იოანე საბანისძე მიმართავს ყველა ქრისტიანს და სთავაზობს, რომ ერთად იდღესასწაულონ ქართლის შემწედ მოვლენილი ახალი წმინდა მოწამის ხსენების დღე.
აბომ თავისი მოწამეობრივი აღსასრულით ქრისტეს წმინდა მოწამეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. ავტორი თვლის, რომ მისი ღვაწლის შესაფერისად შექება მის ძალებს აღემატება, მაგრამ გაჩუმებაც არ შეუძლია, რადგან აბომ ის ქრისტესმიერი სიყვარულით შეიყვარა, სანამ ცოცხალი იყო.
აბოს ქრისტესათვის თავდადებამ ყველა გააოცა, რადგან არაბთა ბატონობის დროს მან, წარმოშობით არაბმა და მაჰმადიანმა, დიდებას საკუთარი სურვილით ქრისტესთვის თავმდაბლობა არჩია, ძალადობაზე დამყარებული რჯული უარყო, ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარა და ჯვარცმულ უფალს სცა თაყვანი.
აბომ თავისი ღვაწლით ქრისტეს სიყვარული ქართველებისადმი და ქართველების რწმენა ქრისტეს მიმართ კიდევ უფრო განამტკიცა. იმ დროს ხომ ქართველები შეერივნენ უცხო ერს, ქრისტეს უარმყოფლებს, ქრისტიანობის მტრებს. შეითვისეს მათი ქცევა, მათი მიბაძვით დაემონნენ საკუთარ სურვილებს და დაივიწყეს მარადიული ცხოვრება.
ქრისტიანები შენატრიან აბოს დიდებულებას, ღვაწლს, სიმამაცეს, მის მიერ ზეციური გვირგვინის მოპოვებას.
აბო, რომელმაც გვიან შეიცნო ქრისტე, ქრისტიანების მასწავლებლად იქცა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანებზე: სწავლულებს გულისხმიერება შემატა, რწმენაშერყეულნი - განამტკიცა, მტკიცე რწმენის მქონენი - გაახარა, წარმართებს ქრისტეს სამსახური მოასურვა, ქრისტიანებს მისი წამების მოსახსენებელი დაუტოვა და ისინიც აბოს სახელის ყველასთვის გასაცნობად ქადაგებად იქცნენ.
ბოლოს ავტორი ევედრება წმინდა აბოს, რომ ქრისტეს წინაშე შემწე იყოს ყველა იმ ადამიანისა, ვინც მისი ხსენების დღეს აღნიშნავს, ვინც ადიდებს მამას, ძესა და სულიწმინდას აწ და მარადის, ამინ!“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან