ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე ერთმანეთზე დახვეწილი, თანამედროვე დიზაინით აშენებული სახლები ჩამწკრივებულიყვნენ, რომლებსაც დიდი, მოვლილი ეზოები ამშვენებდათ. უბანი სიმშვიდეს მოეცვა. გზაზე ერთეულებად თუ გაივლიდნენ წითელი პორშე ან შავი ჰამერი. საველე ბილიკზე კი ხან ბავშვები დასრიალებდნენ როლიკებით, ხან მოხუცი ქალბატონი გაისეირნებდა თავის დავარცხნილ პუდელთან ერთად.
დილა ღრუბლიანი, მაგრამ მაინც თბილი იყო. ამინდი უკვე რამდენიმე დღე იყო წვიმით იმუქრებოდა, მაგრამ აყოვნებდა, ალბათ რაიმე განსაკუთრებულ მიზეზს ელოდა.
მორგანების ორსართულიანი თეთრი სახლი სხვებთან შედარებით არც ისეთი დიდი იყო, სამაგიეროდ თანამედროვეობით გამოირჩეოდა. მის ეზოს გამოცდილი, დახვეწილი მომვლელის ხელი ეტყობოდა. ეზოს მწვანე ზედაპირს სარწყავი მილი ნამავდა. მისი კამკამა წვეთები დაბალ, ფერად ყვავილებსაც ეცემოდა და თვალისმომჭრელად აბრჭყვიალებდა. შავად შეღებილი გისოსებიანი ჭიშკრიდან განიერი ქვაფენილი სახლამდე დაგრძელებულიყო. მის შუა ნაწილს კი უზარმაზარი, მაგრამ სადა ფანტანი ამშვენებდა. ჭიშკართან მკაცრი სახით ორი დაცვა იდგა, მათთან ახლოს კი მოთეთრო-მონაცრისფერო, ცისფერთვალება ლაიკა ბურთს დასდევდა.
- მაია! - გაისმა სახლის მარჯვენა ნაწილიდან ბიჭის ხმა. ძაღლმა მაშინვე ყურები ცქვიტა და თავი იქით მიაბრუნა საიდანაც ხმა მოდიოდა. - მაია! მოდი ჩემთან, ჩქარა! - ძაღლმა ბურთს თავი ანება და ისე გაიქცა ბიჭისკენ, თითქოს დამშეულს მის ადგილას ხორცის დიდი ნაჭერი ელოდა. ლაიკამ ბიჭთან მიირბინა, ფეხებში აებლანდა და თავი მის ხელებს მიუშვირა მოსაფერებლად. ხელებმაც არ დააყოვნეს. - წამოდი ჩემო გოგო, სადაცაა ერიკა ჩამოვა, მას კი აუცილებლად სუფთად უნდა შეხვდე.
ბიჭს, რომელიც მაიას ეფერებოდა ბრუნო ერქვა. მის ძარღვებში ამერიკელის და ინდოელის სისხლი ჩქეფდა. ის და მისი და - მენდი მორგანების სახლში მას შემდეგ ცხოვრობდნენ, რაც მათმა ინდოელმა დედამ მზარეულად დაიწყო მუშაობა. მაშინ ბრუნო 8 წლის იყო, მენდი კი 6ის. მას მერე 18 წელი გავიდა. და-ძმა უკვე ზრდასრულები იყვნენ დედა რომ გარდაეცვალათ, მაგრამ მათ მორგანების სახლის დატოვების უფლება არ მისცეს. მენდი შესანიშნავი მზარეული იყო და დედის საქმეს დამხმარე გოგონასთან ერთად მშვენივრად უძღვებოდა. ის გამოცდილი და დახვეწილი ხელი კი, რომლითაც მორგანების სახლის ეზო გალამაზებულიყო, სწორედ ბრუნოს ეკუთვნოდა.
ბიჭს მუქი ხორბლისფერი კანი და მიმზიდველი აღნაგობა ჰქონდა. მისი მუქი, მოხუჭუჭო პატარა თმა ერთი შეხედვით უხეში გეგონებოდათ, მაგრამ ბუმბულივით რბილი იყო. თაფლისფერი, ფართო თვალები პატრონის სიმშვიდეზე, გაწონასწორებულობასა და გონიერებაზე მიგანიშნებდა. მისი ვარდისფერი ტუჩები იშვიათად, მაგრამ გულწრფელად იღიმოდნენ. მომრგვალო ცხვირი კი მისი სახის სიმპატიურობას მთლიანად აჯამებდა.
მუშაობისას ბრუნო არასოდეს იცვამდა ტანს ზევით, მით უმეტეს, თუ კარგი ამინდი იყო. მის მახვილ თვალს კი არასოდეს ეპარებოდა იმ მეზობელი გოგონების სახეები, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ ბრუნოს სამუშაო განრიგი და რომლებსაც მუდამ გული სწყდებოდათ, რომ ბიჭი მდიდარი არ იყო, არ ჰყავდა ფერარი, არ დადიოდა ღამის კლუბებში და არ იცვამდა მოდურ ტანსაცმელს.
ბრუნოს თავის სამუშაოსთან ეთად ძალიან უყვარდა ცხოველები და ლაიკა, რომელსაც ახლა აბანავებდა სწორედ იმ გოგომ აჩუქა, რომელსაც ახლა ელოდებოდნენ. უკვე ოთხი წელი სრულდებოდა, რაც ის და მაია განუყრელი მეგობრები იყვნენ. ძაღლი სულ რაღაც ორი კვირის იყო, როცა ერიკამ ბრუნოს მოუყვანა და ბიჭი ისე უფრთხილდებოდა ლამაზ ცხოველს, როგორც საკუთარ სიცოცხლეს. მაია საკმაოდ ჭკვიანი ძაღლი აღმოჩნდა და პატრონის ხელში ისე გაიწრთვნა, რომ როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, მასაც ისე ელაპარაკებოდნენ, ექცეოდნენ და ავალებდნენ.
YOU ARE READING
ნუ გეშინია
Horrorისტორიის ამოუცნობი სიუჟეტი მათთვისაა, ვისაც ფენტეზი, მისტიკა და ჰორორი უყვარს. იანის და ერიკას თავგადასავალი მკითხველში მძაფრი ემოციების გამოწვევას შეეცდება. ისტორია 2014 წელსაა დაწერილი და ალბათ ცოტა დასახვეწია, თუმცა მაინც საინტერესოდ ვთვლი. და ი...