შენი მოსვლა, მზის ამოსვლა მგონია.

1.8K 136 6
                                    

უფრო მაღლა და მაღლა, ცარიელდებოდა მიწა და ცარიელდებოდა სახლები. ზოგიერთი სოფელი გაუკაცრიელდა. ალბათ წლების წინ რამდენი სიცილი ისმოდა იმ არემარეში, რამდენი ცრემლი იღვრებოდა. ახლა კი აღარაფერი ისმის. დღეს კიდევ ერთმა მანქანამ ჩამოიარა, დატვირთული საყოფაცხოვრებო ნივთებით, საჭირო მასალით.
-სად მიდიან?- იკითხა ფანჯარასთან მდგარმა თინათემ, რომელიც მიმავალ მანქანას დინჯად აკვირდებოდა.
-აქედან გადადიან.-
-რატომ?-
-გაუძნელდათ აქ ცხოვრება, აწი რაღა გააჩერებდათ.- ჩაილაპარაკა ირაიდამ და ტანსაცმლის კეცვა განაგრძო.
-ჩვენთანაც ძალიან ბევრი სოფელი დაიცალა ხალხისგან.- ისე ამოთქვა ფანჯრისთვის თვალი არ მოუცილებია.
-ალბათ რამხელა სევდაა, არა?-
-ჰო, წარმოდგენა რომ არ გინდა, იმხელა.- უპასუხა თინათემ და თვალებში შეანათა.
-ხევსურეთში არავინ არ გყავს?-
-ოჯახი, მეგობრები..-
-არა, მაგას არ გეკითხები. შეყვარებულს ვგულისხმობ, ვინმე არ გელოდება?- ინტერესიანი თვალები მიაპყრო გოგოს.
-არა, არავინ.-
-ალბათ ბევრი მთხოვნელი გყავს..- ჩაილაპარაკა ღიმილით.
-მაგაზე არასდროს დავფიქრებულვარ.- თქვა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-შენ არავინ არ გყავს?- კითხვა შეუბრუნა.
-ჩემამდე ჯერ ოსეა, ამიტომ რა აზრი აქვს..-
-ანუ ჯერ ძმის დაქორწინებას ელოდები?-
-არ ველოდები, რომც დაველოდო არამგონია მაგან ვინმე შეირთოს.- გაეცინა გოგოს. ჩაფიქრდა თინათე, ასე რომ თქვა, ალბათ ძალიან კარგად იცნობს მის ძმას.
-ისეთი სპონტანურია, რა წამში რას მოიმოქმედებს ვერასდროს ვიგებთ. როცა გვგონია, რომ ვკარგავთ, მაშინ ბრუნდება და როცა ვფიქრობთ, რომ არსად არ წავა, მაშინ მიდის. მთელი ჩემი ცხოვრებაა, რაც ვიცნობ და ვერაფერი გავუგე. ხანდახან ვფიქრობ, რომ დედას ამიტომაც უყვარს ასე ძალიან, შვილი რომელ დედას არ უყვარს, თუმცა მარტივად რომ ავხსნა, მას უფრო მეტ დროს უთმობს და მე ეს სულაც არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ ვიცი ასე რატომაც იქცევა. მისი არ ესმის, უფროსწორად, იმდენად განსხვავდება ყველასგან მისი ხასიათი, რომ ყველა ერთი ძალით ვცდილობთ მის ამოხსნას და გაგებას. სამი წლის წინ, ერთი თბილისელი გოგო ამოვიდა ქალაქში, მთელი ივლისი აქ გაატარა, ოსე უყვარდა. არაფერი გამოუვიდა, ძალიან ცდილობდა მაგრამ, ეტყობოდა ჩემს ძმას, რომ ვერ შეიყვარა სხვანაირად. ადრე კიდევ რაღაც ურთიერთობები ჰქონდა, მას შემდეგ კიდევ არაფერი. იმ დღეს პირველად აივნიდან შენ რომ დაგინახე, გეფიცები წამით გამიხარდა.- გულწრფელი თვალებით გახედა თინათეს. ინფორმაციებით დაინტერესებული ამჯერად ცოტათი გაოცდა.
-მართლა, რატომ?- გაკვირვებისგან სახე მოეღუშა.
-მეგონა რომ თავისი ადამიანი იპოვა. გამიხარდა, იმიტომ რომ თვითონ არასდროს მოძებნის.- საუბარი უეცრად შეწყვიტეს, პირველი სართულიდან ამომავალი ხმა რომ გაიგეს.
-რას ნიშნავს დამიმალა?!- მეორე სართულზე ეგნატე კოპალიანის ბრაზით სავსე ხმა მკაფიოდ ისმოდა. ირაიდამ ტანსაცმელებს ხელი შეუშვა, აღელვებული მზერა ერთხელ შეავლო მის წინ მჯდარ გოგოს და კარებში გავარდა. შეშინდა, იგრძნო რომ რაღაც რიგზე არ იყო. თინათე კიბეების ბოლო საფეხურებზე დარჩა, ირაიდასთან ერთად. ფანჯარასთან ფარდას ამოფარებული ფატიმა დალანდა, რომელიც სავარაუდოდ საუბარს ადევნებდა ყურს. ეზოში ამაყად გაჯგიმული ვასილ ხერგიანი იდგა, თვალებში ეშმაკები უკრთოდა და ისე უმზერდა გაცოფებულ ეგნატეს.
-ასე და ამგვარად, მე ჩამაბარა კაკის თავი შენმა უერთგულესმა ბიჭმა, შენ კიდევ იმის ღირსად არ ჩაგთვალა, სიმართლე გცოდნოდა.- ისე მიახალა კაცს, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. ფატიმას მოსმენილისგან პირზე ხელი აეფარებინა და უკვე იმასაც გრძნობდა, რომ კარგი არაფერი მოელოდათ ამ ამბის შემდეგ.
-როგორ გამიბედა.. ამის დამალვა, როგორ გაბედა?! შენი ხელი ურევია ვასილ, ამაში დარწმუნებული ვარ!- ამოიძახა ხმამაღლა.
-როგორც არ უნდა იყოს, პასუხი შენს შვილს მოთხოვე და ჩემთან საუბარი მერე იყოს. ეგ ალბათ იმის ბრალია, ასე თამამი და თავდაჯერებული რომ გყავთ.-
-შენ ნუ ამიხსნი, რა რისი ბრალია, ვასილ. ყველაფერს გავარკვევ და შენამდეც მოვალ.- დაიქუხა კაცმა.
-მემუქრები ეგნატე?- ირონიული ღიმილით მიუგო ხერგიანმა.
-მე უბრალოდ წინასწარ გაფრთხილებ.- თვალი მოაშორა კაცს და სახლისკენ შეტრიალდა.
-შენს ბიჭს გადაეცი, ჩემთან ზედმეტად თავნება ხალხი ვერაფერს გახდება!- გესლიანად ჩაილაპარაკა და კოპალიანების ეზოს გასცილდა.
-ხედავ შენმა ნაზარდმა ბიჭმა, როგორ ივარგა?- იყვირა მისაღებში შესვლისთანავე. ისეთი გაბრაზებული იყო, პირველივე ჯერზე თავის მეუღლეს დაუწყო ყვირილი.
-პირველად მოუვიდა მსგავსი რამ, როგორ გგონია, სხვა გამოსავალი რომ ჰქონოდა დაგიმალავდა?!- თავისი შვილის მართლება დაიწყო ქალმა.
