ყველაფერი შედარებითია, ყველაფერი ქმნის კონტრასტს. არაფერი არ ქრება. არ ქრება ვარსკვლავებიც, უბრალოდ სანამ არ დაბნელდება და არ შეიქმნება კონტრასტი, შედარება, იქამდე ვერ დაინახავთ მათ. აი ასე იქმნება სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაში და ასე ნაწილდებიან ადამიანებიც მასში. ასეა მოგონებებიც, მათი დავიწყება შესაძლებელია, მაგრამ ისინი არასდროს ქრებიან ჩვენი გონებიდან, მხოლოდ იმალებიან და შემდეგ ამა თუ იმ სიტუაციის ფონზე სცენაზე გამოდიან და თავს გვახსენებენ.
ხშირად მესმის, როცა ამბობენ დღესდღეობით საყვარელი ადამიანისა და სიყვარულის პოვნა რთულიაო.
მე არ ვეთანხმები. სიყვარული ყველგან არის,თითოეულ ჩვენგანში.
საყვარელი ადამიანი კი სულ სხვა საკითხია.
აი მისთვის კი, საყვარელი ადამიანისა და სიყვარულის პოვნა კი არ იყო პრობლემა, არამედ მათი შენარჩუნება.
განა რა არის სიყვარული?
გრძნობა, რომლის არც კონტროლი და არც ახსნა შეგვიძლია? არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რომ სარკის წინ მდგომ გოგონას ოდესღაც ამ უკანასკნელის ეშინოდა, მისგან გაქცევას კი ყოველთვის ცდილობდა.
მაგრამ . . . ისიც შეაცდინა თვალებმა, რომელიც ახლაც თვალწინ უდგას, მათ დავიწყებასაც ალბათ არასოდეს აპირებს.
მაქმანებიან, მუხლამდე კრემისფერ კაბას იხდენს, რომელიც თავის შავ თმას ზედმეტად უხდება. ბოლოს ეს კაბა დიდი ხნის წინ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ეცვა. იქვე მდგარ ღვინის ჭიქას ბოლომდე ცლის და ისევ ადგილზე აბრუნებს, თან თავის მეორე მეს ეთანხმება, რომ ამ ბოლო ხანს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მიირთმევს.
მის წინ მდგარი მაღალი, თეთრი ხის სარკე კიდეებში მოჩუქურთმებული და ჭუჭყიანია, ეტყობა დიდი ხანია მის სისუფთავეზე რომ არავის უზრუნია.
საბოლოოდ კარისკენ მიიწევს, იქაურობას ბოლოჯერ ავლებს თვალს და უკვე ჩაკეტილი კარის გასაღებს იქვე მდგარ საყვავილეში ტოვებს.დღეს ცა ოდნავ მოღრუბლული, მაგრამ მზიანია.
თითქოს ვერ გადაუწყვეტავს წვიმას გაიმეტებს დედამიწისთვის თუ არა.
ქუჩაში ისევ ხმაურია, მისი ჩუმი ნაბიჯები კი შეუმჩნეველი და გაუგებარი.
ნაბიჯს უჩქარებს და ცდილობს იქაურ ხმაურს სწრაფად გაეცალოს, რადგან არ მოსწონს, იმდენად არ მოსწონს, რომ ამის გამო საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვაც კი შეუძლია. მაშინ, როცა ხმაურიც უკან რჩება, დამშვიდებული, ნელი ნაბიჯით მიიწევს დანიშნულების ადგილისკენ. შორიდანვე მოსჩანს ხიდზე მყოფი ათეულობით ადამიანი. მათ გვერდს უვლის და პირდაპირ სანაპიროსკენ მიდის. ამ დროს, ხალხი თავს არიდებს სანაპიროს სტუმრობას.
ზღვა ადიდებულა, მისი ტალღები კი მოუსვენრად ეხეთქებიან იქვე მდგარ ლოდებს. ქარიც ურცხვად არღვევს ირგვლივ მყოფ სიჩუმეს. გოგონა ზღვას უახლოვდება, შორიახლოს ჯდება ლოდზე, თან ფეზსაცმელს გვერდით ჰყრის და ახლა უკვე შიშველი ფეხით ეხება ტალღებს. ქარი ზღვის პატარა წვეთებს ფრენის უნარიანს ხდის. ერთი-ორი გოგონას ფაფუკ კანსაც ენარცხება, რაზეც ამ უკანასკნელს ეღიმება. მას უყვარს ზღვა. სწორედ მის გამო ჩამოვიდა ამ ქალაქშიც. უნდოდა ახლოს ყოფილიყო ზღვასთან და ყოველ საღამოს მზის ჩასვლისთვის ეცქირა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტად ზღვა, ამ სეზონზე, აპრილის თვეში მოსწონდა. თვითონაც არ იცის რატომ. ალბათ ზედმეტად დამატყვევებელი და მომნუსხველი იყო ზღვის სილამაზე აპრილში.
ხშირად ფიქრობდა, რომ ცხოვრება საგრძნობლად უსამართლო იყო მის მიმართ. არც ადამიანებს ენდობოდა დიდად.
მხოლოდ ზღვას უზიარებდა ყველაფერს საკუთარ თავზე, მაგრამ ბოლოს, მანაც უღალატა. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთები, როდესაც განსაკუთრებით მძლავრად და მკვეთრად გრძნობს სიმარტოვეს. იმედგაცრუებას, რომელიც გფიტავს და თან ნელ-ნელა გითხრის ძირს. მაშინ, როდესაც საკუთარი თავისადმი სისუსტე არ გეპატიება. სწორედ ამას გრძნობდა იგი, იმ დღის მერე, რაც ზღვამაც უღალატა. დღეს, დანებება გადაწყვიტა. უნდოდა ზღვისთვის შანსი მიეცა აეხსნა, თუ რატომ და როგორ გაიმეტა ერთადერთი მესაიდუმლე. გოგონა ზღვაზე დიდად იყო ნაწყენი, მაგრამ მაინც უყვარდა. მასთან იყო მაშინაც კი, როდესაც ყველას ეძინა. აქ მოსული ყოველთვის იხსენებს პირველ შეხვედრას მასთან, შემდეგ იქვე მდგომ შუქურას გაჰყურებს, ეღიმება და ისევ მიდის. დღეს დარჩენას აპირებს. ალბათ შუაღამემდე აიტკივებს ფიქრით თავს, მერე წავა და დაიგვიანებს, ან იქნებ, სულაც დაბრუნება გადაიფიქროს.
მათი პირველი შეხვედრიდან რამდენიმე წელია გასული. ჩვეულ რუტინას არც ახლა არღვევს. შავთმიანი მაშინაც ამ ლოდზე იჯდა, განმარტოების სურვილით შეპყრობილი, მოუსვენრად იწეოდა ზღვისკენ და მასში რამის შემჩნევას ლამობდა.
- თუ კიდევ უფრო გადაიწევი, გადავარდები, დაიხრჩობი და მოკვდები.
- თუ დაიხრჩობი, ლოგიკურია მოკვდები.
უკან მოუხედავად პასუხობს უცნობ ხმას და ჰორიზონტს გაჰყურებს, იმ იმედით , რომ უცნობი მალე გაეცლება იქაურობას და მარტო ფიქრს მშვიდად განაგრძობს. მიუხედავად ამისა, უცნობი უფრო უახლოვდება და მის გვერდით იკავებს ადგილს. ახლა გოგონას შეუძლია მისი სახის დანახვა სინათლეზე, რომლის წყაროც იქ მდგომი შუქურაა. უცნობის ყურები დამბოს ახსენებს, უნდა გაიცინოს, მაგრამ თავს იკავებს და უემოციოდ შეჰყურებს გვერდით მჯდომს. ბიჭი ლამაზია. დახვეწილი სახის ნაკვთებითა და მოხდენილი ცხვირით. გოგონას უღიმის, მაგრამ საპასუხოდ იგივეს ვერ იღებს.
- ბოლო დღეებია გაკვირდები და ყოველთვის ამ დროს მოდიხარ აქ, მარტო, საათობით ზიხარ და ისევ მიდიხარ.
- მერე, შენ რა გინდა?
- არაფერი, შენი თმა მომწონს.
ისევ უღიმის და მისი გრძელი, ნატიფი თითით ანიშნებს მის თმაზე.
შავთმიანს უცნობი არ აშინებს, მხოლოდ ოდნავ აღიზიანებს, რადგან თავის პირად სივრცეს ურღვევს.
