პროლოგი

218 8 1
                                    


დასვენების დღეს, როცა ტფილისელები კომფორტაბელური ავტოებით მიემგზავრებიან ქალაქგარეთ, ჩვეულებისამებრ ჰიპოდრომზე მივდივარ ხოლმე. დოღის სეზონი მოთავებულია და ნასუქალ ულაყებს არას ავნებს საქართველოს სამხედრო გზაზე გაჯირითება. ჰიპოდრომზე კარგად იციან ჩემი გარდაუვალი ვნება ცხენოსნობისადმი.
«სეირა გნებავთ?» მეკითხება ნოშრევანი, ძველი მეჯინიბე.
«სეირა ჩინებული ცხენია, მაგრამ დაცდილი მაქვს, მანქანების ეშინია».
«ნავარდა?»
თავადვე დასძინა:
«ნავარდა ხიდზე გასვლას უფრთხის».
«დარდიმანდისათვის რას იტყვით?»
«ოჰო, დარდიმანდი ყველაზე მეტად დინჯი ულაყია, არც მანქანებს ეპუება, ხიდზედაც უწყინარად გადადის».
დარდიმანდზე შეჩერდა ჩემი არჩევანი.
სამხედრო გზა ულამაზესია მსოფლიოს დიდ გზათა შორის, ხოლო დარდიმანდი, ცხენთა შორის უსაჩინოესი.
ცხენოსნობა უდიდესი დასვენებაა ჩემთვის. როცა თავწვრილა, მკერდგანიერი, მუხლმაგარი და ყურდაცქვეტილი ცხენი შემომხედავს შრომისაგან წელში გადრეკილს, წინაპრების ჩემის უშრეტი ენერგია კვლავ იღვიძებს ჩემში, ასე მგონია ხელახლა ვშობილვარ-მეთქი და ჯერაც არ მეგემნოს სიარულის, ხტომის და ჭენების სიხარული ამ მშვენიერ მიწაზე.
ვეფერები დარდიმანდს თელის ფოთლებისებრ პაწია ყურებზე, ქლიავისფერ თვალებში შევცქერი და ჩემს სულში გადმოდის ის მოუღალავი ძალმოსილება, ცხოველისათვის ასე ჭარბად რომ მიუცია დედაბუნებას.
მოხდა ისე, რომ ეს დარბაისელი დარდიმანდიც გაფიცხდა. ცხენი გალთმისანია, მხედრის განწყობილებას შეიცნობს ხოლმე წინასწარ.
უწინაც ვმჯდარვარ დარდიმანდზე, იგი საქართველოს ჩემპიონია წმინდა სისხლიან ულაყთა შორის, მრავალი დიდი ქალაქი ჰიპოდრომზე უსახელებია მას ჩვენი ქვეყანა, ამიტომაც მოკრძალებულად ვექცევი.
მატარებლებით დავლილი აქვს საბჭოთა კავშირის დიდრონი ცენტრები. შეჩვეულია ლოკომოტივების ბღავილს, ავტოების ზუზუნსა და ტრაქტორების ბუბუნს.
როგორც ზოგიერთს, კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია, როცა შენ ქედმოდრეკილად ექცევი, მას ჰგონია, ჩემი ეშინია, თორემ რად მომეპყრობოდაო პატივისცემით?
გახელდა დარდიმანდი და მეც ისეთ გუნებაზე ვარ, ყარაყორუმამდის ვივლი თუნდაც გაბმული ჭენებით, მაგრამ ვზოგავ დარდიმანდის იშვიათ ტალანტებს.
თავის მშვენიერს დიდრონ თვალებს უბრიალებს კრიალა ავტოებს, მუზმუზელა საბარგულებს და ყოველ წუთში მზადაა გამიტაცოს, გადანთქას სივრცე.
მე არ ვამტყუნებ დარდიმანდს, ასე ხალაღებით რომ აუჩქროლდა მოუღალავი ულაყის მდუღარე სისხლი.
ტფილისი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, გადიდქალაქდა.
ლაპლაპებს უზარმაზარი კოცონი მთაწმინდაზე, ელავენ ელექტრონის ლამპიონები, ჩელიუსკინელთა ხიდისა და სტალინის შესანიშნავ სანაპიროს გასწვრივ ელექტრონის ბურთები ტივტივებენ მტკვარში, ჩაბღავიან გახელებულ ულაყს თვალებბრიალა ავტოები ყურში, დაიზმუვლებენ და გარბიან გუდრონით მოგებულ გზაზე.