-რას ნიშნავს პირველად მოუვიდა?! მითხარი, ამიხსენი როგორ უნდა ვაპატიო მსგავსი რამ, როგორ უნდა ვენდო ამის მერე?- ვერ წყვეტდა ყვირილს, ხელები ზურგსუკან შემოეწყო და ბოლთას სცემდა.
-შენი შვილია როგორ არ გესმის.. ხერგიანის ერთ სიტყვას უნდა წამოეგო და მიენდო? დააცადე, თვითონ აგიხსნას..-
-სადაც არ უნდა იყოს, ურჩევნია სახლში მოვიდეს და ამიხსნას, მოძებნე !- დაიყვირა და თავისი სამუშაო კაბინეტისკენ გაეშურა. ჩაფიქრდა ფიცხელაური, მერე კი ელდანაცემივით წამოენთო, როგორც იმ კაცმა თქვა, ოსეს თავისი ხელით ჩაუბარებია კაკი მისთვის. ახლა ვერაფერი გააჩერებდა, იცოდა კაკი ვისაც ჰყავდა. მიხვდა რომ საქმე იმაზე მეტად ჩახლართული იყო, ვიდრე წარმოიდგენდა. რადგან ოსეს სიტყვა არ დასცდენია მის საქციელზე, ესეიგი აქ უფრო მეტი რამ იმალებოდა. გადაფითრდა ფატიმა, სავარძელში ჩაესვენა და აქვითინდა.
-რომელი ცოდვისთვის დამსაჯა ღმერთმა ასე ძალიან? რატომ გამიმეტა..- მოთქვამდა ქალი და ირგვლივ არაფერი ხვდებოდა თვალში. ირაიდა დამამშვიდებლის მოსატანად გაიქცა და ხელისგულზე დადებული წამალი გაუწოდა.
-ვერ შეძლო და ვერ გააკეთა.. რა არის ამაში ასეთი ცუდი?- გულის სიღრმეში იცოდა, რომ მისი შვილი სხვის სიცოცხლეს არასდროს დაუსვამდა წერტილს. შესაძლოა ყოველთვის არ ესმოდა მისი, მაგრამ ამაში დარწმუნებული იყო. მან გაზარდა, მან აჭმევდა, მან ესაუბრებოდა და მან ახურავდა საბანს, ძილის წინ. სადღაც ძალიან ბედნიერიც იყო, ასე რომ მოიქცა. მაშინ რაღა ატირებდა? ალბათ ის, რომ ამ მომენტში ქმრის სულაც არ ესმოდა. მოსალოდნელის ეშინოდა, ფიქრობდა, რომ ეგნატე საერთოდ ვერ გაუგებდა შვილს და ამ საქციელს აღარც აპატიებდა. მართალია, არ უნდა დაემალა მამისთვის ამხელა ამბავი, საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა, თუმცა ალბათ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ხელი მის არცერთ ნათესავს არ გაესვარა კაკის სისხლით.
დათა ფანგანის სახლიდან მომავალმა ოსემ, თავისი სახლიდან გამომავალი ვასილი შეამჩნია. უკვე კარგა მანძილით შორს იყო მისი სახლისგან, გაუკვირდა მისი აქ დანახვა, მერე კი ძალიანაც დაეჭვდა. იცოდა, რომ უმიზეზოდ მის სახლს ხერგიანი არ გაეკარებოდა. ეზოში შესულს მსახურთა უცნაური და მრავლისმთქმელი გამომეტყველება მოხვდა თვალში. თითქოს ეუბნებოდნენ, რომ სახლში შესულს რაღაც სხვა ვითარება ელოდა.
წამოდგა ფეხზე ქალბატონი ფატიმა შვილის დანახვისას და რაღაც ისეთი იგრძნო, მხოლოდ დედებს რომ ესმით. ისევ იამაყა იმით, რომ ასეთი შვილი ჰყავდა.
-რამე მოხდა?- დედის განერვიულებული, ნამტირალევი სახის დანახვისას მაშინვე ეს კითხვა დაებადა.
-მამაშენს უნდა შენთან საუბარი. ვასილი იყო აქ, თქვა რომ კაკი მისთვის მიგიბარებია. გაბრაზებულია ეგნატე, ეს ამბავი რომ დაგიმალავს იმიტომ.- ჩამწყდარი ხმით ამოთქვა ქალმა და თვალებში შეანათა შვილს, ელოდა ერთ-ორ ისეთ სიტყვას, რაც გულში მზეს ამოუყვანდა.
-კაბინეტშია?- მხოლოდ ეს თქვა და კარებისკენ დააპირა წასვლა.
-ოსე..- გააჩერა დედის ხმამ. -მე ვამაყობ შენი საქციელით.- ისე თქვა, თითქოს საბოლოო რამ იყო და ამის შემდეგ ამაზე ღირებულს ვეღარაფერს ეტყოდა თავის შვილს. ოდნავ გაუღიმა დედას, მერე კი კაბინეტისკენ გაემართა.
ფოიეში ირაიდა უყურადებდა მამა-შვილის საუბარს, თინათეც იქვე მორცხვად აკრულიყო კედელს და ირაიდას აკვირდებოდა, მეორე ყური კი მასაც ამ საუბრისთვის დაეგდო.
-მაშ, ისეც შეგძლებია მოქცევა ბატონო ოსე, რომ რაღაცებს მიმალავ და საქმესაც შენებურად აკეთებ, არა?- იკითხა დინჯად ეგნატემ, თუმცა სახეზე მრისხანების კვალი მაინც არ წაშლოდა.
-მე მხოლოდ ჩვენი გვარის დაცვა ვცადე. სისხლის სანაცვლოდ სისხლის დაღვრა, ერთი დიდი უგულობა და უღმერთობაა!- თვალი მაინც მამაცად გაუსწორა მამას.
-მარგოზე არ ფიქრობდი?!- უეცრად ისევ იჭექა კაცის ხმამ.
-ვფიქრობდი! ყველაზე მეტს მაინც მასზე ვფიქრობდი და იცი ახლა როგორ არის? ბედნიერია. კარგად არის, იმიტომ რომ მისი ქმრისნაირი ღორი არ აღმოვჩნდი. სხვისი ბინძური სისხლი ჩემს ხელებზე არ შემცხობია. არც გეგის, არცერთ კოპალიანს არ მივცემდი ამის უფლებას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს.-
-მაშინ რატომ დამიმალე შენი გადაწყვეტილება?!- ამჯერად იმ თემიდან დაიწყო მამამ, რაც ყველაზე მთავარი იყო მისთვის. იმედგაცრუებული იყო, იმიტომ რომ შვილმა თავისი არჩევანის შესახებ აზრი არ გაანდო.
-მართლა გინდოდა რომ შენი შვილი მკვლელი გამხდარიყო?- იცოდა, რომ არასდროს მის არცერთ მშობელს არ სურდა ეს, ან კი რომელ მშობელს უნდა ამის გაფიქრება, უბრალოდ ახლა ცდილობდა მამისთვის თვალებში ჩაეხედა და დაენახა ეს სურვილი, ამ ყველაფრის უარყოფა.
