფიქრებია?!-
-საჭმელს საერთოდ არ აკარებს პირს.- თემა გადაიტანა ქალმა.
-რა ჯიუტია.- მობეზრებით ამოიხვნეშა ბიჭმა, დაღალა ამდენმა წინააღმდეგობამ.
-შენსავით.-
-რა?-
-ჰო, არავის არ იკარებს. მის ჭკუაზე უნდა სიარული, რომ მიუშვა კავკასიონს გადაივლის და მის მხარეს დაუბრუნდება. სხვანაირები არიან ეს ხევსურის ქალები, მეტად თავისუფლები. მაგათ ვერ ეტყვი ის გააკეთონ, რაც არ უნდათ. აქ კიდე სულ სხვანაირები ცხოვრობენ. მამამისმა ის ხომ კარგად იცის, რომ გაიტაცე? ძალიან მაინტერესებს, დათაზე რატომ არ იფიქრა მასე, მაინც და მაინც შენ რომ მოგახტა?- საჭმლის კეთებას მიუბრუნდა ბუტბუტით.
-დედა მაგაზე საუბრის დრო არ არის, მე უნდა გავიქცე, საქმე მაქვს დათასთან, ვასილი რომ მოვა დავბრუნდები.- ქალს სწაფად მიაყარა, ლოყაზე აკოცა და წასასვლელად მოემზადა. კართან შეჩერდა, იმ ოთახში, ხევსურის ასული რომ იყო, ხმაც არ გაისმოდა.
-სძინავს ალბათ.- არსაიდან გამოჩნდა ირაიდა.
-ეძინოს. ყურადღება მიაქციე, სადმე უცხოში არ გავიდეს.- ბოლოს მიაძახა დას და სახლიდან ცხენით გაეშურა მეგობრის სახლისკენ.
დიდხანს ყოყმანობდა ირაიდა, შესულიყო თუ არა თინათეს ოთახში. იფიქრა, მაგრამ ბოლოს მაინც თავი შეიკავა.
ყველაფრის დათვალიერება მოესწრო ფიცხელაურს. აქაურ მთებს ხომ ჩააშტერდა თვალებში, თუმცა კოპალიანების სახლიც არ გამორჩა მხედველობიდან. საგვარეულო ფოტო-სურათები ფოიესა და მისაღებში, საგვარეულო გერბი და დევიზი. უზარმაზარი სახლი ჰქონდათ, მდიდრულად გაწყობილი და როგორც კი ამას ამჩნევდა, ხვდებოდა რომ ერთ დიდ ოჯახში ამოჰყო თავი. ვერც ფატიმას გაუგო და ვერც ირაიდას. იჯდა თავისთვის ოთახში და ბრაზს უვლიდა, ლოცულობდა არ ამოხეთქილიყო, საკუთარ ოჯახს უფრთხილდებოდა და ითმენდა.
არ უყვარდა, როცა ვინმე იმას აკეთებინებდა, რაც მას არ უნდოდა. ახლა კი, ამ სიტუაციაში მყოფი იძულებული იყო, ამ თავხედი სვანის სიტყვებისთვის ესმინა, რომ რაც შეიძლება მალე გაცლოდა აქაურობას.
მანამდე კი, იმის გარკვევას აპირებდა, რის გამოც აქ ჩამოვიდა. ანაღვლებდა კაკის ბედი და არ აპირებდა იქამდე წასვლას, სანამ არ გაიგებდა, რა უნდოდათ ამ უცხო ხალხს მისი ოჯახისგან.
შებინდება იყო, ვასილ ხერგიანი რომ ეწვია კოპალიანების ოჯახს. თბილი მისალმება არც გაუმეტებიათ ამ გადაგვარებული და გაყინული კაცისთვის. ორი მსახური ახლდა, ისეთები, მთელ ქალაქში რომ იცოდნენ, ვინ სად ფეხს როგორ აბიჯებდა.
-კეთილი იყოს ამ ოჯახში ჩემი წლების მერე მოსვლა. როგორც ვთქვი ისე ავასრულე, სანამ იმ ღორების ნაშიერ ბენდელიანს არ ვიპოვიდით, იქამდე აქ ფეხს არ შემოვადგამდი.- ცივი ღიმილი ემოსა სახეზე, მომწამლავი.
ფატიმა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ირაიდასთან ერთად სამზარეულოს მიაშურა. არ უნდოდა ამ კაცისთვის ეყურებინა, ისედაც შეშლილი იყო ყველაფრისგან.
-კეთილი იყოს, ვასილ.- მიუბრუნა ეგნატემ.
-ვაჟი სად გყავთ?-
-მალე დაბრუნდება, საქმეები ჰქონდა.-
-ბიზნესში გეხმარება?-
-კი, ჩემზე უკეთ მართავს.- სიამაყით უპასუხა ეგნატემ.
-ალბათ იცი უკვე, რა განაჩენიც გამოვიტანე.- ჩაახველა ვასილმა.
-მხოლოდ შენ რომ ვერ გამოიტან, ამის ალბათ გესმის.-
-ბიძა ხარ ეგნატე, მე კი ბაბუა. მარგოს მამა არ ჰყავდა, მაგრამ მე ვყავდი.- გესლიანად დაიწყო ახსნა.
-ვიცი ვასილ. იმას გთხოვ, რადგან ამ ოჯახში ფეხი კეთილად შემოაბიჯე, ნუ წავბილწავთ აურას ბენდელიანზე საუბრით. ჩემს ოჯახს მრისხანება და ბოროტება საკმარისად დაატყდა თავს. ცალკე ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ყველა ერთიანად რომ შევიკრიბებით და გასაკეთებელიც მერე გაკეთდეს.- მშვიდად აუხსნა ეგნატემ. არ უნდოდა ამ ადამიანთან ამ თემაზე საუბარი, უკვე გული ძალიან დაუმძიმდა. მარგოს ხსენებისას ისეც ყველა ასე იყო, თითქოს სახლის კედლებიც კი იწყენდნენ. ყველა ის ადგილი მოიწყენდა ხოლმე, სადაც ოდესმე მარგოს გაევლო, ყველა ადგილი, რომელსაც ხელით შეხებია.
ვასილს უცნაურად ჩაეღიმა, მრავლისმთქმელად ვიტყოდი.
-გავიგე უცხო ქალი გყოლიათ სტუმრად.- თქვა თუ არა, მის გვერდით მსხდარმა კაცებმა ერთმანეთს გადახედეს.
არ გაკვირვებია ეგნატეს, ყველამ ყველაფერი იცოდა. ხერგიანი კი პირველი იყო, ვისთანაც ამბავი მიაღწევდა.
-ჰო, ასეა.-
-ვინ არის, სადაურია?- იკითხა ინტერესით, ალმაცერად.
-ჩვენი ირაიდას მეგობარია.- იცრუა ეგნატემ, არ უნდოდა ეს უცხო გოგო საფრთხეში ჩაეგდო, მითუმეტეს ვასილის ხელებში. იმან რა დააშავაო, ფიქრობდა თავისთვის.
-კარგი იქნება, ყავას ის თუ მოგვიმზადებს.- ამის თქმა იყო და ფატიმას გულზე მოუვიდა, ვაი რომ ახლა ყველაფერს მიხვდეს, ის გოგო ვერ დავიმორჩილოთ და ყველაფერი გამოაშკარავდესო.
-ჩვენი ირაიდა ვერ მოამზადებს, გგონია?- ღიმილით შეაპარა ეგნატემ.
-როგორ გეკადრება! ამბობენ ისეთი ლამაზია მეორე მსგავსი არ დაიარება ქალაქშიო, მოვიდეს, გაგვეცნოს, ხელსაც გავუსინჯავთ, როგორი ყავა იცის.- მრავლისმთქმელი იყო ვასილის ყოველი სიტყვა და არცერთ კოპალიანს სმენიდან არ გამორჩენია ეს და ამასთან ერთად არც ესიამოვნათ.
-აუცილებლად, ჯერ ისვენებს და მერე შემოგვიერთდება.- სამზარეულოდან გამოსულ ფატიმას მინიშნებებით სავსე თვალები მიაპყრო კოპალიანმა. ანიშნა, ახლა თუ საქმე ისე არ წავა, როგორც საჭიროა, კარგი ამბავი არ მოხდებაო.
შებინდებას იწყებდა, დათა და ოსე კოპალიანების სახლს რომ მიუახლოვდნენ. გეგის სახლს გვერდით ჩაუარეს. არც იმ სახლიდან წყდებოდა მზერა, თუმცა ეს მზერა სულ სხვისდამი იყო განკუთვნილი. დათა ფანგანს ეკუთვნოდა.
უშიშარ, მხიარულ და გულკეთილ ბიჭს, ქალაქში ერთ-ერთი სანაქებო და სამაგალითო რომ იყო. ისეთივე მეგობარიც ჰყავდა. ასეა, მეგობრები აუცილებლად ჰგვანან ერთმანეთს რაღაც თვისებებით.
მაგდა კოპალიანი იყო, ამასწინად დათა სხვანაირად რომ დაინახა. ნადირობიდან ბრუნდებოდა და ბარში ჩამოსულმა, მაგდას პატარა გოგოსავით გადაუსვა ხელი თავზე. არა და, აღარ იყო ბავშვი. გაზრდილიყო, დამშვენებულიყო და ორმოცი წლის ქალს აჯობებდა აზროვნებით. რას აღარ მოიფიქრებდნენ მთები, რას აღარ აიძულებდა განგება ადამიანებს.
-შუაღამით მშიერი მგელივით ნუ დარბიხარ, რამე გააკეთე.- სიცილით გამოაჯავრა ძმაკაცი და ცხენი საჯინიბოში შეიყვანა.
-იმ გოგოს რომ ვიყო, დაგანაწევრებდი.-
-შენ ნუ ღელავ, რამოდენიმე დღე აქ კიდევ რომ გაჩერდეს, ჩემს ნაწილებს აუცილებლად იპოვი, ისეთი ანჩხლია.- საჯინიბოდან გასძახა ძმაკაცს.
თინათე ისევ ფანჯარაში იყურებოდა, ცხენზე არხეინად ამხედრებული ოსეს დანახვისას ბრაზი მოაწვა ყელში. უნდოდა, მთელი გულით უნდოდა ის სახე ჩამოეღო, ან სულაც რამე საშინელება გაეკეთებინა ამ თვითკმაყოფილი, ამაყი ღიმილისთვის, რომელსაც თითქოს მალავდა, მაგრამ ფიცხელაურს მაინც არ გამოჰპარვია თვალიდან.
რამდენჯერაც ისაუბრეს, იმდენჯერ იჩხუბეს. ტვინში ჰქონდა გამჯდარი, ამ სვანს პირიდან გამაღიზიანებელის გარდა არაფერი ამოსდისო, ან კი უბრალოდ მას ეჩვენებოდა ასე.
როგორ უნდოდა ყველაფრის მალე დასრულება და ამ აუტანელი კოპალიანის თავიდან მოშორება. ღიზიანდებოდა მისი დანახვისას. ახლაც ცხვირი აიბზუა და ჩამოშლილი თმა გაისწორა. აუცილებლად დაელაპარაკებოდა დღეს და აქედან წავიდოდა. არც სვანური კოშკები უნდოდა და არც ეს მთები, ამ მომენტისთვის ყველაფერი სიბნელე იყო.
-სალამი ოსეს.-
-გამარჯობა, ვასილ.- ხელი ჩამოართვა ოსემ და სავარძელში მოთავსდა.
-როგორ მიდის საქმეები?-
-მშვენივრად ბატონო, თქვენი?- ოდნავი ღიმილით უპასუხა.
-ამ ამბებზე კარგი რა უნდა მომხდარიყო, ღორი ჩვენს ხელშია.- ხელები კმაყოფილებით გაშალა ვასილმა.
