თავი 24 ანიჰალის ცეცხლი

31 8 2
                                    


თითქოს ღმერთებმა ვედრება შეისმინესო, წლების უნახავი ძალის შტორმი ამოვარდა და მის დამშვიდებას პირი არა და არ უჩანდა. მძვინვარე აეოლუსი დააქროლებდა ქარიშხლის საბურველს. მტრისა და მოყვარის გემებს, განურჩევლად, უმოწყალოდ ახეთქებდა კლდეებს. ანგრევდა კარვებსა და ხის კედლებს. მაგრამ, ამავდროულად, სანამ მტერი ტრიალ მინდორზე ცდილობდა გადარჩენას, ასე სასიცოცხლო სულის მოთქმას აცდიდა ქალაქის ქვის კედლებს შეფარებულ მეომრებს. გამოდარებამდე ამ მრისხანე ქარტეხილის კალთის ქვეშ დროებითმა მშვიდობამ დაისადგურა.

პერისტერის მოსვენება მაინც არ დგებოდა. პატარა ქალის სხეულში არსაიდან მოსულ კოლოსალურ ენერგიას მოეყარა თავი. აღარც ძილი უნდოდა, ვეღარც დაღლილობას გრძნობდა. წარმოუდგენელ ფანტაზიას, გამბედაობას იჩენდა და გამოცდილ ომის მკურნალებსაც აოცებდა სახელდახელოდ მოგონილი მეთოდებით. ამავდროულად, უსაზღვრო კმაყოფილება უჩქეფდა ძარღვებში და გრძნობდა, როგორც იქნა, იმას აკეთებდა, რისთვისაც დაიბადა.

ახალი დაშავებული აღარ მოჰყავდათ, მაგრამ პერისტერი ისეთივე მონდომებით უვლიდა დაჭრილებს, როგორც მანამ. ყოველდღე უცვლიდა სახვევებს, იარებს უმოწმებდა, ნახარშებსა და ნაყენებს ასმევდა, აკონტროლებდა, რომ დაშავებულებს საუკეთესო კვება ჰქონოდათ. ყველაზე რთული სნეული, რა თქმა უნდა, ანიჰალი იყო. მისი იარა ყველა დანარჩენზე სწრაფად ხორცდებოდა, მაგრამ ურჩობით ყველაზე მეტს ურჩობდა. ერთი დღეც არ დაუსვენია. ერთი საათიც არ დაწოლილა. დღეში ათასჯერ აედევნებოდა პერისტერი, იარას გადაგიხვევო. როგორც იქნა დასთანხმდებოდა, შეხსნილი სახვევით დახვდებოდა, სულ ერთი წამით მიიკარებდა, რომ ჭრილობა ამოეწმინდა და ახალი წამლიანი ცვილით დაეხშო. მერე ისევ აჩქარებით გაუშვებდა.

ეოსი და მაგონი რომ ვერაფერს გახდნენ, ჰარტაგომ თავად აიძულა პერისტერი, ბრძოლების განახლებამდე სახლში წასულიყო. პატარა ქალმაც თავი დახარა და სუფეტეს გამოგზავნილ ეტლში ჩაჯდა, რომელიც რწევა-რწევით მიიწევდა სახლისაკენ სამხრეთის ფერდობზე. რაც უფრო შორს მიდიოდა ეტლი, მით უფრო სწრაფად ეწეოდა დღეების დაღლილობა გულანთებულ მკურნალს. ფლოქვების თქარათქური ბანგივით აწვებოდა ქუთუთოებს. აღარ აწუხებდა ზევსის ნასროლი ელვა და ქუხილი, აღარც ქარის წუილი იქცევდა ყურადღებას და სულ მალე ჩათვლიმა კიდეც.

ფოლადის ფრთებიWhere stories live. Discover now