ნაწილი 4

5 0 0
                                    

მე რომ დავიბადე, იმ წელს ხაიმას მამას ძაღლებმა სამი ას-
დოლარიანი კუპიურა უპოვეს და დაიჭირეს. იმ დროისათვის
ეს სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა. ვისაც უცხოურ
ფულს უპოვიდნენ, მით უმეტეს დოლარს, მისი საქმე წასული
იყო. რვა წელი მიუსაჯეს, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის გამო
მალე ჭლექით დაავადდა და ციხის საავადმყოფოში გარდაიც-
ვალა. მამის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, დედამისს,
სარეცხს რომ აუთოებდა, უთოდან დენმა დაარტყა და მოკლა.
ასე დარჩა ხაიმა ობლად. მერე ბიძები ზრდიდნენ, არ ანებივ-
რებდნენ, ხშირად ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ ტანსაცმელი ეც-
ვა და საჭმელი არ აკლდა.
ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი. მახსოვს, ვეცოდებოდი და
მატყუებდა, – დედაშენი შემხვდა, კარგად არის, მალე მოვა და
გნახავსო. – ისე მიხაროდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ნა-
ყინს რომ იყიდდა, ბოლომდე არ ჭამდა, ცოტას მეც მიტოვებ-
და. თუ ვინმე დამჩაგრავდა, მიცავდა. ისე კარგად სხვა არავინ
მექცეოდა და ამიტომ სულ უკან დავყვებოდი.
– ნეტა ეხლა სად არის-მეთქი? – გავიფიქრე და მოედნისა-
კენ გავუყევი. აფთიაქის ფანჯარაში ჩემი ანარეკლი დავინახე
და შევჩერდი. არ მახსოვდა, ახალი ტანსაცმელი რომ მეცვა.
პირიც დაბანილი მქონდა. მივტრიალდი, მოვტრიალდი და
ჩავთვალე, რომ მშვენივრად გამოვიყურებოდი. მერე ჯიბეზე,
სადაც ფული მედო, გარედან ხელი მოვისვი და დავაწექი ქიტი-
ას სასაუზმისაკენ.
სასაუზმე ახალი გაღებული იყო. ხაში შევუკვეთე და მაგი-
დას მივუჯექი, ის იყო ჭამას შევუდექი, ორი მთვრალი მხატვა-
რი შემოვიდა.
– რას მიირთმევთო? – ჰკითხა ქიტიამ.
– არაფერსო. – აბა, აქ რა გინდათო?
– არ ვიცითო, – ის პასუხობდა, უფრო გრძელი წვერი რო-
მელსაც ჰქონდა. მეორეს ცრემლები ჩამოსდიოდა.
– მაგას რა ატირებსო? – დაინტერესდა ქიტია.
– მიხვდა, რომ უნიჭოა და განიცდისო.
იმ მხატვრებს ბოტანიკური ბაღის ზემოთ ჰქონდათ სახე-
ლოსნოები, მე მათ განსაკუთრებულ ადამიანებად მივიჩნევ-
დი, მომწონდნენ.
აცრემლებულმა მხატვარმა ჩემკენ გამოიშვირა ხელი:
– აი, ამისი მამაა ნიჭიერი კაცი, ერთხელ ფეხსაცმელი შე-
ვაკეთებინე. იცით, როგორ შეაკეთა? აღარ ჩავიცვი, წავიღე და
დავკიდე კედელზე. ვუყურებ და ვტკბები, ჩემს ყველა ნახატს
სჯობია, ამისასაცო.
არც მანამდე და არც მერე, არ მახსოვს, მამაჩემზე ვინმეს
უკეთესი რამე ეთქვას. თავიდან მოვინდომე, ერთი ბოთლი
ღვინო გამეგზავნა საჩუქრად, მაგრამ მერე ფული დამენანა და
გადავიფიქრე, – ფეხსაცმელი თუ უკიდია და ტკბება, მეტი რა-
ღა უნდა, ზედ ხომ არ გადავყვებით-მეთქი.
გამახსენდა, მანუშაკა რომ უნდა წამეყვანა წინა საღამოს
კინოში და დავფიქრდი, – რატომ არ ამოვიდა და არ გამაღვი-
ძა-მეთქი? – სხვა დროს აუცილებლად ძებნას დამიწყებდა.