-ასეა.- მხოლოდ ეს თქვა და ირაიდას ახედა, ხელში საჭმლით. თვალი მოავლო სახლს, ის გიჟიც სადმე ახლოში ხომ არ არისო. იცოდა, ეგნატე არაფერს რომ იტყოდა ზედმეტს თინათეზე. არ უნერვიულია, იფიქრა საფრთხე არ ემუქრება, თუ ვასილი ხმას არ ამოიღებსო.
-მე და მამაშენმა ვისაუბრეთ, ამ დღეებში გავარკვევთ, როგორ მოვიქცევით.-
-მშვენიერი.- თავი დაუკრა ოსემ, მიუხვდა ნათქვამს. იცოდა, რა დიდი ეშმაკი კაცი ეჯდა მის წინ. მის უკან მსხდარი კაცები კი, ყველა დეტალს აკვირდებოდნენ, რამე გადატრიალებული რომ ენახათ, მაშინვე ვასილს ეტყოდნენ ამის შესახებ. ვერაფერს გამოაპარებდნენ ოსე კოპალიანს, მათ მზერასაც კი ისე აყოლებდა თვალს, ისინი ვერც კი ხვდებოდნენ.
-მაშ, სად არის თქვენი სტუმარი, ყავას არ მოგვიმზადებს?- უცნაურად დაიჩემაო, გაიფიქრა ეგნატემ და მაშინვე თავში აზრად ის გაუელვა, ამ კაცმა რაღაც მეტი იცის და ამიტომ წამოიწყო ეს თემა მეორედო. არც ოსეს გაკვირვებია ვასილის ცოდნა სტუმრის შესახებ. იცოდა ხერგიანს ყური მიწაზე ედო ხოლმე, მაგრამ ესეთი რეპლიკა მეტად ეუცნაურა, რაში ანაღვლებდა ხერგიანს ეს უცხო გოგო მათ ოჯახში. იგივე ეჭვმა გაუარა, რაც მამამისს, იქნებ რამე ზედმეტიც იცის და ამიტომ ამბობს ასეო.
-როგორც გინდათ, მე დავუძახებ და გაგაცნობთ.- ფეხზე წამოდგა ოსე და კარში გასვლისას წამიერად შეხედა მამას თვალებში. იმ მზერაში, ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ ერთმანეთში.
კართან ჯერ შეჩერდა, მერე კი ნელა დააკაკუნა.
-რაღაც საქმე მაქვს, შემოვდივარ.- თქვა და კარი გააღო. იგივე გაბრაზებული თვალები დახვდა ოთახში, თითქოს მისი გაგლეჯა რომ უნდოდათ, ისინი. საწოლზე იჯდა და უსიტყვოდ მისჩერებოდა ოთახში შემოსულ ბიჭს.
-მომისმინე..-
-რა საჭირო იყო მაგის თქმა, ისეც სულ მე მიწევს შენი ლაყბობის მოსმენა.- დაწყებული არ ჰქონდა, გაცხარებულ გულზე ვერ მოითმინა და შეაწყვეტინა საუბარი. თვალებში ცეცხლი აუკიაფდა ოსეს, ცოტაც და ეს გოგო შემომაკვდებაო.
-აქ ისეთი ადამიანი მოვიდა, ვინც კაკის მტერია. კაკის მტერი, მსუბუქი ნათქვამია. მხოლოდ იმას დაგიმატებ, რომ შენმა საყვარელმა სიძემ ეს მტრობა დამსახურებულად მიიღო, სხვას არაფერს გეტყვი. ამ კაცმა ქალაქში ყველაფერი იცის, მათ შორის შენი აქ ყოფნაც. იცის, რომ ირაიდას მეგობარი ხარ და აქ სტუმრად ჩამოხვედი..-
-სულ არ მაინტერესებს, ეს ზღაპრები!- ზურგი აქცია.
-ეს კაცი ითხოვს, რომ გამოხვიდე და გაეცნო. გამოხვალ და გაეცნობი, მაგრამ შენი გვარით არა, რომ რამის გამოძიება არ დაიწყოს..- გოგოს წამოსროლილ სიტყვებს ყური არ ათხოვა, ისე განაგრძო. ნერვები კი აუშალა, მაგრამ როგორღაც უთმენდა.
-და რომ გაიგოს, რა? რას მიზამს?- ფეხზე წამოდგა.
-რომ გაიგოს, რომ კაკისთან მცირედი ნათესაობა მაინც გაკავშირებს, შენც და შენი დაც ცუდ დღეში აღმოჩნდებით და მერე ვერც მე გიშველით რომელიმეს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ კაკის ბინძურ საქმესთან არაფერი აკავშირებს შენს ოჯახს. იმ პატივისცემის გამო, რაც მამაშენმა გაგვიწია შატილში.- გაჩერდა თინათე, ეუცნაურა ეს ბიჭიც. ვინ დააკვირდებოდა ამ მცირე პატივისცემას, ან ვინ აღნიშნავდა.
-დასრულდეს ეს ამბავი ისე, რომ თქვენს შესახებ ვერ გაიგონ და მერე შეგიძლია წახვიდე იმ შენს ხევსურეთში!-
-ჩემს ხევსურეთში ასე არ ხდება! ქალებს უხსნიან მომხდარს და გაურკვევლობაშიც არავინ გამყოფებს. რომელი ამბავი უნდა დასრულდეს? სად გყავთ კაკი? კარგი, მე ვერ წავალ, ვერც პოლიციას ვერ შევატყობინებ და ვერც გავიგებ, რა ბედი ეწევა ჩემი დისშვილის მამას!-
გაოგნდა ოსე მოსმენილით, ბოლო სიტყვებს მართლა არ ელოდა.
-შენი და ფეხმძიმედაა?- იკითხა ხმადაბლა.