-გგონია იმ მთაზე რომ გაგიშვი, ვფიქრობდი რომ უკან მკვლელი შვილი დამიბრუნდებოდა? როგორ გგონია, მე არ ვიყავი დარწმუნებული რომ ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდი? ამიტომაც აგირჩიე შენ, ვიცოდი რომ სხვა ყველა დაკარგავდა ცდუნების ბოლო წამებში ძალას. მე კი გიყურებ და ვხედავ რომ ვერანაირი ცდუნება შენ ვერ დაგძლევს, ვერ დააუძლურებს შენს პიროვნებას. ამიტომაც აგირჩიე. თუმცა ბოლოს, როცა მთელი დღის განმავლობაში შენგან ველოდი სიტყვას, რომ შენ სუფთა ხელები გაქვს, საპასუხოდ შერცხვენილი სახელი მივიღე. ვასილ ხერგიანი მოდის და მეუბნება, შენმა შვილმა თქმის ღირსადაც კი არ ჩაგთვალაო. აი, ჩვენი გაკეთებული საქმე. ვბრაზობ და არ გპატიობ, არა იმას რომ ადამიანივით მოიქეცი და შეიწყალე, არამედ შენს უთქმელობას და სიჩუმეს არ გპატიობ. იმას, რომ იმედი გამიცრუე და როცა წესით უნდა გეხმაურა, სანაცვლოდ ჩუმად დარჩი.-
დააფიქრა ოსე მამის სიტყვებმა, ინანა კიდეც უთქმელობა. ეს ხომ უპატივცემულობა იყო, ვერ იტანდა მსგავს საქციელს, თუმცა ლაპარაკი მაინც არ მოსწონდა.
-თუ ვეღარ მპატიობ და თუ ვეღარ მენდობი, მაშინ მე აქ რა მაჩერებს?- იკითხა და თვალი კაცს გაუსწორა. -ხერგიანის სიტყვა თუ უფრო დასაფასებელი და გასაგებია ვიდრე ჩემი, მაშინ აქ აღარაფერი მესაქმება. პატიებას ვითხოვ და ყოველთვის მოვითხოვ, იმიტომ რომ შესაბამის დროს არ მოვიმოქმედე.- თვალი კაბინეტს მოავლო. კარს იქეთ დამდგარი ფატიმა ცრემლებს ძლივს იკავებდა.  ძალიან განიცდიდა მომხდარს, იცოდა მისი ქმრის ხასიათი, ისიც იცოდა რომ მალე არ გადაუვლიდა წყენა. მოუკვდა გული იმის გაგონებაზე, რომ მის შვილს ამ სახლში გაჩერება აღარ მოუნდა. ხელისგული ყელზე მიიდო და ათჯერ მაინც გაუმეორა თავს, ასე ვინ დამწყევლაო. ირაიდა ხან დედას გახედავდა, ხან კი კარს, იმ იმედით რომ უფრო უკეთ გაიგებდა საუბარს, უფრო ახლოს დედამ არ მიუშვა. თინათე პირველად გრძნობდა თავს ასე მორიდებულად, მოკრძალებულად. ხვდებოდა, ოჯახში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ოჯახური საკითხი რომ განიხილებოდა მამა-შვილს შორის, რომელიც რატომღაც სულაც არ მიმდინარეობდა დადებითად. ახლა კი ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად სად დამდგარიყო ვერ ხვდებოდა. ყველაფრის გაგების სურვილი კლავდა, თუმცა უზრდელობა იყო ჩაძიება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო ყველაფერი კაკის ამბავს უკავშირდებოდა.
-ყოველთვის ის გაფიქრდებდა და განაღვლებდა, რომ არ გგავდი. გჭამდა ეგ ფიქრი. მისათითებელი კაცი ხარ ჩვენს მხარეში, ყველა შენ გეკითხება აზრს და შენ ყველას უზიარებ შენსას. მე კი არც არავის ვუსმენ და არც არავის ვეკითხები. იცი რატომ? არ მინდა, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლოს დაღლილი ვიყო სხვისი ცხოვრების განხილვით, სხვისი აზრების მოსმენით.- ცხოვრებაში პირველად ყველაზე გულწრფელი იყო მამასთან. ყველაზე ნაკლებს საუბრობდა და ამიტომაც ვერ უგებდნენ ოჯახის წევრები. იცოდა რომ ეს ეგნატეს გააცოფებდა, თუმცა როგორც ყოველთვის ხმა ამოიღო და მაინც სიმართლე გადმოსცდა. ამდენი ხანი ჩუმად იყო იმისთვის, რომ მისი აზრები ოჯახზე არ მოეხვია და ეს მის თავხედურ საქციელად არ ჩაეთვალათ, თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. შესაძლოა ეს უფროს კოპალიანს მის თავხედობაში ჩაეთვალა, ოსემ ხომ მისი ცხოვრების სტილი და ნახევარი მოსახლეობის წესი გააკრიტიკა, თუმცა რეალურად, ბიჭი მხოლოდ იმას ამბობდა, რაც აქამდე აფიქრებდა. მხოლოდ იმ შინაგან მეს ალაპარაკებდა ახლა, რომელიც აქამდე ყველასთვის დამალული და შეუცნობელი იყო. რეალურად, ყოველთვის წინააღმდეგი იყო წესების, ასეთი ცხოვრების სტილის. განა ვერ ამჩნევდა ამას მამა? ცხენზე ამხედრებულიც კი ეტყობოდა როგორი თავისუფალი ბიჭი იყო. ტყეში მიმავალი თავისუფლებისგან ფილტვები ჰაერით ევსებოდა და იმდენად აძლიერებდა ეს, რომ ერთი დაუმორჩილებელი, მეამბოხე და გარეული მგლისგან, არაფრით განსხვავდებოდა. თუ ოდნავ დააკვირდებოდი ამ დროს, ამას აუცილებლად გაიგებდი. პირველად მწარე სიმართლე უთხრა შვილმა და ზუსტად ამან გააცოფა.
-მე მგონია, რომ ასეთი ცხოვრება შენ არ აგირჩევია, ამაში კი ყველაზე დიდი ბრალი ხალხს მიუძღვის. ზუსტად ხალხი და მათი აზრი ჰქმნის გარემოს, რომელში ცხოვრებაც შესაძლოა სულაც არ გინდოდეს ადამიანს, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. ახლა რომ ჩემს წინ შენი ახალგაზრდა თავი იდგეს, ჩემთან ერთად გაიქცეოდი უღრანი ტყისკენ და იქნებ აღარც დაბრუნდებოდი უკან. წლების წინანდელი შენი თავი აქ რომ იდგეს, ალბათ ბევრი არაფრით ვიქნებოდით განსხვავებული ერთმანეთისგან. ხალხის აზრთან ერთად გაიზარდე და იქეცი იმად, რაც შენს ოჯახს და ხალხს უნდოდა. და რა მიიღე სანაცვლოდ? ისეთი საკუთარი თავი, რომელმაც წლებთან ერთად, გზადაგზა ყოველგვარი სურვილი დაკარგა ყოფილიყო ისეთი, როგორიც ოდესღაც გინდოდა რომ ყოფილიყავი. ახლა ის ბიჭი აღარ ხარ. მე მიყურებ და გგონია, რომ არ უნდა ვიქცეოდე ასე, რომ შენსავით წესებს უნდა ავყვე, მაგრამ სადღაც შენში მკვდარმა ახალგაზრდა ბიჭმა იცის, რომ მისი შვილი იმას აკეთებს, რასაც წლების წინ თვითონაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდა.- სიტყვას ასრულებს თუ არა, ეგნატე პირველად გამოდის მწყობრიდან და უკვე შემდგარ ბიჭს სახეში ხელს არტყამს. წამის შემდეგ ცნობიერებას უბრუნდება და საკუთარი ქცევით თვითონაც გაოცებულია, ხუთ თითს კეცავს და აღელვებისგან კანკალი ეწყება. პირველად უსმინა ბიჭს, ეს მისი პატარაობისას ნათქვამ პირველ სიტყვებს ჰგავდა.
რომ დაფიქრდე, რა საოცარი ბუნებისაა კაცი.. ხანდახან საკუთარ ვაჟთან გულის გადაშლა ეთაკილება და ზუსტად ამის გამო შესაძლოა მთელი ცხოვრება ისე გალიოს, ვერასდროს გამოხატოს ორი სიტყვით სითბო. ხანდახან ამ ყველაფერში ირონიაც იგრძნობა. ცხოვრობდე ისე, რომ უკეთესი პირობები შექმნა შვილებისთვის, უკეთესად აცხოვრო.. დაბადების წამიდან უფრთხილდები და ეფერები, აგრძნობინებ რომ ის შენი მომავლის ყვითელი ფერია, თუმცა დრო გადის და დროსთან ერთად სიყვარულს სხვანაირად გამოხატავ. თითქოს შვილზე ეს ზრუნვა უკვე ყოველდღიური რუტინასავით დასალაგებელი სახლის მოწესრიგებას ჰგავს, რომლის კეთებითაც რა დროც არ უნდა გავიდეს მაინც არ იღლები. შვილს ჰგონია, რომ ეს ზუსტად ისაა რასაც მშობელი უნდა აკეთებდეს და შესაძლოა თვალიც შეაჩვიოს ამ ყველაფერს. მშობელსაც ასე სჯერა, როგორიც არ უნდა იყოს მისი შვილი, მისი მსგავსი თუ მისგან განსხვავებული, ის მაინც მისი ნაწილია. ნაწილი, რომლის მოშორებაც სულის საკუთარი სხეულიდან გამოსვლას უდრის.
ოდესღაც ახალგაზრდობაში ზუსტად იგივე აზრები აწუხებდა ეგნატე კოპალიანს, რაც მის შვილს, თუმცა როცა ფეხი ხალხთა ცხოვრებას აუბა, გახდა ერთ-ერთი მათგანი. აღარც ის ახალგაზრდობა და აღარცერთი აზრი არ შემორჩა. ამ წამში მიხვდა, რომ ოსე უფრო მეტად ძლიერი იყო, ვიდრე მისი ახალგაზრდული ვერსია. იმდენად ძლიერი, რომ არც ხალხი, არც წესი და არც ასეთი ცხოვრების სტილი ვერ აიძულებდა საკუთარ თავზე უარის თქმას.
ფატიმა კოპალიანის გული მეტს ვეღარ უძლებს და კაბინეტის კარს ტირილით აღებს, განრისხებულ და სასოწარკვეთილ მამა-შვილს შორის დგება და ორივეს გულზე ადებს ხელს, ერთმანეთს აშორებს. წარბიც კი არ შეუხრია ოსეს, დარწმუნებული იყო რომ მამამისის წლების წინანდელი მე სადღაც მისით ამაყობდა.
-თუ ღმერთი გწამს რით ვერ გაიგე, რომ სხვანაირია! არ გვგავს ეგნატე.. არც შენ და არც მე არ გვგავს!- გულხელდაკრეფილი ჩამოეფხატა ქმარს პერანგზე და ცრემლიანი თვალებით შეხედა. ხმა არ ამოუღია ოსეს, ჩუმად იდგა და სათქმელისთვის თავის მოყრას ცდილობდა. არ ეთანხმებოდა კოპალიანი მეუღლეს. ახლა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი შვილი რაღაცაში ძალიან ჰგავდა მას.
-თავს გაუფრთხილდით დედა, მამა. ჰო, ამაზე საუბარი ვერ მოვასწარით, ირაიდას უფლება მიეცით ისწავლოს ის, რაც მას უნდა.- ყველაფრის მიუხედავად ბოლოს მაინც ეს თქვა და კაბინეტი დატოვა. ფოიეში გასულმა ახლოს მდგარი და შენიშნა.
-დედას უნდა, რომ ფარმაცევტი იყო, ჰგონია რომ მარტივი ქალის საქმეა და შეძლებ. არასდროს არავის მოუსმინო რა გინდა, დაჯექი და ერთ წამში შეიძლება ისე გადაწყვიტო საკუთარი ბედი, რომ საბოლოოდ ყველაზე სასურველამდე მიაღწიო. მე ვიცი, რომ ქორეოგრაფია შენი ოცნებაა. ადექი და გააკეთე ყველაფერი რომ ის გახდე, რაც გინდა რომ იყო. ნუ დაიჯერებ, რომ ქალისთვის მუდმივი ხელ-ფეხის ქნევა ნიჭსა და ძალისხმევას არ საჭიროებს. ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის, მჯერა ერთ დღეს საკუთარი ანსამბლი გექნება. შენით ვამაყობ იდა, არასდროს იჩქარო, დრო ყველა იმ მდგომარეობას მოგიტანს, რაც შენს პიროვნებას სჭირდება, თუ კი უბრალოდ შენი სულის ძახილს აჰყვები და როგორც ცეკვავ ხოლმე, შენს ნაბიჯებსაც ცხოვრების რითმს ააყოლებ.- გაუღიმა და შუბლზე აკოცა დას.
-კი მაგრამ ძმაო, შენ სად მიდიხარ?- თვალები აუცრემლიანდა, პირველად იგრძნო რომ ვიღაცამ მხარი დაუჭირა მიზნის მისაღწევად. უდიდესი ძალა იგრძნო ძმის სახით და ამ მომენტიდან დარწმუნდა რომ საკუთარ საქმეს ხვალვე შეუდგებოდა. და  მაინც რამდენს ნიშნავს ადამიანის ერთი სიტყვა, მითუმეტეს, თუ ამას ოჯახისწევრი გეუბნება.
-ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები, ხომ იცი როგორც მჩვევია.- გაუღიმა დას და თავისი ჩანთის ასაღებად ოთახში შევიდა.
-შენი ბრალია!- სევდიანი ხმით ამოთქვა ფატიმამ და ქმარი დაადანაშაულა, თუმცა რეალურად უბრალოდ ბრაზისგან და სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ეთქვა, ვისთვის დაებრალებინა ის ფაქტი რომ მისი შვილი ახლა სახლიდან მიდიოდა.
ზურგზე ჩანთით, ერთხელ შეანათა ფოიეს კუთხეში მდგარ თინათეს უცნაური მზერა და მისში ამოიკითხა, რომ მოსმენილისგან სად წასულიყო ვერ ხვდებოდა.
-ოსე შვილო, გეხვეწები მოდი დაჯექი, დავილაპარაკოთ..  ნურსად ნუ წახვალ, უკვე ღამდება, ეს ხომ შენი სახლია, ამაზე კარგად სხვაგან თავს ვერ იგრძნობ.- ეხვეწებოდა ქალი მიმავალ შვილს და თან გულიც ეწურებოდა.
-არასდროს გაწყენინებ, ნურც ახლა მიწყენ, მაგრამ რეალობა ესაა. ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, ამ სახლის გარდა.- კიდევ ერთი სიმართლე თქვა დღეს, თუმცა ამჯერად დედას უთხრა. რა საშინელი მოსასმენია მშობლისთვის ეს სიტყვები. ალბათ საზარელ სიზმარს ჰგავს, თუმცა ტყუილს და თვალთმაქცობას, ზუსტად ერთი ასეთი მწარე სიმართლე სჯობია.
-თავს მიხედე, მამას და იდას. ამ გოგოს კიდე გზა მიეცით და სახლში დააბრუნეთ. შენ გაბარებ ამ საქმეს.- დედას შუბლზე აკოცა და ცრემლიან თვალებში შეხედა.
