არც კი ვიცი, როდის ვიქეცით ერთმანეთისთვის აბსოლუტურ უცნობებად ან როგორ აღარაფერს ნიშნავდა მისი მზერა ჩემთვის. არც არასდროს ვიცნობდი, მგონია...
მან, მისმა პიროვნებამ აზრი დაკარგა თითქოს. არსი, მნიშვნელობა მოესპო.სანამ ესკალატორამდე მივაღწევდით, სწრაფი ნაბიჯით მოძრავ ბრბოს შევერიე, გადღაბნილ სილუეტებში ავიზილე.
გამასწრო, მაგრამ დამელოდა. შეუმჩნევლად ითრევდა ფეხს. უსიამოვნოდ და უხერხულად, მაგრამ მაინც.სწორედ ამიტომ აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა. ალბათ, ჯობდა, თვალთახედვიდან დამკარგვოდა საერთოდ.
ერთ საფეხურზე შევჩერდით. ზაფხულის სიცხით გამომშრალ ყელში ნერწყვი ძლივს გადავაგორე - გაჩხერილი ბურთი უფრო და უფრო დიდდებოდა.
-შენთან ნორმალური დიალოგის აწყობა არც არასდროს გამომდიოდა, - გავხედე. შევკრთი.
დაჟინებით მომჩერებოდა.-ყოველთვის იცოდი, როგორ მიყვარს სიჩუმე. და რადგან მე დუმილი უხერხულობას არ მიქმნის... წესით, აღარც შენ უნდა გიქმნიდეს. თანაც, დიალოგი საერთო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
იცრუა. ვიცი, იცრუა. თითქოსდა საერთო სიჩუმე არ გვქონოდა სწორედ...
-და ამის შემდეგ, ალბათ, ისევ დუმილს უნდა დავუბრუნდეთ, - გულისამრევი ირონიით გამოსცრა.
-თავისთავად, - მხრები ავიჩეჩე და წინ გავიხედე.
რამდენიმე წამის შემდეგ თავისთვის ჩაიცინა, დაუფარავად, თითქოს რაღაც გაახსენდაო და ნაბიჯი წინ წადგა, გაურბოდა თითქოს რაღაცას.
ისევ განზე გავიხედე. მეც გავურბოდი თურმე.
ესკალატორიც მიილია, უცაბედად დამდგარი დღის ბოლოსავით.
პირველი ის გავიდა.
შეყოვნდა. ვიღაცამ ბარათი სთხოვა.
წამიერად შევდექი და მაშინვე სვლა განვაგრძე,
თუმცა ფეხებმა თავისით შეანელეს ნაბიჯი.მალევე წამომეწია.
უსიტყვოდ გავედით გასასვლელში და იძულებული ზრდილობით მივაჩერდით ერთურთს.
-აბა, საით?
-როგორც ყოველთვის. მარჯვნივ, - ხელი გავიქნიე.
-მე პირდაპირ... თუმცა, ჯერ მეც მაქეთ წამოვალ.უეცრად მოლბა. იღიმოდა. თითქოს დაძაბულობაც გაქრა, მაგრამ...
არ გვეწერა ერთმანეთის სიჩუმის გაფანტვა. აღარ.ფეხი ისევ ისე ამიწყო, როგორც ყოველთვის აკეთებდა. მივხვდი - ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნით უფრო შემაწუხებელი და მტკივნეული ხდება ყველაფერი. ისიც ვიცოდი, ჩემი გზით იმიტომ არ წამოსულა, რომ ერთად ყოფნის დრო გაეწელა. უბრალოდ, ასე უფრო მარტივად გადაჭრიდა სხვისკენ მიმავალ, მოკირწყლულ გზას.
ასფალტი დუღდა თითქოს, ოხშივარი ასდიოდა, სიმწრის ცრემლებს ყრიდა, შემაწუხებელი ხალისით ანათებდა მზე.
და აი, მოვიდა ნანატრი წუთიც.
სიცილით, ბავშვს რომ ეკითხებიან ხოლმე, ისე შემომხედა და იგივე კითხვა გამიმეორა:
-ახლა საით?
ჩემი პასუხიც იგივე იყო:
-მარჯვნივ.-აბა, კარგად, - ისევ ისე გაიცინა, როგორც ორიოდე წუთის წინ, დაუფარავად, ფართოდ და... ძველებურად.
-კარგად, - მიმქრალი ორაზროვნებით გავხედე.
მოვტრიალდი და გზას გავუდექი, დამშვიდებული სხეულითა და თითქოს განათებული გონებით.
უკან არ მიმიხედავს.
ვიცი, არც მას.----------------------------
ოთხკედელშუა გამომწყვდეულს წარსულის ქექვის გარდა რაღა დამრჩენოდა?! შთაგონება შარშანდელი ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ, ცხელ დღეს მომხდარი დიალოგიდან მეწვია. სიტყვა-სიტყვით დამამახსოვრდა, მწარედ და მტკივნეულად.
What better way to seek inspiration hah?! 😂✍️
Vote & Comment & Stay Healthy! 💜
YOU ARE READING
"არაფრობის" ჭეშმარიტება/In Nemo Veritas
Fanfictionმიმქრალი ორაზროვნებით გავხედე მიმავალს. მოვტრიალდი და გზას გავუდექი, დამშვიდებული სხეულითა და თითქოს განათებული გონებით. უკან არ მიმიხედავს. ვიცი, არც მას.