რაღაც შეგვეშალა. არ ვიცი, შეცდომა რომელმა ჩვენგანმა დაუშვა, ან, იქნებ, ეს ორივემ გავაკეთეთ. არ ვიცი, ჩვენი სული რომელმა გახლიჩა, არ ვიცი, ერთ მთლიანობად ქცეული, რომელმა დაუბრუნა იგი საწყის, თეჰიონ, მაგრამ, ჩვენ აღარ გვესმის ერთმანეთის. ვეღარ ვხედავთ, ვეღარ ვგრძნობთ.
ჩვენი სიყვარული აღარ არის ჩვენი თავშესაფარი. ახლა ყველაფერი პირიქითაა, ამ გრძნობას თავად მივეცით კარმიდამო, თავად გავხდით მისი ბუდეც, თავშესაფარიც. ჩვენ მისთვის ერთადერთი ხსნა ვართ, მაგრამ, აღარ ვიცი, შეგვიძლია თუ არა მისი ტკივილების მოშუშება.
ჩვენ ვიქეცით ჩვენივე გრძნობის თავშესაფრად. ვზარდეთ, ვკვებოთ, მოვუარეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი ვუშველეთ. რაღაც შეგვეშალა, თეჰიონ, სადღაც, ადრე, ან შეიძლება ცოტახნის წინ, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ განვცალკევდით.
აღარ მიყვარხარ. მაპატიე, რომ ჩემი გრძნობა იმაზე ადრე გაცვდა, ვიდრე ჩემი ცხოვრების ძაფი. მაპატიე, რომ პირობა დავარღვიე. მაპატიე ყოველი სიტყვა, რომელიც ჩვენი სიყვარულის მარადისობაზე ამოვთქვი. მაპატიე, რომ ჩემი სიყვარული არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, დროთა მსვლელობა ჩაეყლაპა და მისი არსებობა გაექრო. მაპატიე.
აღარ მიყვარხარ: ანუ აღარ მაწუხებს ფაქტი, რომ არ მირეკავ, არ მწერ, არ გენატრები; აღარ მიყვარხარ: ანუ აღარ მინდება დაგირეკო, მოგწერო, აღარ მენატრები; აღარ მიყვარხარ: ანუ შენი არსებობა აღარ მანიჭებს ბედნიერებას; აღარ მიყვარხარ: ანუ შენზე ფიქრები აღარ აწიოკებენ, აოხრებენ, დომინირებენ ჩემს გონებაზე; აღარ მიყვარხარ: ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აღარ შეგიძლია, ტკივილი მომაყენო.
მაპატიე, რომ შენი მიტოვება ასე ლაჩრულად მიწევს. მაპატიე, რომ წერილს გიწერ, რომ იმის გამბედაობა არ მაქვს, თვალებში ჩაგხედო და ისე მოგიყვე, როგორ გამიქრა გრძნობა. მშვიდობით, თეჰიონ. შენ ყოველთვის დარჩები ყველაზე პატივსაცემ ადამიანად ჩემს ცხოვრებაში.