აი, გეძახი- ჩიტები ენით,აპრილის თქეშისა და ქარების ხმაზე... აი,გეძახი...შენც გამიხსენე... არ მოარიდო სმენა ჩემს ძახილს... ნახე, შევხსენი ჩემი სულის დარაბები, კარიც გავაღე ძალიან ფართედ და გთხოვ შემოდი ისევ ჩემს არსებაში,როგორც შედიან სევდიანი ნისლები ტყეში...
აი, გეძახი- ფილტვების მთელი მძვინვარებით... სხვა სამყაროდან გამოგიხმობ, ყველგან გავაფრქვევ შენს სახელს... გთხოვ ,ნუ გაიკვირვებ...უბრალოდ გამოსწიე მაშინვე ჩემკენ. მე დაგანახებ ამწვანებულ მინდვრებს , ჩვენივე მოგონებებით აფერადებულს...
აი, გეძახი... მომიახლოვდი.... აქვე, გვერდით ჩამომიჯექი...ნება მომეცი, შენი თმების სურნელში ჩავმალო სახე...მოდი და დამავიწყე ათასი სატკივარი... მომიალერსე ძველებურად,ყველა მოკვდავზე უფრო გულწრფელად... კვლავ დამიძახე ჩემი სახელი შენივე ხმით დამტკბარი ბგერებითა და ერთი კოცნაც დამიტოვე შუბლზე,როგორც გჩვეოდა.
მოდი!..გეძახი... რომ დავასველო ჩემი ცრემლებით შენი ძლიერი მხრები...და შენი მკერდიც, სასთუმალი ჩემი ყველა ფიქრის და სევდის ,ასე ამაყი და მშვენიერი...
მე გეძახი, შენ კი სულ აქ ხარ ,ჩემს ნაბიჯებს ადევნებული...ფრთხილად დაჰყვები ჩემს ბილიკებს და აღარ მაშინებს მთების სიმაღლე,არც უფსკრულთა ბნელი მდუმარება... ისინი მუდამ ხელს იწვდიან ჩემკენ ,რომ ჩამეხვიონ, ჩანმთქან თავიანთ არსებაში,შენ კი საკუთარს მკერდს უწვდი ჩასახუტებლად.როცა გეძახი, შენი ხმა ისმის ჩემს სასთუმალთან... და როცა შევცქერი მთების მწვერვალებს, როცა ბალახებზე დილის ნამს ვეძებ, როცა ვარსკვლავებს პეშვით ვაგროვებ , როცა მგონია რომ ტანჯვისაგან თავს ვერ დავიხსნი- ეს შენ მამშვიდებ,შენ უალერსებ ჩემს დაღლილ სულს,ხან წვიმად,ქარად, ჩიტების სტვენად,ხან კი მზის სხივად... შენ მიბრუნდები... სიმშვიდის სუნით გაჟღენთილ მკლავებს ჩემს ირგვლივ აჭდობ და კვლავ მიმღერი იმ სიმღერას,ჩვენ რომ გვიყვარდა...