-ნუ ინერვიულებ, დავბრუნდები, ოღონდ ჯერ არა.-  ცოტა არ იყოს გაბრაზდა თინათე, სხვას მიაბარა, თითქოს თავიდან აიცილა იგი და ყველაფრისგან თავის დაღწევას ეცადა. გააბრაზა მისმა უეცარმა უპასუხისმგებლობამ. აქედან ისე მიდიოდა, ერთი სიმართლეც კი არ უთქვამს მისთვის მომხდარზე. აუცილებლად მას უნდა აეხსნა ყველაფერი, რადგან ყველაფრის თავში ის იდგა.
-შეხვედრამდე!- ისე გაუღიმა ოჯახისწევრებს, თითქოს რამე კარგი მიზეზით ტოვებდა სახლს. კიბეებს ჩაუყვა და ცხენზე ამხედრებული გაუყვა გზას. ფატიმა კი დაჯდა აივანის ცივ იატაკზე და გლოვას მოჰყვა. იმიტომ რომ მისთვის სახლი დაცარიელდა. ამ წამისთვის სახლში შესაბრუნებლად თითქოს ერთი მიზეზიც კი არ მოეძებნებოდა გონებაში. რა აჩერებდა ამ სახლში? ახლა ხომ ყოველი დღე მისთვის კოშმარის ტოლფასი იქნებოდა, ვერცერთ ღამეს ვეღარ მოხუჭავდა თვალს იმის ფიქრში, თუ სად დაიძინებდა მისი შვილი ან რას შეჭამდა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ამის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა. არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ შვილი სახლთან დაეკავშირებინა. იჯდა გულხელდაკრეფილი და წყევლიდა ამ დღეს, რომ საერთოდ გაუთენდა. ერთ ადგილას განუწყვეტლივ ირწეოდა და ძალიან ჩუმად, ისე რომ მხოლოდ ახლოდან გაიგებდი, თავისთვის ღიღინებდა. ვიღაც იფიქრებდა, რომ გაგიჟდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს სხეულის ერთი ნაწილი მოაჭრეს, ხორცი მოგლიჯეს და ხელებიდან გამოაცალეს. ოცდაერთი წლის იყო ოსე, პირველად რომ ერთი წლის განმავლობაში სახლიდან წავიდა და უკან არ დაბრუნდა. ახლა კი უკვე მეორე შემთხვევა იყო მისი წასვლის და ფატიმაც დარმწუნებული იყო, რომ იგი სერიოზული მიზეზის გარეშე უკან არ დაბრუნდებოდა. თავისი სახელი და ნამუსი გაეხსენებინა მისთვის? იქნებ ამით დაბრუნებულიყო, იქნებ დაუმთავრებელი საქმე დააბრუნებდა უკან? ფიქრობდა და მაინც ხელს ვერ აქანებდა. საქმე საქმეზე როცა მიდგა, ოჯახის ერთიანობამ სულ დაავიწყა ხალხის აზრი და რეპუტაციაც. ერთი სიტყვით, ოსეს წასვლა მთელი ოჯახისთვის გამოფხიზლების ტოლფასი აღმოჩნდა, ღრმა ძილის შემდგომ.
ბიჭი ქალაქის შესასვლელს გასცილებოდა, ტყისკენ გადასული მათე ხერგიანს და კიდევ ერთი მხედარს რომ გადაეყარა გზად. ამაყად გაუსწორდნენ ერთმანეთს, ოსე სახიდან მწარე ღიმილს არ იშორებდა.
-უკვე მოასწრო მამაშენმა შენი სახლიდან გამოგდება? მეგონა ცოტა ხნით გაგაჩერებდა.- წაკბინა კოპალიანს.
-გაგიკვირდება თუ არ იცი, მე ყველგან ყოველთვის ჩემი ნებით დავდივარ. რაო, ბაბუამ ვერ გიცნო სახლში მისული, არა? პირი ალბათ ძლივს გააღე, ოსემ მცემაო.- მათეს ისევ ეტყობოდა სახეზე დარტყმების კვალი. ახლა სულ გაცოფდა, ასეთი გაგულისებული ოსეს დანახვაზე. ვასილს როგორც კი დაენახა ნაცემი, იმანაც არ მოითმინა და ეგნატეს ყველაფერი მოუყვა, შენმა შვილმა ასე მოიქცა და დაგიმალაო. თითქოს სამაგიერო გადაუხადა შვილიშვილის სცემისთვის, თუმცა რეალურად, ოსემ ისედაც კარგად იცოდა, ვასილი ენას პირში რომ არ გააჩერებდა.
-როგორც სჩანს, ისევ მშვენიერ ხასიათზე იმყოფები. ისევ ისე დიდგულობ.- ყური არ ათხოვა ოსეს საუბარს.
-რამეს მთავაზობ? თუ გინდა კიდევ ერთხელ გავსწორდეთ, იმ დღეს ალბათ დაგაკელი.- გაუცინა ბიჭმა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა მათესთვის, ცხენიდან ჩამოხტა და ოსეს ჩააფრინდა. ერთი-მეორეს მოხვდა, ბოლოს საყელოში ჩაავლო ხელი ოსემ.
-გაფრთხილება არ იკმარე და სხვის ოჯახში ჩამოსულ ქალს თვალი დაადგი, შე ნაბი*****!- ბრაზისგან დაიყვირა და მთელი ძალით ისროლა მეორე მხარეს ხერგიანი. მეორე თანმხლებმა კი დრო იხელთა და ჩხუბი დაუწყო, ისიც ძლიერი აღმოჩნდა.
კოპალიანების ოჯახში თავს ვეღარაფრით იჩერებდა თინათე, აქ პასუხებისთვის ჩამოვიდა და მიიღებდა კიდეც. დაავლო ხელი მოსასხამს და სახლიდან წავიდა.  გარეთ გასულმა ცივ იატაკზე მჯდარი ფატიმა შენიშნა, გიჟს ჰგავდა და ახლა უფრო ხმამაღლა ღიღინებდა.
-არ ინერვიულოთ.- მხარზე ხელი დაადო ქალს, რომელსაც საერთოდ არ შეუხედავს მისთვის, მიწაზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და ფიქრებით აქეთ არ იყო. ერთხელ გახედა ცხენით მიმავალ თინათეს და მზერა ისევ გაუშტერდა. წამიერად გაიფიქრა, იქნებ ამ გოგოს დაებრუნებინა ოსე გზიდან? წინაზე ხომ ზუსტად ის იყო ერთადერთი, ვინც შეძლო და შვილი მოუბრუნა. აქამდე რომ ვერავინ დაიმორჩილა, ზუსტად ის შვილი. რაღაც ძალიან მცირე იმედმა გაუელვა გულში.
-ხომ გითხარი, შენი საქციელისთვის პასუხს გაგებინებ მეთქი!- ძირს გართხმულმა მათემ ერთხელ დაიყვირა და საქამრიდან ამოღებული დატენილი იარაღი მეგობრის საყელოზე ჩავლებულ ოსეს ესროლა.
გააზანზარა არემარე ტყვიის ხმამ. მხარში მოხვდა და აუტანელი ტკივილი იგრძნო ოსემ. მათეს დაუდევარი საქციელისგან გაკვირვებულმა მხედარმა დაჭრილ ბიჭს ხელი შეუშვა და შეშინებული შეჯდა ცხენზე, თან ხერგიანიც გაიყოლა.
-ოსე დაჭრეს!- დაიყვირა მეზობლის ქალმა და ეს ხმა კოპალიანების ეზომდეც ავიდა. ტყვიის ხმამ წამიერად გააშეშა, მერე კი უფრო დააჩქარა თინათე, რომელიც ქალაქის გასასვლელთან უკვე მისულიყო და ხეობას ამოფარებულ ოსეს ხედავდა, რომელიც ცხენზე ცდილობდა მოთავსებას.
ტყვიის ხმა იყო და ფეხზე წამოვარდა ფატიმა კოპალიანი, რომელმაც ნაბიჯიც კი ვერ გადადგა, იმდენად შეძრა ამ ხმამ. შვილი დაუჭრეს და სხეული აუკანკალდა, ყველა უჯრედი ისე ეტკინა, როგორც არასდროს. ახლა ესმოდა მერი კოპალიანის, რომელსაც შვილი მოუკლეს. რა ეფიქრა, გაქცეულიყო და ენახა მისი ვაჟი? იქნებ მკვდარი დახვედროდა.  ტყეს და ღრეს გადაურჩა ეს ბიჭი, ვერცერთმა ვერაფერი დააკლო, ბოლოს კი მაინც ადამიანის უგულობამ იმსხვერპლა. რა სასაცილოა ხანდახან სიმართლე, ცხრა მთას გადაივლი, ას მტაცებელს გადაახტები, ხუთ მდინარეს და ორას ნაკადულს ისე, მოსატეხად ფეხიც არ გაგისრიალდება. გზის დასასრულს კი მაინც ისევ ადამიანი მოგკლავს. არც მგელი, არც დათვი და არცერთი. უფრო რაღაც სხვამ შეიძლება გიმსხვერპლოს, მხოლოდ გონებრივად ამოუხსნელმა ადამიანმა.
ტყვიის ხმა იყო და ფატიმას გაურკვეველი და ჩუმი ღიღინი ახლა უეცარ სიმღერად გადაიქცა.
-ნანა, კოშკზე არწივები სხედან, ყივიან და ბანს აძლევენ მთანი, არ შეშინდე.. გენაცვალოს დედა, ნანი, ნანი, ნანაილა ნანი..- ემოციებისგან ვერც კი ხვდებოდა, რომ ახლა ხელები თავის კაბაზე ჩაევლო, ერთ ადგილზე გაყინულივით უძრავად იდგა და ხმამაღლა მღეროდა.
-გარეთ ცივა, ქარიშხალი გმინავს. ელვამ დასწვა ქედებს ოქროს თმანი.. დაიძინე ვარსკვლავებსაც სძინავთ, ნანი, ნანი ნანაილა ნანი..- უსასრულობაში გაესწორებინა მზერა და ტანით თრთოდა, ხმა უკანკალებდა და მაინც მღეროდა. ქალის ეს გულიანი ამოტირება ქარს ეტანებოდა და მთებში დაქვითინებდა.
-დედა რა მოხდა?!- გამოვარდა ირაიდა ტირილით, დედას ხელებში შეაფრინდა მაგრამ ქალს საერთოდ არ ესმოდა მისი. მუხლად ჩაიკეცა და გოგოს შეხედა ანერვიულებულ თვალებში.
-შენც ივარგებ, შემოგევლოს დედა, გამეზრდები უშიშარი სვანი..- სიმღერა ქვითინით დააბოლავა, ზუსტად ის ნანა, რასაც ოსეს უმღეროდა ძილის წინ. რითაც ზრდიდა და აძინებდა ზუსტად ის აემღერა ამ გამოუვალ მომენტში.
-ყოჩაღ! ყველაფერს თავი დააღწიე, პასუხებს თავი აარიდე და ახლა გარბიხარ!- დაუყვირა თინათემ დაჭრილ ბიჭს და ცხენზე დაჯდომა არ აცალა.  თვითონ წინ დაუდგა და ერთხელ აღელვებით შეათვალიერა მისი მხარი, რომლისგანაც სისხლი დაუღალავად სდიოდა.
-თავს უშველე და აქედან წადი.- დაღლილი, მოგუდული ხმით უთხრა ბიჭმა და ფული გაუწოდა თინათეს.
-არაფერში მჭირდება ფული! მე პასუხებისთვის ვარ აქ. მართალია რომ კაკი ვიღაცას მიაბარე? რაში დაგჭირდა მაგ უბედური ბიჭის სიცოცხლე?!- არ ეშვებოდა ქალი.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ აღარ ჩაერიო! წადი აქედან და დაბრუნდი შენს სახლში, დაივიწყე ეს მხარე, ისე იცხოვრე თითქოს აქ არასდროს ყოფილხარ. თუ საჭირო გახდება ყველაფერი დათმე რომ კაკის ასავალ-დასავალზე კითხვები გაუქრო შენს ოჯახს, რომ შენი და მშვიდად აცხოვრო. აქ მოსვლის პირველივე წამიდან კითხვებზე პასუხებს ითხოვ. აქედან წასვლა ხომ ასე გინდა, რაღას უდგახარ, შანსი გაქვს და გაიქეცი აქედან!- იმდენი რამ მოხდა, ბრაზისგან თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა. გააჟრჟოლა გოგოს, ბიჭის დაღლილ და განადგურებულ სახეს უყურებდა. თვალებში კიდევ ერთხელ შეხედა და მიხვდა, რომ ეს ბიჭი დაკარგული იყო. შველას ითხოვდა და ღმერთმა იცის, აქედან წასვლის შემდეგ რანაირი დაბრუნდებოდა უკან. წამიერად ააღელვა მისმა მომავალმა, გრძნობდა ბიჭის ალალ და გულწრფელ პიროვნებას, რომელიც არ იმსახურებდა ასე მოქცევას.
-ერთადერთ რამეს გეტყვი. შენი სიძე მკვლელია! ასე რომ დაბრუნდი ხევსურეთში და ეცადე შენმა დამ მისი შვილი უსაფრთხოდ, ხერგიანებისგან შორს გაზარდოს.- ყურებს ვერ დაუჯერა, ვერც მოსმენილს. სახლში ამ დრომდე მკვლელი ჰყავდათ გადამალული. ხომ გრძნობდა კაკის ავბედიანობას, მაგრამ რას იფიქრებდა, რომ მის დას მკვლელი შეუყვარდებოდა. დაფიქრდა და წარმოდგენაც კი არ უნდოდა, როგორ ეტყოდა ამ ყველაფერს თათულის. ხომ გაანადგურებდა ეს ამბავი? როგორ აეხსნა, რომ მუცლით მკვლელის შვილს ატარებდა. ბავშვსაც ავნებდა და მის თავსაც. ახლა გაიგო რატომაც ამოაკითხეს ბენდელიანს, რისთვისაც წამოიყვანეს ამ მხარეში. მოუწევდა დაემალა მისი ოჯახისთვის ეს ყველაფერი, იქამდე სანამ საჭიროება მოითხოვდა.
ახლა, როცა მის წინ დაჭრილი ბიჭი აქედან წასვლას ლამობდა, რატომღაც სულაც აღარ ეჩვენებოდა ძლიერი. განსხვავებაც ეს იყო, სანამ ყველა ფიქრობდა რომ ოსე არასდროს იღლებოდა, თინათე მაინც ამჩნევდა ამას. სულ რამდენიმე დღე უყურა ამ ბიჭის სახეს და თითქოს უთანაგრძნო კიდეც.
-როგორ..- ამოიჩურჩულა და გაოგნებული სახე მიაპყრო ბიჭს.
