12 თავი

107 4 0
                                    

დე, სად ხვდები ახალ წელს? - ოთახში თავი შემოუყო ქალმა. ლოგინზე იყო ვარსკვლავივით გაწოლილი და ფიქრობდა, მიუხედავად იმისა რომ სამეცადინო ჰქონდა. თავი ოდნავ წამოწია და დედა გაუღიმა, მხრები აიჩეჩა შემდეგ.
-ანუ არ იცი საავადმყოფოში ხარ თუ არა? - გაუკვირდა დედამისს.
-ჩემზეა დამოკიდებული როგორ ავირჩევ, დე. - აღიარა.
-არ გინდა სახლში ყოფნა, არა? - გაუღიმა ქალმა და საწოლის კიდესთან ჩამოჯდა.
-ბოლო დროს აღარაფერი აღარ ვიცი. დამიჯერებ? - ამოილაპარაკა გულწრფელად. - ჭრილობების გაკერვის მეტი აღარაფერი ვიცი. - გაეცინა შემდეგ.
-რატომ, დე? რამ დაგავიწყა ყველაფერი? - ფართოდ გაეღიმა ქალს.
ანა ოდნავ წამოიწია, ჯერ კიდევ სველი თმა უსიამოვნოდ მოედო კანზე და გააჟრიალა. დედას ხელით ანიშნა, გვერდით მომიწექიო და ქალიც უმალ დაჰყვა. თმა ორივე ხელით აუწია და მხრებიდან ღიმილით მოაშორა.
-რამ და... იმდენი რაღაც ხდება... იმდენი... თვალის დახამხამებაში იცვლება ყველაფერი და... გააზრებას ვერ ვახერხებ. - უთხრა და დედას მხრიდან მიეხუტა.
ქალს გაეღიმა, კარგად მოისმინა შვილის ვერ ნათქვამი აღიარება.
-ერთი კითხვა არ მასვენებს მხოლოდ. რატომ ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცეები? მომავალი ქირურგი ვარ, თითქოს უნდა მესმოდეს, არა? არა და არაფერიც არ მესმის!
-როგორ ნაადრევად გაიზარდე, იცი? - ღიმილით დახედა ზემოდან დედამ. - ის, რაც შენს ასაკში უნდა გამოსცადოს ადამიანმა, შენ არ განგიცდია. სწავლობდი მაგ დროს. ახლა, გგონია ვალდებული ხარ ყველაფერი იცოდე, არადა არ არის ეგრე! შენც უნდა იყო გაურკვევლობაში, შენც უნდა გამოსცადო ცხოვრების საუკეთესო შეგრძნებები, შენც უნდა შეგიყვარდეს, ანა... ერთი რაღაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან, ხანდახან დიდ დროს უაზროდ კარგავენ, ხანდახან კი სულსწრაფობით ენგრევათ სამოთხე. უნდა იპოვო შუალედი მოვლენებს შორის. უნდა ისწავლო მოთმენა და მოგვარდება ეგეც... გაივლის ყველაფერი... შენ ხომ სულ ამბობ, რომ ყველას გადარჩენა შეგიძლია?! იქნებ დროა მოიცადო, დაელოდო შენ როდის გადაგარჩენენ. - ანას თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაეკრა, დედას მზერა მოაშორა.
-განა შეუძლია გადამარჩინოს ადამიანს, რომელიც ვერ იჯერებს, რომ მისი გადარჩენა შემიძლია? - იკითხა ისე, თითქოს მთელი მისი ცხოვრება პასუხზე იყო დამოკიდებული.
-შენ იცი, რომ შეუძლია. - გაეღიმა ქალს.
-სახლში ვიქნები ახალ წელს. - ამოსუნთქვას ამოაყოლა ანამ სიტყვები და დედის მხარზე თავი უკეთ მოათავსა. ქალს მსუბუქად გაეცინა, შუბლზე აკოცა და მანამ არ ამდგარა, სანამ არ იგრძნო, რომ მის ქალიშვილს უკვე ეძინა...
