ჰარუკი მურაკამი - მოთხრობები
„ალმოდებული ფარდულები შუაღამისას" | „თაფლის კვერი" | „პეიზაჟი უთოთი" |
„მწვანე მხეცი" | „ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა"„ალმოდებული ფარდულები შუაღამისას"
ის გოგო სამი წლის წინათ მეგობრის ქორწილში გავიცანი. მაშინ ოცდათერთმეტის
ვიყავი, ის - ოცის, ესე იგი, სხვაობა ლამის ერთი ასტროლოგიური პერიოდი იყო,
თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებით
ვიყავი დაკავებული: ასაკზე და მსგავს სისულელეებზე ფიქრის დრო სად იყო.
კაცმა რომ თქვას, ასეთ რამეებზე არც ის იტკიებდა თავს. მას არც ის აღელვებდა,
ცოლი რომ მყავდა. ეტყობოდა, მის წარმოდგენაში ასაკი, ოჯახი და შემოსავალი
ისეთი მემკვიდრეობითი რამ იყო, როგორც ფეხის ზომა, ხმის ტემბრი ან ფრჩხილების
ფორმა. მოკლედ, არ გახლდათ მერკანტილური ადამიანი. რა ვიცი, ასე მგონია...
"იმ-ვიღაც-რაღაცით" ცნობილ მასწავლებელთან დადიოდა პანტომიმის
გაკვეთილებზე, თან სარეკლამო მოდელად მუშაობდა, ოღონდ ეს საქმე ისე
ეზარებოდა, ზოგჯერ აგენტის დანახვას სიკვდილი ერჩია. ბუნებრივია, რომ ამის
გამო მისი შემოსავალი ორიოდე გროშს არ აღემატებოდა. ბიუჯეტის გარღვევას
ძირითადად რამდენიმე "ბოიფრენდის" კეთილი გულის წყალობით ფარავდა.
მართალი გითხრათ, საქმის წვრილმანებს არ ჩავძიებივარ, უბრალოდ, ვიცი ის, რაც
შიგადაშიგ, საუბრებისას წამოსცდენია.
ცუდად ნუ გამიგებთ. იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს მამაკაცებს ფულის
გულისთვის უწვებოდა, ან რაღაც ასეთი. არა, ყველაფერი სრულიად მარტივად
გამოიყურება, ყველაფერი უბრალოა, როგორც ცხოვრება, სადაც ადამიანთა
უმრავლესობა თავის ყოველდღიურ ბუნდოვან ემოციებსგარდაქმნის ისეთ
გამოკვეთილ ფორმებად, როგორებიცაა "გულითადობა", "სიყვარული" ანდა
"შერიგება". ამის ბოლომდე ახსნა ძნელია, მაგრამ არსებითად ასეთი რაღაც ხდება.
დამეთანხმებით, უსასრულო არაფერია. კოსმოსი მარადიული რომ ყოფილიყო, მისი
სტრუქტურა თავდაყირა დადგებოდა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაზღვრულ
დროს და განსაზღვრულ ადგილას, ისე, როგორც "მანდარინის გაფრცქვნა" ხდება. არ
იცით, რას ნიშნავს "მანდარინის გაფრცქვნა"? მოგიყვებით.
მან პირველსავე დღეს მითხრა, პანტომიმაზე დავდივარო. დავინტერესდი, ოღონდ
გაოცება არ გამომიხატავს. დღეს ვიღას უკვირს ის ამბავი, რომ ყველა გოგო რაღაცით
არის გატაცებული. თანაც არც ისეთი ტიპი ჩანდზა, თავისი ნიჭის დახვეწაზე
სერიოზულად რომ ეზრუნა.
როგორ გავიგოთ "მანდარინის გაფრცქვნა"? ზუსტად ისე, როგორც გვესმის. მას
მარცხნივ უდგას მანდარინებით სავსე შუშის ჯამი, მარჯვნივაც - ასეთივე ჯამი:
კანებისათვის. სინამდვილეში კი - მსგავსი არაფერი! ის წარმოსახვით იღებს
მანდარინს, ნელ-ნელა აცლის კანს, კბილა-კბილა იდებს პირში, ღეჭავს და აფსკებს
კანზე აფურთხებს; ერთ მანდარინს რომ გაათავებს, კანს დააგორგალებს და მარჯვენაჯამში გადაუძახებს. პროცესი მონოტონურად მეორდება. თავიდან გართობად
მომეჩვენა, მაგრამ ათი-ოცი წუთის შემდეგ - ბარის დახლთან ვისხედით - მომეჩვენა,
რომ ჩემგან რეალობის განცდის ამოტუმბვა დაიწყეს. საშინელი შეგრძნებაა. როცა
ისრაელში აიხმანს* (* აიხმანი - Eichmann, (Karl) Adolf - 19.03.1906 (ზოლინგენი,
გერმანია) - 31.05.1962 (თელ-ავივი, ისრაელი). გესტაპოს ქვეგანყოფილების უფროსი.
გაზის კამერებისა და მხუთავი მანქანების იდეოლოგი. 1946 წელს გაიქცა
ნიურნბერგის ტყვეთა ბანაკიდან და 1960 წელს ბუენოს-აირესის გარეუბანში დააკავეს
ისრაელის აგენტებმა. ისრაელის სასამართლოს განაჩენით ჩამოახრჩვეს 1962 წლის 31
მაისს. ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში ეს არის ჩამოხრჩობის ერთადერთი
შემთხვევა.) ასამართლებდნენ, ვიღაცას უთქვამს, თუ გინდათ, მაგის ოხტში
ამოხვიდეთ, ერთადგილიან საკანში მოათავსეთ და ამ საკნიდან ნელ-ნელა ჰაერი
ამოტუმბეთო. მართლა არ ვიცი, როგორ მოკვდა აიხმანი. ისე, შემთხვევით
გამახსენდა.
- აი, თურმე რა ნიჭიერი ყოფილხარ!
- რაო, ნიჭიერიო?! ამას ხომ ყველა გააკეთებს! უბრალოდ, კი არ უნდა იფიქრო, რომ
ხელში მანდარინი გიჭირავს, არამედ უნდა დაივიწყო, რომ მანდარინი არ გიჭირავს.
სულ ეს არის.
- მართლაც რა უბრალოა!
და ის გულში ჩამივარდა.
არც ისე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს: თვეში ერთხელ, დიდი-დიდი - ორჯერ.
ნავახშმევზე ვსეირნობდით, ან მივდიოდით ბარში, ჯაზ-კლუბში.
მის გვერდით უდარდელად ვგრძნობდი თავს, აღარც სამსახური მახსოვდა, აღარც
მომაბეზრებელი მოლაპარაკებები და აღარც გაუგებარი აზრებით თავგამოტენილი
უსახური ადამიანები. უთუოდ იყო მასში რაღაც განსაკუთრებული ძალა.
ყოველთვის, როცა მის უაზრო ტიკტიკს ვუსმენდი, ვგრძნობდი რაღაცნაირ
გაბრუებას, გონება მეფანტებოდა, თითქოს შორეულ ჰორიზონტზე გაწოლილი
ღრუბელი მიფარავდა მზერას.
ენაზე ჭალი არც მე მედებოდა, მაგრამ სერიოზულ თემებზე საუბარს მაინც
გავურბოდი. ან ისეთი რა გამაჩნდა, მისთვის რომ გამეზიარებინა. ასეა!
არაფერია, რასაც გიყვებით!
ორი წლის წინათ, გაზაფხულზე, ინფარქტით გარდაეცვალა მამა, რომელსაც, როგორც
ჩანს, ცოტაოდენი ფული დაეტოვებინა. უცებ, არ ვიცი, რა ბუზმა უკბინა, აიღო ეს
ფული და ცოტა ხნით ჩრდილოეთ აფრიკაში გაემგზავრა, რაშიც ჩემი დაქალი,
ალჟირის საელჩოს თანამშრომელი დაეხმარა. აეროპორტიდან გავაცილე ერთადერთი
ჩანთის, გაცვეთილი "ბოსტონის" ამარა. ბარგს ისეთი ყოფით უმოწმებდნენ,
გეგონებოდათ კი არ მიემგზავრება, არამედ ბრუნდებაო.- მართალი მითხარი, ხომ დაბრუნდები იაპონიაში?
- რა თქმა უნდა, დავბრუნდები!
... ჰოდა, დაბრუნდა - სამი თვის შემდეგ, ზანგივით გარუჯული და გამხდარი, - სამი
კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. თან ახალი საყვარელი მოიყოლა, რესტორანში
გაეცნო შემთხვევით. ალჟირში იაპონელები ცოტანი არიან და უთუოდ ამიტომ
დაუახლოვდნენ და შეეთვისნენ ერთმანეთს. თუ არ ვცდები, მისი პირველი
ნამდვილი საყვარელი ეს კაცი იყო - ოცდაათიოდე წლის, მაღალი, დახვეწილი და
თავაზიანი ჯეელი. მართალია, ლუგუმი სახე ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც
სიმპათიური და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უხდებოდა დიდი
ხელები და გრძელი თითები.
ასე ახლოს საიდან ვიცნობ? აეროპორტში დახვედრისას გავიცანი. მოულოდნელად
ბეირუთიდან მომივიდა დეპეშა, რომელშიც მხოლოდ რეისის თარიღი და ნომერი
იყო აღნიშნული. მას სურდა, აეროპორტში დავხვედროდი, სანამ თვითმფრინავი
დაჯდებოდა - ცუდი ამინდის გამო ოთხი საათით დააგვიანა - კაფეში ვიჯექი და
ფოლკნერის მოთხრობების კრებულს ვკითხულობდი. შეყვარებული წყვილი ტრაპზე
ხელიხელჩაკიდებული ჩამოვიდა. გვრიტებივით ცოლ-ქმარი გეგონებოდათ.
გაცნობისას ანგარიშმიუცემლად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი. საზღვარგარეთ
დიდხანს მცხოვრები კაცის სიმტკიცე ვიგრძენი მის ხელში. რესტორანში შევედით, -
ქალმა "ტენდონის" ჭამაზე გაიგიჟა თავი, ჩვენ ლუდს ვწრუპავდით.
"საგარეო ვაჭრობის ფირმაში ვმუშაობ", - როგორღაც წამოსცდა და მერე ამ თემაზე
კრინტი აღარ დაუძრავს. ალბათ საქმეზე ლაპარაკი არ უყვარდა, ანდა ეგონა თავს
შემაწყენდა. რაღა დაგიმალოთ და, ვაჭრობაზე ლაპარაკი მართლაც გულს მირევს,
ამიტომ წავუყრუე, მაგრამ, საუბედუროდ, საუბრის ძაფი გაგვიწყდა და მან,
მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, ბეირუთის უსაფრთხოებასა და ტუნისის
წყალგაყვანილობებზე ჩამოაგდო სიტყვა. ეტყობოდა, კარგად ერკვეოდა ჩრდილოეთ
აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ყოფა-ცხოვრებაში.
ამასობაში ჩვენი მეგობარი მორჩა "ტენდომის" ჭამას, დაამთქნარა და განაცხადა,
მეძინებაო. ნახევრად უკვე ძილბურანში იყო. მართლა! - სულ დამავიწყდა: მას
უცნაური ჩვევა სჭირდა, უადგილო ადგილას ისე ჩამოიძინებდა, თვალსაც არ
დაახამხამებდა. კაცმა თქვა, სახლამდე ტაქსით მივაცილებო. არა, - ვუთხარი, -
ელექტრომატარებლით სჯობია, თანაც მეც იქით მივდივარ-მეთქი.