-აქედან უნდა წახვიდე, ყველაფერი დაივიწყო და ცხოვრება განაგრძო. ვინ იცის, იქნებ ოდესმე სადმე კიდევ გადაგეყარო, შატილის ასულო.- ოდნავ ისე ჩაიღიმა, მას რომ სჩვევია, ამოუხსნელად და გოგოს ზურგი აქცია. ცივმა სიომ დაუბერა და თითქოს გამოაფხიზლა თინათე. თმა ჩამოშლოდა, ტუჩები გამომშრალი ჰქონდა და ერთ ადგილს მიწებებულიყო.
-ასე თუ წახვალ სისხლისგან დაიცლები და სიკვდილი არ აგცდება.- თითქოს საბოლოოდ გააფრთხილა ბიჭი.
-ჰოდა ასეთი ყოფილა ჩემი ბედიც.-
-სისულელეებს მოეშვი, არ გავხარ იმ ბიჭს ბედის რომ სჯერა.-
-საერთოდ არ მიცნობ.- ისევ შემოუბრუნდა გოგოს და ამჯერად მზერით გააქვავა. კიდევ ერთხელ ეუცნაურა თინათე. ლამაზი იყო, შეუპოვარი და ურჩი. ბიჭს ამჯერად ფერი დაკარგვოდა, აშკარად ცუდად გრძნობდა თავს და თუ წავიდოდა სადმე გაითიშებოდა ან კი სულაც გადაიჩეხებოდა. შეამჩნია თინათემ და იგრძნო, რომ სასიკვდილოდ ადამიანი არ უნდა გაეწირა.
-ასე უაზროდ დატოვებ ყველაფერს და მოკვდები? რა დიდი სისულელეა ასეთი დასასრული.-
-იქნებ სულაც ამის შემდეგ დაიწყოს უფრო საინტერესო და რამე აზრიანი, ვიდრე მთელი ცხოვრება გზააბნეულივით ხეტიალი სახლ-კარის გარეშე.-
-სახლი და ოჯახი აქ გაქვს, გელოდებიან. შინ უნდა დაბრუნდე ოსე.- თუ არ ცდებოდა პირველად მიმართა სახელით და გულში თავისთვის გაეღიმა ქალის დაბნეულ სახეზე და აკანკალებულ ხმაზე. ხელებზე შეხედა, ნერვიულობისგან სად წაეღო არ იცოდა. მერე თვალებს, რომლებიც რაღაცას ეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა რას.
-საკმარისად გაგეცი პასუხი შენს კითხვებზე, ახლა ხომ იცი რაც უნდა გააკეთო. აქედან რომ უნდა წახვიდე, ცხოვრება განაგრძო.. რატომ დგახარ ახლა ჩემს წინ და ელოდები რომ უკან გავბრუნდები? შენთვის რა აზრი აქვს სისხლისგან დავიცლები თუ რამე დამგლეჯს? - ისეთი კითხვები დაუსვა, საერთოდ ჭკუიდან  გადაიყვანა გოგო. ამაზე დიდხანს რომც ეფიქრა ვერ უპასუხებდა. მხოლოდ ერთი ინსტიქტი კარნახობდა, რომ არცერთი ადამიანი არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს, ამ მდგომარეობაში.
-თუ ასე წახვალ, დაიღუპები. თავს მთელი ცხოვრება დამნაშავედ ვიგრძნობ იმის გამო, რომ არ დაგეხმარე.- გულწრფელად თქვა თინათემ და თვალი ისევ შეავლო ბიჭს.
-ახლა რომ უსიტყვოდ წავიდე და თავში ის აზრი ჩაიდო, რომ ცოცხალი ვიქნები მაინც შეგაწუხებს სინდისი?- ცოტათი ახლოს მიიწია გოგოსკენ.
-და მე საიდან მეცოდინება შენ ცოცხალი იქნები თუ მკვდარი? ეს უფრო უარესია, გაუკრვევლობაში ცხოვრობდე და შენივე შექმნილი ილუზიის გჯეროდეს.- ოსეს მოახლოებაზე ცოტათი აღელდა კიდეც.
-წლების მერე თუ გაგაგებინებ, რომ ცოცხალი ვარ, მაინც ისურვებ  ჩემს ისევ ნახვას? დასანახადაც ხომ ვერ მიტან.- კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ფიცხელაურისკენ და სულ ააღელვა თინათე. გონს მოეგო, ამ სიტუაციას არ უნდა აჰყოლოდა. გაუაზრებლად მოიხსნა ყელიდან ხევსურული ორნამენტებით გაწყობილი კაშნე და ბიჭს მიუახლოვდა. კიდევ უფრო გააოცა საქციელით ოსე. დაჭრილ მხარზე ფრთხილად შემოახვია და ეცადა მისთვის თვალებში არ შეეხედა, თორემ ადგილზე გაქვავდებოდა. ახლოს იდგა ქალი მის წინ, ოსე კი უყურებდა მის გაფითრებულ და ნერვიულობისგან შეწუხებულ სახეს. ეტყობოდა, თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა. უკვირდა კიდეც, ამდენი გამბედაობა რომ მოიკრიბა და ამ თავნება ბიჭის დახმარება მაინც სცადა. რომელი ძალა ეხმარებოდა ასე, რომ ამის გაკეთება დააპირა?! "ღმერთო, რას მაკეთებინებ!" წამიერად გაიფიქრა გონებაში ქალმა და იგრძნო როგორ აუწვა სახე დაჭრილი ბიჭის მზერამ. არ შეხედავდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამას ვერ გააკეთებდა. გადაუწყვიტა საკუთარ თავს.
ქალაქის შესასვლელთან მანქანა გაჩერდა. ისეთ ადგილას, ოსე და თინათე ხეებს ამოფარებულიც თავისუფლად რომ დაინახავდნენ.
-გამარჯობა, კოპალიანების სახლი საით არის?- გაისმა ხმა და თინათეს მზერაც მანქანისკენ გაეპარა. ეცნო ხმა და ხელიც კაშნეზე შეუჩერდა, როცა მიხვდა რომ მანქანა მამამისის, დავით ფიცხელაურის იყო. მოაგნეს!
ბოლო წვეთი იყო მისთვის, ამას არ ელოდა. ახლა, როცა გასაგები გაიგო და აქედან წასვლას აპირებდა, ქალაქში მამამ ამოაკითხა, რომელსაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ ქალიშვილი გაუთხოვდა. რა ექნა დავითს, არც მისი სიძე ჩანდა და არც ქალიშვილი. ცუდად გაუხდა ფეხმძიმე თათული, ქმარზე და დაზე უნერვიულია და აქამდე შვილის ძებნაც ამიტომ გაეწელა. ჯერ იფიქრა პოლიციისთვის შეეტყობინებინა ამბავი, მაგრამ მერე რა სირცხვილი იქნებოდა, თუ ამბავი ისე იქნებოდა, რომ თინათე მართლაც სიყვარულით იქნებოდა გაპარული სახლიდან. რას იფიქრებდა ხალხი, დააჭერინებდა მის მომავალ სიძეს და საქვეყნოდ თავი მოეჭრებოდა! ამიტომაც შეჩერდა. ახლა კი მანქანის საქარე მინა ჩამოეწია და ვიღაც მოხუც დედაკაცს ეკითხებოდა კოპალიანების საცხოვრებელზე, რომელიც მაღლიდან ურიკით ჩამოსულიყო.
