🌫2🌫

332 9 0
                                    

სკოლის დერეფანში მივაბიჯებდი ნელა, აუღელვებელად. რამდენიმე გოგონა ჩამწკრივებულიყო და ეშმაკურად მიღიმოდა. პერიმეტრი სუფთა იყო. არავინ დამიჭერდა ფაქტზე.
საპირფარეშოში შევედი.
ჩემი რამდენიმე მეგობარი ამაყად შემომცქეროდა და საძაგლად მომღიმარი ნიღბები გადაეკრათ სახეებზე. მეზიზღებოდა ეს ღიმილი. მეზიზღებოდა ის სკოლა და ყველაფერი, რაც ჩემს მაშინდელ ცხოვრებას უკავშირდებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ოდესღაც, ამ ყველაფრის ნაწილი კი არა, მოთავე ვიყავი.
- რა გინდათ? - ცახცახებდა საბრალო მარიამი, რომელიც ჩემს მეგობრებს, თავიანთ დამპალ საცეცებშიმოექციათ და ყველა ერთად ჩასისინებდა საშინელ სიტყვებს.
- ცუდი გოგონა ხარ, რადგან ძალიან გრძელი ენა გაქვს - ვუთხარი აუღელვებლად.
- მე არაფერი მიჭორავია... მე არასოდეს ვჭორაობ - ათრთოლდა და თვალები აუწითლდა, ცრემლი შეეპარა მზერაში.
გამწარებული ვეძგერე. წელში ისე მოვკაკე, წინააღმდეგობაც ვერ გამიწია. შეუბრალებლად მივათრიე და უნიტაზთან დავაჩოქე.
- თუ არ აღიარებ, ფსელის დალევა მოგიწევს! - დავემუქრე.
- არ გინდა კეკე, გეხვეწები - ტირილით მევედრებოდა და მაქსიმალურ წინააღმდეგობას მიწევდა, რომ მთლიანად არ გადამეყუდებინა უნიტაზის სიღრმეში, საიდანაც საზიზღარი სუნი ამოდიოდა.
- აღიარე! - ამაზრზენად შეუვალი, ჯიუტი და დაუნდობელი ვიყავი. შორიდან რომ ვუყურებდი საკუთარ თავს, ფილმის ყველაზე ბოროტი პერსონაჟი მეგონა, რომელსაც, დასკვნით ნაწილში, უეჭველად მოუგრეხდა ვინმე კისერს.
- მხოლოდ ის ვთქვი, რომ ზედმეტად ბევრის უფლებას გაძლევენ, რადგან მდიდარი ოჯახი გყავს - წარმოთქვა გულამოსკვნილი ტირილით.
დავიბენი...
მივხვდი, რომ მართალი იყო.
ცოცხალთა ჯოჯოხეთი გამოვატარე მას და კიდევ სხვა ბევრს, ამიტომ, ცხოვრებაში, ბევრი მქონდა უპატიებელი ცოდვა. მაშინ, ჩემს მეგობრებს, თვალებით ვანიშნე, რომ წასვლის დრო იყო და დავეხსენი საბრალო გოგონას.
ადამიანი იმკის ყველაფერს, რაც დათესა და ცხოვრება არავის შეარჩენს ბოროტების პატარა მარცვალსაც კი.
კადრი უკითხავად გადაირთო მომდევნო სიუჟეტზე:
კედელსმიშტერებული ქალი, უძრავად იჯდა სკამზე. თვალსაც კი არ ახამხამებდა. მხოლოდ, დროდადრო ირწეოდა ისტერიულად და იმეორებდა ფრაზას:
- დამიბრუნე ჩემი იმედი! - არ ვიცი, შესაძლოა, ისიც ღმერთთან ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. სახეზე, რამდენიმე ნაოჭი ეტყობოდა მკრთალად. ხანში შესული იყო, თუმცა, როგორც იტყვიან, კარგად მოვლას მაინც შეენარჩუნებინა მისთვის ახალგაზრდული იერი. ტანზე, ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი ქურთუკი ემოსა. გარედან არ ჩანდა, თუმცა სამკაულებით გადაევსო ხნიერი გულმკერდი.
აღარც ბრილიანტები უნდოდა...
მზად იყო, ოხრადდატრიალებული ცეცხლისთვის შეენთო თავისი ძვირიანი ტანისსამოსი, ოღონდაც თავისი იმედი დაებრუნებინა.
ქალი არ ყვიროდა, არც ტიროდა, არც გოდებდა.
