ნაისი ტირილით დაიბადა, ისევე როგორც სხვა ბავშვები, მაგრამ მათგან განსხვავებით მის თვალებში ცრემლები კიდევ ძალიან დიდხანს დარჩა. დედამისს თუ დავუჯერებთ, ერთი წლის განმავლობაში სულ ტიროდა, გამუდმებით, მიზეზით ან უმიზეზოდ, დღე ან ღამე, სახლში თუ გარეთ. ექიმთანაც ხშირად იყვნენ გამოუცდელი მშობლები მისი გაუთავებელი ტირილის ასახსნელად. თუმცა, ჯანმრთელი გახლდათ, გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ერთადერთი ახსნა ის იყო, რომ ბავშვი უბრალოდ ცუდი ხასიათებით დაიბადა, მტირალა. ტირილით რას ითხოვდა ან რას აპროტესტებდა არავინ იცოდა.
ეს ერთი წელი, დედა არასოდეს იტყოდა, არც მამა, მაგრამ მათთვის კოშმარი გახლდათ, უძილო ღამეებით სავსე. გულწრფელები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ერთხმად იტყოდნენ, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდათ თუ ასეთი რამ უნდა გადაეტანათ. სად იყო ბავშვის დაბადებით გამოწვეული ეიფორია? სიხარული? ბავშვის სიცილის გამო გაბადრული სახეები? ახლობლები ამშვიდებდნენ, ჯერ სამყაროს ეგუება,მალე დაწყნარდება, ყველა პატარა თავისებურია, ერთი კვირა მოიცადეთ, ერთი თვე, აცადეთ რამდენიმე თვე. ნუგეში ნუგეშად დარჩა, მაგრამ გოგონა ტირილს არ წყვეტდა.
იცით, რას უშვრება ორ ახალგაზრდა ადამიანს ბავშვის გაუჩერებელი ტირილის მოსმენა? აგიჟებს! მამა აღარც მალავდა, რომ სახლიდან სწორედ ნაისის ხმაურს გაურბოდა. შვილს ზედ აღარ უყურებდა. ამის გამო სიყვარულით შეუღლებულ წყვილს ჩხუბი ხშირად მოსდიოდა. დედა პატარას ვერ ტოვებდა, მაგრამ ზოგჯერ შავი ფიქრებით ევსებოდა გონება, პრობლემებს თვეების ბავშვს აბრალებდა, "შენ რომ არ გაჩენილიყავი... თავს ნუ შეგვაძულებ ნაისი.... გთხოვ, რა გატირებს? ყველაფერს გავაკეთებთ ოღონდ გაჩუმდი.... ოჯახს ანგრევ", ხან დროს, უბრალოდ უნდოდა დაერტყა, ძლიერად. ზოგჯერ წარმოიდგენდა, რომ აღარ არსებობდა. სიმშვიდე - აი, რა იქნებოდა შედეგი, გლოვა და შემდეგ სიმშვიდე. მერე, თავი სძულდა, ეზიზღებოდა, როგორ ფიქრობდა საკუთარი შვილის გაქრობაზე, ხომ მან გააჩინა ისეთი როგორიც იყო. მშობლების ფსიქიკური მდგომარეობა უბრალოდ განადგურდა, გამოსწორების გარეშე.
YOU ARE READING
Analgesia ❣
Short Storyროგორც არ უნდა ეცადო, როცა მტკივნეულია - გტკივა. ჰარუკი მურაკამი გამოყენებული ფოტოები ჩემი არაა. Credits to the rightful owner/s