- საერთოდ პირად სივრცეზე გსმენია რამე ?
ოდნავ უხეში ტონით ეკითხება და ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ყმაწვილი ახლა მაინც მიატოვებს და წავა.
- ეს დღეები საკუთარ თავთან ისედაც დიდ დროს ატარებ, მეგზური არ გაწყენდა.
- მომისმინე რომეო ...
- ლუკასი მქვია, მაგრამ თუ გინდა შენი რომეო ვიქნები.მოიცა, შენ რა გქვია?
ლუკასის მშვიდი ტონი გოგონას ანცვიფრებს და ჩუმად ერთი-ორს იკურთხება.
- არ გეტყვი.
- კარგი რაა ... მე ხომ გითხარი!
- გიჟი ხარ?
- არა, მეზღვაური.
- ღმერთო ჩემო!.
ორი ვარიანტი აქვს. ან ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ან ეხუმრება.
ისევ დაკვირვებით ავლებს თვალს. მისი უნიფორმის შემჩნევისას კი რწმუნდება, რომ ეს ახალგაზრდა მართლაც მეზღვაურია.
უცნობი მის უშველებელ ფეხებს ხრის, ხელებს გარშემო ჰხვევს და თავით მათ ეყრდნობა.
ჯერ ზღვას გაჰყურებს, მერე გვერდით მჯდომ, შავთმიან გოგონას. იგი ბოლო რამდენიმე დღე მართლაც აკვირდებოდა შავთმიანს. ცუდი განზრახვა არ აქვს, უბრალოდ გოგონამ დააინტერესა. ფიქრობს, რომ მისი კუპრივით შავი თმა გოგონას იდუმალებით მოცულის იერს სძენს.
ახლოდან უფრო მოსწონს მასზე დაკვირვება.
- იცი, თუ როგორ მოიხსენიებენ სიყვარულს ფსიქოანალიზში?
- არა და არც მაინტერესებს! შემეშვი.
ბიჭი ჯიუტდება და მაინც თავისას განაგრძობს.
- სიყვარულს ფსიქოანალიზში მოიხსენიებენ როგორც სიცოცხლის ინსტიქტს.
შენ კიდევ სიცოცხლის არაფერი არ გეტყობა. არავინ ან არაფერი არ გიყვარს?
- არ მგონია ეგ შენი საქმე იყოს. საერთოდ ჩემთან რამ მოგიყვანა?
რათქმაუნდა გოგონას ბევრი რამ უყვარდა, უბრალოდ ამის გამოხატვა არ შეეძლო. ბოლოდროინდელმა ამბებმა კი ამის სურვილიც დაუკარგა.
ვერ გაეგო ვერაფერი სიყვარულის შესახებ და არც ცდილობდა. თუმცა მისი სჯეროდა, მხოლოდ სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის.
რაც არ უნდა იყოს, ოდესღაც ყველაფერი მთავრდება. ყველაფერი დროებითი და მომენტალურია. დაწყებას გაურბოდა რადგან იცოდა, რომ ეს მაინც დამთავრდებოდა. მაგრამ რა არის ცხოვრების მთავარი არსი ? ისიც ხომ ოდესღაც მთავრდება.
- მე შენთან ზღვამ მომიყვანა.
ბიჭმა ცოტა ხნის წინ დასმულ შეკითხვას უპასუხა და გვერდით მჯდობისკენ ჩუმი ღიმილით გააპარა თვალი.
- ავადმყოფი.
ჩურჩულმა მაინც მიაღწია მის ყურამდე და ამან, მისი ჩუმი ღიმილი უფრო გააფართოვა. გოგონას გვერდით ყოფნა უცნაურად მოსწონდა და წასვლას არც არსად აპირებდა. გადაწყვიტა, რომ შავთმიანი აპრილს ჰგავდა.
- იცი რა? უცნაური ხარ, აპრილივით.
მაგრამ მე მომწონს, გიხდება.
- მე კიდევ ვფიქრობ, რომ შეშლილი ხარ. წადი საქმეს მიხედე!
სინამდვილეში, ბიჭმა მიიბყრო გოგონას ყურადღება და დააინტერესა კიდეც.
- აქ რას აკეთებ ხოლმე ?
- ვუსმენ.
- რას უსმენ?
- ზღვის სიჩუმეს.