უბრალოდ, ერთადგილას გაშეშებულიყო და ხელოვნურად მომართული მექანიზმივით, ერთი მიმართულებით ეზიდებოდა სხეული წინ და უკან. სახეც გაქვავებოდა. ერთი შეხედვით, კაცი იფიქრებდა, რომ მიმიკის ნასახიც არ ებადა, თუმცა გადმოუცემ ტანჯვას ასხივებდა მისი უსიტყვო სახე.
უცრემლოდ კიოდა, კივილის გარეშე მოთქვამდა, მოთქმის გარეშე იხოკდა სახეს და სახის დახოკვის გარეშე უჩნდებოდა შემზარავი ნაკაწრები სამუდამო ტკივილისა. გული, გამეტებით ამოეგლიჯა ვიღაცას მისთვის და სულში, გავარვარებულ მაზუთს უღვრიდნენ, რათა ვეღარასოდეს გასთეთრებოდა ცხოვრება.
- დამიბრუნე ის, რაც მე მეკუთვნის და ცხოვრების ბოლომდე, ჩემთვის იყო განკუთვნილი - ჩაილაპარაკა გულში.
სადღა ჰქონდა გული?
გული გაყინული ცხედარივით ესვენა მის წინ და აღარ სცემდა, აღარ სუნთქავდა. ლურჯად შეღებილიყო გულის თეთრი ბაგეები. კანი იმაზე თეთრი ჰქონდა გულს, ვიდრე ოდესმე.
ეს სითეთრე, არც თოვლის მსუბუქ ფანტელებს ჰგავდა და არც ბამბის სასიამოვნო გუნდას.
ეს იმაზე საშინელი თეთრი ფერი იყო, ვიდრე სიკვდილს შეიძლება მოსდევდეს გადაფითრებული ნისლის სახით.
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს ჰგავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.
- დამიბრუნე! - კვლავ გაისმოდა აუღელვებელი, ნელი სიტყვები ქალისა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში წამოკივლებულ, საყვარელი ადამიანის სახელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩურჩულს.
აღარც ბრილიანტები სურდა...
აღარც რამე, მსგავსი სიმდიდრის.
მხოლოდ თავისი თვალმარგალიტის დაბრუნება უნდოდა, რომელიც სახლიდან გასული, ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ.
გამომეღვიძა.
საპირფარეშოში გავიქეცი და ათი წუთის განმავლობაში, გულისრევა არ მინელდებოდა.
განადგურებული გამოვედი...
სასწრაფოდ, პროდუქტით უნდა მოვმარაგებულიყავი, თორემ ჰაერით კვებას დიდხანს ვეღარ შევძლებდი(მადა მქონდა დაკარგული ამ ბოლო დროს).
შხაპი მივიღე, კაპიუშონიანი მაისური ჩავიცვი, მოღრუბლულ ამინდში, მზის სათვალე გავიკეთე ქაჯივით და მაღაზიაში ჩავედი... თითქოს, კარგად შენიღბული ვიყავი. სინამდვილეში კი, აშკარად მეტ ყურადღებას ვიქცევდი და სახეზე ნიღაბჩამოცმულს ვგავდი.
გარეთ გამოვედი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება თუ ის არ შემემთხვეოდა, რაც შემემთხვა. ისევ ჩავაყუდებდი ადამანებს ფეკალიებით გატენილ დამპალ წყალში თუ იქამდე მოვეგებოდი გონს, სანამ, ცოდვით გადატენილი ჩემი სახე ცოცხალ დემონს არ დაემსგავსებოდა?
ალბათ, ვერასოდეს გავიგებდი.
ახლა უკვე ყველაფერი ძლიერ გვიანი იყო და მონანიების გარდა, არაფერი დამრჩენოდა.
გულის სიღრმეში, ვგრძნობდი, ბოროტება როგორ მხვევდა თავის მშვენიერ, სასტიკსა და შემზარავ კლანჭებს. მისი სითბოს წიაღში, პატარა ნაკადულივით ვიღვრებოდი.
ნუთუ, მსიამოვნებდა მისი შეხება?
ნუთუ, საკუთარ გაუმაძღარ არსებას თუ მივუშვებდი თავის ჭკუაზე, კვლავ ბოროტების სამუდამო საყვარელი გახდებოდა? სიამოვნებით გაუნაწილებდა თავის სუნთქვასა და სხეულს, სანაცვლოდ კი გაუბედურებული ხალხის კვნესას მიიღებდა და ამ კვნესის გაგონებაზე, სიხარულით აენთებოდა ჩაბნელებული სული.