*
„როგორ ხარ?“
„ანდრეა!“
„დაიგნორება ისწავლე, არა?“
საოპერაციოსთან იდგა, ბოლო შეტყობინებაც რომ გაგზავნა. დიდად არ გაჰკვირვებია, რომ საპასუხოდ არაფერი მოსვლია, თუმცა გულში, ღრმად მაინც გრძნობდა ყრუ ტკივილს. თავი ირონიული ღიმილით გააქნია, საკუთარ თავს უთხრა, სხვა მაინც არაფერი იქნებოდაო. ხელის ერთი მოსმით აიწია კუპრივით შავი თმა კოსად, შემდეგ თავსაბურავი მოირგო და ხელების დასაბანად შევიდა შიგნით.
-აბა, მზად ხარ, პირველო? - მაშინვე შეუძახა მიხალკოვამ.
-დიახ! - უთხრა და ტელეფონი იქვე, ონკანთან დატოვა. ბოლო წამს მაინც შეამოწმა, თუმცა ეკრანზე საათისა და თარიღის მეტი არაფერი დაუნახავს.
-კარგადაა ყველაფერი? - ეჭვნარევი ხმით იკითხა ქალმა.
-დიახ, დიახ. - უთხრა და წყალი მოუშვა, შემდეგ კი გონებაში ოპერაციის გამეორება დაიწყო...
კარგად კი არაფერი იყო...
*
„ორი კვირაა ხმა არ გაგიცია.“
„თავის დაფასებებს არ ვართო, შენ არ მაფრთხილებდი?“
„არ „მიცავ“ სულელური დაიგნორებით. შენი დაავადება მესიჯებით არ გადადის.“
„ბავშვობ, ანდრეა.“
საავადმყოფოდან გამოსულმა უკვე შეჩვეულ, თუმცა გულსატკენ გამოსახულებას გაუსწორა თვალი და ავტობუსის გაჩერებაზე გავიდა.
ცარიელი იყო ყველაზე წინ მდგომი სკამი სკვერში...
*
დღის რიტუალი ჩაატარა, გაღვიძებისთანავე გაუგზავნა შეტყობინება ანდრეას და ტელეფონის ეკრანზე 31 დეკემბერი რომ დაინახა, გულზე მძიმედ დააწვა რაღაც.
შეჩვეული იყო მისგან დაიგნორებას,
შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ მათ ბედნიერი დასასრული არ ეღირსებოდათ.
შეჩვეული იყო ყველაფერს, გულისტკივილსაც და მონატრების აუტანელ შეგრძნებასაც, თუმცა საბოლოო ძაფის გაწყვეტას ვერ ახერხებდა მასთან.
მოკლე დროში საკმარისად გაიცნო, რომ მიმხვდარიყო რატომაც არ პასუხობდა. საკმარისად გაიცნო იმისთვის, რომ სცოდნოდა, როგორ უჭირდა, როგორ არ შეეძლო, როგორ ვერ პატიობდა საკუთარ თავს სისულელეებს... სისულელეებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის...
-დღეს ახალი წელია, დღეს ახალი წელია, დღეს ახალი წელია, ექიმო პირველო, აეთრიე! - ნაცნობი ხმა გაიგო დერეფნიდან და თვალები შუბლზე აუვიდა, მისი ლოგინიდან წამოვარდნა და ოთახის კარის შემოღება ერთი იყო.
კარის ზღურბლზე ნინე რომ დაინახა, თოვლის ბაბუის ქუდით შემოსილი ერთი დაიკივლა სიხარულისგან და შემდეგ სიცილით ჩაეხუტა ბიძაშვილს.
-სახლში ხარ გოგო, შენ?! მეთქი ეს საოცარი სცენა ტყუილად ჩავატარე! - უთხრა ოდნავ დამშვიდებულმა.
-და შენ ჩამოხვედი? მართლა ჩამოხვედი! არ მჯერა. - სახეზე ხელები აიფარა ანამ და თავი გააქნია.
-როდის იყო, პირველები პირობას არ ვესრულებდით? - წარბები აათამაშა ნინემ. - გახსოვს, შენც დამპირდი რაღაცას.
ანას სახე ეცვალა.
-არა, მე არ დაგპირებივარ შენ წამოროშე რაღაც. და ახლა ჩამოხვედი იქნებ დაწყნარდე!
-არა ბატონო, დაწყნარება არ მჭირდება, ნამდვილად. რას შვება, გადარჩა? - იკითხა თვალების ჟუჟუნით.