ბოლომდე გამოცანად დამრჩა: "საერთოდ, რა მინდოდა აეროპორტში?!"
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - დამემშვიდობა კაცი ყოველგვარი მობოდიშების
გარეშე.
- ჩემთვისაც...კიდევ რამდენჯერმე შევხვდი. "მანდარინის მფრცქვნელს" აჩრდილივით დასდევდა.
ეს გოგო ჩემთან, პაემანზე მას მოჰყავდა თავისი სპორტული ავტომანქანით.
ვერცხლისფერი გერმანული ავტო მუდამ ისე ჰქონდა გაწკრიალებული, ერთ ლაქას
ვერ უპოვიდი. ავტომანქოანებში კარგად ვერ ვერკვევი, ამიტომ დაწვრილებით ვერ
აღვწერ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მანქანა ფედერიკო
ფელინის შავ-თეთრი ფილმებიდან.
- ეტყობა, მდიდარია, არა? - ვკითხე ჩემ გოგოს.
- ჰო, - მომიგო გულგრილად, - ალბათ მდიდარი.
- ნუთუ ამდენს შოულობს საგარეო ვაჭრობაში?
- საგარეო ვაჭრობაში?
- თვითონ თქვა, საგარეო ვაჭრობის ფირმაში ვმუშაობო.
- რა ვიცი... შეიძლება მუშაობს. მაგრამ... კარგად არ ვიცი. საერთოდ, არ ეტყობა, თუ
სადმე მუშაობს. ვიღაცებს კი ხვდება, ტელეფონზე ურეკავს... მაგრამ ისე, რომ
წელებზე ფეხს იდგამდეს...
- ზედგამოჭრილი გეტსბია!
- რაო?
- არაფერი1
* * *
ოქტომბრის ერთ კვირადღეს ჩემმა გოგომ დარეკა. შუადღე იყო. ცოლი დილიდანვე
ნათესავებთან იყო გასული, შინ მარტო ვიყავი. მზიანი, სასიამოვნო დარი იდგა.
ქაფურის მარადმწვანე ხეს გავყურებდი და უკვე მეშვიდე ვაშლს ვჭამდი.
- შენ სახლთან ვართ ახლოს, რას იტყვი, ორივენი რომ გესტუმროთ?
- ორივენი? - ვკითხე გაოცებულმა.
- ჰო, მე და ის.
- აჰ... დიახ, დიახ, რა თქმა უნდა!
- მაშ, დაგველოდე, ოცდაათ წუთში მოვალთ, - მოკლედ მოჭრა და ყურმილი დაკიდა.
ცოტა არ იყოს, დავიბენი. დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, თუმცა რაღა დროს ფიქრი
იყო, ავდექი, შევედი აბაზანაში, შხაპი გადავივლე და პირი გავიპარსე. ტანი
გავიმშრალე, ყურები გამოვიწმინდე. მივიხედ-მოვიხედე, სახლი კაი გვარიანად იყო
არეული, მაგრამ ხელი არაფრისთვის მომიკიდია, აზრი არ ჰქონდა, ვერ მოვასწრებდი.
აქეთ-იქით ეყარა წიგნები, ჟურნალები, წერილები, ფირფიტები, ფანქრები და
სვიტერიც კი. შემოქმედებითი უწესრიგობა - საბედნიეროდ, მტვრისა და ჭუჭყის
გარეშე. წინადღეს რაღაც სამუშაო დავამთავრე. დაღლილი და გამოფიტული ვიყავი.
ისევ დივანზე ჩამოვჯექი, ვაშლი ჩავკბიჩე და ქაფურის ხეს გავხედე.ნახევარი კი არა, ორ საათზე მეტი გავიდა, რომ, როგორც იქნა, მოვიდნენ. სახლის
ბორბლების ხრჭიალით გაჩერდა სპორტული ავტომანქანა. წინკარიდანვე შევნიშნე
ნაცნობი ვერცხლისფერი სილუეტი. ჩემი გოგო ღია ფანჯრიდან ხელს მიქნევდა.
ვანიშნე, მანქანა სახლის უკან დააყენეთ-მეთქი.
აი, ჩვენც მოვედით! - მხიარულად დამიძახა, როცა მანქანიდან გადმოვიდა. თხელ
ბლუზზე მკვეთრად ემჩნეოდა კერტების ფორმა, მინი-კაბა მწვანე-წენგოსფერ
ტონებად ეღვრებოდა თეძოებზე.
კაცს ევროპული სტილის მუქლურჯი სპორტული ხიფთანი ეცვა. ცოტა შეცვლილი
მეჩვენა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ორი დღის წვერი აუშნოვებდა, უბრალოდ, სახე
ოდნავ ჩამუქებოდა. მზის სათვალეები გულის ჯიბეში ჩაიდო და ცხვირი მოიშმუშნა -
დიდებული სრუტუნი გამოუვიდა!
- გვაპატიეთ, ასე მოულოდნელად რომ დაგატყდით თავს ამ უქმეზე, - მომიბოდიშა
მან.
- რას ბრძანებთ. ჩემთვის ყოველი დღე უქმეა. თანაც... მართალი გითხრათ, ცოტა
მოწყენილი ვიყავი.
- ჩვენ რაღაც საჭმელებიც მოვიტანეთ, - თქვა ქალმა და უკანა სალონიდან დიდი
პაკეტი ამოიღო.
- საჭმელი?
- ბევრი არაფერია, უბრალოდ მოგვერიდა ხელცარიელი მოვსულიყავით, თანაც
კვირადღეა! - ამიხსნა კაცმა.
- ძალიან კარგი! დილიხან ვაშლის მეტი არაფერი მიჭამია.
შინ შევედით და პროდუქტები მაგიდაზე დავახვავეთ. რაც მართალია, მართალია,
რიგიანი სუფრა გაეწყო! - კარგი თეთრი ღვინო და სენდვიჩები როსტბიფით, სალათა
და შებოლილი წითელი თევზი, ლურჯი მოცვი და ნაყინი. ყველაფერი ბლომად!
როსტბიფიან სენდვიჩებში კრეს-სალათაც შედიოდა, მდოგვიც ნამდვილი იყო.
საჭმელები თეფშებზე გადავაწყეთ, გავხსენით ღვინო და ქეიფს მეტი რაღა უნდოდა.
- ცოტა არ იყოს, მეუხერხულება... - ვთქვი.
- რას ამბობთ! ჩათვალეთ, რომ ეს არის კომპენსაცია ჩვენი თავხედობისათვის!
- დავიწყოთ, თორემ მეტი აღარ შემიძლია, მუცელი მიბუყბუყებს! - თქვა ქალმა.
მასპინძლის უფლება გამოვიყენე, სასმისები შევავსე და სადღეგრძელო წარმოვთქვი.
ღვინო ოდნავ ძელგი მეჩვენა, თუმცა რამდენიმე ყლუპის შემდეგ სიმწკლარტემ
გაუარა.
- შეიძლება ფირფიტა დავდო? - მკითხა ჩემმა გოგომ.
- მიდი.ჩემთან ერთხელ უკვე იყო ნამყოფი, ამიტომ იცოდა, სად რა იდო. თაროდან
რამდენიმე ფირფიტა ჩამოიღო, მტვერი გადაწმინდა და ფირსაკრავი ჩართო.
ეჰ, რა ნაცნობი აპარატია! - ჩაილაპარაკა კაცმა.
"გალარდის" მარკის ავტოჩეინჯერი იყო. ეს მოდელი მართლაც რელიქტად
ითვლებოდა, სადღაც გადაკარგულში მივაგენი. სასიამოვნოა, როცა გემოვნებას
გიფასებენ!
ჩემ გოგოს ძველი ჯაზის ვოკალისტები მოსწონდა, ამიტომ პირველად ფრედი ასტერი
და ბინგ კროსბი მოგვასმენინა. შუაში ჩაიკოვსკის "სიმებიანი სერენადა" ჩააკვეხა,
რასაც ნეთ კინდ კოული მოაყოლა.
ამასობაში მთლიანად ვშთანთქეთ სენდვიჩები, სალათა და შებოლილი წითელი
თევზი. ღვინოც რომ ჩამოიცალა, მაცივრიდან ლუდის ქილები გამოვალაგე. კიდევ
კარგი, მაცივარი ყოველთვის გამოვსებული მაქვს ლუდით. ერთ ჩემს ნაცნობს პატარა
ფირმა აქვს და შეღავათიან ფასებში მაძლევს ხოლმე ლუდის სასაჩუქრო ტალონებს.
კაცი კარგად გამოიჭყიპა, მაგრამ სახეზე სასმელის კვალი არ დასტყობია. თუმცა
ლუდის სმაში არც მე ვარ ჯაბანი. ჩვენი ხათრით რამდენიმე ქილა ქალმაც დალია.
ჯერ საათიც არ იყო გასული, რომ მაგიდაზე ოცდაოთხი ცარიელი ქილა გამწკრივდა.
ფაფუ, გაქრა ლუდი! მუსიკაც ჩამოთავდა. ჩემმა გოგომ ხუთი ახალი ფირფიტა აარჩია
და პირველად მაილზ დევისის "ეაჯინი" დადო.
- ცოტა მოსაწევი მაქვს. გინდათ?
ვიუარე. როგორი საქმეა, სულ რაღაც ერთი თვის წინ მქონდა თავი დანებებული.
მაცთუნებელი წინადადება იყო, ახლა უნდა გამომეცადა ჩემი ნებისყოფა, მაგრამ
ჩავფლავდი. ჯანი გავარდეს, მოიტა-მეთქი. კაცმა ქაღალდის პაკეტიდან ალუმინის
ფოლგა ამოიღო, კანაფი სიგარის ფოთოლზე დაყარა, მჭიდროდ დაახვია და ნაწიბურს
ენა გაუსვა. სანთებელათი მოუკიდა, რამდენჯერმე მოქაჩა და როცა დარწმუნდა, რომ
სიგარა ნამდვილად "ააფეთქა", თავაზიანად გამომიწოდა. უმაღლესი ხარისხის
მარიხუანა გამოდგა. მოსაწევი უსიტყვოდ დავატრიალეთ წრეში, თითო ნაფაზს
ვარტყამდით. მაილზ დევისი იოჰან შტრაუსის ვალსებმა შეცვალა.
სიგარა რომ ჩავათავეთ, ჩემ გოგოს ძილი მოუნდა. ლუდის სამმა ქილამ და
მარიხუანამ თავისი გაიტანა. გვთხოვა, დამაძინეთო. მეორე სართულზე, საძინებელში
ავიყვანე, ტანსაცმელი სწრაფად გაიჯრო, ტრუსის ამარა დარჩენილმა ჩემი მაისური
გადაიცვა, გაეხვია საბანში და ხუთ წამში ფშვინვა ამოუშვა. თავის კანტურით
ჩავბრუნდი დაბლა.
კაცი სასტუმრო ოთახში, დივანზე იჯდა და მეორე სიგარას აკეთებდა. აი, ბიჭი! რაღა
დაგიმალოთ და ერთი სული მქონდა ჩემ გოგოს ლოგინში ჩავგორებოდი და ერთიგემრიელად დამეძინა, მაგრამ მასპინძელი ვიყავი და ამას როგორ ვიკადრებდი.
დავუქიშინეთ. ისევ იოჰან შტრაუსის ვალსი უკრავდა. რატომღაც ჩემი დაწყებითი
სკოლა და თვითმოქმედების დათვალიერება მომაგონდა. ხელთათმანების
ფარდულის ნოქრის როლს ვთამაშობდი. მელია მოდიოდა ხელთათმანების
საყიდლად, მაგრამ ფული აკლდებოდა.
