გამოვისყიდი

47 2 1
                                    

არ შეგეხები. არასდროს შეგეხები, მშვიდად იყავი. არც დაგელაპარაკები. ჩემი ბგერები არასდროს გაარღვევს ჩვენს შორის არსებულ ჰაერს. არც შემოგხედავ, თვალებში არ ჩაგხედავ და არ აგიჩუყებ გულს და არც თავს შეგაცოდებ.
მშვიდად. მე არასდროს მოვალ შენამდე. შეგიძლია მშვიდად იარო... შეგიძლია მშვიდად გიყვარდეს, მოგწონდეს, ხვდებოდე, გენატრებოდეს! მე შენ არასდროს გნახავ, რადგან მე თავს ვისჯი. ხო... ცოდვილი ვარ და თავს ვისჯი უშენობით... და ახლა რას გრძნობ? მძიმეა ხო?
ოჰ, ეს გაცვეთილი ფრაზები როგორ გამძიმებენ შენ... მე შენ არასდროს ... არა, ვერასდროს შეგეხები და ვერ აგირევ ემოციებს, მშვიდად!

მხარზე პატარა კაცუნა დამაჯდა და მეუბნება, რომ მაინც უნდა ვიბრძოლო, რომ მაინც უნდა დავაშავო, გნახო, შეგეხო, დაგაზარალო... მაგრამ მე ეს არ შემიძლია... მეუბნება ის გიცდისო, გელოდებაო, მასაც უნდაო... უიმედობამ შეიპყროო, მაგრამ მე ეს არ შემიძლია...
ნუ მოიწყენ... ეს ისეც ხომ ასე იყო. არაფერია აქ ახალი.
და იქნებ არც მოგიწყენია ჩემი მიზეზით? ხო... ასეთი ვარ... ეჭვიანი... ვიყო!

სიბნელე უმოქმედო, დაუტანჯავ, უემოციო სხეულს კიდევ უფრო უინტერესოს ხდის. ასეთ სხეულებს სხვა სამყაროდან მოაკითხავენ ხოლმე ახალი პატრონები. ალბათ მეც მათი ვარ, მაგრამ შენ?
ჰო... რაღა თქმა უნდა... კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გნახო, რატომ არ უნდა შეგეხო... მე შენ გაზარალებ, უფრო სწორად ისინი.
ჩემს ფსიქოლოგიურ პორტრეტს ეცნობი და ფიქრობ რა ფუჭად გავატარე ცხოვრება. იფიქრე ასე. ეს ასეა და შენ როგორც ყოველთვის ისევ მართალი ხარ.

იცი, აქ რაღაცები შეიცვალა და ვიღაცები მოვიდნენ. ახლაც კი, როცა ამას შენთვის ვწერ სხვებიც კითხულობენ მას და მეშინია, რომ მათ ჩემი ფიქრებიც კი ესმით. მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა. დღეს, როგორც არასდროს მელანქოლიკი ვარ და გული მტკივა, რომ ისევ აქ ვარ... და მეჯავრება საკუთარი თავი, რადგან კვლავ სევდა მომაქვს. შენ?

შენც სევდიანი გახდი... იცვლები... ერთხელ მართლა გაგითენდება და მართლა გაგეღვიძება. ადგები და წახვალ მზის გზაზე, გადარჩენის გზაზე, მე კი ისევ ასე ვიქნები. მერე მომახლი სიმართლეს პირში, რომ მე კვლავ ჭაობში ვარ... მომახლი სიმართლეს და წახვალ... იმიტომ არა, რომ შემიძულებ, ეს იმიტომ, რომ შეგეშინდება ჩემნაირი არ გახდე... თავიდან დიდხამს შემეხვეწები, რომ დამარწმუნო ვიყო კარგად, იქნება ესაო... იქნება ისაო... მე ყველაფერზე კვლავ პასუხს გეტყვი და შენც წახვალ...

ზუსტად ამიტომ არასდროს შეგეხები, არასდროს ჩაგხედავ თვალებში და არ დავტოვებ შენში შეხების მოგონებებს, არ დავტოვებ შენში იმ მოგონებებს, რომლებიც გულამდე მივლენ და ყოველ გახსენებისას ახალ ტკივილს გაგიღვიძებენ... ტკივილს წარსულზე, რომელიც თითქოსდა ადვილად უნდა გამქრალიყო.
არ დავუტოვებ შენს მკლავებს ჩემი თითების ანაბეჭდებს და აღარასდროს დავიმახსოვრებ შენს სურნელს, რომელიც უკვე აღარც ვიცი მახსოვს თუ არა... ამ ყველაფერს არ ვიზამ, რადგან შენ ჩემით არ დაკავდე...

როგორ იქნები შენო, მკითხავ ერთ დღეს, როცა წასვლას გადაწყვეტ... კარგადთქო - გიპასუხებ და იმ დღიდან ყოველდღე შენზე ვიფიქრებ, თუ როგორ კარგად ხარ, რადგან სიტყვა შევასრულო და მართლა კარგად ვიყო... შენი კარგად ყოფნით, იმაზე ფიქრით, რომ შენ არაფერი გიჭირს, ხომ მეც კარგად ვიქნები... მხოლოდ ეს იქნება საკმარისი და პირობას მხოლოდ ასე თუ შეგისრულებ.

წერა დავამთავრე და გარეთ გავედი რათა ჰაერი ჩამესუნთქა. უცბად წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ჩემი ეს დღე ჩემს ცხოვრებაში შენ რომ არ გამოჩენილიყავი. მიმოვიხედე და ვერაფერი დავინახე. ირგვლივ აღარაფერი იყო, რადგან ასეთი დღე ვერც კი წარმოვიდგინე. არ მიყვარხარ, ეს არაა სიყვარული, არც უბრალოდ მოწონებაა, არც რომანტიული მონოლოგი...
უბრალოდ მელანქოლიკი ვარ...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 15, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მინიატურები და მოთხრობები უცნაურ, ზოგჯერ კი საცნაურ ამბებზეWhere stories live. Discover now