ceiling gazing

1 0 0
                                    

მიყვარდა ადამიანები. მიყვარდა ყველა.
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მიყვარდნენ იმდენად, რომ ყვირილი მინდოდა.
კლინიკაში მუშაობა მტკივნეული იყო.
ვხედავდი ავადმყოფებს, იშვიათად გარდაცვლილებსაც.
და ეს მაგიჟებდა.
მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი.
ვიცოდი, რომ ეს არცერთს არ დაუმსახურებია. და საერთოდაც, ვინ იმსახურებს ავად ყოფნას?
აბიტურიენტიბისას ქართულის მასწავლებელმა მითხრა, რადგან სამედიცინოზე აბარებ, ერთი წიგნი ვიცი, რომელიც აუცილებლად წაკითხული უნდა გქონდეს.
წავიკითხე.
ნაწილობრივ.
წიგნში მოცემულია დაავადებები და რომელი ცოდვები იწვევენ მათ.
სიმწრით ჩავიცინე.
არ მეგონა, რომ სამედიცინო სფეროს ასე დაპატარავება და მოკლე ჭრილში განხილვა ვინმეს აზრად მოუვიდოდა.
ბევრი ცოდვა = ბოროტი ადამიანი = მეტი დაავადება
ცოტა ცოდვა = კეთილი ადამიანი = ნაკლები დაავადება
ნუთუ ბოროტი ადამიანები იმსახურებენ ავად ყოფნას?
ყველა ავადმყოფი ადამიანი ბოროტია?
რა არის სიბოროტე და ვინ განსაზღვრავს არის თუ არა ადამიანი ბოროტი?
თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა.
ვიწექი საწოლზე. მივშტერებოდი ჭერს. ვფიქრობდი. საბოლოო დასკვნამდე მაინც ვერ მივედი და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა.
მაგრამ მივედი პასუხამდე.
არავინ არ არის ბოლომდე კეთილი ან ბოროტი.
მხოლოდ ამ ორი უკიდურესობის არსებობა ადამიანისთვის შეურაცხყოფელია.
ნუთუ მხოლოდ ბოროტი და კეთილი არსებობს?
არ მჯერა ბოროტი ადამიანების.
ჩემი ტვინი და გული უბრალოდ უარყოფს ამ ფენომენს. სიბოროტე არ არის ნამდვილი.
ადამიანის ქცევასა და ხასიათს მიზეზი აქვს. ყველაფერი რაღაცით არის გამოწვეული.
გული შემტკივა "ბოროტ" ადამიანზე.
ვიცი, რომ ის ერთ დროს უდარდელი, ბედნიერი ბავშვი იყო, რომელიც მხოლოდ ჭამასა და ძილზე ფიქრობდა.
ნუთუ რა უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში ასეთი მტკივნეული და ტრავმატული, რომ ის "ბოროტად" ექცია.
არ მინდა ამაზე ფიქრი. არ მინდა ამისი ცოდნა.
არ მინდა ქმედება იწვევდეს უკუქმედებას, და ერთი ადამიანის საქციელს მეორე ადამიანზე გავლენა ქონდეს.
უსამართლობაა. არასწორია.
ძალიან მინდა არსებობდნენ უბრალოდ ბოროტი და კეთილი ადამიანები.
მაშინ ადვილი იქნებოდა კეთილის სიყვარული და ბოროტის სიძულვილი.
მაგრამ ეს ასე არ არის.
ვერ არის.
ვერც იქნება.
მიყვარს ადამიანები. მიყვარს ყველა.
იმდენად, რომ ეს სიყვარული მანადგურებს.

მარწყვი
15.11.2022
02:19 AM

მარწყვი overthinkingWhere stories live. Discover now