.

289 30 19
                                    

მეომართა ოჯახში დაიბადა, მაგრამ თავად, მეომარი არასდროს ყოფილა.

ხუთი წლის რომ იყო, აღტაცებით, ბავშვური ბედნიერებით აკვირდებოდა მამის მახვილს, აბჯარსა და შეკაზმულ ცხენს, ბრძოლაში რომ მიემართებოდა, მისგან დაბრუნებულს კი სისხლის ლაქებით დაფარული ლითონი მოჰქონდა. სიამოვნებით აკვირდებოდა უფროს ძმას წვრთნებზე, უყურებდა როგორი სიძლიერით იქნევდა მახვილს, სამიზნეს ისრებს უშენდა, დანით ჭრიდა ტახის ტყავს და არაერთ ბრძოლაშიც გაუსვრია ხელი ადამიანის სისხლით.

მოსწონდა, როდესაც ხედავდა როგორი სიამაყით უყურებდა მამა მახვილზე ხარბად, გულუბრყვილო ინტერესით მომზირალს. ისიც უყვარდა, საღამოობით დედა რომ გოგონებთან ახლოს არ უშვებდა, ეს თავს ბიჭად, ძლიერად აგრძნობინებდა.

საჯინიბოში დიდ დროს ატარებდა. უყურებდა როგორ კაზმავდნენ ცხენებს, დაღლილებს წყალს აძლევდნენ, თივას უყრიდნენ, ბანდნენ და თავისუფლად სასეირნოდ უშვებდნენ მდელოზე.
ცხენების დასაბრუნებლად წასულ ძმას კი თეჰიონიც მიჰყვებოდა, ხელს ჩაავლებდა ხოლმე მტევანზე, რათა სიბნელის არ შეშინებოდა, მაგრამ ძმის სიტყვების შემდეგ ხელის ჩაკიდებასაც და მდელოზე გაყოლასაც ნანობდა. იძულებული იყო ბინდში გახვეულ შიშს თავად გამკლავებოდა.

– შიში მეომრის საქმე არ არის, თეჰიონ, მეომრის საქმე შიშის დამარცხებაა.

თორმეტი წლის რომ გახდა, მამამ წვრთნებზე ისიც მიიყვანა. პირველად მაშინ იპყრა ხელთ ნამდვილი მახვილი, მაგრამ გამოყენებით კი არასდროს გამოუყენებია. რამდენიმე წუთში ხის დანა შეაჩეჩეს და პირველი ბრძოლისთვის მოამზადეს. მართალია, არაფერი იცოდა, მაგრამ შეცდომებზე უნდა ესწავლა.

სწორედ ამიტომ მოედანზე იდგა, ხელში ხის დანითა და გამოუცდელი გონებით, მოუმზადებელი სხეულითა და დაბნეული მზერით, ჯონ ჯონგუკის წინაშე.

ჯონგუკი მისი სოფლიდან იყო, თეჰიონზე ერთი წლით პატარა, მაგრამ მასზე ბევრად დიდი. ყმაწვილმა უკვე იცოდა ხმლის გამოყენება და თეჰიონს გაეგონა, ტყეში ირემი ერთი ისრით განგმირაო.

selcouth Where stories live. Discover now