-კი, ასეა. თქვენ რას უპირებთ იმ ბავშვს, მომავალს უნგრევთ! გინდათ რომ უმამოდ გაიზარდოს, ობოლი? საერთოდ რატომ გადაგვეკიდეთ, ამიხსნის ვინმე?- ბოლო წინადადება დაიყვირა, ვეღარ მოუთმინა გულმა. ორი ნაბიჯი გადადგა ფიცხელაურისკენ, ამბავით დაბნეულმა და თან გაბრაზებულმა ბიჭმა. რა უნდა ეგრძნო? მარგომ შვილი ვერ გაუჩინა და ის ღორი ბედს მაინც არ დანებდა. გაცხარდა, ყველაფერზე მეტად ცხოვრებაში. მერე კი ის უდანაშაულო არსება მაინც შეეცოდა, რადგან ის ოსე იყო, სამართლის მოყვარული კოპალიანი.
-ხმას დაუწიე, თორემ პირს მართლა აგაკრავ!- ჩურჩულით, თუმცა თვალებიდან ნაპერწკლების ყრით გააფრთხილა გოგო.
-აბა მიდი, როგორ მოახერხებ!- ამაყად დაუდგა ცხვირწინ შატილის ასული და ჯიუტად შეხედა თვალებში.
-ჩემს მოთმინებას თუ ცდი, დიდხანს მოგიწევს ცდა, რადგან ჩემი მოთმინება ძალიან დიდია. გირჩევ იმ ზღვარს არ გადასცდე. - ირონიული ღიმილით გააფრთხილა გოგო. ავისმომასწავლებლად უყურებდა თვალებში.
-გამოხვალ, მიესალმე, გვარად კერესელიძედ გაეცანი და ყავა მოუმზადე, ასე ისურვა.- მოშორდა და კარისკენ დააპირა წასვლა.
-იცოდე, თუ შეგამჩნევს, რომ ხევსურეთიდან ხარ და აქ ძალით გაჩერებენ, შენივე თავსა და ოჯახს შეუქმნი საფრთხეს. არ დაგინდობს და ყველაფერს ამოქექავს. ახლა კი, როცა შენი და ბენდელიანისგან შვილს ელოდება, თუ ამის შესახებ გაიგებს, საუკეთესო ინფორმაცია იქნება ამ კაცისთვის. შენს დასაც და მის შვილსაც გარევს ამ საქმეში და შენც გამოგიყენებს. მე გაგაფრთხილე, ჭკვიანურად დაფიქრდი და გადაწყვიტე.
მე მაინც მგონია, სულელი არ ხარ, უფრო ჯიუტი და თავქარიანი გოგო ხარ, სხვას რომ არ მოუსმენს ისეთი.
ეცადე, არაფერი დაგეტყოს.-
ჩუმად უსმენდა ფიცხელაური და ცოტა არ იყოს გაუკვირდა კიდეც კოპალიანს. მერე მიუხვდა, ოჯახზე როცა იწყებდა საუბარს, ყველაფერს მართლაც მელიასავით ისმენდა ეს გოგო.
ოთახი დატოვა ოსემ. მისაღებში, სუფრასთან მსხდარ ხალხს შეუერთდა და ისე გაიღიმა თითქოს ცოტა ხნის წინ მთელი ეს დარიგებები სულაც არ ეთქვა იმ ურჩი გოგოსთვის. მამას თვალი გაუსწორა და ისევ ყველაფერი ნათელი გახდა ამ მზერით, მათ შორის.
-გემრიელად მიირთვით.- კუბდარი სუფრაზე დადო ირაიდამ და სტუმრებს გაუღიუმა.
-რაო სტუმარმა, გაგვეცნობა?- იკითხა ხერგიანმა და მამა-შვილი ისევ დაეჭვდა.
-კი, მალე შემოგვიერთდება.- თქვა თუ არა, კარი გაიღო და ოთახში თინათე გამოჩნდა.
კარგად შეათვალიერა ხერგიანმა და მერე ჩაეღიმა.
-მართლაც ისეთი ლამაზი ყოფილა, როგორც ამბობენ.- უთხრა ეგნატეს. ირონიით ჩაეცინა ოსეს, მან იცოდა, როგორი მოუთვინიერებელი ვინმე იყო კართან მდგარი გოგო.
-გამარჯობა.- სახეზე ოდნავი ღიმილი გადაიკრა თინათემ. ამ ღიმილის სიყალბე ოსეს თვალისთვის კარგად შესამჩნევი იყო.
-რა გქვია, მთელი ქალაქი რომ აგვილაპარაკე!- ღიმილით წამოიძახა ვასილმა.
-თინათე კერესელიძე, ბატონო.- ისე თამაშობდა გოგო, ოსეს მოლოდინებს გადააჭარბა.
-სასიამოვნო ძალიან, ვასილ ხერგიანი. ყავას დავლევდით, თუ არ შეწუხდები თინათე.-
-ახლავე.- ისე ამაყად წარმოსთქვა, ოსეს ნერვები ამითაც კი მოუშალა. "მოუთვინიერებელი" გაიფიქრა გონებაში და წვენი დალია. ამის დარდი არავის ჰქონდა, ყველა იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ ხერგიანს რამე არ შეემჩნია.
-ჩემს შვილიშვილს, მათეს უნახავს ამასწინად, გზაში შეხვედრია ღამით.-
ოსე ცოტათი დაიძაბა, მიხვდა ეს რომელი დღეც იყო, თინათე რომ გაიქცა. თუმცა მაინც არაფერი მოუყოლია უცხო შემხვედრებზე მისთვის.
-მერე?- იკითხა ოსემ.
-გულში ჩამივარდაო, გუშინ გამომიტყდა და აქ სანახევროდ მაგიტომაც გამომგზავნა, გოგო შეათვალიერე, გაიგე ვინ არის და ახლო მომავალში გადავიწყვიტოთ ბედიო. მართლა ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა, ვერ დავუწუნებ ჩემს მათეს გემოვნებას!-
საქმე არც ისე კარგად იყო და ეს ორივემ მიხვდა. ოსე ფიქრობდა, იქნებ თინათეს წარმომავლობაზე რამე ზედმეტი იცის და ამიტომ მოიკითხა ასე დაჟინებითო. თუ მართლა მოეწონა იმ მათეს?