-ვერ გადაარჩენ იმას, ვისაც გადარჩენა არ უნდა. - საკუთარი თავის გაუკვირდა, ამ სიტყვებს რომ ამბობდა, თუმცა რა ექნა, მართალი იყო. თვალები დაუწვრილდა ნინეს, წარბი აწია შემდეგ. ვერც ის იჯერებდა გოგოს სიტყვებს, თუმცა ახალი წლის დამდეგს, მოწყენას არც-ერთი არ აპირებდა.
-მოკლედ, ნაძვისხე ჯერ კიდევ არ დაგიდგამთ! მარტო არ ჩამოვსულვარ, მთელი ამალა ჩამოვიყვანე და დღეს უნდა მოვასწროთ ყველაფერი!
-რა ყველაფერი?
-ნაძვისხე უნდა დავდგათ, საჩუქრებზე გავიდეთ მაღაზიებში, ის ბიჭი გადავარჩინოთ და ასე, დაკავებულები ვართ მე და შენ დღეს!
-მე და შენ? ლუკა გაგექცა და მე დამიჭირე? - საწყლად იკითხა გოგონამ. ნინეს ბოროტულად გაეცინა. იცოდა ანამ, ქანცს გასწყვეტდა ახლადჩამოსული ბიძაშვილი...
*
„დიდი და ბედნიერი ოჯახი ერთად შეიკრიბა.“
ოთახიდან გასულს, მისაღებში რომ დახვდა ერთდროულად ბიძა, ბიცოლა და ორი ბიძაშვილი, ძალიან გაუხარდა. იფიქრა, ალბათ ეს იქნება ის ახალი წელი, როცა თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობ, საავადმყოფოში რომ არ ვარო. მხიარულად ატარებდა დღეს. ნინეს, გიორგის და ნიკას დაჰყვებოდა აქეთ-იქით, თავად თითქმის არაფერს ამბობდა თუმცა მათ ქცევებზე სიცილით კვდებოდა. ძირითადად ნინე და ლუკა მოქმედებდნენ, მათ აარჩიეს საჩუქრები, მათ აიძულეს ოდნავ სერიოზულებს ნაძვისხის მორთვა და მათვე ითავეს პირველების „ჩაჩუმებული“ სახლის „გამოსაფხიზებლად“ სერიოზული ზომების მიღება.
-ანა, ნუ ზიხარ ჩუმად, თორემ მგონია რომ... - ნინემ გადაულაპარაკა, სავარძელში მჯდომს და მანაც უცებ წამოწია თავი. წინანადების დასრულების მოსმენა ძალიან, ძალიან არ უნდოდა. გაუღიმა და უთხრა, ჩავფიქრდი უბრალოდო.
-ანა, პროფესია უკვე აირჩიე? - ჰკითხა ბიძამისმა.
-დიახ, ნეიროქურურგი ვიქნები! - ჩვეული სიამაყით წარმოთქვა საყვარელი სიტყვები და სახე გაებადრა.
-ასე მარტო მაშინ იღიმი, როცა მაგაზე ლაპარაკობ. დიდხანს იქნები და გაგიშვებ იქ! - დაუყვავა ნინემ.
-ნინე, იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო! სტენდზე დავწერო? - თვალები გადაატრიალა ოდნავ გაღიზიანებულმა.
ხმა აღარ ამოუღია გოგონას...
თავის ოთახში შეიკეტა მალე, სავარძელი ვიტრაჟის წინ დადგა და შიგნით ჩაესვენა. თითქოს მხიარული ადამიანის ნიღაბი მოიშორა და რეალური სახე მიიღო. ამოისუნთქა...
ამინდიც იზიარებდა მის ხასიათს. სულ აკავშირებდა ერთმანეთთან ახალ წელსა და თოვლს, იმასაც ამბობდა, ყველაზე ბედნიერი ის წელი იქნება, თოვლით რომ დაიწყებაო, მაშინ კი წვიმდა... დიდი ბურთები მთელი სიძლიერით ენარცხებოდნენ ფანჯრებს და შემდეგ, მისუსტებულები ნელ-ნელა მიიზლაზნებოდნენ ქვემოთ...
