"ლიზაც ელენეს დაემსგავსება მასსავით მორჩილი და დამყოლი გახდება"
სხვანაირად არ შეიძლება! უკვე ძალიან გამოიცვალა კიდეც. მამამ თუარა ვინ უნდა შეამჩნიოს ეს? ჩვენ წესიერი ოჯახი გვაქვს ხალხი გვიცნობს.
აი, ნინიკოზე ამბობენ უცნაური გოგოაო. არაუშავს, ასაკის ბრალი იქნება. იმასაც გაუვლის. უცნაური....ჰმ..... უცნაური...
ელენეც უცნაური იყო.
გახსოვს, ელენე ვიღაც თაყვანისმცემელი რომ გყავდა? გახსოვს? ჰო, თაყვანისმცემელი ასე არ ამბობდი, ჩემი თაყვანისმცემელიაო? ერთი თმა გაჩეჩილი ბიჭი იყო. მგონი ლექსებსაც წერდა. ჰა- ჰა- ჰა- ჰა-, ლექსებს! მე ვითომ ვერაფერს ვხედავდი, ვითომ ბრმა ვიყავი. გახსოვს? შენ კი წერილები მოგდიოდა ღამით კითხულობდი და ტიროდი. მე კი ვითომ არ მაინტერესებდა. არც თაიგულები მაინტერესებდა. რამდენი თაიგული იყო, გახსოვს? ხომ არ გკითხავდი, ვისი წერილია-მეთქი, ეს წესიერ საზოგადოებაში მიღებული არ არის. ვითომ არ ვვეჭვიანობდი. ხომ კარგია ახლა თვალებში რომ მიყურებ? ხომ კარგია? შენთვისაც ასე ჯობია.
გიორგიმ პირი შეიმშრალა, საწოლ-ოთახში გამოვიდა და ჩაცმა დაიწყო. ოთახში ნახევრად ბნელოდა, ფანჯრებზე მუქი ფარდები იყო ჩამოფარებული.
"ყანჩაველსაც" ახლა მოუნდა ავად გახდომა—ფიქრობდა გიორგი,—ინფარქტი! მაშ, ზაზამ უნდა გააგრძელოს მუშაობა! საბჭომ ასე დაადგინა. ახალგაზრდებს ვენდოთო .... ახალგაზრდებს..... თუმცა გააგრძელოს რაღა დარჩა თითქმის, ყველაფერი გაკეთებულია".
გიორგი ტანსაცმლის კარადასთან მივიდა. ყელსახვევი გაიკეთა, მერე თავისი თავი შეათვალიერა სარკეში. მუცელზე ხელი ჩამოისვა, კარგად გაუთოვებული, გახამებული პერანგის სიგრილე ესიამოვნა. ღიპი სრულებით არ ემჩნეოდა. გამობრუნდა სკამზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო და ისევ სარკესთან, მივიდა იქ ჩაიცვა. ღილებს იკრავდა თან სარკეს თვალს არ აშორებდა. კარგ გუნებაზე იყო. მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ეს ოსტატურად უნდა დაეფარა. არავის არ უნდა შეემჩნია, რომ რესპუბლიკის სახლახო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრის დირექტორი გიორგი უგრეხელიძე გულში ღიღინებდა:
—- ახალგაზრდა ვარ! ახალგაზრდა-ა -ა-ა-ა!
ა-ხ-ა-ლ-გ-ა-ზ-რ-დ-ა-ა!
ქალბატონმა ელენემ თვალი გაახილა.
მერე თავი ოდნავ მოაბრუნა და კარადისკენ გაიხედა. ის ასე იღვიძებდა ხოლმე და ყოველ დილას ერთსა და იმავე სურათს ხედავდა: მისი ქმარი სარკის წინ ყელსახვევს ისწორებდა.
ქალბატონ ელენეს ჯერ კიდევ ვერ დაეთმო ის თბილი სამყარო, საიდანაც ეს წუთია ამოყურყუმალავდა. თვალები ისევ ებლანდებოდა. ძილი თავისკენ ეზიდებოდა. მხოლოდ ამ დროს —გაღვიძების ჟამს— გრძნობდა, ოჰახში ყველაფერი თავისი წესით წავიდოდა, თუნდაც საღამომდე რომ წოლილიყო ლოგინში. ეს ძილის მაცდუნებელ საბუთს ჰგავდა შეიძლებოდა მას ხელი შეეშალა ყველასთვის, თორემ გაკეთებით ვერაფერს გააკეთებდა. ამიტომ ჯობდა ისევ დაეძინა. მაგრამ რომ დაეძინა მაშინ იმ სიამოვნებას, ვეღარ განიცდიდა რომელსაც იმის შეგრძნება ანიჭებდა რომ მას შეეძლო რამდენიც, უნდოდა იმდენი ეძინა. ეს კი ძილზე უფრო დიდი განცხრომა იყო. ამიტომ ჯობდა ძილის ნებას არ დაჰყოლოდა. ეს წუთი როცა გაქრებოდა როცა ქალბატონი ელენე გამოიღვიძებდა მაშინ თითქოს სხვა ვინმედ გარდაიქმნებოდა. იმ სხვას სჯეროდა რომ უმისობა ოჯახს დაანგრევდა. რაც უფრო მეტხანს იქნებოდა ლოგინში მით უფრო მეტი უბედურება მოჰყვებოდა ამას. ალბათ კატოს (ასე ერქვა მათ შინამოსამსახურეს) რძის აღება დაავიწყდა, ან თუ აიღო აუდუღდა და გადმოუვიდა. კატო რათქმაუნდა ახლა სამზარეულოში კარტსა შლის თუ ჯვრის ვალეტი ამოუვიდა, სიხარულისგან ტირის.
YOU ARE READING
"აჰა მიიწურა ზამთარი"
Randomნაწილი (II) მოკლედ ვისაც წაკითხული არ გაქვთ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ უბრალოდ მინდოდა ის ემოციები რაც ამ რომანშია ჩადებული გამეზიარებინა თქვენთვისაც გამეხარდება თუ მოგეწონებათ😊‼️