რამე თუ იცის, ხერგიანი არაფერს დაიშურებს, ოღონდ ბენდელიანის მონათესავეები ხელში ჩაიგდოს, არა დაშავდება მისთვის რა, შვილიშვილის გრძნობებიც რომ გამოიყენოს.
ოსეს ჩაეცინა.
-რატომ იცინი?-
-ერთხელ დაინახა სიბნელეში და ასე უცებ ჩაუვარდა გულში შენს მათეს?- ღიმილით დასვა კითხვა. კარგად იცოდა ხერგიანმა, ეს მგელივით ბიჭი მასზე ორმაგად ეშმაკი რომ იყო.
-დღესაც უნახავს, თქვენს ეზოსთან ახლოს. გამოლაპარაკებია.- დაამატა ვასილმა.
არ იცოდა რა ეფიქრა ოსეს, თუ ვასილმა ყველაფერი იცოდა, მაშინ ამ ყველაფერს ესეიგი საბაბად იყენებდა, მაგრამ თუ არ იცოდა, აუცილებლად გაიგებდა ახლო მომავალში, რადგან მისი შვილიშვილი თინათემ დააინტერესა.
როგორ მოქცეულიყო, რომ ამ გოგოსთვის აერიდებინა ეს ყველაფერი?
ყველამ იცოდა, მარგოს დაკარგვის შემდეგ გაგიჟებული ვასილი მის არცერთ შვილიშილს ცივ ნიავს არ მიაკარებდა და ყველაფერს მისცემდა მათ, რასაც ხელს დაადგამდნენ, მათ შორის არც თინათე გახდებოდა გამონაკლისი.
ვასილს ვაჟიდან ჰყავდა შვილიშვილი, მათე ხერგიანი. თინათეს გაქცევის დღეს ხევსურულ კაბაში წააწყდა მის მეგობართან ერთად ქალაქში. მეორედ კი კესანების დაკრეფას რომ აპირებდა, მაშინ დაადგა თავზე ცხენზე ამხედრებული.
-და რის თქმას ცდილობთ?- ისევ ოსემ იკითხა.
-გავიცნობ ამ გოგოს, მის ოჯახს და მერე გახდეს ხერგიანის ქალი.-
უკვე ნათელი იყო ყველაფერი. ვასილი დანებებას არ აპირებდა და ეს კოპალიანებმა უკვე იგრძნეს. უდანაშაულო ქალს, წამებაში არ ჩააგდებდა არცერთი კოპალიანი, ტყუილის თქმის ფასადაც რომ დაჯდომოდათ.
-ჩემებმა მითხრეს, ხევსურულ კაბაში ვნახეთო. ნუთუ ხევსურია?- ამ კითხვამ წამიერად ყველას გონება გაფანტა, ლამის დაიჯერეს, ვასილმა ყველაფერი იცისო.
-და რა მოხდა მერე?- მრავლისმთქმელად ახედა კაცს, სუფრის ბოლოში.
-ძალზედ საინტერესო რამ, ჩემო ოსე..- ეჭვიანი თვალები ჰქონდა და ტუჩსაც ეშმაკური ღიმილი უტეხდა კაცს. სუფრაზე ყველამ იგრძნო დაძაბულობა, იმიტომ რომ მიხვდნენ, საუბარი რა გზით მიდიოდა.
-გემრიელად მიირთვით.- ოთახში თინათე შემოვიდა ლანგარით ხელში და მაგიდაზე დადო.
-კარგი გოგო ხარ.- შეაქო ხერგიანმა.
ის მომენტი იყო, ოსეს გონებამ როცა გააცნობიერა მოსალოდნელი საფრთხე და გადაწყვეტილებამ სასაცილოდ გაურბინა თავში. ჯერ გაეცინა ამ აზრზე, იმიტომ რომ გულწასული ფატიმა წარმოიდგინა, მერე მთელი ქალაქი, ეს საშინლად მოურჯულებელი გოგო და ბოლოს საკუთარი თავი ამ წინადადების ფონზე, რომელიც თავში უელავდა.
უნდა გაერისკა, თორემ ამ უდანაშაულო გოგოსაც და მის ოჯახსაც შეიწირავდნენ ხერგიანები.
გამბედავი იყო და არც ამის გარისკვა მიიჩნია საშიშად. რაღაც იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი სწორად წავიდოდა. არ დაკარგავდა კონტროლს.
-თქვენის ნებართვით.- ფეხზე წამოდგა და კარში გასულ თინათეს წამოეწია. მაჯაში ხელი ჩაავლო და ფოიეში დააყენა.
-შეშლილი ხარ, როგორ მიბედავ შეხებას?!- წარბები შეკრა გოგომ და მაშინვე გაბრძოლება სცადა.
-ეს აიღე და გაიკეთე.- ხელისგულში დიდი, მწვანე თვალის მქონე კულონი ჩაუდო. ძალიან ძველი ჩანდა, მაგრამ საოცრად ლამაზი იყო. აუცილებლად მოგხვდებოდა თვალში, მისი სიდიდითა და ბრწყინვალებით.
-რატომ უნდა გავიკეთო?- დაიბნა ფიცხელაური.
-რომ გეუბნები, ესეიგი საჭიროა. გაიკეთე და მისაღებში შემოდი, ცოტა ხანი დაჯექი.-
-არანორმალური ადამიანი ხარ.-
-ახალი სიტყვების მარაგი გჭირდება. ახლა ეს გაიკეთე და მერე სვანურად გასწავლი რაღაცებს.- კულტურულად დააიგნორა თინათეს სიტყვები.