- ხელთათმანებს ვერ მოგყიდი, - ვეუბნები (უარყოფითი როლი!).
- ბიძია, ბიძია! მომე რა! დედიკო ისეა გათოშილი, თათებში ამტვრევს, - მემუდარება
მელაკუდა.
- არა, არ შეიძლება! ფული შეაგროვე და ისე მოდი, მაშინ...
- ზოგჯერ ფარდულებს ვწვავ! - თქვა მან.
- უკაცრავად, ვერ გავიგე...
- ზოგჯერ ფარდულებს ვწვავ! - გაიმეორა.
გაოგნებულმა შევხედე. ფრჩხილით სანთებელას კონტურს ხაზავდა. ღრმა ნაფაზი
დაარტყა, ბოლო ათი წამით გაიჩერა და ნაწილ-ნაწილ ამოუშვა. პირიდან ბოლს
ექტოპლაზმასავით აფრქვევდა. სიგარა გამომიწოდა და ჩაილაპარაკა:
- კარგი რამეა!
თავი დავუქნიე.
- ინდოეთიდან ჩამოიტანეს. საუკეთესო ხარისხი ავარჩიე. როცა ეწევი, ცხოვრების
ყველაზე უცნაური ეპიზოდები გაგონდება თავისი ფერებითა და სუნით. ეგეთი
რამეა! თანაც მეხსიერება... - პაუზა გააკეთა და ხელისგულზე შუა თითი
რამდენჯერმე გაატკაცუნა, - ... საერთოდ გეცვლება. ასე არ არის?
თავი დავუქნიე. უცებ ერთბაშად განათდა მეხსიერება: სასკოლო სპექტაკლი, არეული
სცენა, მუყაოს დეკორაციები და საღებავის სუნი...
- ფარდულებზე ამბობდი რაღაცას...
თვალებში შემომხედა. სახე წაშლილი ჰქონდა.
- შეიძლება დავიწყო? - მკითხა.
- დაიწყე.
- ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: მივასხამ ბენზინს, გავკრავ ასანთს, ავარდება
ალი და მორჩა. თხუთმეტ წუთში ყველაფერი ნაცარშია მოხანხლული.
- მერე? - ვკითხე და პირი მოვკუმე, მომდევნო ფრაზას დავუწყე ძებნა, - რატომ წვავ
ფარდულებს?
- გიკვირს?
- რა ვიცი. შენ წვავ. მე არ ვწვავ. განსხვავება ხომ არის. სანამ გეტყვი, მიკვირს თუ არა,
განსხვავება უნდა გავარკვიო. ჩვენთვის. თანაც ლაპარაკი შენ დაიწყე.- ჰო, მართალი ხარ! რავი შანკარის ფირფიტა გაქვთ?
- არა მაქვს.
დაბნეულობა შეეტყო.
- ორ თვეში ერთ ფარდულს ვწვავ, - თქვა და თითები გაატკაცუნა. - ურიგო ტემპი არ
არის, ყოველ შემთხვევაში, მე მაკმაყოფილებს.
ხელი მაშინალურად გავიქნიე. ტემპი?
- ესე იგი, საკუთარ ფარდულებს წვავ...
გაოცებულმა შემომხედა.
- საკუთარი რატომ უნდა დავწვა, გიჟი ხომ არა ვარ!
- მაშ, ესე იგი, სხვის ფარდულებს წვავთ?
- რა თქმა უნდა! ამიტომ... ეს, ერთი სიტყვით, დანაშაულია, ისევე, როგორც ახლა
მარიხუანას რომ ვეწევით - მკვეთრად გამოხატული დანაშაული.
იდაყვი სკამის საზურგეზე ჩამოვაყრდნე. გავჩუმდი.
- ისეთ ფარდულებს ვარჩევ, დიდი ალი რომ არ ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია
ფარდულის დაწვა და არა ხანჯრის გაჩენა.
თავი დავუქნიე და სიგარა ჩავაქრე.
- რომ დაგიჭირონ, მერე რას შვრები? ხომ შეიძლება დაგაპატიმრონ.
- ვერ დამიჭერენ, - მომიგო არხეინად, - მივასხამ ბენზინს, მივაგდებ ასანთს და
მაშინვე გავრბივარ. შორიდან ბინოკლით ვუყურებ და ვტკბები. ვერ დამიჭერენ.
პოლიცია თავს არ შეიწუხებს რაღაც უბადრუკი ქოხის გულისთვის.
- თანაც არავის თავში აზრად არ მოუვა, ეჭვი მიიტანოს რესპექტაბელურ
ახალგაზრდა კაცზე, რომელიც უცხოური ავტომანქანით დაგრიალებს, არა?!
- რასაკვირველია! - თქვა გაღიმებულმა.
- ჩვენმა დაქალმა თუ იცის ამის შესახებ?
- არაფერიც არ იცის. ასეთ რამეებს არავის ვუყვები.
- მაშ მე რატომ მომიყევი?
დაფიქრდა და მარცხენა ხელით შებურძგული ლოყა მოიფხანა.
- თქვენ მოთხრობებს წერთ. მგონია, კარგად უნდა ერკვეოდეთ ადამიანური
საქციელის მოტივებში. ჩემი აზრით, მწერლები... ერთი სიტყვით, სანამ საგნებსა და
მოვლენებს შეაფასებდნენ, მანამ მათი პირველყოფილი შინაარსით ტკბებიან. აი,
რატომ მოგიყევი.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მგონია, მართალს ამბობდა.- შენ ალბათ პირველხარისხოვან მწერლებს გულისხმობ, - ვუთხარი.
ჩაიცინა.
- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, - დაიწყო მან, ხელის მტევნები ერთმანეთს
გადააჭდო და წინ გამოჭიმა, - მსოფლიოში მილიონობით ფარდულია და ასე მგონია,
ყველა, ზღვის პირას დგას ეულად, თუ მინდვრის შუაგულში, მოელის იმ დროს, როცა
ცეცხლს წავუკიდებ და დავწვავ. ნებისმიერი ფარდულისთვის თხუთმეტი წუთი
საკმარისია, რომ ჩაიფერფლოს ისე ლამაზად და ეშხიანად, თითქოს არც არსებობდა.
გულიც არავის დასწყდება. უბრალოდ - ფშიკ! და ფარდული აღარ არის.
- ასე რომ, შენ თვითონ წყვეტ, საჭიროა თუ არა იგი.
- არაფერსაც არ ვწყვეტ. უბრალოდ, ვუყურებ. როგორც წვიმა... წვიმა მოდის. მდინარე
აზვირთდა. დინებას რაღაც მოჰყვება. წყვეტს წვიმა რამეს? - არაფერს! მჯერა იმ ერთი
რამის, რასაც ზნეობრიობას უწოდებენ. ადამიანებს მის გარეშე ცხოვრება არ
შეუძლიათ. ჩემი აზრით, ზნეობრიობა, იცით, რა არის? - ერთდროული არსებობა!
- ერთდროული არსებობა?
- მოკლედ რომ ვთქვა, აქაც ვარ და იქაც. ერთდროულად ტოკიოშიც ვიმყოფები და
ტუნისშიც. როცა ვსაყვედურობ, ამავე დროს ვპატიობ კიდეც. ამის გარდა კიდევ
არსებობს რამე?
აი, თურმე რა ყოფილა!
- ცოტა არ იყოს, უკიდურესი თვალსაზრისია, რომელიც, როგორც ჩანს, ვარაუდის
საფუძველზეა აგებული. აბა, წარმოვიდგინოთ ცალკე აღებული ცნება
"ერთდროულობა" - ხომ სრული გაუგებრობაა!
- გასაგებია. უბრალოდ, მინდოდა გადმომეცა ჩემი განწყობილება სწორედ
განწყობილების მნიშვნელობით. მაგრამ... მოდი, შევწყვიტოთ საუბარი. რაც უფრო
ცოტას ვსვამ, იმდენად ბევრს ვყბედობ.
- ლუდს დალევ?
- გმადლობთ, უარს არ ვიტყოდი.
სამზარეულოდან ექვსი ქილა ლუდი გამოვიტანე და თან კამამბერის ყველიც
მივაყოლე. სამ-სამი ქილა დავლიეთ.
- ბოლო ფარდული როდის დაწვი? - დავინტერესდი.
- მოიცა, გავიხსენებ! - ცარიელი ქილა ჩაბღუჯა და ჩაფიქრდა. - ზაფხულში...
აგვისტოს ბოლოს.
- ახლის დაწვას როდის აპირებ?
- არ ვიცი. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს გრაფიკს ვადგენ, კალენდარში ვინიშნავ და
სულმოუთქმელად ველოდები იმ დღის დადგომას. მოვა განწყობილება - წავალ და
დავწვავ.
- მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იმ დღეს, როცა განწყობილება მოგივა, ფარდული არ
გქონდეს შეგულებული?- რა თქმა უნდა, - მიპასუხა თითქმის ჩურჩულით, - ამიტომ წინასწარ ვარჩევ.
- მარაგად ინახავ?
- დიახ.
- კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლებაე?
- ბდრძანეთ.
- ამ წუთში შეგულებული გაქვს?
უცებ მოიღუშა, კოპები შეჰყარა და ძლივსგასაგონად ამოიოხრა.
- შეგულებული მაქვს.
კრინტი არ დამიძრავს, ვიჯექი და ლუდს ვწრუპავდი.
- ძალიან კარგი ფარდულია! კარგა ხანია, ასეთი არ შემხვედრია! რომ არ დაგიმალო,
დღეს დაზვერვაზე ვიყავი.
- აქ სადმე ახლოს ხომ არ არის?
- დიახ, აქედან ორ ნაბიჯზეა.
ჩვენი საუბარი შეწყდა.
ხუთი საათი შესრულდა. ქალი გააღვიძა, მე კი ბოდიში მომიხადა მოულოდნელი
ვიზიტისათვის. ოცი ქილა ლუდი ჰქონდა დალეული, მაგრამ სრულიად ფხიზლად
გამოიყურებოდა, მანქანა სადგომიდან ციმციმ გაიყვანა.
- ფარდულთან ფრთხილად იყავი! - ვუთხარი დამშვიდობებისას.
- კეთილი! - მიპასუხა, - რაც არ უნდა იყოს, აქვეა, ყურისძირში!
- რა ფარდულზეა ლაპარაკი? - დაინტერესდა ქალი.
- ისეთი არაფერია. მამაკაცებმა ვიცით, - დაამშვიდა მან.
- აბა, აბა!
მანქანა ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.
შინ შევბრუნდი და დივანზე გავიშხლართე. მაგიდაზე გულისამრევი უწესრიგობა
სუფევდა. ავიღე იატაკზე დაგდებული შალის ხიფთანი, დავიხვიე თავზე და
დავიძინე.
თვალები რომ გავახილე, სახლში უკვე ბინდ-ბუნდს დაესადგურებინა. შვიდი საათი
იყო. ოთახში იდგა მოლურჯო ბინდი და კანაფის მძაფრი სუნი. უცნაური,
არაბუნებრივი სიბნელე გულს მიშფოთებდა. ვიწექი დივანზე და ამაოდ ვცდილობდი
გამეხსენებინა სასკოლო სპექტაკლის მომდევნო სცენა - მისცეს თუ არა მელაკუდას
ხელთათმანები?!.