- კარგი, მაშინ ნება მომეცი შენთან ერთად მოვუსმინო.
დიდყურებამ პასუხი ვერც ახლა მიიღო და როგორც გვჩვევია ხოლმე, სიჩუმე მანაც თანხმობად ჩათვალა.
- შენ ხომ მეზღვაური ხარ, მაშ მითხარი, სად სრულდება ზღვის კიდეები ?
- არ სრულდება. უკიდეგანო და ღრმაა, თითქოს დაუსრულებელი. მე მინდა, რომ ასე იყოს.
ბიჭი ოდნავ ყვირილით ამბობს, ცდილობს აბობოქრებული ტალღების ხმა გადაფაროს.
- ყველაფერს აქვს დასასრული, ზღვასაც.
- ღმერთო, ყველაფერს ნეგატიურად უყურებ. ამაზე სამუშაო გვაქვს.
საწყენია, შენს სახელს ისევ არ მეუბნები.
შავთმიანი მხიარული მზერით უყურებს ბიჭს და ამჯერად ოდნავ უღიმის.
ტალღები უფრო ახმაურებულან. ქარი კი მათი თმის ჩეჩვით ხალისობს.
- ცხელი შოკოლადი გიყვარს?
აშკარაა ყმაწვილს ბევრი ლაპარაკი სჩვევია.
გოგონა მხოლოდ თავის ოდნავი დაკვრით პასუხობს და მზერას ისევ აშორებს.
- მე მოგიმზადებ. წავიდეთ, გაცივდები.
შავთმიანმა იმ დღეს ის ადამიანი იპოვა, ვინც სიცივის დროს გაათბობდა.
ახლაც თვალწინ უდგას მისი სიყვარულითა და მზრუნველობით აღსავსე მზერა. ღიმილი მის სახეს არ შორდება. მასზე ფიქრისას მხოლოდ ეღიმება. როცა თვალებს ხუჭავს სიბნელის ნაცვლად სწორედ მას ხედავს. იქნებ სწორედ ეს არის სიყვარული? რაც ზღვამ მოუტანა, ზღვამვე წაართვა,მანაც უღალატა. უკვე ღამდება, ზღვას გაჰყურებს და მისი ფიქრებიც უსასრულობის ჰორიზონტს უერთდება. იმ ღამესაც იხსენებს, როცა ზღვამ ის ერთადერთი ადამიანი წაართვა, რომლის მიმართაც მისთვის აუხსნელი სითბო ეუფლებოდა. მაშინაც სწორედ ასე ადიდებულიყვნენ ტალღები. მისთვის სიყვარული თვითონ ლუკასი იყო. ალბათ ზღვამ ეს ვერ აიტანა, იეჭვიანა და ეს ერთადერთიც წაართვა. არემარეს კიდევ ერთხელ ათვალიერებს, თითქოს ცდილობს იქაურობის გონებაში მყარად ჩაბეჭვდას. შუქურას ღიმილით უმზერს და ტალღებისკენ მიიწევს. პასუხს ეძებს და ზღვას ახსნის ნებას რთავს.
დღეს მისი წარსული მოერია აწმყოს.⚡️🪐⚡️🪐⚡️🪐⚡️🪐⚡️
ეძღვნება: lutenr
Happy birthday later xuxs😂🥳🧸"ყველაფერი შედარებითია, ყველაფერი ქმნის კონტრასტს. არაფერი არ ქრება. არ ქრება ვარსკვლავებიც, უბრალოდ სანამ არ დაბნელდება და არ შეიქმნება კონტრასტი, შედარება, იქამდე ვერ დაინახავთ მათ. აი ასე იქმნება სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაში და ასე ნაწილდებიან ადამიანებიც მასში."
ეს ნაწილი აღებული მაქვს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფიკიდან რომელიც არის ზეინზე.
რეკომენდაციას ვუწევ და ვისაც გაიმტერესებს ფიკი ფბ-ზე moders storiess აქვს. "Stars can't shine without darkness" ავტორის ვინაობა სამწუხაროდ არ ვიცი. თუ იცნობთ გამაცანით მეც😂
ეს იმეიჯინი კი ჩემს სიზენ მეგობარს დავუწერე.
მგონი მეც ვსტანავ უკვე ამის შემყურე 😂 ბიგ ლავ სიზენ🥳💚🧸