კიდევ ერთი დღე დასრულდა... ან უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ კიდევ ერთი დღე დასრულდა ჩხუბით.
თავიდან ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მათი შემხედვარე, პირველივე ფიქრი რაც გაგიელვებდა იყო, რომ "წყვილი შედგა".
თუმცა, ურთიერთობიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მცირე შეკამათებები დაიწყო მათ შორის. აქამდე არც ისე მოკლე კაბა და არც ისე ამოღებული ზედატანი, უეცრად ზედმეტად გამომწვევი გახდა. ხოლო გვერდით გაქცეული მზერა ან მობილურზე მოსული შეტყობინება კი ღალატის უტყუარი მაჩვენებელი.
შემდეგ... იმის მაგივრად, რომ უკვე არეული სიტუაციის დალაგებაზე ემუშავათ, ურთიერთობას უფრო მწვავე ფაზისკენ უბიძგეს. იშვიათი იყო მათი ერთად ყოფნის საღამოებს აყალმაყალისა და სერიოზული ჩხუბის გარეშე ჩაევლო. ეს თითქოს ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, ასე რომ, არც დღევანდელი საღამო გახლდათ გამონაკლისი.
-საკმარისია - სწორედ იმ ბრძანებად გაისმა ბიჭის მიერ ყვირილით წარმოთქმული ეს ერთი სიტყვა, რომელიც უდავო მორჩილებას იღებს პასუხად.
შედეგმა არც ამ შემთხვევაში დააყოვნა და სიტყვებს, რომლებიც უკვე სულ ახლოს მოსდგომოდნენ გოგოს წითელ ტუჩებს, ჰაერთან შერწყმა არ აცადა.
-საკმარისია - კვლავ გაიმეორა მან, ოღონდ ამჯერად ხმადაბლა - უკვე საკმაოდ ბევრი საყვედური და პრეტენზია მოვისმინე შენგან ამ საღამოს... თანაც არა მარტო ამ საღამოს... მეტი აღარ შემიძლია. მგონი უმჯობესი იქნება თუ შესვენებას ავიღებთ... ერთმანეთისგან.
გოგოს ოდნავ ჩაეცინა და თავი გააქნია.
-დაგღალე ჯონგინ ოპპა?
-ძალიან გთხოვ, არ გინდა ეს ცინიზმი - მობეზრებით თქვა ჯონგინმა - თუმცა თუ მართლა გაინტერსებს პასუხი, გეტყვი, რომ... კი... ნამდვილად ასეა. ძალიან დავიღალე. იმდენად დავიღალე, რომ ხვალინდელი დღის გათენება მეზარება, რადგან ვიცი ისევ ჩხუბი მელის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს შენც კარგად იცი - ჯონგინი რამდენიმე წამს გაჩუმდა. ცალი ხელით დოინჯი გაიკეთა, მეორე ხელის თითები კი ნიკაპზე მოისვა. - ამიტომ უმჯობესია თუ ცოტახანს შევჩერდებით და ვიფიქრებთ ჩვენს ურთიერთობაზე. იმაზე რაც გვქონდა და იმაზე რადაც ეს ყველაფერი გადაიქცა. ხვალ ქალაქიდან გასვლა მიწევს ერთი კვირით. მოდი ეს დღეები გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის. დამიჯერე, ასე აჯობებს - მას მიუახლოვდა და ნაზად მოეფერა ლოყაზე - ამ ურთიერთობის დასრულება არ მინდა. ამიტომ გთხოვ შესვენებას და არა დაშორებას. ვფიქრობ შევძლებთ, რომ გადავჭრათ პრობლემა. თუმცა, ეს რომ შევძლოთ, ჯერ ამ პრობლემის სათავე უნდა ვიპოვოთ. ამისთვის კი აუცილებელია დავფიქრდეთ იმაზე რაც გვაქვს.