-ჯანდაბაშიც წასულხარ შენც, სვანურიც და მთელი სვანეთიც!-
-ნუთუ მე ვუყურებდი სვანურ მთებს დილიდან გაფაციცებით?!-
-ეგ არც არაფერს ცვლის, ხევსურეთში ნაკლები არ გვაქვს!-
-ჰო, აბა რა.- ხომ გაგიგიათ სიტყვა წაუყრუა, ზუსტად შეესაბამებოდა ამ სიტუაციას.
თინათეს ხელი დაავლო და ყელსაბამი შეაბა ყელზე. ისევ ის თმის სურნელი იგრძნო, ისევ ამ თმამ შეუშალა ხელი ცეფის შეკვრაში და ნერვები მოეშალა.
-როგორ ბედავ ასე მოქცევას, თავი ვინ გგონია?!- ხელი მკერდზე ჰკრა.
-ფრთხილად, გაწყდება შეშლილო ქალო!- როგორც კი შესაკრავი შეაბნია, ცეფი ხელიდან გაუსხლტდა.
-გაფრთხილებ, მეორედ თუ შემეხები, დაგამახინჯებ!- მუქარით აუქნია სახესთან თითი.
-საინტერესოა როგორ აპირებ მაგის გაკეთებას. მერე ვიჭორაოთ, ახლა წამოდი.- აგდებით ესაუბრებოდა და ყველაზე მეტად ეს სძულდა თინათეს. მის დახრჩობას ანდომებდა მსგავსი მანერის გამო.
ოსეს უკვე გადაეწყვიტა გონებაში ყველაფერი და მზად იყო. მოსაბეზრებელი ახსნა-განმარტებებისთვისაც კი.
-არ ვიცი, რატომ აკეთებ ამას, მაგრამ რადგან ასეა, მომიწევს ჩემი ოჯახის გულისთვის ესეც ავიტანო.- კოპალიანმა დამნაშავედ იგრძნო თავი, სხვა დროში ასე არასდროს მოიქცეოდა, მაგრამ რა ექნა? ისევ მის გამო აკეთებდა ამას, სწორედ ამ კონკრეტული სიტუაციის გამოსასწორებლად.
მისაღებში შესული სუფრასთან მოთავსდა და მოლაპარაკე ხალხს თვალი მოავლო. ცოტა ხნის შემდეგ, თინათე შემოვიდა.
ერთი იყო მისი შემოსვლა და რა თქმა უნდა, სტუმრების და ოჯახისწევრების მზერაც მისკენ იყო მიმართული.
ჯერ მისკენ, მერე კი მისი თლილი ყელისკენ, სადაც ამაყად იწონებდა თავს ძველებური ყელსაბამი.
ხერგიანს პირი დაეღო გაოცებისგან, ამას არ ელოდა.
-ეს კოპალიანთა რელიქვია არ არის?- იკითხა დაბნეული ხმით ვასილმა.
-ოსე?!- კითხვანარევი ხმით მოუბრუნდა შვილს ეგნატე და მოულოდნელობისგან ფერი დაკარგა.
-კი, ეგ არის.- დაეთანხმა ვასილს ისე, მამისთვის არაფერი უპასუხია.
-ძალიან დიდი ხნის ყელსაბამია, შთამომავლობას გადმოეცა და როგორც ძირი კოპალიანების მემკვიდრეს, შენს.. მე როგორც ვიცი, მხოლოდ კოპალიანების ქალებს უკეთიათ ეს ყელსაბამი.- თავი ძლივს მოაბა სათქმელს ხერგიანმა.
-ჰო და, ესეიგი დღეიდან ისიც კოპალიანის ქალია.- ექოსავით გაისმა ოსეს ხმა მისაღებში. ფატიმას ფერი წაერთვა, თან ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა, კაპლის დასალევად. სადაც იყო ატირდებოდა, ისე ანერვიულდა. ეს რა ჭირი დაეყარა თავს, ამ დღეებში?! გულში წყევლიდა იმ დღეს, ხევსურეთისკენ რომ გაუშვა თავისი ბიჭი და არ შეაჩერა.
დაიბნა თინათე, თუ სწორად აღვწერ, მოსმენილისგან გაცოფდა. ეს სიბრაზე აღარ იყო, გაგიჟება ერქვა. მოწყვეტით დაეშვა ძალაგამოცლილი დივანზე და გაოცებისგან სიტყვას ვერ ძრავდა. წამით ძალა მოაწვა, თითქოს ადგებოდა და მთელ სუფრას დალეწავდა, მერე კი ისევ ოჯახი მოაგონდა.
მისთვის ეს ჯოჯოხეთს უდრიდა.
თურმე რისთვის გაუკეთა ეს ყელსაბამი?! მილიონ სალანძღავ სიტყვას გაიმეტებდა, რომ არა ეს ხალხი. თუმცა ყველაფერიც ხომ ზუსტად ამ ხალხის გამო ხდებოდა?
-ჩვენი წასვლის დრო მოსულა, უსიტყვოდ დაგტოვებთ, ეგნატე. ღამემშვიდობის.- ფეხზე წამოდგა ვასილი და მისი ამალაც თან გაიყოლა.
-გაგაცილებთ.- ეშმაკური ღიმილით გაჰყვა სტუმრებს ფოიეში. მგელსავით აზროვნება ჰქონდა. ყველა ეს წყობა მის თავში, ყველაზე გაბედულს, უშიშარს და სხარტად მოაზროვნე პიროვნებას ჰქმნიდა.
-მაშ კოპალიანია?- გამოხედა მკაცრი, უკმაყოფილო მზერით, სადაც ეჭვიც იმალებოდა.
-კი ბატონო.- ღიმილით დაეთანხმა ოსე და წამიერად დაფიქრდა, "ეს რა ჯანდაბას ვაკეთებო."
-ისეთი ლამაზია, ფრთხილად იყავი, ქალი არავინ მოგტაცოს.- ამ სიტყვებში ძალიან ბევრი იგულისხმა ვასილმა და კიბეებს ჩაუყვა.
-ველი იმ გაბედულს, ვინც მაგას დააპირებს.- მოუჭრა სიტყვები. უყურებდა, როგორ მიდიოდნენ სამი ცხენოსანი მისი ეზოდან.
