ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზე

103 62 1
                                    

1492

_____

ბასტი ხშირად წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მამამისის ხმა, თუ ოდესმე ისევ მოუწევდა მასთან ლაპარაკი. წარმოდგენაზეც კი ტანში ცრიდა, სხეული კი შიშითა და უსიამოვნების განცდით ეკუმშებოდა. ახლა კი ელოდა, როდის უპასუხებდა ტელეფონზე და ვერაფერს გრძობდა, გარდა მოუთმენლობისა, რადგან მოლუსკისა და ქვოს დაკარგვის შიშმა ყველაფერი გადაწონა.

თავიდან მხოლოდ მძიმე სუნთქვის ხმა მოესმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შემდეგ კი დაღლილი სტვენა, თითქოს ტელეფონის ხაზს იქით მყოფი ვიღაცამ გამოაღვიძა, ის კი უკმაყოფილოდ ქშინავსო.

- რამე მოხდა?

ბასტი არ ელოდა, პირველი მამა თუ დაიწყებდა საუბარს. არც მსგავსი წყნარი დაინტერესებისთვის იყო მზად. შეცდა, როცა მისი სუნთქვა გაღიზიანებას მიაწერა - ეს ისეთი არსების სუნთქვა იყო, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა. ბასტს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მამა მთელი ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდა.

მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ყელის სიმშრალე ფხაჭნიდა. ხელებსა და ტანსაცმელზე მოლუსკის ბეწვი ჰქონდა მიკრობილი და იხრჩობოდა.

- კი, - როგორც იქნა, შეძლო, დასმული კითხვისთვის რომ ეპასუხა, - შენი დამხარება მჭირდება.

ძალიან ძნელი იყო ბასტისთვის, თხოვნით მიემართა მას შემდეგ, რაც მამამ გაუკეთა. სახლის დემონსტრაციულად დატოვების და ქალაქთან კავშირის გაწყვეტის მერე, ბასტმა იცოდა, რომ პირველი, ვინც ნაბიჯს გადადგამდა, დამარცხებას აღიარებდა. თავს მტკიცედ უმეორებდა, რომ ახლა სიამაყისთვის დრო არ ჰქონდა.

- გისმენ.

- ლურჯცეცხლის შესახებ მაინტერესებს ყველაფერი, რაც იცი.

- ყველაფერი? - ღიმილით ჰკითხა მამამ, - დარწმუნებული ხარ, რომ ამისთვის საკმარისი დრო გაქვს?

თავდაპირველად მის ხმაში გაჟღერებულმა სუფთა სიცილმა დასცა თავზარი, რომელშიც არც ირონია იყო დაფარული და არც ნიშნის მოგება. შემდეგ კი გაიაზრა, რომ მან მართლა ყველაფერი იცოდა. ბასტს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისი საშუალებით უნდა მიეღო მამამისს ინფორმაცია. ქვოსგან? გამორიცხული იყო. ქვოს იმდენად სძულდა დემონების მეფე, რომ თავის დროზე ბასტს მისთვის სიმართლის გამხელაც კი აშინებდა. აქ, სამხრეთი ზეგნის სასტუმროს მიდამოებში არც სხვა ადამიანები იყვნენ და არც სხვა ფერიულები, ცხოველების მართვა კი ოჯახიდან მხოლოდ ბასტს შეეძლო.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang