ჭადრაკის ფიგურები

32 3 0
                                    

                                თავი 1

     თავიდან არაფერი იყო, სრული სიცარიელე...
მხოლოდ მაგიდა და სკამი ცარიელ ოთახში, სრული სიჩუმე, მდუმარება.
თუმცა ეს ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც შავებში გამოწყობილი კაცი მოვიდა. მოვიდა და დასახლდა, მან მხოლოდ პატარა ჩემოდანი მოიტანა. ეტყობოდა, რომ ამ სევდიანსა და სიბნელით სავსე ოთახში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა, თუმცა ვინ იცის, იქნებ დარჩეს კიდეც...
როცა შემოვიდა, მტვრიანი სკამი გამოსწია, ოთახის შუაში დადგა. დაჯდა და ოთახის თვალიერება დაიწყო, თუმცა ის სრულიად ცარიელი და ბნელი იყო, მხოლოდ ერთი სკამი და ერთი მაგიდა. "ოთახი ერთისთვის" _ გაიფიქრა სტუმარმა. ოთახში დრო გაჩერდა და უფრო დაბნელდა, არაფერი ჩანდა. ბნელ ოთახში მისი სუნთქვის ხმა ისმოდა მხოლოდ. უძრავად იჯდა სკამზე. რამდენიმე ხანგრძლივი წუთის შემდეგ მისი ნაბიჯების ხმა გაისმა. ოთახის იმ მხარეს წავიდა სადაც ჩემოდანი დადო. გაისმა საკეტების გაღების ხმა, შემდეგ ისევ ფეხის ხმა, ჩემოდანიდან რაღაც აიღო და უკან დაბრუნდა.
ასანთის გაკვრის ხმა და პატარა სინათლემ ერთი წერტილი გაანათა. სინათლემ სანთელზე გადაინაცვლა, სანთელმა კი მაგიდაზე, ახლა ოთახის ნახევარი განათდა. კაცი ისევ ჩემოდანთან მივიდა და იქიდან დროისგან შელახული პატარა ყუთი ამოიღო. მაგიდაზე დადო. არ გაუხსნია, სკამზე დაჯდა და ასე უძრავად იყო რამდენიმე წუთს. შემდეგ ადგა, ოთახის ერთ-ერთი კუთხისაკენ წავიდა. პალტო გაიხადა და იატაკზე დააფინა. შემდეგ ჩემოდანი მიიტანა, დადო ისე, რომ თავის დადება შესძლებოდა მასზე. შემდეგ დაწვა და დაიძინა.

                                თავი 2

   დილით სანთელი ისევ ისეთი იყო, როგორიც დატოვა, არც კი დამწვარა, ისევ ენთო და ოთახს ანათებდა. კაცს ვირთხამ ტანზე გადაურბინა და ამან გააღვიძა. ერთი კარგად გაიზმორა, თითქოს იმ ღამეს ბუმბულის საწოლში წოლილიყო. ადგა და ოთახიდან გავიდა. როცა დაბრუნდა, ოთახში ერთი მტვრიანი საწოლი დახვდა. მისი გამოჩენით ნაკლებად დაინტერესდა, თუმცა გაუხადა. ჩემოდანზე თავის დადებით კისერი სტკიოდა. ხელში რაც ეჭირა, მაგიდაზე დადო, საწოლთან მივიდა, დაჯდა, შემდეგ გადაწვა, საკმაოდ რბილი საწოლი აღმოჩნდა, რამაც უფრო მეტად გაახარა. ისევ მაგიდასთან დაბრუნდა, ქაღალდიდან შავი პურის ნატეხი და საჭმლის ნარჩენები ამოიღო და გემრიელად შეექცა. როცა მოილხინა, ისევ დაწვა და დაიძინა.
სანთელი ისევ ანთებული იყო, თუმცა არ ილეოდა. ისევ ისეთი იყო როგორიც ანთებისას.
შუაღამით გაიღვიძა. თვალებზე ხელი გადაისვა, რომ ძილის ბურუსიდან გამორკვეულიყო, ადგა და სკამზე დაჯდა. საბოლოო ნამცეცებიც შეჭამა. კუთხეში დადებული ჩემოდანიდან ნივთების ამოლაგება დაიწყო. სულ რამოდენიმე ნივთი იყო: პატარა გატეხილი სარკე, უბრალო ხის ყუთი, დანა და სურათის ჩარჩო, სურათის გარეშე. შემდეგ მაგიდასთან დაჯდა, პატარა ყუთი აიღო,  მტვერი ხელით გადაწმინდა, დჟანგული საკეტი გადაწია და გააღო. შიგნით პატარა ჭადრაკის ფიგურები იყო, მარმარილოსი და ბროლის, ვერცხლით მოჭედილი. ყუთის შიგნითა ნაწილი ახალი და სუფთა იყო,  თეთრი და შავი კვადრატები უცნაურად ერწყმოდა ერთმანეთს.
კაცმა ფიგურები დააწყო, მარმარილოსი ერთ მხარეს და ბროლის - მეორე მხარეს. თამაშისთვის მეორე პიროვნება აკლდა ოთახის სტუმარს, ამიტომ ჭადრაკს თავი ანება და ოთახიდან გავიდა. მოსვლა ცოტა დააგვიანდა, თუმცა როცა მოვიდა ხელში ისევ ქაღალდის შეკვრა ეჭირა. მაგიდაზე ამოალაგა მოტანილი ნადავლი: პატარა, თითქმის მთლიანად დაობებული პური, სამი ჭიანი ვაშლი და ნახევრად ამყრალებული თევზი. ივახშმა, შემდეგ კი დაწვა და დაიძინა. შუაღამეს მუცლის ტკივილმა გამოაღვიძა. "ალბათ, თევზმა მაწყინა, არასდროს ყოფილა ასე, ბევრჯერ მიჭამია გაფუჭებული საჭმელი. ახლა რაღა მომივიდა?" _ ფიქრობდა თავისთვის. შეეცადა ისევ დაეძინა, თუმცა უშედეგოდ, დილამდე იწრიალა, ხან ერთ მხარეს გადაბრუნდა, ხან მეორე მხარეს. ყველა მცდელობა იმისა, რომ დაეძინა, უშედეგო იყო, მუცლის ტკივილი არ უყუჩდებოდა. ადგა, ოთახში სიარული დაიწყო, იქნებ მიშველოსო, ფიქრობდა.
  გათენებისას, როცა ჯერ კიდევ ბინდი იყო, გარეთ გავიდა. ციოდა ამიტომ ქუდიც დაიხურა...

ჭადრაკის ფიგრუები Where stories live. Discover now