ჰარტაგომ იცოდა, განა არ იცოდა! რა გულუბრყვილო იყო იმის დაჯერება, რომ მის გამჭოლ მზერას რამე გამორჩებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც პერისტერიმ მის გვერდით გაატარა, ჰარტაგომ ყველაფერი იცოდა იმ ღამეზე, საყდარში და არაფერს ამბობდა. მაგრამ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს? ახალგაზრდა სუფეტეს მოტივი ძნელი გამოსაცნობი არ იყო. ზედმეტი ეჭვებისა და შეკითხვებისაგან ძმას იცავდა და იქნებ, სულ ცოტათი პერისტერისაც. მთავარი შეკითხვა ეს როდი იყო. რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ახლა ამის თქმა? რისი მიღწევა უნდოდა? მისგან რას მოელოდნენ? აწი როგორ უნდა მოქცეულიყო პერისტერი? მხოლოდ ერთ რამეში იყო დარწმუნებული, ჰარტაგომ გრაგნილი მისცა, რომელიც უნდა დაებრუნებინა. მაშასადამე, ისევ ელოდა პერისტერის.
მანამ კი ისევ საყდარში უნდა მისულიყო. მაგრამ მისი ნაბიჯი მტკიცე, სახე კი მშვიდი იყო. პერისტერი მკურნალი იყო და ეს ბევრს ნიშნავდა!
ლამაზი ქურუმი ქალი თითქმის ჯანსაღად გამოიყურებოდა. მისი კანი ცივი ოფლით აღარ იყო დაცვარული და თბილი, თაფლისფერი სხივით ბზინავდა. აღარც ცხელება ჰქონდა. აღარც ძვლები აჩნდა. მისმა სუნთქვამაც სიმშვიდე და სიღრმე დაიბრუნა. მაგრამ სულ ეს იყო. თვალები ისევ დაბინდვოდა, ძირითადად გაბრუებულს ეძინა და ყაყაჩოს ნაყენს ძველებური მონდომებით იღებდა.
- მაშ, არ ნებდები, - გაისმა ნაცნობი ხმა, რომლისგანაც მკურნალ ქალს კანი ეხორკლებოდა.
- იქნებ ჟინიანობა ყოველთვის ცუდი არც არის, - განაგრძო ქურუმმა და იატაკზე მჯდომი მკურნალი დიდი რუდუნებით დაათვალიერა. პერისტერიმ მზერა დახარა, მაგრამ წასვლა არ უცდია.
- გულადი ქალი, თანაც მკურნალი. ისევ და ისევ მაკვირვებ. ვინ იცის, იქნებ ჩემგან პატივისცემისმაგვარ რამესაც კი იმსახურებდე.
ხნიერი კაცი პერისტერის მტაცებლის მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა. ნიკაპში თითები წაავლო და თავი წამოუწია. ღრმა ნაოჭებით დაღარული თვალის კუთხეები კიდე უფრო მოეკუჭა, ისე სწავლობდა ახალგაზრდა ქალის სახეს. ზედა ტუჩი გადაუწია კიდეც, რომ კბილები კარგად დაენახა. პერისტერის გულ-მუცელი ზიზღით უთრთოდა, სანამ ხნიერი კაცი ისე ათვალიერებდა, როგორც გასაყიდ ცხოველს.
YOU ARE READING
ფოლადის ფრთები
Mystery / Thrillerწარმოიდგინე უძველესი ისტორიის ფურცლები. ეპოქა დიდი ილუზიებისა და უდიდესი აღმოჩენების, წარმოუდგენელი მიღწევებისა და უკიდეგანო ფანტაზიების. სამყარო, სადაც ღმერთები ოლიმპოდან უცქერენ გმირებს, სადაც წინაწარმეტყველება მეფის სიტყვაზე ხმამაღალია, სადაც მწა...