ჩემთვის არაფერი უთქვამს, თითქოს იცოდა, რომ საერთო შფოთსა და აურზაურში ვერაფერს გავიგებდი. იმედი მქონდა, ო, როგორი იმედი, თითქოს ჩემი ტრაგედია ოდნავ მაინც აუძგერებდა გულს და ერთ სიტყვას ჩემთვისაც გაიმეტებდა. ჯანდაბა, იმდენად სასოწარკვეთილი და შეყვარებული ვიყავი, ნახევრად დამხრჩვალს მხოლოდ მისი მშვენიერი სახე მიდგა თვალწინ და ეგოისტურ ფანტაზიებს იმ ქარში გაფრენის საშუალებას ვაძლევდი, მთელი დღე რომ სუსხად დაქროდა და ძვლებში ატანდა.
არ ვიცი ამ დროს თვითგადარჩენის ინსტიქტი რას მკარნახობდა, ვგონებ, სრულიადაც არაფერს, რადგან მე მხოლოდ ქალების კივილისა და წყლის შხეფების ხმა ჩამესმოდა.
ვგრძნობდი, სულ მალე სიცოცხლე გამეცლებოდა, მე კი მხოლოდ და მხოლოდ შავ, მბზინავ თმაზე, ოდნავ, სულ ოდნავ შესამჩნევ წვერსა და ჭინკებ ათამაშებულ თვალებზე ვფიქრობდი, რა დასანანია...
წუთებს არ ვითვლიდი, ვერაფერს ვხედავდი და ვერაფერს ვგრძნობდი წყლის მძლავრი ტალღების და პირში საშინელი სისველის გარდა, მოკლე თმა სახეზე ჩამომეფხატა.
რამდენიმე წამი, ან წუთი, მთელ საუკუნედ მომეჩვენა. ტყუილი აღმოჩნდა, თითქოს ადამიანს სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება ჩაუფრენს თვალწინ... მთელი ცხოვრება კი არა, უკანასკნელი ათი წუთიც არ გამხსენებია.