სპარსულ ზღაპრებს სიფერადე ახასიათებთ, ხოლო ყოველი ეს ამბები - ამოვლებული მოხუცის სევდაში, რომელმაც სატრფო ნაადრევად დაკარგა სამოთხისკენ მეზიდება. დამქანცველი ღამე მთვარის ქცერაში გაილევა, მაგრამ კაეშანი, რომელიც შენმა ტვინის მსგავსა პრიზმამ დატოვა - ძილშიც ჩამყვება, რადგან არს(ებ)ობა ჩემი, რომელიც იმაზე მეტ ხანს გაიწელა, ვიდრე მამაზეციერს ჰქონდა გეგმაში, რომანტიკული კრახია.
სიტყვების ღებინება ჩემი საქმეა, რადგან შენმა წასვლამ თავბრუ დამახვია და მიწაზე ისე დამცა, როგორც ლუციფერი - სამოთხიდან ტყვიასავით ნასროლი. ვწერ ან კისერს ვიგრეხ, რომ მცდარი სიტყვა არ დამცდეს... შენც იცი, რომ ჩემი ხელოვნება - კაცების მიწაში ჩატანის, შეუდარებელია და მახვილი ენა შენსკენ ისწრაფვის, რომ გითხრას თუ რაოდენ იტანჯა გული ჩემი (რომელიც თავხედურად ჩაიგდე ხელში და ახლა სიგარეტსაც ვეღარ ვეწევი, ისე, რომ შენი ტუჩიდან მოპარული "იისფერი ტალღის" გემოთი არ იწვოდეს) და რამდენჯერ გაჩხირა კატანა კბილებს შორის, რადგან შენი გუნების გადახრა, ჩემს თავში არსებული წყობილების მოშლასთან მოდის წყეულ კორელაციაში.
ქარივით თავისუფალი ხარ... ჰაერის ნიშანი ტყუილა ხომ არა ხარ? გულს, რომ მიჰყვე, შენც ხომ იცი, რომ ჩემსკენ ოქროს ბილიკებით გატარებს? ჰო, ახლა თავს მიქნევ, რადგან ესაა ფაქტი და მისი სისწორე უტოლდება შენს დიდებულებას! შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ჩემსკენ გულით ისწრაფი ისეთივე მართალია, როგორც ჩემი რწმენა შენსა და შენი პრიზმის ბრწყინვალებაში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მაგ პრიზმამ გაახურა საქმე.
ამაღამ ოცნებას გავხარ, რადგან ჩემი ხარ და ბავშვი, რომელიც ნავში უნიჩბოდ ზის, მხოლოდ დელუზიას მიეცემა, რადგან მშველელი, რომელიც ცურვას ასწავლის - სანაპიროზე მოელის. გულში იმდენად ღრმად მყავხარ, რომ ჩემი ნაწილი ხარ (ჰო, სინატრაა), რადგან ოდესღაც ჩემს კანქვეშ იყავი და მენატრება სიმხურვალე, რომელმაც გაზაფხულს, მიფურთხებულ ყოფაში ეკლებში გახვეული ვარდები ამიყვავა და ჰოი საოცრებავ, ლამის მზესუმზირის მინდვრებშიც მასეირნა!
კუპიდონს ისრით, რომ არ განეგმირე, შენში მოსახლე ერებუსი დაატრიალებდა დანას გულში და სანამ ჩემს კარამდე მოაღწევდი სიმწრის ცახცახი ჩაგილეწავდა კბილებს, რადგან ესაა ყოფა იმისა ვინც მიყვარს - იღრწნის გული მისი, იქამდის, სანამ მე არ გავუნათებ თვალს.
გულში, რომ წვიმის შვილად არ შემომენახე - ცრემლისა იქნებოდი... რადგან, როცა სუნთქვა გელევა, ღაწვებიც გიშრება და მატირებ მე - მას, რომელსაც არამც თუ, წყლის კალაპოტიდან გადმოყვანა, არამედ კალაპოტის მოშლა და ბედნიერი ოჯახების დატბორვა სჩვევია. მერამდენე "ნახვამდის" იქნება, სანამ ღმერთები მიხვდებიან, რომ ძალა და ამტანობა ამ დაწყევლილ მიწაზე იქამდის გამიქაჩავს, სანამ შენს გულს შემოვრჩები და დამიჯერე, ორივე ზემოხსენებული - უშრეტად მაქვს, რადგან ვცნობ ტყავს შენსას, ისე, როგორც საკუთარს ვერა!
სხვა სიტყვებით როგორ გითხრა? რაც კი შენთვის ცრემლი დამიღვრია, დილით ქაღალდებზე მელნად დამხვედრია და რამდენჯერაც მთვარისთვის სიტყვა გამიცვლია, ყოველი შენზე ყოფილა!•
შემიყვარდა, გამიელვა, დავდროფე :დ
YOU ARE READING
If I were to cry to him
Romanceრად მინდა ტვინი, როცა ამ ტრაგიკულ ამბავში გულით გავეხვიე?