"წერილები - აი, ის ღვთაებრივად მშვენიერი რამ, რაც საშუალებას გვაძლევს უთქმელი სიმართლე გავუზიაროთ ერთმანეთს. არა, კი არ ვამართლებ ჩემს საქციელს... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ რაც არ იწვის არ ანათებს! მე კი მირჩევნია იისფრად აალებულმა ხიდებმა შორს სავალი გზები დაგანახოს, ვიდრე მძიმე ბორკილებად დაგაჩნდე მაჯებზე...
ახლა, როცა ამას კითხულობ, ვიცი, ტუჩებს სიგარეტი გიმშვენებს, მეორე ხელს კი - ორმაგი ვისკის დაბალი ჭიქა.
თეჰიონს სიმწრით გაეღიმა. ზედმეტად კარგად იცნობდა ქალი... ბოკალი მაგიდაზე დადო, მხრჩოლავი მეგობარი საფერფლეში ჩააწვა და კითხვა გააგრძელა.
არ გიკვირს, არა?! ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით ყოველთვის. ასეთი არაპროგნოზირებადი ვარ, რა ვქნა, ახლა ვეღარ შევიცვლები. შენ კი... ღმერთი ხარ ადამიანებში.
ქვედა ტუჩი მტკივნეულად მოიკვნიტა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
გიტოვებ ყველა ჩემს კაბას, ფეხსაცმელს, სამკაულსა და მოსართავს. მსურს მუდამ მელოდე. ვინ იცის, იქნებ, ოდესმე დავბრუნდე კიდეც...
ყბები დაეჭიმა. დარწმუნებული იყო - არასდროს დაბრუნდებოდა.
მინდა მომძებნო, ყველა ქალაქი და ქუჩა მოიარო ჩემ გამო, მუზეუმების კარი ჩამოხსნა და ციხეების ანჯამები გამოგლიჯო, მთვარეზე წახვიდე და იქიდან გადმოხედო ამ ცოდვილ დედამიწას... ეგებ, სადმე შემნიშნო...
არასდროს დანებდე... არავინ შეიყვარო... არ მიღალატო არც თვალითა და არც სხეულით! იყავი სრულყოფილი, მიუწვდომელი, ვნებებით სავსე, თუმცა ნუ გაამხელ შენს გრძნობებს, ეს ყოვლად ფუჭია, არაფერი მოაქვს ტკივილის გარდა... ამის დასტურს თავად ხედავ - უსუსურად გთხოვ, რომ არ დამანებო წასვლა.