ავდექი, გავაღე ბანჯარა, ოთახი გავანიავე. სამზარეულოში ყავა მოვადუღე და
დავლიე.* * *
მეორე დღეს წიგნის მაღაზიაში ჩვენი რაიონის რუკა ვიყიდე. წვრილ, 1:20000
მასშტაბის რუკაზე ყველაზე ვიწრო ბილიკიც კი არ იყო გამორჩენილი. რუკით ხელში
შემოვიარე ჩემი სახლის მიდამოები და ჯვრებით აღვნიშნე ყველა ადგილი, სადაც
ფარდული იდგა. სამ დღეში დაწვრილებით შევისწავლე ტერიტორია
ოთხკილომეტრიანი რადიუსით. მე ვცხოვრობ გარეუბანში, სადაც ჯერ კიდევ ბევრი
გლეხური მეურნეობაა შემორჩენილი. აქ სულ თექვსმეტი ფარდული დავითვალე.
თექვსმეტიდან ერთი უთუოდ უნდა დაეწვა. როგორც თვითონვე მიმანიშნა -
"ყურისძირშიაო" - მსხვერპლი ოთხი კილომეტრის იქით არ უნდა ყოფილიყო.
ყურადღებით შევისწავლე თითოეული ფარდულის ირგვლივ არსებული
მდგომარეობა. საცხოვრებელ სახლებთან და სათბურებთან მდებარე ნაგებობები
თავისთავად გამოვრიცხე. მისთვის არც სასოფლო-სამეურნეო მექანიზმებისა და შხამ-
ქიმიკატების საწყობების დაწვა უნდა ყოფილიყო უპრიანი, გამორიცხვის მეთოდის
გამოყენებით დამრჩა ხუთი ფარდული, რომელთაც დაწვა ემუქრებოდა. თანაც ყველა
ისეთი იყო, პატრონის გარდა რომ არავის დაენანებოდა. სხვა საქმე იყო, თუ ხუთიდან
რომელს აარჩევდა. მართალია, ამას მე არავინ მკითხავდა, მაგრამ ერთი სული მქონდა
რამენაირად გამეგო მისი არჩევანი.
გავშალე რუკა და წავშალე ყველა აღნიშვნა ხუთის გარდა. ავიღე სახაზავი,
მრუდთარგი და გამოვთვალე დაშორება ჩემი სახლიდან ამ ფარდულებამდე. გზა
ზიგზაგებით მიუყვებოდა გორაკებსა და მდინარეებს, ამიტომ გაზომვა ცოტა
გამიჭირდა. საბოლოო ჯამში გაირკვა მანძილი - შვიდი კილომეტრი და ორასი მეტრი.
გაზომვათა სიზუსტე რამდენჯერმე შევამოწმე, რათა შეცდომა გამომერიცხა.
სისხამ დილით, ექვს საათზე ჩავიცვი სპორტული კოსტიუმი, კედები და გავედი
სარბენად. ყოველდღე, დილა-საღამოს, ექვს-ექვს კილომეტრს დავრბოდი, ამიტომ
დიდი ჯაფა არ დამადგებოდა, თკუ ჩვეულ დისტანციას ცოტას წავუმატებდი.
გზას ორი შლაგბაუმი კვეთდა, მაგრამ ძალზე იშვიათად კეტავდნენ. პეიზაჟსაც არა
უშავდა. შინიდან გამოვედი და სანამ ინსტიტუტამდე მივაღწევდი, სტადიონს წრე
დავარტყი, მერე სამი კილომეტრი ვირბინე გრუნტიან გზაზე, მდინარის გაყოლებით.
პირველი ფარდული ამ მონაკვეთზეა. ამას მოსდევს კორომი, პატარა აღმართი და
შემდეგ - მეორე ფარდული, რომლის სიახლოვეს იდგა თავლა დოღის ცხენებისათვის.
სხვათა შორის, ცეცხლის დანახვაზე ცხენმა მოკლედ წრიალი იცის. მესამე და მეოთხე
ფარდულები მოხუცი ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. მათ შორის მანძილი ორასი
მეტრიც არ იქნებოდა. ორივე საკმაოდ ძველი და ჭუჭყიანი ჩანდა. ბოლო ფარდული
რკინიგზის გადასასვლელის გვერდით, სადღაც მეექვსე კილომეტრის ნიშნულზე იყო.
სავსებით მიტოვებული ჩანდა. კედელზე "პეპსი-კოლას" თუნუქის სარეკლამოპლაკატი შემორჩენოდა. ეს იყო ნახევრად დანგრეული და პირდაპირ დასაწვავად
გამზადებული შენობა.
ცოტა ხნით შევჩერდი, სული მოვითქვი. მერე გადმოვჭერი ლიანდაგი, დავადე თავი
და უკან, შინისკენ დავეშურე. ოცდათერთმეტი წუთი და ოცდაათი წამი!
დასაწყისისთვის არა უშავდა. შხაპი გადავივლე, ვისაუზმე და სანამ საქმეს
შევუდგებოდი, მუსიკა ჩავრთე. ქაფურის ხის მეტს ვერაფერს ვხედავდი.
მთელი თვე დავრბოდი მონიშნულ მარშრუტზე, მაგრამ არც ერთ ფარდულს არაფერი
დაშავებია.
ამან, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. ინსპირაციას ხომ არ მიწყობს-მეთქი, ვიფიქრე.
მართლაც, ალმოდებულ ფარდულზე ისეთი ეშხით მელაპარაკებოდა, თითქოს
მიბიძგებდა, მაგულიანებდა, მაქეზებდა. ერთი-ორჯერ თავში გამიელვა: რაღაზე
ველოდო, როდის დაწვავს, ავდგები და თვითონ გავკრავ ასანთს, დიდი ამბავი, ერთი
ჯაბახანა გინდ ყოფილა, გინდ არა.
მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ სისულელე იყო. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ფარდულს
არ დავწვავდი. მას უნდა დაეწვა! უთუოდ სამიზნე შეცვალა, ან ვერ მოიცალა. ჩემი
გოგოსგანაც არაფერი ისმოდა.
გავიდა შემოდგომა. დადგა დეკემბერი. დილის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა.
დაჭირხლული ფარდულები თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ზამთრის
ფრინველები დატრიალებდნენ გაყინულ კორომს. სამყარო თავის წესზე ბრუნავდა.
* * *
შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებში, შობამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი.
ყველგან საშობაო სიმღერები გაისმოდა, ქუჩები ბაზრებად იყო გადაქცეული. იმ დღეს
ქალაქში ვიყავი წასული საჩუქრების საყიდლად: ცოლს ნაცრისფერი სვიტერი
ვუყიდე, ბიძაშვილს - ვილი ნელსონის კასეტა "საშობაო სიმღერით", უმცროსი დის
შვილს - სურათებიანი წიგნი, დაქალს - ფანქრის ირმისფორმიანი სათლელი, ჩემთვის
- მწვანე სპორტული მაისური. ნოგიძაკის კვარტალში მივდივარ, ერთი ხელი შალის
პალტოს ჯიბეში მიდევს, მეორეში ქაღალდის პარკი მიჭირავს. უცებ, გავიხედოთ და
რას ვხედავ: მისი მანქანა! ეჭვი არ არის, ის ვერცხლისფერი სპორტული მანქანაა, აი,
"სინაგავას" ნომერი, გვერდით, მარცხენა ფართან კი პატარა ნაკაწრი აქვს. კაფეს წინ
დგას. ბევრი აღარ მიფიქრია, ავდექი და შევედი.
ჩაბნელებულ კაფეში ყავის მძაფრი სუნი იდგა. მუსიკა გამაყრუებლადდგანდგარებდა. ისეთი სახე მივიღე, თითქოს ცარიელ ადგილს ვეძებდი,
სინამდვილეში მას ვზვერავდი: ფანჯარასთან იჯდა, "კაფე ო-ლეს" სვამდა. ისეთი
ბუღი იდგა, სათვალეები დამეორთქლა, მაგრამ ეტყობა, სიცხე მასზე არ მოქმედებდა,
ქიშმირის პალტო ეცვა, ზემოდან კაშნე გადმოეშვა.
თავს ძალა დავატანე და მივედი. აღარ დავუწყე, მანქანა დავინახე და ასე და ისე-
მეთქი. ვითომ შემთხვევით შევხვდი!
- შეიძლება? - ვკითხე.
- რა თქმა უნდა, დაბრძანდით!
საუბარი არ აეწყო. ცოტა გვქონდა საერთო თემები, მითუმეტეს, შევატყე, რაღაცაზე
იყო ჩაფიქრებული. ვცდილობდი თავი არ მომებეზრებინა. ტუნისის პორტზე
ჩამოაგდო სიტყვა, მომიყვა, როგორ იჭერენ კრევეტებს. ვერ ვიტყვი, რომ ზრდილობის
გულისთვის მელაპარაკებოდა, მაგრამ არც ხალისი ეტყობოდა.
ოფიციანტს ხელი დაუქნია და რძიანი ყავა შეუკვეთა.
- მართლა! როგორ არის ფარდულის საქმე? - ჯიქურ ვკითხე.
ღიმილი ტუჩის კუთხეებში ჩამალა.
- ფარდული? - დავწვი! ლამაზად, როგორც შეგპირდი.
- ჩემ სახლთან?
- დიახ, შენ სახლთან!
- როდის?
- კარგა ხანია. ათი დღე იქნებოდა გასული მას მერე, თქვენთან რომ ვიყავით.
მოვუყევი რუკისა და ყოველდღიური ორჯერადი გარბენების ამბავი.
- ... ამიტომ არანაირად არ შეიძლება, რომ გამომრჩენოდა.
- ოჰ, საინტერესოა! - წამოიძახა მხიარულად, - ბეჯითად გიმუშავიათ! მაგრამ რად
გინდა, გამოგრჩათ. ზოგჯერ ასეც ხდება! ეტყობა იმდენად ახლოს იყო, რომ ვერ
შენიშნეთ.
- ვერაფერი გამიგია!
ჰალსტუხი გაისწორა და საათს დახედა.
- ძალიან ახლოს! - გაიმეორა, - ჩემი წასვლის დროა, დაწვრილებით იქნებ სხვა დროს
გველაპარაკა? მაპატიეთ, კაცი მელოდება.
რაღას ვეტყოდი. ადგა, სიგარეტის კოლოფსა და სანთებელას წამოავლო ხელი.- ჩვენი მეგობარი გოგონა ხომ არ გინახავთ?
- არა, მას მერე არ შევხვედრივარ. თქვენ?
- არც მე. ვერ ვუკავშირდები. შინ არ მხვდება, ტელეფონი გათიშული აქვს,
პანტომიმის სკოლაში არ დადის.- სადმე ხომ არ წავიდა? ადრე იცოდა ასეთი რამეები.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა.
- უკაპიკოდ?! თვენახევარია გასული, თანაც დეკემბერში!
- არ ვიცი, - ვუპასუხე.
პალტოს ჯიბეში თითები გაატკაცუნა.
- დანამდვილებით ვიცი, არც ფული აქვს დაარც მეგობრები ჰყავს. უბის წიგნაკი
გავსებული აქვს მისამართებით, მაგრამ არავისთან არ მეგობრობს. თქვენი კი
სჯეროდა - მართლა, არ გეპირფერებით!
ისევ საათს დახედა.
- ახლა კი წავედი. იმედია, კიდევ შევხვდებით.