არაფრისმომცემი ფიქრები, სწრაფად გადაფარა დღის სინათლის ხილვით გამოწვეულმა მოულოდნელმა განცდამ. ასე მეგონა, ათასი წელი, ბნელ ჯურღმულებში ვიყავი გამომწყვდეული და მოღრუბლული მზის ოდნავი სინათლეც კი საშინლად მჭრიდა თვალს მუქ სათვალეში.
აქამდე, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ჯანსაღ კვებას, მაგრამ იმდენი ბოსტნეული და უსაფუარო პური ვიყიდე, გარშემომყოფნი იფიქრებდნენ, რომ ყველაზე ჯანმრთელად ვიკვებებოდი(თუმცა, ერთმა ბლოკმა სიგარეტმა გააფუჭა მთელი ილუზია).
გარეთ გამოვედი. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამდენი აღჭურვილობის თრევამ დამღალა და ორიოდე წუთით, მიწაზე დავდე პარკი.
- გამარჯობა კეკელინა - მომესმა გოგონას ხმა. დაფეთებულმა შევხედე. ისე ვიყავი აღჭურვილი, მშობელიც კი ვერ ამომიცნობდა.
სახე გამეყინა, ყბა მომეღრიცა და გამალებით ამიძგერდა გული.
- მიცანი ჰო? როგორ ვერა, ალბათ მიცანი - მიღიმოდა და ჩამქრალ თვალებს, ზიზღით მანათებდა სახეში.
- მარიამ? - კანკალით აღმომხდა. გარშემო მიმოვიხედე, არავინ იყო. ჩემი ტერორის სურვილით შემოსილი გარემო, მთლიანად დაცარიელებულიყო და აღარავინ დარჩენილიყო ჩემ საშველად.
- მიცანი - გამიმეორა ყურებამდე გაღიმებულმა. - შენი ნახვა მსურდა... სპეციალურად, შენს სანახავად მოვედი - თვალებს არ მაცილებდა, გამაღიზიანებელ ღიმილსაც არ იშორებდა სახიდან.
- მოგინახულებ ხოლმე... - გამოსცრა ერთმანეთსმიბჯენილი კბილებიდან.
შეტრიალდა...
თავთან, უზარმაზარი ჭრილობა გამოუჩნდა. თითქოს, ვიღაცას მთელი ძალით ჩაერტყა ცული თავში. სისხლით მოთხვრილ გახსნილ ჭრილობაზე, თმა აბლანდვოდა და ზედ მისწებებოდა.
სისხლი უხვ წვეთებად ბჟუტავდა და თავისფრად ღებავდა ასვალს.
დავიკივლე.
უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
დაფეთებული სირბილისას, ფეხი გადამიტრიალდა და ვერ მივხვდი, ტკივილისგან გავენთხე ძირს თუ კიდევ რომელიღაცა კოშმარმა დამიგო მახე. ჩემი კრახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ნატკენი ფეხით წამოვჯექი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
მიპასუხე, მიპასუხე, მიპასუხე - ვევედრებოდი.
„ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“ - მპასუხობდა ქალის საზარლად ერთფეროვანი ხმა.
- სანი, ოღონდაც მიპასუხე - ვთხოვდი ხმამაღლა და წამდაუწუმ ვურეკავდი.
„ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ის, ვის პოვნასაც, იმედის დაბრუნების ფასი აქვს“ - მიმეორებდა გამუდმებით.
- გოგონა, პროდუქტი დაგრჩათ! - ჩემი ნივთებით ხელდამშვენებული მომდევდა ახალგაზრდა ბიჭი. - ცუდად ხართ? დაშავდით?
- არაფერია, ფეხი გადამიბრუნდა - ვთქვი და წამოვდექი. თვალებში შევხედე... აშკარად, ცოცხლის მზერა ჰქონდა.
ფეხი არ მტკიოდა. წამიერ დაბნეულობას, შიშსა და პანიკას დავაბრალე უეცარი ვარდნა.
- კარგად ხართ? დარწმუნებული ხართ?
- დიახ, დიდი მადლობა - ზრდილობიანად გავუღიმე და ჩემი შეფუთული პროდუქტი გამოვართვი.
- უცნაურად დაცარიელდა უბანი არა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- ჰო, არავინაა.
- ალბათ იმას ეძებენ, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
- უკაცრავად? - გავოგნდი მის საუბარზე.
- ვთქვი, რომ ალბათ ყველა უფრთხის მოღრუბლულ ამინდს.
- დიახ, რა თქმა უნდა - უკანმოუხედავად გავეცალე.

🤍გაუჩინარებული🤍Kde žijí příběhy. Začni objevovat