თვალები.. იმავე თვალებით შემომყურებ, მეშინია..
კალამს ძლიერად ვებღაუჭები, თითქოს სადმე გამექცეოდეს, თითქოს საკუთარ ცხოვრებად მიღირს ეს პატარა ნივთი. იქნებ მიღირს კიდეც?
იცი? ასეთ მომენტებში ძალიან მაინტრიგებ, იმ მუქი თვალებით ჩამყურებ სულში, რომელთაც თითქოს ასე კარგად ვიცნობ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ჩემს წინ მყოფს თვალს გისწორებ, ვხვდები, რომ ვცდებოდი. ვაცნობიერებ, რომ კიდევ ბევრი რამე მაქვს შესაცნობი და სასწავლი შენზე. განა რამეს მალავ? სახეს იყალბებ? ქცევებს? არა! უბრალოდ ზედმეტად იდუმალი ხარ იმისთვის, რომ ყველამ შეძლოს შენი შეცნობა. განა მე ვახერხებ ამას? ვერა, რა თქმა უნდა, ვერა.
ახლაც, აკანკალებული ხელებით ვახებ კალამს ფურცელს, ვცდილობ, გეფიცები ვცდილობ, რომ ეს ყვლაფერი დავაიგნორო, ჩემამდე არ მოგიშვა, საკუთარი თავი დავმალო, მაგრამ მაინც არ ქრები... აქ ხარ და მრავლისმეტყველი თვალებით შემომყურებ, ჩემს თითოეულ მოძრაობას, არეულ ამოსუნთქვას და თვალების ხამხამს აკვირდები, აანალიზებ.
ხანდახან მიკვირს, ნუთუ მეძლევა უფლება, რომ ბოლომდე შეგიცნო? ნუთუ ამას ოდესმე შევძლებ?
თუმცა როცა შენს მზერას ვეჩეხები, ეს ყველაფერი უკვე აზრს კარგავს, მეორე ხარისხოვანი ხდება, აღარ მადარდებს.
ხმას არასდროს იღებ, ასე რომ მოქცეულიყავი, ალბათ დავფრთხებოდი კიდეც.. მე ხომ უბრალოდ შენს შინაგან სამყაროსთან ჩაწვდომას ვცდილობ. ბოლომდე არა, ოჰ არა, მხოლოდ ცოტათი, თუნდაც წამით რომ ჩამახედა შენს სულში, ალბათ მთელი გალაქტიკის საიდუმლოებებს შევახებდი ხელს.
ხოდა შენც ზიხარ, ხმის ამოუღებლად და უფლებას მაძლევ შენს თვალებში ჩავიკარგო, იქ მონარნარე ემოციებს მოვკრა თვალი, ღრმად ჩაფლულ გრძნობებს შევავლო მზერა.. უფლებას მაძლევ...
მეც აჩქარებული გულით გადამაქვს ყველაფერი ფურცელზე.. გიკვლევ? რა თქმა უნდა, არა! არასდროს იქნები ჩემი საკვლევი ობიექტი, ამისთვის მეტისმეტად ძვირფასი ხარ.. მხოლოდ გაგებას ვცდილობ, შეცნობას.. და შემდეგ საკუთარ გრძნობებად ვანთხევ მელანს, ერთ დროს ცოცხალი ხის გამომხმარ გვამზე.
ხანდახან არ მჯერა, ვერ ვიჯერებ.. მაგრამ შენი სურნელი, რომელიც ნესტოებს მიწვავს და მზერა, რომელიც ქვეყნიერებას მაშორებს, ყველაფერს მავიწყებს. თითქოს სამყაროების გასაყარზე ვსხედვართ. იქნებ ასეცაა? იქნებ სამყაროების გასაყარზე ვართ? ჩემი და შენი სამყარო ხომ ერთმანეთისგან ასე განსხვავდება, ასე შორსაა და ასეთი განსხვავებულია.. ვფიქრობ ნამდვილად იქ ვართ..
ფურცელს ნელ-ნელა ვავსებ, არ ვჩქარობ, არ მინდა მალე დავასრულო წერა. ვიცი, როცა მიზანს მივაღწევ აღარ მექნება უფლება შენს თვალებში ჩაკარგვის, ყოველ შემთხვევაში შემდეგ განსაკუთრებულ მომენტამდე, როცა კვლავ მოგინდება საკუთარი თავის გამოჩენა, როცა კვლავ დამჭირდება ახალი ფურცლის მელნით მოთხუპვნა.
წერას ვამთავრებ.
თითქოს მტკივნეულად მიჭერს გულზე რაღაც და ჩემს ბაგეებს უსუსური, იმედგაცრუებული და სევდიანი ოხვრა სწყდებათ.
ნელა ვაშორებ თვალს ნაწერს და კვლავ შენ გაშტერდები. არ მინდა, რომ ეს ოდესმე დამთავრდეს, არ მსურს სამყაროების გასაყარიდან იმ ადგილას დაბრუნება, სადაც მე მე ვარ, შენ კი შენ.
ხელიდან ნელა ვაგდებ კალამს, ისიც უცნაური ხმით ეხეთქება ფურცელს და თითქოს თბილ ჩახუტებად ეფინება მას.
ხელს მაღლა ვწევ, დაეჭვებით, მაგრამ მაინც გაბედულად. ნელა გიახლოვებ... თვალებს არ გაშორებ, არც შენ აპირებ გახედვას და მეც უფრო თამამად ვუახლოვებ ჩემს აკანკალებულ თითებს შენს მხარს. მხოლოდ ერთხელ, ამ ერთხელ..
ჩემს ბაგეებს სევდიანი ჩაცინება ტოვებს და თვალები ცრემლებით მევსება. შენი სხეული ნელ-ნელა უფერულდება და ჰაერში ვარსკვლავებისებრ მობრდღვიალე ნაწილაკებად იფანტება.
მერე კი მეც ვიფანტები და ყველაფერი რჩება.
აღარ ვართ სამყაროების გასაყარზე, აღარ ჩავყურებთ ერთმანეთს თვალებში და ვეღარც შენი სულის ნაწილს ვხედავ. მაგრამ ამ ყველაფრისგან სამახსოვროდ მრჩება გულიდან ამოსული სიტყვებით გადავსებული ფურცელი, ასე არაა? მაგრამ ფაქტი ფაქტია. ჩვენ ჩვენს სამყაროებს ვუბრუნდებით, ეს რეალობაა.. მე მე ვარ, შენ კი შენ.
მკრთალად ვიღიმი და ამ დროის განმავლობაში პირველად, ჩემს ტუჩებს ყველაზე ჩუმი ჩურჩული ტოვებს.
"მომავალ შეხვედრამდე"