* * *
მას შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ვცადე გოგოსთან დარეკვა. სატელეფონო სადგურზე
მითხრეს, ნომერი გამორთულიაო. შინ მივაკითხე, მაგრამ ვერაფრით დავადგინე, ისევ
ცხოვრობდა თუ არა იქ. უბის წიგნაკიდან ფურცელი ამოვხიე, ბარათი დავუწერე და
კარზე დამაგრებულ ფოსტის ყუთში ჩავაგდე. პასუხი არ მიმიღია.
მეორედ რომ მივაკითხე, კარზე უკვე სხვა სახელი და გვარი ეწერა. დავაკაკუნე, კარი
არავინ გამიღო.
მეტი აღარ მიძებნია. ეს იყო თითქმის ერთი წლის წინათ.
ის გაუჩინარდა.
* * *
დილ-დილაობით ისევ დავრბივარ. დღემდე არც ერთი ფარდული არ დამწვარა.
არათუ ჩვენთან, მთელ ოლქში არ ყოფილა რაიმე მსგავსი შემთხვევა. ისევ დადგა
დეკემბერი, ისევ აწრიალდნენ ზამთრის ჩიტები. მე კი ვბერდები. დრო და დრო,
შუაღამისას ალმოდებულ ფარდულებზე ვფიქრობ.„თაფლის კვერი"
I
- დათვმა მასაკიტიმ იმდენი თაფლი მოაგროვა ფუღუროებში, რომ მთელ სოფელს
გააძღობდა. კასრში გადაასხა, მთიდან ჩამოვიდა და ქალაქს მიაშურა გასაყიდად.
მასაკიტი ფუღუროდან თაფლის ამოღების ნამდვილი ოსტატი იყო.
- საიდან ჰქონდა დათვს კასრი? - ჰკითხა სარამ.
- უბრალოდ, ჰქონდა, მორჩა და გათავდა. გზაზე ეგდო. იმანაც აიღო. იფიქრა,
ერთხელაც იქნება, გამომადგებაო, - აუხსნა ძიუნპეიმ.
- ჰოდა, გამოადგა კიდეც.
- სწორეა, გამოადგა. წავიდა მასაკიტი ქალაქში, მოედანზე ადგილი შეარჩია, აბრა
გამოკიდა "ძალიან გემრიელი ნატურალური თაფლი, ჭიქა - 200 იენი" და დაიწყო
ვაჭრობა.
- დათვმა რა, წერა იცის?
- ნოუ. დათვებმა წერა არ იციან, - თქვა ძიუნპეიმ. - ერთ გვერდით მდგომ კაცს
სთხოვა. იმან დაუწერა ფანქრით.
- ფულის დათვლა თუ იცის?
- იეს. ფულის დათვლა იცის. მასაკიტი ბავშვობიდან ადამიანებთან ცხოვრობდა.
მაშინ ისწავლა ლაპარაკი და ფულის დათვლა. გონიერი დათვია.
- ესე იგი, ჩვეულებრივი დათვებისგან განსხვავდება.
- აჰა. ჩვეულებრივებისაგან ცოტათი, მაგრამ მაინც განსხვავდება. მასაკიტი
განსაკუთრებული დათვია. ამიტომ ერიდებიან ჩვეულებრივები.
- რას ნიშნავს "ერიდებიან"?
- იმას ნიშნავს, რომ ამბობენ: "ერთი შეხედეთ, როგორ იბღინძება" და ცდილობენ არ
იმეგობრონ მასთან. ვერ ეწყობიან. მასაკიტი განსაკუთრებით ჩხუბისთავ ტონკიტის
არ უყვარს.
- საბრალო მასაკიტი.
- მართლაც და საბრალო. თუმცა... გარეგნობა კი დათვისა აქვს, მაგრამ ადამიანები
ეგრე არ თვლიან. ეუბნებიან: "შენ ფულის დათვლაც შეგიძლია და ადამიანების ენაზე
ლაპარაკიც". მაგრამ არც ისინი და არც დათვები თავისიანად არ აღიარებენ.
- საბრალო, საბრალო მასაკიტი. მეგობრები მაინც თუ ჰყავს?
- მეგობრები არა. დათვი ხომ სკოლაში არ დადის. სად უნდა იპოვოს მეგობარი?
- სარას საბავშვო ბაღში მეგობრები... ჰყავს.- რა თქმა უნდა, - თქვა ძიუნპეიმ, - რა თქმა უნდა, სარას ჰყავს მეგობრები.
- ძიუნ-ტიანს თუ ჰყავს მეგობრები? - სარას ეზარებოდა "ბიძია ძიუნპეის" სრულად
წარმოთქმა და უბრალოდ "ძიუნ-ტიანს" ეძახდა.
- სარას მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. დედაც ჩემი მეგობარია.
- კარგია... როცა მეგობრები გყავს.
- ჰო. - თქვა ძიუნპეიმ, - კარგია, როცა მეგობრები გყავს. მართალი ხარ.
ძიუნპეი ძილის წინ ხშირად უყვებოდა სარას სახელდახელოდ მოგონილ ამბებს.
როცა სარა რამეს ვერ გაიგებდა, მაშინვე ეკითხებოდა. ძიუნპეი საფუძვლიანად
პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. შეკითხვები ერთიმეორეზე მწვავე და ღრმა იყო.
პასუხზე ფიქრისას ძიუნპეი ამბის გაგრძელებისთვისაც გამონახავდა ხოლმე დროს.
საიოკომ ქალიშვილს თბილი რძე მოუტანა.
- დათვი მასაკიტის ისტორიაა, - აუხსნა სარამ დედას. - მასაკიტი ფუღუროებში
თაფლის ცნობილი შემგროვებელია, მაგრამ მეგობრები არა ჰყავს.
- მასაკიტი დიდია? - ჰკითხა სარას საიოკომ. გოგონამ დაბნეულმა შეხედა ძიუნპეის:
- მასაკიტი დიდია?
- არც ისე, - უპასუხა ძიუნპეიმ. - კაცმა რომ თქვას, პატარაც კია. დაახლოებით
სარასხელა. უწყინარია. პანკსა და მძიმე როკს არ უსმენს. მარტოობაში შუბერტით
ტკბება.
საიოკომ "კალმახი" წაიღიღინა.
- მუსიკას როგორ უსმენს? მასაკიტის რა კომპაქტ-დისკ პლეიერი აქვს? - ჰკითხა სარამ
ძიუნპეის.
- სადღაც გზაზე მაგნიტოლა იპოვა. აიღო და შინ მიიტანა.
- რაღაც მეტისმეტად ხშირად პოულობს ტყეში დაკარგულ ნივთებს... - დაეჭვებულმა
ჩაილაპარაკა სარამ.
- იცი... იქ ისა... ძალიან ციცაბო ხრამია. ადამიანებს თავბრუ ეხვევათ, ჰოდა, ჰყრიან
ყველაფერ ზედმეტს: "მეტი აღარ შემიძლია. აუ რა მძიმეა. აი ეხლა სული ამომძვრება.
რაში მჭირდება ეს კასრი? ანდა მაგნიტოლა?" აი ასე გროვდება საჭირო ნივთები
გზაზე.
- როგორ მესმის იმათი, - თქვა საიოკომ, - როცა ყველაფერი გინდა თავიდან
მოიცილო.
- აი სარას კი - არა.
- იმიტომ რომ პატარა ძუნწი ხარ, - უთხრა ქალიშვილს საიოკომ.
- სულაც არა ვარ ძუნწი, - გააპროტესტა სარამ.- ეს იმიტომ, რომ სარა ჯერ კიდევ პატარა და სიცოცხლით სავსეა, - შეუსწორა
ძიუნპეიმ საიოკოს. - ესეც ასე. ეხლა კი რაც შეიძლება სწრაფად ვსვამთ რძეს. თუ
დალევ, მოყოლას გავაგრძელებ.
- კარგი, - თქვა სარამ, ორივე ხელით აიღო ჭიქა და ყლუპ-ყლუპით გამოცალა. - ნეტავ
მასაკიტი რატომ არ აცხობს თაფლის კვერებს და არ ჰყიდის? ქალაქელებს თაფლის
კვერები უბრალო თაფლზე უფრო მოეწონებათ.
- მშვენიერი აზრია! კვერებიდან მეტი შემოსავალი ექნება, - გაიცინა საიოკომ.
- ახალ მიმართულებებს ვირჩევთ დამატებითი შემოსავლის ძიებაში. ამ ბავშვისგან
ურიგო მეწარმე არ დადგება, - თქვა ძიუნპეიმ.
სარა ისევ დაწვა, თუმცა მხოლოდ ორი საათისთვის ჩაეძინა. ძიუნპეი და საიოკო
დარწმუნდნენ, რომ გოგონას უკვე ეძინა და სამზარეულოში გავიდნენ. იქ
ერთმანეთის პირიპირ დასხდნენ და ლუდი დაისხეს. საიოკო თანდათან მოვიდა
გონზე, ძიუნპეი კი ისევ უკან, თავის რაიონში - იოიოგი-უეხარაში უნდა
დაბრუნებულიყო.
- მაპატიე, რომ ასე უდროო დროს შეგაწუხე, - თქვა საიოკომ. - მაგრამ მართლა არ
ვიცოდი რა მექნა. სულ ამერია ტვინი... აბა შენს მეტს ვის შეუძლია სარას დაწყნარება.
კანთან დარეკვას ხომ აზრი არა აქვს.
ძიუნპეიმ თავი დაუქნია, ლუდი მოსვა და თეფშიდან კრეკერი აიღო:
- ჩემზე ნუ იდარდებ, სულ ერთია დილამდე მაინც არ ვიძინებ. თან ღამით გზები
ცარიელია - უცბათ მივალ.
- მუშაობდი?
- ცოტ-ცოტა...
- მოთხრობას წერდი?
ძიუნპეიმ თავი დაუქნია.
- მიდის ნელ-ნელა?
- როგორც ყოველთვის. ვწერ მოთხრობას, რომელსაც დაბეჭდავენ ლიტერატურულ
ალმანახში. რომელსაც არავინ არ წაიკითხავს.
- მე შენს ყველა მოთხრობას ვკითხულობ.
- გმადლობ. ძალიან კეთილი ხარ, - თქვა ძიუნპეიმ. - მაგრამ რადგან ამაზე ჩამოვარდა
ლაპარაკი... იცი, რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა ძველდება თვითონ მოთხრობის
ფორმაც - ზუსტად ისე, როგორც საცოდავი ლოგარითმული სახაზავი. კარგი,
მოვრჩეთ ამაზე. სარაზე მინდა გკითხო. მსგავსი რამ ადრეც ემართებოდა?საიოკომ თავი დააქნია:
- მარტო "ადრეც ემართებოდა" რომ იყოს! თითქმის ყოველ დღე: შუაღამისას
იღვიძებს და ისტერიკა ემართება. ერთიანად ცახცახებს. რაც არ უნდა იღონო, არ
ჩერდება. მეტი აღარ შემიძლია.
- რას ფიქრობ, რა უნდა იყოს მიზეზი?
საიოკომ ლუდი დალია და ცარიელ ჭიქას დააშტერდა.
- მგონია, რომ ტელევიზორში ნაჩვენები მიწისძვრის ამბების ბრალია. ოთხი წლის
ბავშვისთვის ეს მეტიმეტია. მას მერე, რაც ბიძგები შეწყდა, ღამით ეღვიძება. სარა
ამბობს, რომ ვიღაც უცნობი ძია მოდის მასთან. ძია-მიწისმნჯღრეველი. ამბობს, რომ
აღვიძებს და პატარა ყუთში ჩასმას უპირებს. ყუთი კი ისეთია, რომ ადამიანი
ვერაფრით ჩაეტევა. სარა რაც ძალი და ღონე აქვს წინააღმდეგობას უწევს, იმას კი
მკლავში ჩაუვლია ხელი და ტენის ყუთში. ძვლებს ჭახა-ჭუხი გაუდის. სარა ყვირის
და ეღვიძება.