-ეგნატეს მძახალი ხარ? ოო, დიდებული გოგო გაგიზრდია კოპალიანებისთვის, მათ რძალს რომ შეეფერება, ზუსტად ისეთია!- გაუცინა ქალმა წარბშეკრულ კაცს. საბოლოოდ დარწმუნდა ფიცხელაური, რომ შვილი მართლა გაუთხოვდა. თანაც სად? სვანეთში!
-სულ პირდაპირ უნდა იარო, ამ ქალაქში ყველაზე დიდი სახლი მაგათ აქვთ, რომ მიხვალ მაშინვე მიხვდები საკოპალიანოს.- ქალმა დააკვალიანა და მაგასთან ერთად გოგოც შეუქო. ასე იყო, იცნობდნენ არ იცნობდნენ გაგონილის სჯეროდათ, ერთს უთქვამს დიდებული გოგოაო და ამ ქალსაც ბრმად სწამდა მოსმენილის. ეგონა გაახარებდა კაცს კომპლიმენტით, თუმცა სანაცვლოდ მხოლოდ მადლობა მიიღო.
-მამაჩემია!- დაბნეული წამოიყვირა გოგომ და ბიჭს ახედა.
-ჰოდა უკეთესი, რამე მოიფიქრე, ან მოიტყუე და უკან გაჰყევი სახლში.- დააკვალიანა ბიჭმა.
-ხუმრობ? გგონია მამაჩემი ისეთი სულელია რომ მარტივ ტყუილს დაიჯერებს?! რამდენიმე დღეა რაც სახლში ქალიშვილი არ ჰყავს და გგონია ადვილად შეელევა ამ ამბავს? ბოლოს და ბოლოს ის ჰგონია, რომ გოგო გაუთხოვდა!- ვერც კი ხვდებოდა რამდენად ახლოს იდგა ოსესთან.
-თუ ჭკვიანურ ტყუილს მოიფიქრებ, ყველაფერს დააჯერებ!-
-ცდილობ თავი დააღწიო ხომ ამ ვითარებას?!-
-აქ მე აღარაფერი მესაქმება! დავასრულე ჩემი გამოსვლა, მორჩა!- გადაჭრა ბიჭმა ხმამაღალი სიტყვებით. გული მოეწურა ქალს, მარტო ვერაფერს ვერ მოიფიქრებდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მომხდარა, მამა ყოველთვის იმედგაცრუებული იქნებოდა მისით, იფიქრებდა რომ თავზე ლაფი დაასხა. არა და, მას ხომ ყველაზე მეტად ენდობოდა, უფრთხილდებოდა.. სანაცვლოდ კი იმედგაცრუებას და ტყუილებს მიიღებდა!
როგორ მოქცეულიყო?!
-აუცილებლად მოუნდება შენი ნახვა, პირადად შენთან ექნება საქმე ოსე! ვიცნობ და ვიცი, აქედან ისე არ წავა სანამ არ გნახავს. ახლა კი წამოდი და საქმე ისე დაამთავრე როგორც დაიწყე!- დაუყვირა ქალმა და ჯიქურ შეხედა თვალებში.
-შენ გამომედევნე უკან, ზუსტად შენ დაიწყე ეს ამბავი. ვერავინ ვერაფერს იფიქრებდა, სახლში რომ დარჩენილიყავი! აქაც კი არ ჩერდები ერთ ადგილას, ახლაც უკან მედევნები, რა გინდა, მართლა ჩემს სატანჯველად გამოგაგზავნა ღმერთმა?!- ბოლო სიტყვებმა ისე გაიჟღერა, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებაო.
-შენ უკეთ იცი ყველაფერი, ისიც იცი როგორ უნდა აუხსნა სიტუაცია, მარტივად გამოძვრები, ეტყვი რომ არაფერი ხდება. ბოლოს და ბოლოს, მას ის ჰგონია, რომ შენი ვარ!- დაუფიქრებლად წამოისროლა ბოლო წინადადება, ბიჭის უცნაური სახის გამომეტყველების დანახვისას იგრძნო, რომ არც უნდა ეთქვა. მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ აქამდე ისევ იმ კაშნეზე იყო ცალი ხელით ჩაფრენილი, რომელიც ბიჭს მხარზე მოახვია. ხელი ფრთხილად აიღო და მზერაც მოაცილა. ძალიან შერცხვა.
-მერე და ასეა? ჩემი ხარ?- ადგილზე გაიყინა, მზერაც გაეყინა და სიტყვას ვერ ძრავდა, ყელში გაუჩერდა ამ მოულოდნელი კითხვის გამო. რას ეკითხებოდა? წამით ორივე დაფიქრდა და მიხვდა რა აუხსნელი მდგომარეობა იყო მათ შორის ჩამოვარდნილი. ამ კითხვით ორ აზრამდე მიდიოდა თინათე. ეს იმიტომ წამოროშა ამ ბიჭმა, რომ ხაზი ზუსტად მათ არარსებულ ურთიერთობაზე გაესვა, მეორე მხრივ კი შეიძლებაც გონზე ვეღარ იყო და მხოლოდ ამიტომ წამოიძახა. ხელი ჰაერში გაუშეშდა ქალს, უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა. მოულოდნელად იგრძნო ცივი თითების შეხება თეთრ მაჯაზე, იასამნისფერი ვენები რომ ეტყობოდა და თითქოს დენმა დაარტყა. "არა და არა! ასე არ უნდა აბნევდეს ეს ბიჭი, ან კიდევ მისი უეცარი შეხება!" გაიფიქრა თუმცა თითიც კი ვერ გაანძრია მის შესაჩერებლად. თვალებში ჩააშტერდა ბიჭი, ცდილობდა რაღაც წაეკითხა მათში.
თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა ამ მზერაში, ისეთ გიჟურს, როგორიც მას სჩვევია.
-წუთების წინ შეგეძლო გადაგეწყვიტა და მეტჯერ აღარასდროს დაგენახე. ახლა ისევ შველას მთხოვ, თითქოს რამე შემეძლოს. არ გაწყობს იქ მარტო ახსნა-განმარტება, არც აქედან ჩემი ასე წასვლა, მერე მთელი ცხოვრება სინდისმა რომ არ შეგაწუხოს. წამოვალ, თუ ასეა. ვნახოთ, როგორ გადავარწმუნებ მამაშენს იმ ამბავს, რომ მისი ქალიშვილი მე ცოლად არ წამიყვანია. ან კიდევ ვინ იცის, იქ მისული თავში რა გადამიტრიალდება და რას მოვიმოქმედებ!- თვალი მოაცილა გოგოს, რომელიც მოსალოდნელისგან უკვე საგრძნობლად შეშინებულიყო. ქალს მაჯაში საღი ხელი ისევ ჩაავლო და კოპალიანებისკენ გააქროლა ცხენით. სიგიჟე იყო, რადგან ცხოვრებაში მეორედ მოაბრუნა ვიღაცამ გზიდან და სასაცილოც ის იყო, რომ ეს მხოლოდ ამ გოგომ მოახერხა. გული უცნაურად, რაღაც სხვანაირად უცემდა ფიცხელაურს, აზრზე ვერ მოვიდა ისე ამოყო თავი ბიჭის გვერდით, ცხენზე.
ვინ რა იცის, თუ აპირებს ეს ღამე მათთვის უფიქროდ გათენებას. ან კი საერთოდ ვის უნდა ჰკითხო ადამიანმა, მოსალოდნელ გატეხილ ღამეებზე.

გატაცება კავკასიონზეWaar verhalen tot leven komen. Ontdek het nu