სიჩუმე უკვე აუტანლად ხმაურიანი გახდა ჩემთვის. ალისფერი ეოსი მოიწევს ფანჯრიდან, მე კი უკვე დიდი ხნის წინ ჩამქვრალი ბუხრის წინ ვზივარ. უკვე 4 საათია უმისამართოდ ვიყურები, თავში კი ათასი აზრი დაქრის და ოთახის სივრცეს ავსებს მათი ქაოსურობა. სწორედ ამიტომაა ხმაური, არავინ ლაპარაკობს, მარტო ვარ, მაგრამ ვგრძნობ, ეს ის სიწყნარე არ არის, რაზეც ოდესღაც მიოცნებია.
უძილობის მიზეზი უცნაურია. არც ნამეტანი სიხარული, არც სევდა. უბრალოდ არაფერი. როცა გგონია რომ აღარაფერს გრძნობ და ვერც ვერასდროს იგრძნობ, იმის ტკივილი.
ეს ნიჰილიზმი არ არის. არც ის გულგრილობაა, სიბოროტეს რომ ქადის. არ ვიცი რა არის და ამის გარკვევას ვცდილობ უკვე 4 საათია.
ვიხსენებ, როგორი ბავშვი ვიყავი.
ყველაზე ცოცხალი, ყველაზე მეოცნებე და მოუსვენარი.
ვიხსენებ როგორი შვილი ვარ. ალბათ წესიერი, ზრდილობიანი, გამგონი.
როგორი დედმამიშვილი? ყველაზე თბილი, გამგებიანი.
მეგობრებისთვის ერთგული, მიმტევებელი.
იქნებ არ ღირს გაგრძელება, იქნებ ვერ ვიპოვი მიზეზს, თუ რა მოხდა, რამ შემცვალა.
იქნებ უკვე აღარაფერი მიკვირს, იმიტომ ვარ ასე. ცხოვრბამ ყველაფერი მაჩვენა.
ღალატიც, მოტყუებაც, მეგობრის დაკარგვაც, სიყვარულიც, დაშორებაც, უაზრო ფლირტები, უაზრო საუბრები, უაზრო ხალხი, უაზრო ... უაზრო..ძალიან ბევრი უაზრო.
თავში ხელს ვირტყამ, იქნებ გამახსენდეს?! რა მოხდა, რა დამემართა..ასეთი უინტერსო რატომ გავხადე უცებ ყველა.
ვცადე ყველაფერი ახლიდან დამეწყო მაგრამ დედმამიშვილიდან დაწყებული ყველას მზერაში ვხედავ, რომ მათი ნიღბები საკმაოდ გასქელებულა, მათი მზერა არაგულწრფელობას ასხივებს, თითქმის დაცინვას, ვგრძნობ რომ ყველა ინსტიქტსაა მინდობილი და ვნებებს აყოლილი. ყველას ვპატიობ, ვინც მიმატოვა, თუნდაც 1 დღით. ბრუნდებიან მაგრამ მათ მხოლოდ ჩემი ცარიელი სხეული ხვდებათ, ნდობაგამოცლილი.
დედაჩემმა მითხრა, აღარაფრის გჯერაო, აღარც ღმერთისო.
არადა, რწმენა ერთადერთია რაც შემრჩა.
ამიტომ ვზივარ ასე, დაჩოქილი, ვედრების სახით.
თითქოს ყველაფერი მაქვს, თან არაფერი.
ვიხსენებ, და ვხვდები, რომ ადამიანებს მე თვითონ ვშორდები, იმის შიშით, არ მეტკინოს.
ყველაფერი ესაა? უბრალო შიში? შიში რომელიც როგორც სტენდალი წერს, მგლები გვგონია, სინამდვილეში კი მხოლოდ მათი ჩრდილების დანახვისას ვძრწით.ვტირი.
იმიტომ რომ ასე მეშინია.
მეშინია შეყვარების.
ვდგები და ოთახიდან გავდივარ. გარეთ, სადაც სიცივეა, წვიმისგან დანესტილი მიწა, უკვე ოქროსფრად ელვარებენ ღუბრლები.და ვის ჭირდება ჩემი სიყვარული?
ამხელა სამყაროში, რომელსაც დასაწყისსა და დასასრულს ვერ უპოვი, მართლაც და ვის ჭირდება.გადავწყვიტე რომ ეს გზაფხულის ხეები მიყვარს, ალუბლის, თეთრად გადაპენტილი.
გადავწყვიტე, რომ ამ დანამულ ბალახსაც შევიყვარებ, უკვე ხელისგულით რომ ვეხები. მიწას, და ჰარმონიულ ხმებს, განთიადს რომ მოყვება.იმიტომ რომ ოდესმე მეც მათ ნაწილად ვიქცევი, ყველას ასე დაგვემართება.
ოდესმე, მეც შემიყვარებს ვინმე.