1297
__________
ქვო მუცელზე იწვა, ხელები კი ბალიშის ქვეშ შეეცურებინა. ფანჯარაში იყურებოდა. გარეთ ქარი ქროდა, ჰორიზონტზე ნაცრისფერი ღრუბლები მოჩანდა. ეს ღრუბელი მალე აქ ისეთ თოვლს მოიტანდა, შეიძლება თერთმეტეულიც კი ვეღარ გასულიყო გარეთ. ქარის ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ კარგად დაგმანული ფანჯრებიდან მაინც იჭრებოდა შიგნით.
ქვოს ადგომა დიდი ხნის წინ უნდოდა, მაგრამ მის წელზე კომფორტულად მოკალათებული მოლუსკი გაღვიძებას არ აპირებდა. წითელთმიანს კი უკვე წელი სიტკიოდა გაუნძრევლად წოლისაგან.
ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა და საწოლიდან ისე ფრთხილად გადასრიალდა, რომ კალმარკატას არაფერი გაუგია. მოლუსკს ქვემოდათ სითბო რომ გამოეცალა, შესცივდა, ამიტომ დაიგორგლა, ბურთისხელა გახდა და საბნის ნაოჭში შეძვრა. ქვომ ხელი ჩაიქნია საბნის გადასწორებაზე. მერე მიხედავდა არეულ ოთახს, რომლის დალაგებასაც, უკვე მესამე დღე იყო, თავს ვერაფრით აიძულებდა. ასეთი მოუწესრიგებელი არასდროს ყოფილა.
ყველაფერი ბასტის ბრალი იყო. ქვოს სტუმარი ძალიან აღიზიანებდა. სწორედ ამ თავხედი კაცის გამო იყო, ყველაფრის ხალისი რომ დაკარგა. ოთახიდან გასვლა აღარ სურდა, რადგან ყველგან მას ეჩეხებოდა. ბასტი დიდად არაფერს აკეთებდა, მაგრამ მისი აქ ყოფნაც კი ქვოსთვის ტანჯვა იყო. საკუთარ თავთან მაინც რომ ყოფილიყო გულწრფელი, მიხვდებოდა, რომ სინამდვილეში სწორედ თვითონ ეძებდა ყველგან და ყოველთვის პოულობდა.
სამზარეულოში ჩასულს გაზქურაზე შემოდგმული ქვაბი დახვდა, რომელსაც ორთქლი ამოსდიოდა. ქვომ გაოცებით მიმოიხედა გარშემო. ბასტი არსად ჩანდა, მაგრამ მისი იქ ყოფნა ისე იგრძნობოდა, თითქოს ახალგაზრდა კაცის ფეხის ყოველ ნაბიჯზე უჩინარი იები ყვაოდნენ და ყველგან მის სურნელს ტოვებდნენ. საჭმლის გემრიელ სურნელსაც კი არ შეეძლო იის გადაფარვა.
YOU ARE READING
ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე
Romanceპირველ თოვლს სამხრეთი ზეგნის სასტუმროში ზამთრის პირველი სტუმარი მოჰყვება. სასტუმროს მეპატრონე უცნაური კაცია. მას ქვო ჰქვია, ცეცხლისფერი თმა და ქარვისფერი თვალები აქვს. ქვოს უყვარს ზამთარი, რადგან ამ დროს სასტუმროში სულ მარტო რჩება, ადამიანებისგან მო...