"გალია, რომელშიც ვიჯექი დაიმსხვრა,
როცა მან მთხოვა, რომ მეცეკვა თავიდან."
-ZAYNჩრდილთა თამაში გარშემო მივლის და შემაძრწუნებელ ფრაზებს მიბეჭდავს გონებაში.
თავი მიწისქვეშეთში მგონია, სადაც ქარონი მდინარე სტიქსზე თავისი შავი, დამპალი ნავით მიმაქროლებს ცერბერისაკენ.
"ამაღამ სულს დაკარგავ." ზედმეტად ხმამაღალი სიტყვათა კომბინაცია მომწვდა და თითქოს ძრწოლის მარადიულმა წყვდიადმა მშთანთქა. ჩემ გარშემო გალია შეიკრა. დიდი, შავი, სისხლით მოთხუპნული გისოსები მიყვიროდნენ: "ამაღამ სულს დაკარგავ!"
შემდეგ შენ დაგინახე.
ჩემს პირდაპირ იდექი და სახეზე სიცოცხლის სხივები გეთომარებოდა.
-აგატა,-დამიძახე. შენს თვალებში ჩაბუდებულმა ნაღველმა მკვდარი გული ნაწილებად დამიშალა და ძარღვში გაქვავებული ერთადერთი წვეთი სისხლი ამომიშრო.
მდუმარედ კვდებოდი. ვხედავდი როგორ აპობდნენ შენს სილამაზეს მუქი, სევდასავით შავი ზოლები, რომლებიც ქათქათა კანზე მიიკვლევდნენ გზას და სათუთად ნაკვეთ მშვენიერებას სიბნელის ნაწილად აქცევდნენ.
-მოდი ჩემთან,-ხელი ფრთხილად გამოგიწოდე, შენ კი დაუფიქრებლად მიიღე ჩემი შეთავაზება და შეძრწუნებული, ძვლების გამყინავი გრძნობით ჩამეხუტე.
-აგატა..,-ცდილობდი საუბარი წამოგეწყო.
-ჩუმად, ძვირფასო, არაფერზე იდარდო,-შენს ჯერ კიდევ თბილ სხეულს არ ვეშვებოდი.
რამდენიმე საათში ორივე სანახევროდ გაყინულები და სამარეს მიბარებულნი ვისხედით უზარმაზარი გალიის კუთხეში და შავ მანტიაში გამოწყობილ სილუეტს ველოდით.
-აგატა,-შენი ყრუ ჩურჩული ყურზე მეცემა.
-გისმენ.
-სანამ მარადისობა ჩვენს გზებს გაყრის მინდა რაღაც უკანასკნელად გთხოვო.
-რასაც მოისურვებ, ეშტონ,-ნელი მოძრაობით ხელი შენს ლოყაზე მივასვენე და ფერწასულ ღაწვებზე ფაქიზი ამბორი დაგიტოვე.
-მინდა, რომ ვიცეკვოთ,-შევნიშნე როგორ გადმოლახა რუბიკონი შენმა ბოლო ცრემლმა და ტირილისგან დაოსებულ სახეზე ჩამოგიგორდა.
-მოდი, ადექი, ძვირფასო.
ადგომაში მოგეხმარე და სიცივის გამო მოუხერხებლად, თუმცა სასიამოვნოდ დავიწყეთ უმუსიკოდ ცეკვა.
სიჩუმეში გამეფებული წარმოსახვითი მელოდია იმდენად ხმამაღლა გვესმოდა, რომ წრიულად მოტრიალე ჩრდილთა სულისშემძვრელ ჩურჩულსაც ახშობდა.
გრძნობამორეულმა ტირილი დავიწყე და კიდევ ერთხელ გამოგიტყდი სიყვარულში, რადგან თუ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, მინდა, რომ თავი ადამიანად ვიგრძნო.
-აგატა,-ღრმად ჩაისუნთქე,-გემუდარები, შენი სინათლე ისევ მაჩვენე. მინდა, რომ სიცოცხლე მოგინდეს. თუნდაც ჩემს გამო. არ დანებდე და იცეკვე ისე, თითქოს ცოცხალი ხარ და კვლავ გსურს ბედნიერების ნაგავსაყრელზე, დედამიწაზე ჩემთან ერთად ცხოვრება.
შენთან ერთად კვლავ იმ უჩინარ მელოდიაზე შევასრულე სიცოცხლის ცეკვა.
ობოლი სხივი შემოიჭრა შავბნელ დემონებს შორის...
შემდეგ მეორე, მესამე... ბოლოს რამდენიმე მათგანმა გააპო სივრცე და სისხლიანი მეტალისგან შეკრული საგანი დაფერფლა.
მტვრის კორიანტელში მე და შენ მარტონი დავრჩით, საყვარელო.
მზე ჩამუქებულ სხეულებზე მოგვეჭიდა და ფერები გვაჩუქა.
ჩვენთვის ციური სინათლე სიცოცხლის ხელახალ საწყისად იქცა...