- ძია-მიწისმნჯღრეველი?
- ჰო, აყლაყუდა და ბებერი. როგორც კი დაინახავს სარა, ყველგან სინათლეს რთავს და
მთელ სახლში ეძებს: კარადებში, ფეხსაცმლის თაროზე, საწოლის ქვეშ, კომოდის
უჯრებში. ვეუბნები, სიზმარი იყო-მეთქი. მაგრამ არ იჯერებს. და მხოლოდ მას
შემდეგ იძინებს, როცა დარწმუნდება, რომ ის ძია არსად არ იმალება. ამასობაში ორი
საათი მაინც გადის. მე კი ძილის თავი აღარა მაქვს. ქრონიკული უძილობისგან
მაქანავებს. სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვა.
საიოკო ყოველთვის არ იყო ასეთი გულახდილი.
- შეეცადე, რომ ახალ ამბებს არ უყუროს, - თქვა ძიუნპეიმ. - და საერთოდაც, რაღაც
დროის განმავლობაში სულ ნუ მიუშვებ ტელევიზორთან. ეხლა ყველა არხზე
მხოლოდ მიწისძვრაა.
- თითქმის არც ვუყურებთ, მაგრამ ეს აღარ შველის. სულ ერთია, ძია-
მიწისმნჯღრეველი თავს აღარ ანებებს. ექიმთანაც ვიყავით. რაღაც დამამშვიდებელი
გამოუწერა, ძილის საშუალების მაგვარი.
ძიუნპეი ჩაფიქრდა.
- მოდი, თუ გინდა, კვირას ზოოპარკში წავიდეთ. სარას ნამდვილი დათვის ნახვა
უნდა.
საიოკომ თვალები მოჭუტა და ძიუნპეის შეხედა:- კარგი აზრია. იქნებ ცოტათი მაინც წაეხმაროს. დიდი ხანია ოთხივე ერთად არსად
არ ვყოფილვართ. შენ თვითონ დაურეკე კანს, კარგი?
ძიუნპეი ოცდათექვცმეტისაა. ხიოგოს პრეფექტურის ქალაქ ნიშინომიაში დაიბადა.
მდინარე სიუკუგავას ნაპირზე მშვიდ კვარტალში გაიზარდა. მამამისს საათებისა და
საიუველირო ნაწარმის ორი მაღაზია ჰქონდა ოსაკასა და კობეში. ჰყავს ექვსი წლით
უმცროსი და. კობეში კერძო სკოლა რომ დაამთავრა, ერთბაშად ორ, კომერციულ და
ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. მაგრამ წუთიც არ უყოყმანია ისე
აირჩია ფილოლოგიური, თან მშობლები მოატყუა, ეკონომიკურზე მოვეწყეო.
ლიტერატურის შესასწავლად მშობლები ფულს არ მისცემდნენ. ძიუნპეის არ
უნდოდა ეკონომიკის სისტემის შესასწავლად ტყუილად გაეფლანგა ოთხი წელიწადი.
ლიტერატურის შესწავლა, უფრო სწორად კი, მწერლობა უნდოდა.
ზოგადსაგანმანათლებლო კურსზე კან ტაკაცუკისა და საიოკოს დაუმეგობრდა.
ტაკაცუკი ნაგანოდან იყო, უფროს კლასებში ფეხბურთის გუნდს კაპიტნობდა.
მაღალი იყო, ფართობეჭიანი. მხოლოდ მეორე ცდაზე მოეწყო უნივერსიტეტში,
ძიუნპეიზე ერთი წლით უფროსი იყო. ცხოვრებას რეალისტურად უყურებდა,
შეუპოვარი იყო. იოლად ახერხებდა ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას.
ნებისმიერ ჯგუფში როგორღაც თავისთავად ხდებოდა ლიდერი. ერთადერთი, რასაც
ვერც გულს უდებდა და არც გამოსდიოდა, წიგნების კითხვა იყო.
ფილოლოგიურზე მხოლოდ იმიტომ მოეწყო, რომ ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე
ჩაფლავდა. "ჰოდა, ძალიანაც კარგი, - თავდაჯერებით იტყოდა ხოლმე, - ჟურნალისტი
გავხდები, სტატიების წერას ვისწავლი".
ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა, რით მიიპყრო ტაკაცუკის ყურადღება. როგორც კი
თავისუფალ დროს იპოვიდა, ზიუნპეი განმარტოვდებოდა თავის ოთახში, სადაც
უსასრულოდ შეეძლო წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. სპორტი არ
აინტერესებდა, მისი სტიქია სომშვიდე იყო. ადამიანებს შეძლებისდაგვარად
ერიდებოდა, ნაცნობების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებდა. ამიტომაც უცნაური იყო,
დანახვისთანავე რატომ გადაწყვიტა ტაკაცუკიმ მასთან დამეგობრება. ძველი
ნაცნობივით მიესალმა, მხარზე მოუტყაპუნა ხელი და სადმე წავისადილოთო,
დაპატიჟა. აი ასე, ერთ დღეში იქცნენ განუყრელ მეგობრებად.
დაახლოებით ასე გაიცნეს საიოკოც. ხელი მოუტყაპუნეს მხარზე და სადილად
დაპატიჟეს. ასე შეიკრა ეს მჭიდრო კომპანია. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ:
ერთმანეთისგან იწერდნენ კონსპექტებს, სადილობდნენ უნივერსიტეტისსასადილოში, ლექციებს შორის დროს მომავალზე ლაყბობით კლავდენ კაფეში. ჯიბის
ფულის საშოვნადაც ერთ სამუშაოს მოძებნიდნენ ხოლმე. ერთად უყურებდნენ კინოს
ღამის კინოთეატრებში, როკ-კონცერტებზე დადიოდნენ და ხანაც უბრალოდ,
უმიზნოდ დახეტიალობდნენ ტოკიოს ქუჩებში, გატრეტამდე სვამდნენ ლუდბარებში.
მოკლედ, აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც ასე ჩვეულებრივია მსოფლიოს ყველა
პირველკურსელისთვის.
საიოკო ასაკუსადან იყო /ტოკიოს ისტორიული კვარტალი. ცნობილია ქალაქის
მთავარი ბუდისტური ტაძრით. მთარგმნ./. მამამისს კიმონოს აქსესუარების მაღაზია
ჰქონდა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადიოდა მემკვიდრეობით. კლიენტები
კაბუკის თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ. მის უფროს ძმას ეს საოჯახო ბიზნესი
ერგო, უმცროსი კი საპროექტო ბიუროში მუშაობდა.
უნივერსიტეტში მოწყობამდე ვასედა საიოკომ ინგლისური ენის აღმოსავლეთის
ქალთა კოლეჯი დაამთავრა. უნივერსიტეტშიც ფილოლოგიური აირჩია -
ინგლისურენოვანი ლიტერატურის კვლევის გაგრძელება სურდა. ბევრს
კითხულობდა. ძიუნპეი და საიოკო ხშირად ცვლიდნენ წიგნებს და ყოველთვის
ცხარედ მსჯელობდნენ წაკითხულზე.
საიოკოს ლამაზი თმა და ჭკვიანური თვალები ჰქონდა. მშვიდი და რბილი საუბარი
იცოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა შეკუმშული ზამბარა მაინც იგრძნობოდა. ამას
სიტყვებზე უკეთ ტუჩების მკაცრი მოხაზულობა მეტყველებდა. იცვამდა სადად, არ
იღებებოდა, და საერთოდაც, მიმზიდველი გოგოების სიაში ვერ ჩაწერდი. თუმცა
საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და როცა ხუმრობდა, თვალებში ცუღლუტი
ღიმილი გაუკრთებოდა ხოლმე. ასეთ წუთებში ძიუნპეის ძალიან მოსწონდა მისი
სახე. დარწმუნებული იყო, რომ საიოკო სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც ეძებდა.
მასთან შეხვედრამდე არავინ არ ჰყვარებია. სკოლაში ბიჭებს არც ისე დიდი შანსი
აქვთ დაუახლოვდნენ გოგონებს.
თუმცა საიოკოსთვის თავისი გრძნობების გამხელა ძიუნპეიმ მაინც ვერ მოახერხა.
ეშინოდა: ერთხელ ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა. სამუდამოდ რომ დაეკარგა?
ასეც რომ არ მომხდარიყო, სამეულის ურთიერთობაში ბალანსი საბოლოოდ
დაირღვეოდა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, ფიქრობდა
ძიუნპეი. ვნახოთ, რა გამოვა.
პირველი ნაბიჯი ტაკაცუკიმ გადადგა.- ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, მაგრამ... - უთხრა ძიუნპეის, - საიოკო მომწონს. შენ
წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
ეს იყო შუა სექტემბერში. მათ შორის ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ძიუნპეი
ზაფხულის არდადეგებს ატარებდა კანსაიში. ასე აუხსნა ტაკაცუკიმ.
ძიუნპეი დაჟინებით შეაჩერდა მეგობარს სახეში. ნათქვამის აზრს უცებ ვერც კი
ჩახვდა. გულზე ლოდივით დააწვა რაღაც. არჩევანიც აღარ ჰქონდა.
- არა, რა თქმა უნდა.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, - გაიღიმა ტაკაცუკიმ, - რაც არ უნდა იყოს, ეს შენც გეხება. არ
მინდოდა ჩემს გადაწყვეტილებას ჩვენს მეგობრობაზე ემოქმედა. მაგრამ, ძიუნპეი, ეს
ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. გესმის? ახლა თუ არა, მომავალში მაინც
ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, სამივენი ისევ მეგობრებად
დავრჩებით. ასე არაა?
შემდეგი რამდენიმე დღე ძიუნპეი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა: ლექციებს აცდენდა,
სამუშაოდ აღარ დადიოდა, საერთოდ აღარ გამოდიოდა თავის ექვსტატამიანი
/დაახლოებით 9 კვ მ. მთარგმნ./ ოთახიდან. ჭამდა მაცივარში დარჩენილ პროდუქტს,
ხანდახან კი ახლადგამოფხიზლებულივით დააცხრებოდა ალკოჰოლს. სერიოზულად
ფიქრობდა უნივერსიტეტის მიტოვებას. სადმე უცნობ ქალაქში, უცხო ადამიანებთან
გადაკარგულიყო, შრომით გაიტანჯავდა თავს, მერე კი წერტილს დაუსვამდა თავის
მარტოხელა ცხოვრებას. ჰო, ალბათ ასე აჯობებსო.
ხუთი ასეთი დღის შემდეგ საიოკომ მოაკითხა. მუქი ლურჯი პერანგი და ბამბის
შარვალი ეცვა. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.
- რატომ არ დადიხარ ლექციებზე? ყველა შეწუხებულია, იმ თავის ბინაში ხომ არ
ამოხდა სულიო. ჰოდა კანმა შენს სანახავად გამომგზავნა. როგორც ჩანს, თვითონ
ცხედრებს ვერ იტანს...
- ცუდად ვიყავი, - თქვა ძიუნპეიმ.
- ცუდად გახდებოდი, აბა რა, ერთიანად ჩამომხმარხარ, - ყურადღებით შეათვალიერა
და ისე თქვა საიოკომ. - მოდი, რამეს მოგიმზადებ?