მოტრიალებულს, ხელში გაცოფებული, სახეწაშლილი და სასოწარკვეთილი თინათე შერჩა. ის პირველი იყო, დანარჩენი ოჯახისწევრები კი შემდეგი.
-აგიხსნი.-
-რას ამიხსნი?! გეკითხები, რა ჯანდაბას ამიხსნი?! ხვდები მაინც რა გააკეთე?!- კითხვები დააყარა და ბრაზისგან გულ-მკერდზე ხელიც კი ჰკრა ბიჭს.
-თუ მაცდი, აგიხსნი..-
-არა, არაფერსაც არ ახსნი!- დაიყვირა თინათემ და ოთახში შევარდა. რაც ხელში მოყვა, ყველაფერი ხან კედელს, ხან იატაკს ესროლა. სარკე დაამსხვრია, საწოლის პლედი, ტანსაცმელები, ყველაფერი ძირს დაყარა.
-ახსნი ხომ?! აბა გისმენ, როგორ ახსნი!- ოსე უყურებდა და აკვირდებოდა, როგორ გაანადგურა მთელი ოთახი ამ ცოფიანმა გოგომ. ხელი არ შეუშლია, პირიქით, აცადა გული მოეფხანა და ნერვები დაეწყნარებინა.
-როგორ გამიბედე, ვინ ჯანდაბა ხარ, ჩემს ცხოვრებაში რომ ერევი? როგორ აფიქრებინე იმ ხალხს რომ მე და შენ..-
-მე და შენ, ეს წყეული!- კიოდა, ის იყო ფანჯარისკენ იქნევდა ძვირფას მინიატურულ ნამუშევარს, ხელში რომ ჩააფრინდა კოპალიანი.
-გეყოფა!- დაიჭექა ბიჭის ხმამ და ეს მთელმა სახლმაც გაიგო.
-შენი აზრით, აქ ძალით დამაკავებ?! მართლა ფიქრობ, რომ აქ გამომკეტავ?!- ყვიროდა ისე, რომ თან ხელის გათავისუფლებას ცდილობდა ოსესგან, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.
-ერთი წუთით გაჩერდი ეს დასაწვავი!- ორივე ხელით ჩააფრინდა და ზურგს უკან დაუჭირა.
-არ მომეკარო!- დაიყვირა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა რომ ბიჭის სახე ძალიან ახლოს იყო მის სახესთან.
-მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ცუდი არაფერი ვთქვა, ვცდილობ ვაკონტროლო საკუთარი ნერვები, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. შეირგე, რომ წყნარად გელაპარაკები!- გოგოს თვალებში ჩააშტერდა და პირველად დაინახა თითქოს.
-ნუთუ მართლა გამიტაცე?!- უეცრად გაუელვა თავში გოგოს და წამოიძახა.
-მე კი არა, კავკასიონმა წამოგიყვანა დასავლეთით, ზუსტად მან გაგიტაცა!- ყვირილი არც მან დააკლო. ასე იყვნენ, კატასავით ეჭირა მისი ხელები, რომ კლანჭებით სახე არ დაეკაწრა გოგოს მისთვის.
-არა! სულ მთები რომ დაიქცეს, შენი არ გავხდები!- ისევ გაიბრძოლა, ისევ სცადა ბიჭის თავიდან მოშორება, მაგრამ უარესი ქნა, მის სხეულს უფრო დაუახლოვდა და უკვე ერთმანეთზე აკრულები ყრიდნენ ნაპერწკლებს თვალებიდან.
-სხვანაირები ხართ ეს ხევსური ქალები, გგონიათ სამყარო თქვენს ირგვლივ ტრიალებს და ბიჭები ფეხქვეშ გაგეგებიან. რაო როგორი წესი გაქვთ? ხევსურ ქალს თუ მოიტაცებენ ბიჭის ოჯახმა თექვსმეტი პირუტყვი უნდა მიუყვანოს ქალის ოჯახს, დანაშაული რომ გამოისყიდოსო, არა?!-
-საიდან იცი ეს ძველისძველი ხევსურული კანონები?! პირუტყვი კი არა, შენი თავი უნდა მიუტანონ ჩემს ოჯახს!-
-ძალიან ჯიუტი გოგო ხარ, უკარება. შენ რომ ვინმემ გაგიტაცოს, შენმა ოჯახმა მადლობა უნდა თქვას.- თინათეს სასოწარკვეთისგან პირი გაეღო, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ისე გააბრაზა ნათქვამმა.
-ერთი თავგასული ბიჭი ხარ, მართლა რომ ამაყი. სახის ნაკვთებზე გეტყობა, სიამაყე და ნარცისიზმი გახრჩობს.-
-სახის ნაკვთებზე როდის დამაკვირდი?- მრავლისმთქმელად გაეღიმა ბიჭს. თინათეს რა გააღიმებდა ახლა, უფრო მეტად გაცოფდა, ჯერ მასზე, მერე საკუთარ თავზე.
-ხელი გამიშვი!- საბოლოოდ დაიყვირა და ხელებიც შეაშვებინა. შერცხვა ბიჭის სიტყვების, ეს რა სისულელე მოუვიდა! ასეთი რამ ჯერ არ უთქვამს მისთვის არავის. დასცხა, სირცხვილისგან თუ გაბრძოლებისგან არ იცოდა, მაგრამ აშკარა იყო გული ძალიან სწრაფად უცემდა.
-ეს იმიტომ ვთქვი, ეს ყელსაბამიც იმიტომ გაგიკეთე, რომ ვასილ ხერგიანის შვილიშილს, მათეს დაუნახავხარ ქალაქში, შენი აქედან გაქცევის დღეს და იმ დღიდან, მოეწონე. დღეს, სუფრაზე ვასილმა ახსენა, გოგოს გავეცნობით და ხერგიანი გახდებაო. გესმის, რასაც ვამბობ?- თვალებში შეხედა.