მაგრამ ეს კითხვა გაჩნდა თუ არა, გაქრა კიდეც და მერე აღარც
გამხსენებია, სანამ ერთ დღეს ყველაფერი არ გაირკვა, ოღო-
ნდ ეს ბევრი წლის შემდეგ მოხდა, თანაც თბილისიდან ძალიან
შორს, ციმბირის საპატიმრო ბანაკში. მაშინ კი გადავწყვიტე, –
სამაგიეროდ, დღეს ლისის ტბაზე წავიყვან და იქ ნავით ვისე-
ირნებთ-მეთქი.
ზამთარში ერთი ინდური ფილმი ვნახეთ, იმ ფილმში შეყვა-
რებულები ნავში ცხოვრობდნენ, ტბა ნიანგებით იყო სავსე და
როცა ბანაობდნენ, თავს საფრთხეში იგებდნენ. ბოლოს ბიჭი
ნაპირიდან ნავისაკენ მიცურავდა, გოგოსათვის ძალიან მნიშ-
ვნელოვანი ამბავი უნდა ეცნობებინა და სწორედ მაშინ წავიდა
მისი საქმე ცუდად. გოგოს ეძინა. რომ გამოიღვიძა და დაინახა,
რაც ხდებოდა, ადგა და თვითონაც წყალში გადაეშვა. – მეც ასე მოვიქცეოდიო! – მითხრა მანუშაკამ და ამით ძა-
ლიან მასიამოვნა.
მაშინ დავპირდი, – ერთხელაც იქნება, ლისის ტბაზე წაგიყ-
ვან, დილით ადრე წავალთ და მთელი დღე იქ ვიქნებით, ნავს
დავიქირავებ და გასეირნებ-მეთქი. ახლა ფული მქონდა, ფუ-
ლი როცა გაქვს, დაპირების შესრულებას რა უდგას წინ. ორი
საათისათვის მანუშაკას ცხელი კერძები მიჰქონდა საპარიკმა-
ხეროში. სანამ გარიკა და სურენა დანაყრდებოდნენ, იატაკს
გამოხვეტდა, რაც გასარეცხი იყო, გარეცხავდა, მერე ნახმარ
ჭურჭელს ჩანთაში ჩაალაგებდა და სახლში ბრუნდებოდა.
მომხდარა, სუსანა დეიდა შენაცვლებია და ახლაც იმედი მქონ-
და, უარს არ გვეტყოდა.
ერთსართულიანი, ბრტყელი აგურით აშენებული, საკმაოდ
დიდი სახლი ჰქონდათ. სახლის უკან ეზოში ფარდული და ოთ-
ხოთახიანი ფიცრული იყო ჩადგმული, იმ ფიცრულში მდგმუ-
რები, ძირითადად სტუდენტები ეყენათ.
– ეს ყველაფერი ჩემი შრომითა მაქვს შეძენილიო, – ამა-
ყობდა გარიკა.
მაგრამ ერთხელ სუსანა დეიდამ მითხრა: – ტყუის, ეს სახ-
ლი ჩემი მზითვია, ჩემმა მშობლებმა მიყიდესო. შენ და მანუშა-
კა რომ დაქორწინდებით, აქეთ, კუთხის მხარეს, ორ ოთახს
მოგცემთ, დანარჩენი მე, გარიკას და სურენას გვინდა, ღმერ-
თი იზამს და ვიცხოვრებთ ყველანი ერთად, ტკბილად და ბედ-
ნიერადო.
ღმერთმა აცხონოს, კარგი ქალი იყო. ჯერ კიდევ სულ პატა-
რას მპატრონობდა. მამაჩემი თუ დათვრებოდა და საბავშვო
ბაღიდან ჩემი გამოყვანა დაავიწყდებოდა, ვიჯექი ოთახში მარ-
ტო სკამზე და ველოდებოდი. სუსანა დეიდა ოთახების დასუფ-
თავებას რომ მორჩებოდა, დაკეტავდა კარს და თავის სახლში
მივყავდი. მათი ეზო საბავშვო ბაღის შენობას ესაზღვრებოდა.
საჭმელს მაჭმევდა, დამბანდა და დამაძინებდა. სანამ წამო-
ვიზრდებოდი, თითქმის ყოველღამე ვიფსამდი, ამის გამო ერ-
თი უგემური სიტყვაც არ დასცდენია. იცოდა, რაშიც იყო საქმე
და კლიონკას აგებდა ზეწრის ქვემოთ, ეს იყო სულ. ახლა მანუშაკას ოთახის ფანჯარას მივადექი და მინას შუბ-
ლი მივადე. ლოგინი აულაგებელი იყო, საბნის კუთხე იატაკზე
ეგდო. მანუშაკა არ ჩანდა.
ის იყო გამოვტრიალდი, თავზე კენჭი დამეცა, თან – ჯუდე!