ძიუნპეიმ თავი გააქნია:
- არ მშია.საიოკომ მაცივრის კარი გამოაღო, შიგ შეიხედა და დაიჯღანა: იქ ლუდის ორი
მარტოხელა ქილა იდგა, ერთი დამჭკნარი კიტრი და რაღაც დეზოდორანტი. საიოკო
ძიუნპეის გვერდით ჩამოჯდა.
- იცი, ძიუნპეი, არც კი ვიცი, როგორ გითხრა. ჩემზე და კანზე ხომ არა ხარ
გაბრაზებული?
- არა, გაბრაზებული არა ვარ, - თქვა ძიუნპეიმ.
მართალს ამბობდა: არც გაბრაზებული იყო და არც ნაწყენი. თუკი ვინმეზე
ბრაზობდა, ისევ საკუთარ თავზე. ჰო, რა თქმა უნდა, ერთად არიან. და ეს სავსებით
ბუნებრივია. ტაკაცუკიმ ეს მოახერხა, თვითონ კი - ვერა.
- შეიძლება ლუდი დავისხა? - იკითხა საიოკომ.
- მიდი.
საიოკომ მაცივრიდან ქილა გამოიღო და ჭიქებში დაასხა. ერთი ძიუნპეის გაუწოდა.
უხმოდ დალიეს. მერე საიოკომ დაიწყო:
- იცი, როგორღაც მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი. ხომ ისევ მეგობრებად დავრჩებით?
მარტო ეხლა კი არა, მერეც. როცა დავბერდებით. კანი მომწონს, მაგრამ რაღაც
თვალსაზრისით შენც მჭირდები. მაპატიე, ამას რომ გეუბნები.
ძიუნპეიმ ხეირიანად ვერც გაიგო რა უთხრეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავი
მაინც დაუქნია.
- რაღაცის გაგება და მერე ისე გაკეთება, რომ ეს თვალსაჩინოდ იქცეს, სხვადასხვა
რამეა. თუ ერთსაც მოახერხებ და მეორესაც, ცხოვრება გაიოლდება, - განაგრძო
საიოკომ.
ძიუნპეიმ ცერად გახედა. ვერ გაეგო, მაინც რისი თქმა უნდოდა ამით. თავისთვის
სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: მაინც რატომ ვარ ასეთი უხერხემლო? თავი ასწია და
უაზროდ მიაშტერდა ჭერში რაღაც ლაქას.
რა მოხდებოდა ადრე რომ გამოტყდომოდა სიყვარულში საიოკოს? ამის წარმოდგენაც
კი გაუჭირდა. მხოლოდ ერთი რამ იცოდა ზუსტად: როგორც არ უნდა მოენდომებინა,
ეს არ მოხდებოდა.
ისმოდა როგორ ეცემოდა ცრემლები ტატამზე. საოცრად ხმამაღლა. წამით მოეჩვენა,
რომ თვითონ ტიროდა. მაგრამ ეს საიოკოს ცრემლები იყო. თავი მუხლებში ჩაერგო,
მხრები უცახცახებდა.ძიუნპეიმ უნებურად გასწია ხელი და მხარზე დაადო. მერე ნელა მიიზიდა თავისკენ.
საიოკო წინაარმდეგობას არ უწევდა. ძიუნპეიმ წელზე მოხვია ხელი, ტუჩებით
ტუჩები მოძებნა. საიოკომ თვალები დახუჭა და კოცნაზე კოცნით უპასუხა. ძიუნპეი
გრძნობდა ცრემლების მომლაშო გემოს, მისი სუნთქვით სუნთქავდა, მკერდით
გრძნობდა საიოკოს ძუძუების სირბილეს. თავში თითქოს რაღაც გადამრთველმა
გაიჩხაკუნა. ძიუნპეიმ ხმაც კი გაიგონა. თითქოს ქვეყნიერების ყველა სახსარმა ერთად
დაიჭრიალა. სულ ეს იყო. საიოკო გონს მოეგო, თავი დახარა და ხელით მოიშორა
ძიუნპეი.
- არა, - ჩუმად თქვა და თავი გადააქნია, - ასე არ შეიძლება.
ძიუნპეიმ მოუბოდიშა. საიოკომ არაფერი უპასუხა. ერთხანს ასე ისხდნენ. მოღებული
ფანჯრიდან ნიავმა რადიოს ხმა მოიტანა. რომელიღაც პოპულარული მელოდია. ეს
სიმღერა ალბათ სიკვდილამდე არ დამავიწყდება, გაიფიქრა ძიუნპეიმ. თუმცა სულ
რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ძალიანაც ეცადა, მაგრამ ვერც სახელი და ვეღარც
მელოდია ვეღარ გაიხსენა.
- საბოდიშო არაფერი გაქვს, არაფერი დაგიშავებია, - თქვა საიოკომ.
- ეტყობა, სულ ამერია თავგზა, - ალალად გამოუტყდა ძიუნპეი.
საიოკო ხელით შეეხო:
- ხვალ ხომ მოხვალ ლექციაზე? ადრე არასოდეს მყოლია შენნაირი მეგობარი. ძალიან
მჭირდები. დავიჯერო ეს არაფერს ნიშნავს?
- ვითომ ეგ საკმარისია?
- მაგას არ ვგულისხმობ, - ჩაწყვეტილი ხმით თქვა საიოკომ და თავი დახარა. - მაგას
არ ვგულისხმობ.
მეორე დღეს ძიუნპეი ლექციებზე მივიდა. სასწავლო წლის ბოლომდე სამივე ისევ
ერთად იყო. უცნაურია მაგრამ აღარსად გადაკარგვაზე აღარ ფიქრობდა. ის ერთი
მოხვევა და კოცნა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ როგორღაც დამშვიდებულიყო.
ყოველ შემთხვევაში, საეჭვო აღარაფერია, ფიქრობდა ძიუნპეი, ყველაფერი გადაწყდა.
რა ვუყოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვამ მიიღო.
საიოკომ ძიუნპეის თანაკურსელი გოგონები გააცნო. დროს გასატარებლად ოთხნი
ერთად დადიოდნენ. ერთერთ მათგანთან ცხოვრებაში პირველად დააჭაშნიკა კიდეც
ქალი. ეს მოხდა მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ძიუნპეის ოცი წელი
შეუსრულდებოდა /ოცი წლის ასაკში იაპონელი ახალგაზრდები სრულწლოვანებად
ითვლებიან. მთარგმნ./. მაგრამ იმ გოგოზე გული არ მისდიოდა, ძიუნპეის გულისხვას ეკუთვნოდა. მეგობარ გოგოს თავაზიანად ექცეოდა, ნაზიც იყო მაგრამ ამ
ყველაფერს როგორღაც აკლდა ცეცხლი, ის რაც არასდროს ენანებოდა თავისი
მოთხრობებისთვის. გოგონამ მალე სულ სხვაგან იპოვა სითბო და მიატოვა. ასე
გამეორდა რამდენჯერმე.
მშობლებმა მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიტყვეს, რომ მათმა
ვაჟმა ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და მასთან ყველანაირი ურთიერთობა
გაწყვიტეს. მამას უნდოდა რომ მემკვიდრე სამშობლოში, კანსაიში დაბრუნებულიყო
და მისი საქმე გაეგრძელებინა. მაგრამ ძიუნპეის მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია.
თქვა, რომ ტოკიოში რჩებოდა, პროფესიად კი მწერლობას იხდიდა. საქმე დიდი
აურზაურით დასრულდა - ისეთი რამეები ითქვა, რაც, როგორც წესი, არ უნდა
თქმულიყო. ეს შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა - მას შემდეგ თავისი ოჯახის წევრები
აღაც უნახავს. ძიუნპეის მიაჩნდა, რომ მათი ურთიერთობა თავიდანვე მაინცდამაინც
სახარბიელო ვერ იყო. უმცროსი დისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის
მშობლების ჭკუაზე დადიოდა, ძიუნპეი ბავშვობიდანვე ეურჩებოდა მათ.
- რა გაეწყობა, გამოდის, რომ ვიყრებით. - თავისთვის ჩაიცინა, ზუსტად ისე, როგორც
ტაისიოს ერის მწერალმა.
ძიუნპეის სამუშაოზე მოწყობა არც უცდია. სახელდახელოდ გამომუშავებული
ფულით იკვებებოდა, მთელ დარჩენილ დროს კი მოთხრობების წერას ანდომებდა. იმ
ხანებში მორიგ ნაწარმოებს რომ მორჩებოდა, ჯერ საიოკოს აჩვენებდა. მოუსმენდა მის
გულახდილ რჩევებს და ამ რჩევების მიხედვით ასწორებდა ტექსტს.
რამდენჯერმე მოთმინებით გადაწერდა სანამ მისგან არ გაიგონებდა: "აი ახლა
კარგია". არც მასწავლებლები ჰყავდა, არც კოლეგები. მხოლოდ საიოკოს რჩევები
უწევდა მბჯუტავი შუქურას მაგივრობას.
ოცდაოთხის რომ შესრულდა, მისმა ერთმა მოთხრობამ დამწყები ავტორების
სალიტერატურო ჟურნალის პრემია მიიღო, რის შემდეგაც აკუტაგავას პრემიაზეც
წარადგინეს. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ მოხვდა ამ პრემიის
ნომინანტებში, რაც თავითავად სერიოზულ წარმატებას ნიშნავდა. თუმცა საბოლოოდ
პირველ პრემიას ვერ შესწვდა და მუდმივ იმედისმომცემ ნომინანტად დარჩა.
"ამ ასაკის დამწყები მწერლისთვის ტექსტის დონე საკმაოდ მაღალია, რაღაც-
რაღაცები შეინიშნება სცენების, ხასიათების აღწერაში, მაგრამ ალაგ-ალაგ იპარება
სენტიმენტალური წიაღსვლების ტენდენცია, თავს იჩენს ამბის მოყოლისპერსპექტივა, მოთხრობა ჰკარგავს სიმსუბუქეს", - ხშირად წერდნენ რეცენზენტები.
ტაკაცუკი კითხულობდა ამ რეცენზიებს და გულიანად იცინოდა:
- მაგათ ეტყობა ჭანჭიკები აქვთ მოშვებული თავში. რას ნიშნავს "ამბის მოყოლის
ტენდენცია"? ნორმალური კაცი ასეთ სიტყვებს გამოიყენებს კოზირად? ასე სულ
ცოტაღა უკლიათ მაგალითად აი აქამდე: "საქონლის ხორცის პერსპექტივის შეპარვა
სუკიაკიში".
მეოთხე ათწლეულის ზღურბლთან ძიუნპეიმ მოთხრობების ორი კრებული გამოსცა.
პირველი - "ცხენი წვიმაში", მეორე - "ყურძენი". "ცხენი" ათი ათასი ტირაჟით გაიყიდა,
"ყურძენი" ორი ათასით მეტი. რედაქტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორის
მოკლე პროზის, თანაც წმინდა ლიტერატურული კრებულისთვის ეს მაჩვენებელი
არც ისე ურიგოა. საგაზეთო და საჟურნალო კრიტიკა დადებითი იყო, თუმცა
ენერგიული მხარდაჭერა მაინც არ იგრძნობოდა.
ძიუნპეის მოთხრობების ძირითადი თემა ახალგაზრდების უპასუხო სიყვარული იყო.
