„იოანე საბანისძე მიმართავს მართლმორწმუნე საზოგადოებას და სთხოვს გულისყურით მოუსმინოს, რადგან ქვეყნის იმდროინდელმა მბრძანებლებმა - არაბებმა - ბევრი ქრისტიანი შეაცდინეს და ჭეშმარიტების გზიდან გადაახვევინეს. ქართველებმა უღალატეს იმ რჯულს, რომელიც ხუთასი წლის წინ მიიღეს. არაბებმა ქრისტიანები გადაიბირეს: ზოგი - იძულებით, ზოგი - მოტყუებით, ზოგი - ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო, ზოგი - ეშმაკობით. სხვები კი, ვინც რწმენას არ უღალატა, იტანჯებოდნენ სიღარიბისა და აუტანელი გადასახადებისაგან, ამიტომ შეშინებულები ისე ირწეოდნენ, როგორც ლერწმები ძლიერ ქარში.
არადა, ნამდვილი რწმენა სიმდიდრეა, ხოლო ქრისტიანობა კი დიადი სარწმუნოებაა. ღვთის მიერ ბოძებული რჯული მხოლოდ ბერძნებს არ მოუპოვებიათ, არამედ ქრისტიანული სამყაროსაგან მოშორებით მცხოვრებლებმა, ქართველებმაც მიიღეს ის. უფრო მეტი, ქართლს წმინდანების დედას ეძახდნენ. დროდადრო უფალი იესო ქრისტე მორწმუნეთა შორის გამოარჩევდა ხოლმე ზოგს - ადგილობრივს, ზოგსაც - სხვა ქვეყნიდან მოსულ წმინდანს, ვისაც ანიჭებდა მარადიულ დიდებას. სწორედ ასეთი იყო არაბი ახალგაზრდა - აბო თბილელი, რომელიც ადრე არ იყო ქრისტიანი.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან