ბორბლების ხრიგინით მიიწევდა წინ სიკვდილ მისჯილთა ურემი; გზად მთელ ბუღს აყენებდა, მტვერს სრესდა მბრუნავი ორთვალების ქვეშ, მასზედ მსხდომთ კი ყოველ გალეულ მეტრზე არყევდა, ერთმანეთს აჯახებდა, ხელ-ფეხზე შემოჭერილ ჯაჭვს კანზე ახეთქებდა და ისედაც ფერმიხდილ ზედაპირს, სულ ყვლეფდა და ქექავდა. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყო გარემოს. ცხენებიც კი, რომლებიც ასეთი ენერგიით მიიწევდნენ წინ, სიკვდილის მაცნეებს ჰგავდნენ. მათი ფლოქვებისა და ნალების ქვებზე შეჯახების ხმა თითოეულ სასოწარკვეთილ გონებაში იმ ზარს რეკდა, დროს რომ აუწყებს, აბა, შენი დროა, წავედით, საქმე აღვასრულოთო. ოცამდე მაინც იყვნენ: მწყურვალები, მშივრები. სხეულზე გახუნებული პერანგები ეცვათ, აქა-იქ გადახეული, გარღვეული, ოფლით გაყვითლებული, ზოგს კუჭის შიგთავსიც ამშვენებდა, პირიდან ნადენი დორბლი და ის სისხლი, მცველებმა რომ ადინეს ცხვირიდან, აქაოდა, ნაკლები ისუნთქეთო. მათ პირდაპირ შავებით მოსილი ჭაბუკი იჯდა, ეტყობოდა, ოც წელს ახლა გადასცდენოდა. სახეს ახლად ამოწვერილი ბალანი უმშვენებდა, მზისგან დამწვარი ლოყები და შეყვითლებული შუბლი, ოფლს რომ ასე უხვად დაეცვარა. თმა ლაბადის ქუდს დაეფარა, ერთი კი ჩანდა, ჩაფიქრებული და მუქი ფერის თვალები ჰქონდა, გულზე ჩამოკიდებული ჯვარი კი ურმის მოძრაობასთან ერთად ანაფორაზე ქანაობდა და მის გულმკერდს ეჯახებოდა. ტუჩებს ამოძრავებდა ხოლმე, ალბათ, ლოცულობდა. მათთვის ლოცულობდა, რამდენიმე საათში რომ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ ჩადენილი ცოდვებისთვის და მათთვისაც, თითქოსდა სიწმინდის დაცვით, ღვთის ქმნილებებს სუნთქვას რომ უწყვეტდნენ.
მისი საქმე რწმენა იყო და სწამდა კიდეც.
მის წინ პატიმარი იჯდა, სიკვდილ მისჯილი. სახეზე კუნთი არ უტოკდებოდა, თითქოსდა სულაც არ აპირებდა დღის ბოლოს უკანასკნელად შეეხედა ცისათვის. ერთი კი იყო, თვალებში ჩამდგარი ცრემლი ვერა და ვერ მოეშორებინა, არც გარეთ გადმოღვრას ლამობდნენ და ასე იყო, მზერა დაბურული, თვალებში უიმედობით გასცქეროდა მზეს. ლოყებზე სისხლი ეცხო, გახეხილ კანს მცხუნვარე მზისთვის ვეღარ გაეძლო და სულ დაუსკდა, გამომშრალი ტუჩები სულ გალურჯებოდნენ, ქუთუთოები დასიებოდა და მიტკალივით სახის დანახვისას, უმალ იფიქრებდით, ჯერ არ მომკვდარა და სხეული უკვე ეხრწნება საწყალსო. წამი იყო, მის წინ მჯდომი ანაფორიანისკენ მიბრუნდა, ერთი ხრინწიანად ჩაახველა და ჩაგუდული ხმით, თითქოს ყელშივე ეჩხირებოდა ბგერები, ახალგაზრდას მიმართა.
![](https://img.wattpad.com/cover/235218380-288-k219243.jpg)