ფინალი როგორც წესი - პირქუში, რაღაცით სანტიმენტალურიც კი. მოიგონებსო რა,
ამბობდნენ ადამიანები. მაგრამ მისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, ვერც ერთ მოდურ
ლიტერატურულ მიმდინარეობაში ვერ ეწერებოდა. სტილი ლირიკული ჰქონდა,
სიუჟეტები ძველმოდური. მისი თაობის მკითხველებს გაცილებით ინოვაციური
ფორმები და ამბები სწყუროდა. ან რა გასაკვირი იყო რეპისა და კომპიუტერების
ეპოქაში! რედაქტორმა არაერთხელ შესთავაზა რომანის ჟანრში ესინჯა თავი. განაგრძე
მოთხრობების წერა და გინდა არ გინდა დაიწყება გამეორებები, გაღარიბდება
მწერლის ლიტერატურული სამყარო. ასეთ ვითარებაში რომანი ხშირად გჩუქნის
სრულიად განსხვავებულ, სულ სხვა რაკურსით დანახულ სამყაროს. ფაქტიურად
რომანს მოთხრობაზე გაცილებით ძლიერად შეუძლება მიიქციოს ყურადღება და თუ
აპირებ პროფესიულად წერას, მოთხრობის ჟანრში სპეციალიზაცია გაგიჭირდება.
იოლი არ იქნება. მიზეზი აშკარააა - მოთხრობების წერით ცხოვრება ძნელია.
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ძიუნპეი ბუნებით მაინც მოთხრობების მთხზველი იყო.
ჩაიკეტებოდა ოთახში, ყველაფერ ზედმეტს გვერდზე გადადებდა და
სულშეგუბებული წერდა სიჩუმეში. სამ აი ასეთ დღეში მოთხრობა მზად იყო. მერე
ოთხი დღე ასწორებდა რის შემდეგაც, რაღა თქმა უნდა, საიოკოსა და რედაქტორს
აძლევდა წასაკითხად. რამდენჯერმე გადაწერდა თავიდან ბოლომდე, ხეშეშ
ადგილებს არბილებდა, ზედმეტი რაღაცებისგან წმენდდა ტექსტს. თუმცა
მოთხრობის ბედი ძირითადად მაინც პირველ კვირაში წყდებოდა. ფორმა ყველაფერი
მნიშვნელოვანისთვის სწორედ ამ პერიოდში უნდა მიეცა. აი ასეთნაირი მუშაობამოსწონდა - უკიდურესი მობილიზება დროის მცირე მონაკვეთში. რაფინირებული
სახეები და სიტყვები. მაგრამ საკმარისია რომანს მოკიდოს ხელი, რომ მაშინვე
სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდება. როგორ შევძლებ რამდენიმე თვის მანძილზე,
ან შეიძლება მთელი წელიწადიც ყურადღების კონცენტრაციას, მის მართვას? -
ფიქრობდა ძიუნპეი. ამგვარ რიტმს აყოლა ნამდვილად არ შეეძლო.
რომანის დაწერის რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე უკან დაიხია. უნდოდა თუ
არ უნდოდა, მისი მოწოდება მოთხრობა იყო. მოთხრობა იყო მისი სტილი. როგორც
არ უნდა გაიჭინთო, სხვის ტყავში ვერ შეძვრები. ნიჭიერი მეკარე ვერასოდეს ვერ
გახდება კარგი თავდამსხმელი.
ძიუნპეი ძველებურად მარტო ცხოვრობდა. ასეთი ცხოვრება დიდ ხარჯებს არ
მოითხოვდა. ისეთს და იმდენ სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, რომ საჭმელად ჰყოფნოდა.
ჰყავდა ჩუმი, სამფერიანი კატა. დროდადრო უპრეტენზიო ქალებთან გააბამდა
ურთიერთობას, ხოლო როცა მობეზრდებოდა მიზეზს პოულობდა თავის
დასაღწევად. ხანდახან, დაახლოებით თვეში ერთხელ, ძიუნპეის თავზარდაცემულს
გაეღვიძებოდა ხოლმე შუაღამისას: მშვენივრად ხვდებოდა, რომ საითაც არ უნდა
გაქცეულიყო, რაც არ უნდა ექნა, ბედისწერას ვერსად წაუვიდოდა. ასეთ წუთებში ან
გალურჯებამდე მუშაობდა, ანდა ასევე გალურჯებამდე სვამდა. ეს იყო და ეს,
დანარჩენ დროს მისი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა.
რაც შეეხება ტაკაცუკის, როგორც ოცნებობდა, პრესტიჟულ გაზეთში მოეწყო.
სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მაგრამ განუმეორებელი შთაბეჭდილება
მოახდინა გასაუბრებაზე. კომისიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საიოკო,
როგორც თავიდან აპირებდა, ასპირანტურაში დარჩა. უნივერსიტეტის
დამთავრებიდან ნახევარი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ქორწილი ტაკაცუკის
სტილში მოეწყო - ხმაურიანად და მდიდრულად. თაფლობის თვე საფრანგეთში
გაატარეს. შეიძლება ითქვას, რომ ზურგის ქარი უბერავდათ მათ იალქნებს. მერე
კოენძის რაიონში ოროთახიანი ბინა იყიდეს. კვირაში ერთი-ორჯერ ძიუნპეი
ესტუმრებოდათ ხოლმე. ერთად ვახშმობდნენ. ახალდაქორწინებულებს ძალიან
ახარებდათ მისი მოსვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს საკუთარ
ინტიმურ ცხოვრებას კი არა, მასთან გატარებულ დროს შეჰხარიანო.
ტაკაცუკი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით ტკბებოდა. ჯერ ქალაქის ახალი
ამბების განყოფილებაში გაანაწილეს. ძლივს ასწრებდა ერთი შემთხვევიდან -
მეორემდე. იმდენი და იმდენნაირი ცხედარი ნახა, რომ გულახდილად აღიარა -
ვეღარაფერს ვგრძნობ მათ დანახვაზეო. როგორი ცხედრები აღარ ნახა - მანქანითგაჭყლეტილი, მატარებლით დაჭრილ-დაქუცმაცებული, დამწვარ-დანახშირებული,
სანახევროდ დაფერფლილები, დამხრჩვალი ადამიანების ამაზრზენი ფერის
გასივებული სხეულები, ტვინგადმონთხეულები, ნაჯახით დანაწევრებულები.
"სიცოცხლეში ადამიანები რაღაცით მაინც განსხვავდებიან, მიცვალებულებს კი
ყველას ერთი სახე აქვს - გადამუშავებული ხორცი".
არც თუ იშვიათად შინ გათენებისას ბრუნდებოდა. ასეთ დღეებში საიოკო ხშირად
ურეკავდა ძიუნპეის - იცოდა რომ დილამდე არ იძინებდა.
- ახლა დაკავებული ხარ? შეგიძლია დამელაპარაკო?
- რა თქმა უნდა, სწორედ ახლა მოწევას ვაპირებდი, - არწმუნებდა ძიუნპეი.
მერე მოდგებოდნენ და ახლად წაკითხულ წიგნებზე, თავ-თავიანთ ცხოვრებაზე
ლაყბობდნენ. ხანდახან წარსულსაც გაიხსენებდნენ, ახალგაზრდობას, იმ დროს,
როდესაც თავისუფლები იყვნენ და უამრავი სისულელის უფლებას აძლევდნენ თავს.
მომავალს თითქმის არ ეხებოდნენ. ამ საუბრების დროს ძიუნპეის ადრე თუ გვიან
აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორ მოეხვია ოდესღაც საიოკოს. ტუჩები, ცრემლის
სურნელი, რბილი ძუძუები - ეს ყველაფერი თითქოს სულ ახლახან მოხდა.
შემოდგომის მზის იმ გამჭვირვალე სხივებსაც კი ხედავდა მისი ოთახის ტატამზე რომ
იყო დაფენილი.
საიოკოს ის ის იყო ოცდაათი წელი შეუსრულდა, როცა დაორსულდა. მაშინ
უნივერსიტეტში ასისტენტად მუშაობდა. დეკრეტში გავიდა და გოგონა გააჩინა.
სამივე ერთად ფიქრობდა ბავშვის სახელზე. ბოლოს ძიუნპეის შეთავაზებულზე
შეჩერდნენ: სარა. "სარა შესანიშნავად ჟღერს", თქვა საიოკომ. მშვიდობიანად
დასრულებული მშობიარობის შემდეგ ძიუნპეი და ტაკაცუკი ღამით ერთად ისხდნენ
ბინაში და სვამდნენ საიოკოს გარეშე. კარგა ხანია ასე არ მჯდარიყვნენ - მარტონი,
სამზარეულოს მაგიდასთან. სულ მალე ძიუნპეის მოტანილი ვისკის ბოთლი
დაცარიელდა.
- ნეტა რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - გრძნობააშლილი წუხდა ტაკაცუკი. ასეთი
რამ იშვიათად ემართებოდა. - სულ ახლახან არ მოვეწყეთ უნივერსიტეტში? იქ
გაგიცანით შენ, საიოკო... ახლა კი უკვე ბავშვები... მამიკო გავხდი. აჩქარებულ
კინოსავით. რაღაც უცნაური გრძნობაა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. შენ ისე ცხოვრობ,
თითქოს ისევ სტუდენტი იყო. მშურს კიდეც.
- ნატა რა არის აქ შესაშური?მაგრამ ძიუნპეის მშვენივრად ესმოდა, რას გულისხმობდა ტაკაცუკი. საიოკო დედა
გახდა. ამან ძიუნპეიც შეაცბუნა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ცხოვრების
ბორბალი შეუჩერებლად ტრიალებს და წარსული აღარ დაბრუნდება. ძიუნპეის
წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დახვედროდა ამ ყველაფერს, როგორ
გადაეხარშა.
- ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს: ვფიქრობ საიოკოს თავიდანვე შენ უფრო მოსწონდი, -
თქვა ტაკაცუკიმ. ძალიან მთვრალი იყო. მაგრამ თვალებში უჩვეულო სიმკაცრე ენთო.
- შეუძლებელია, - გაიცინა პასუხად ძიუნპეიმ.
- სწორედ რომ შესაძლებელია! მე უკეთ ვიცი. მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდი. ლამაზი,
გრძნობით სავსე ტექსტის წერა გეხერხება, მაგრამ ქალის განწყობაში დამხრჩვალ
კაცზე უარესად ერკვევი. ასე იყო თუ ისე, საიოკო მომწონდა. მას ვერავის ვერც
შევადარებდი და ვერც ვერავისში გავცვლიდი. ერთადერთი არჩევანი მქონდა - ჩემი
უნდა გამხდარიყო. ეხლაც ქვეყნად საუკეთესო ქალად მიმაჩნია. ან იქნებ ფიქრობ,
რომ მასზე არავითარი უფლება არ მქონდა?
- ვინ გეკამათება, - უპასუხა ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ თავი დაუქნია:
- მაგრამ შენ ისევ არაფრის აზრზე არ ხარ. რატომ? იმიტომ, რომ გამოუსწორებელი
იდიოტი ხარ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. სულელი ხარ თუ არა. მთავარია კარგი
ადამიანი იყო. აი, სახელიც კი მოუგონე ჩემს ქალიშვილს.
- თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გავერკვიე, არა?
- ზუსტად. თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გაერკვიე. ვერაფერში. მწერალი
კი გქვია.
- კარგად იცი, რომ მოთხრობები აქ არაფერ შუაშია.
- ახლა უკვე ოთხნი ვართ, - ოდნავ ამოიოხრა ტაკაცუკიმ.
II