ანდალუზიის ნაპირებთან მზის მწველ სხივებზე მოელვარე მის მოვერცხლისფრო თვალებს შევხვდი, როდესაც ორმოცი გრადუსი სიცხისგან ახურებული ქვიშა ჩემს ტერფებქვეშ ხრაშუნობდა და ხმელთაშუა ზღვის ცივი ტალღები წვივებზე მეხეთქებოდა.
კოპებშეკრული გაჰყურებდა უკიდეგანოდ გადაჭიმულ ჰორიზონტს, რომელიც ერთი შეხედვით, მეტად ხელმისაწვდომი ჩანდა. თითქოს ის სუროსავით გრძელი და მარმარილოსგან გამოკვეთილი თითები რომ გაეწვდინა ჰაერში, ჩაეჭიდებოდა კიდევაც.ჩემი მზერა დაიჭირა თუ არა, გამომხედა, უცნობი ღიმილით გაიღიმა, მერე მთელი სხეულით უკან მიბრუნდა და გამცილდა.
ხაკისფერი გრძელი, გალუმპული შარვალი მუხლებამდე ვაი-ვიშით ავიკეცე და ხმელთაშუა ზღვის მშვიდ, მოლივლივე ტალღებს მივანდე ჩემი დაღლილი ფეხები.
*
ერთი საათიც ძლივს იყო გასული, ბარში შესულს ეგრევე თვალში მომხვდა მისი ზურმუხტისფერი, სიოსგან აწეწილი თმა. ზედმეტად მაღალ, ფიჭვის სკამზე იჯდა და დახლს მოხრილი ეყრდნობოდა.
მინდოდა შორს წავსულიყავი, ისე რომ მისი სილუეტისთვის თვალი ვერც კი მომეკრა, რადგან როგორც უნდა მეცადა, ჩემი მზერა მაინც ამ ახალგაზრდა ყმაწვილს ეძებდა.მისგან ზურგით დავჯექი და სულ ორი წუთიც არ იყო გასული, ჩემს მაგიდას მოუჯდა. ხელს რამდენიმე, აშკარად ძვირადღირებული, ბეჭედი უმშვენებდა.
ქვედა ტუჩი ამითრთოლდა.
-ძლიერი სასმელი გიყვარს? - ამოიჩურჩულა.
-მე... ძლიერს ვერ ვსვამ, - გონებაში ბოლო სიმთვრალე ამომიტივტივდა და გამაჟრჟოლა. თავი გავაქნიე.
თვალი ამარიდა, ორი თითი ჰაერში ასწია და ჩემ უკან გაიხედა.
-ორი კალუა, თუ შეიძლება! - იმაზე ბოხი ხმა ჰქონია, ვიდრე შეეფერებოდა.
მაგრამ იმაზე ლამაზი, ვიდრე როდესმე გავივლებდი ოცნებებშიც კი.
-ოჰ, როგორი უზრდელობაა ჩემი მხრიდან, - ისევ ის უცნაური ღიმილი... - მე კიმ თეჰიონი ვარ. -ხელი გამოიწვდინა და მეც ყოველგვარი ფიქრის გარეშე ჩამოვართვი. საპასუხოდ ვერ გავიღიმე.