ოჰაიოში ზამთარი იდგა - ჩარაზული კარებით, დაგმანული ფანჯრებით, დათრთვილული მინებითა და ლოლუებისგან მოვარაყებული სახურავებით. ფერდობებზე თხილამურებით დაქროდნენ ბავშვები, ქურქებში გახვეული ქალები დიდი, შავი დათვებით დააბოტებდნენ ქუჩებში.
უეცრად ახალმა ამბავმა გადაურბინა პატარა ქალაქს. მარსზე ბილეთების ყიდვა დაიწყო! ყველა გაიქცა უახლოეს სალაროსთან, სადაც ბილეთები იყიდებოდა, უკვე ერთ საათში ხალხით გაივსო ქუჩები, ბედნიერ სახეებზე ეტყობოდათ გამგზავრების პერსპექტივით გამოწვეული სიხარული.
***
ერთს ძალიან უნდოდა, მარსზე გაფრენილიყო რაკეტით, თუმცა დააგვიანა. დილაადრიან მიადგა კოსმოდრომს და მავთულის ღობის იქით მოსიარულე მოგზაურებს გასძახა, რომ მარსზე გაფრენა სურდა. წესიერი მოქალაქე გახლდათ, მუდამ დაგვიანების გარეშე იხდიდა გადასახადებს. უილიამს ნამდვილად ჰქონდა მარსზე წასვლის უფლება. ის ხომ აქ, ოჰაიოში დაიბადა! განა ცუდი მოქალაქეა ? პირიქით, ძველი დეტექტივია, რომელიც ხალხს ეხმარებოდა. მაშ რატომ არ უნდა წავიდეს, ხელს რა უშლის? უილიამი მუშტებს იქნევდა და გაჰყვიროდა, რომ დედამიწიდან გაქცევა სურდა; ყოველი ჭკუათმყოფელი ცდილობს გაეცალოს აქაურობას. ერთ-ორ წელიწადში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. მას სულაც არ უნდა, ამ საშინელებას შეესწროს. ის და ათასობით მისი მსგავი, - ყველა, ვინც კი სრულ ჭკუაზეა, მარსისაკენ მიიჩქარის, ჰკითხეთ მათ, თუ არ გჯერათ. შორს ომებისა და ცენზურისაგან, ბიუროკრატიისა და სამხედრო ვალდებულებისაგან! შორს მთავრობის კონტროლისაგან, რომელიც გასაქანს არაფერს აძლევს, ახშობს ხელოვნებასა და მეცნიერებას! უილიამი ყველაფერს გაწირავს - თავის მარჯვენას, გულს, თავს, ოღონდაც მარსზე მოხვდეს. რა არის ამისათვის საჭირო, ვინ მიჰყიდის ბილეთს, რომ რაკეტაზე მიიღონ?
მავთულის ღობის იქიდან სიცილი დააყარეს. რატომ დააგვიანე, - ეუბნებოდნენ ისინი - განა არ იცოდი ამას რა მოყვებოდა? ადრე უნდა გეფიქრა.