– გავიგონე ჩემი სახელი. მაღლა ავიხედე და ხაიმა დავინახე.
სხვენის კედლის ფიცარი გვერდზე იყო გაწეული, იქიდან იყუ-
რებოდა.
– თუ ძმა ხარ, მანდ რას აკეთებ-მეთქი?
ტუჩებთან თითი მიიტანა, – არავისთან არ დაგცდეს, აქ
რომ ვარ, თორემ დამღუპავო. დავუქნიე თავი.
– არც მანუშაკას არ უთხრაო.
შევყოყმანდი. – კი მაგრამ, რამდენი ხანი აპირებ მანდ
ყოფნას-მეთქი?
– ჯერ არ ვიცი, ვნახოთო.
– კარგი, არც მანუშაკას არ ვეტყვი-მეთქი.
– შენთან საქმე მაქვსო.
– ახლა მანდ რომ ამოვიდე, შეიძლება, დამინახონ, ორი
საათისათვის მოვალ- მეთქი.
– აუცილებლად მოდიო.
– აბა, რას ვიზამ-მეთქი.
ფიცარი გასწია და კედელი გამთელდა.
ორი საათისათვის მანუშაკა საპარიკმახეროში უნდა ყოფი-
ლიყო, სუსანა დეიდა კი იძინებდა. ან ბაზარში მიდიოდა. ასე
რომ, შემეძლო, სხვენზე თავისუფლად ავსულიყავი, ხელს
არაფერი შემიშლიდა.
ამასობაში მანუშაკა დაბრუნდა და ფანჯრის მინაზე მოაკა-
კუნა. ისე ვიყავი დაბნეული, – რა გინდა-მეთქი?
გამოაღო ფანჯარა.
– მე რა მინდაო?
ცხადი იყო, ვეღარ ვეტყოდი, რას ვაპირებდი, ლისის ტბა
დავივიწყე.
– ხაიმას ბიძები დაიჭირეს-მეთქი.
– ხო, ეგ ვიციო.
– დაგესიზმრა-მეთქი?
– მენავთე დიტრიხა იყო მოსული, იმან გვითხრაო. გამახსენდა, დიტრიხა გზაში რომ შემომხვდა და გავუღიმე.
– ამ დილაადრიანად რა უნდოდა-მეთქი?
– მამაჩემს ფული ესესხა, შემოდი, რას დგახარო.
ცოტა უცნაურად მეჩვენა, რომ არ მკითხა, წუხელ სად იყა-
ვიო, მაგრამ არ მივეცი მნიშვნელობა, ხაიმაზე ვფიქრობდი. –
რატომ იმალება, რაშია საქმე? თუ მაგისმა ბიძებმა რამე უკა-
ნონო იჩალიჩეს, ეგ რა შუაშია? მაგისაგან ნეტა რა უნდა უნდო-
დეთ- მეთქი?
სუსანა დეიდა სამზარეულოში ქვაბებთან ფუსფუსებდა, გა-
რიკა და სურენა საუზმეს ამთავრებდნენ.
– გაიგე, რა მოხდა? – მკითხა გარიკამ. დავუქნიე თავი და
მაგიდას მივუჯექი.
– კარგი იქნება, ხაიმასაც თუ მიაყოლებენო, – სურენას
სძულდა ხაიმა, მაგრამ მაშინ ჩემს ჯინზე თქვა ასე.
– ერბოკვერცხს გაგიკეთებო! – შემომთავაზა სუსანა დე-
იდამ.
– არ მინდა, ნაჭამი ვარ-მეთქი.
– ხოო? – გაუკვირდა სურენას.
– ხო-მეთქი.
– მაშინ ჩაი დალიეო, – მითხრა მანუშაკამ. ჩაიზე უარი არ
მითქვამს.
– კარგია, რომ მოხვედი, – გარიკა საქმეზე გადავიდა, – იქ-
ნებ სურენას ბაზარში წაჰყვე და ოცი კილო გუდრონი და ოთხი
ტომარა ცემენტი ამიტანოთ, საპარიკმახეროში წყალი ჩამო-
დის და ჩემი ხელით უნდა შევაკეთოო.
სურენასთან ერთად ყოფნას ყველაფერი მერჩივნა, მაგრამ
რა უნდა მექნა? – კარგი-მეთქი.
– იცოდეთ, სხვაგან არსად გადაუხვიოთო! – გაგვაფრთხი-
ლა სუსანა დეიდამ.

მზე მთვარე და პურის ყანა Where stories live. Discover now