ყოველთვის უყვარდა ახალ წელს ასე დაჯდომა მამასთან ერთად და გასული წლის შეჯამება. ლუკა და დედამისი დასცინოდნენ, რად გინდათ ყველაფრის გახსენება, რა საჭიროაო, თუმცა ისინი მაინც ყოველ წელს სხდებოდნენ ფანჯრის ან ბუხრის წინ, ჭიქა შამპანიურთან ერთად, რომელსაც მამა ანას დედასგან ჩუმად დაალევინებდა. ისხდნენ და ლაპარაკობდნენ... ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ... თვალწინ უცოცხლდებოდათ გასული წლის კარგი და ცუდი მოვლენები... თითქოს ისე ვერ მისცემდნენ ახალ წელს ფეხის შემოდგმის უფლებას, რომ არ აღედგინათ ყველა მოგონება, რომ არ დაეხარისხებინათ და ქარივით გაეყოლებინათ ძველი წლისთვის...
მარტო იჯდა მაშინ ანა, მეცხრე ახალი წელი იყო მამას გარეშე და მაინც სევდიანდებოდა ტრადიციის მარტო აღსრულებისას.
არ ჰქონდა ცუდი წელი. ბევრი ახალი რამ ისწავლა, უამრავ ოპერაციას დაესწრო, შეუფასებელი ცოდნა მიიღო. მთელი თავის თავი მიუძღვნა საავადმყოფოს ცისფერ კედლებს...
და სექტემბრის ერთ დღეს, გათენებისას, ჩუქაში ცხოვრების უდიდეს საჩუქარს გადაეყარა...
„რა მომცა ამ წელმა?
ვინ მომცა ამ წელმა?
ვინ წამართვა ამ წელმა?“
სამივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხით გაეღიმა, სიმწრით გაეღიმა.
მალევე წამოდგა, დაეხსნა სევდიან აზრებს და მისაღებში გავიდა...

თერთმეტი საათი ახლოვდებოდა, ტელეფონი რომ ამღერდა. გაუკვირდა, როცა მიხვდა, რომ თავისი იყო. უცებვე სტაცა ხელი და უცხო ნომერს უპასუხა:
-გისმენთ! - თან ლუკას ანიშნა, ჩაუწიე მუსიკასო.
-პირველო, მიხალკოვა ვარ! - გაიგონა ქალის ხმა ტელეფონში. წარბები შეეკრა გაკვირვებულს.
-დიახ, ელენა. - სახელით მიმართვა გადაწყვიტა. - რამე მოხდა მანდ?
-კი, პირველო! თხუთმეტ წუთში შევდივარ ოპერაციაზე, ალბათ მთელი ღამე აქ ვიქნები. მოხვალ? - ბედნიერებისგან თვალები გაუფართოვდა, წამითაც არ დაფიქრებულა, ისე უპასუხა:
-რა თქმა უნდა, მოვალ! გამოვდივარ! - მის სიტყვებს უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა სახლში, თუმცა მათთვის არ მოუსმენია, მაშინვე წამოდგა და საკიდიდან ქურთუკი ჩამოიღო.
-კი, გამოსვლა მოგიწევს, ოღონდ ოპერაცია არ მაქვს. ¬- სიცილით თქვა ქალმა.
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას, რომ შენში მე შესანიშნავ ქირურს ვხედავ! ამ წამს ამით დავრწმუნდი. - ამაყად ჟღერდა მიხალკოვას ხმა.
-და მანდ რატომ უნდა მოვიდე? - დაიბნა ანა.
-ცოდოა ამ წვიმაში ჯდომისთვის, რამდენიმე კვირის წინ გავუკეთეთ ოპერაცია. - რეაგირება არ დააცადა, ისე გაუთიშა ტელეფონი.
რამდენიმე წამს იდგა გაშეშებული, შემდეგ ხელში გაჩრილი ქურთუკი უცებ მოიხურა მხრებზე და მისაღებში შევარდა. სახლიდან გამოსვლის დროს, არც კი ახსოვდა რით დაიძვრინა თავი, მხოლოდ იმას იაზრებდა, რომ ლუკას მანქანის გასაღები ეჭირა ხელში და საავადმყოფოში, ანდრეასთან მიდიოდა...

ლურჯი ნისლი(დასრულებულია)Where stories live. Discover now