-რა?!- ამდენი ინფორმაციისგან და მოულოდნელობისგან მალე ტვინი აუფეთქდებოდა.
-ეს კაცი, მისი შვილშვილებისთვის შეუძლებელს გააკეთებს. დაგავლებდა ხელს და გახდებოდი მათე ხერგიანის მეუღლე. მერე კი, როცა გაიგებდნენ შენს წარმომავლობას და ნათესაობას ბენდელიანთან, ცხოვრება თავზე დაგენგრეოდა.
რატომ გავაკეთე ეს?
იმიტომ, რომ აქედან უსაფრთხოდ წახვიდე და შენი ოჯახიც ხელშეუხებელი დარჩეს.
ცოტა ხნით ეგონოს ხალხს, რომ ჩემი ცოლი ხარ. თორემ ასე რომ არ იყოს, არც კი შეგეკითხება, ისე დაგავლებს ხელს ხერგიანი. თუ გასაგებად ვერ აგიხსენი, ბოდიშს გიხდი.
არასდროს ჩავაგდებ ვინმეს მსგავს სიტუაციაში, საქმე სხვის სიცოცხლეს რომ არ ეხებოდეს. ამიტომ ნუ გგონია, რომ რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, ყველაფერი დალაგებული მაქვს და თავს ლაღად და არხეინად ვგრძნობ.
მეც მაქვს პრინციპები, თავმოყვარეობა და კაცობა! და თუ კაცი ვარ, ის ვინც ჩემს კვალს უკან გამოჰყვა, თუნდაც შატილიდან, უნდა დავიცვა, მანაც და მისი სახელიც.
დაჯექი და გაიაზრე, რომ აქ ნაკლებად არც მე ვიტანჯები. ერთადერთი არ ხარ, ვინც სიტუაციას უნდა მოერგოს ან შეეწიროს. მეც ბევრს ვთმობ იმისთვის, რომ ცუდი არაფერი შეგემთხვას, რადაც არ უნდა დამიჯდეს ვცდილობ უსაფრთხოდ იყო. კაცურ სიტყვას გაძლევ, ბოლომდე ვეცდები აქედან მშვიდად წახვიდე.-
როგორც კი საუბარი დაასრულა, თინათეს თვალებს წააწყდა. თითქოს, მცირედი ნდობა იკითხებოდა მათში.
-ცოლობას რაც შეეხება, უბრალოდ ხალხს ეცოდინება ასე, თავს ნუ მოიკლავ, ისეც არავინ გეხვეწება.-
თინათემ ყელსაბამი მოიხსნა და ბიჭს გაუწოდა.
-ამას ჩემთან არაფერი ესაქმება.- მხოლოდ ეს თქვა და ხელში ჩაუგდო.
-არა და სიამაყით უნდა ატარო, დღეიდან ხომ კოპალიანი ხარ.- იხუმრა, მაგრამ მრავლისმთქმელად.
-ჯანდაბაშიც შენც და შენი სვანური მოდგმაც, გვარიანად! ხევსური ფიცხელაური ვარ, შენ კი ერთი ამაყი სვანი. არაფერში მჭირდება შენი გვარი, შენნაირს შეუნახე, თუ რა თქმა უნდა ვინმე მოგეკარება.- კიდევ გააცოფა ბიჭი, კი ეცინებოდა მაგრამ, მაინც სიმწრის სიცილი იყო.
-შატილის ასულო, ფრთხილად იყავი, რადგან სვანეთში ვინც მოდის, მისი სულიც ყოველთვის აქ რჩება და აქედან წასულს, წლების მერეც გული აქეთკენ უბიძგებს.-
-ჰო და მაშინ მე ის გამონაკლისი ვიქნები, ვისაც სვანეთის ხსენებაზე გულში ზიზღი გაუელვებს, რადგან აქ ბუნების და მთების გარდა, კარგი არაფერი დამინახავს ან გადამხდენია!-
-დრო.- წამოიძახა ბიჭმა.
-რა?-
-არაფერი.-
ისევ მოუარა ბრაზის ტალღამ და საწოლზე დაგდებულ მინიატურულ ნამუშევარს ისევ დაავლო ხელი, უნდა გაეტეხა, ნერვების დასამშვიდებლად.
-აი ამას, აქედან რომ წახვალ, შატილში გაგატან. სულ რომ გახსოვდეს ეს სვანური დღეები.- მაჯაში ჩაავლო და ნივთი ხელიდან საწოლზე დააგდებინა.
-ხომ გითხარი რომ აღარ შემეხო მეთქი!-
-მგონი არც არავინ რომ გაიკარე, არც არავინ რომ შეგხებია, ასე იმიტომ იკბინები, შატილის ასულო.- ახლოს იდგნენ და გაავებული უყურებდნენ ერთმანეთს. თინათე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ოსეს სიტყვებს, მსგავს რამეს ვერავინ გაუბედავდა. ბიჭმა ისევ ამ თმის სურნელი იგრძნო და გაღიზიანდა. ხელი გაუშვა, ერთხელ შეხედა და მართლა მებრძოლ მელიას მიამსგავსა თინათე. ახლა ხვდებოდა, რატომ გადაირია მთელი ქალაქი ამ გოგოზე. საუცხოოდ ლამაზი იყო, მაგრამ ფიცხი ხასიათი და მწარე ენა წონიდა მის სილამაზეს, ოსეს თვალში. ხოლო ბიჭში ყოველივე ეს მთლიანობაში, ბრაზისა და გაღიზიანების მეტს, არაფერს იწვევდა.
წამები გადიოდა და ამჯერად არამარტო მთებს, არამედ მთელ ბუნებას ეღიმებოდა. თითქოს კი არა, დამარწმუნეს რომ მათ უკეთ იციან, ხვალ რა იქნება.
კავკასიონმა იცის, მთელი ეს საიდუმლო. ნეტავ ვის გაიტაცებს შემდეგში? ახლა ალბათ ეღიმება, რადგან ეს არც არავინ იცის, მის გარდა.