ზუზუნებენ ქარხნის სირენები, გუზგუზებენ რაიონებისაკენ მიმქროლავი ტრაქტორები, მხიარულად წკრიალებენ ველოსიპედები და დინჯი დარდიმანდი იფხორება, ფრთხება, ჟამიდანჟამზე მოუსვენრად ფრუტუნებს და ღეჭავს ლაგამს.
ვეღარც საყბეური აკავებს, ვეღარც სამკერდე, დაითრევს გედის კისრისებრ გადრეკილ ქედს და წამართმევს თავს.
ისევ მოვსდრეკ, დავიოკებ, მაგრამ განზე გოგვას მოჰყვება ერთბაშად, დაიგრძელებს სადავეს უკითხავად და მოჰყვება ქევქევით სვლას.
ბოლოს მეც მომეღალა მკლავები, ნება-ნებას მივუშვი, ასე ვიფიქრე, გულს შეიჯერებს-მეთქი ჭენებით მცირე ხანს.
დიღმის ბორანთან მოსწყდა ადგილიდან და გამიჭენდა. მივყევი სულმოსწრაფებულ ულაყს და ასე მგონია, ათასი ცეცხლოვანი თვალი მოგვსდევდეს უკან ქშენითა და ბუბუნით.
უმატა ჭენებას ცხენმა, გრძნობდეს დარდიმანდი თითქოს, რომ მანქანების ქალაქში აღარაა უკვე ცხენის ადგილი, გარბოდეს იგი ტფილისიდან, სადაც მისი ნათესავი დღეს თუ ხვალ სასტიკად დამარცხდება და მიქროლავდეს ქედფიცხელი ულაყი, რათა დაღუპვას გადაარჩინოს თავისი ჯილაგი.
ქალაქის მიჯნები მოვათავე და ჩორთზე გადავიყვანე როგორც იქნა.
რაკი მოგვიანებით მომიხდა ტფილისიდან გასვლა, ამიტომაც განზრახული მქონდა ავჭალიდან შემობრუნება ქალაქში და ამადაც აღარ მენახა ჩემი საყვარელი სვეტიცხოველი.
თუმცა ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია; დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.
ჩემთვის საკმარისია ოდნავ, ოდნავ მაინც მოვკრა თვალი ცაში ატყორცნილ სიმფონიას ლოდებისას, დეე, თუნდაც ჭენებით გამატაროს ქედფიცხელმა დარდიმანდმა მის გვერდით.
წამიერად თვალი შევავლო მწუხრში განდგომილს და გავეცალო კვლავ.
სწორედ ავჭალასთან დამიფრთხა ცხენი.
ტრაქტორისათვის ფურგონი გამოებათ უკან, გაუსწორდა თუ არა, მოულოდნელად შემოესმა მანქანის ბუბუნი, ისევ წამართვა თავი და გაჭენდა საშინელის სისწრაფით.
მე ისე მიამა მისი თავაწყვეტილი ქროლვა, მაინცდამაინც არ მივეძალე და მივუშვი სადავე.
ზაჰესის ელნათურები ციმციმებენ მტკვარში. ამ ათასთვალა პოლიფემის ნათელი მისდგომია ზედაზენის მთას, რომელიც დემონების საუფლოდ მიაჩნდათ ძველ იბერიელებს ოდესღაც.
ჯვარის მონასტრის გასწვრივ ძლივს ავლაგმე დარდიმანდი.
წვებოდა ღამე ზედაზენისა და სარკინეთის მთების უბეებში.
წვიმის შხეფები მხვდებოდა სახეზე.
მტკვარი შესდგომია პომპეუსის ხიდს.
გზა და ხიდი უცნაურ ფიქრს აღმიძრავს ხოლმე. ამ ხიდზე გაუვლიათ რომაელ კონსულსა და მის ჯარებს, განა მარტო რომაელთა ლეგიონებს, − სარკინოზების, სელჯუკიანების, ურუმთა და ირანელთა ურდოებს.
მტკვარზე ტივტივებს ეს ხიდი და იგი უკვე აღარაა დღევანდელისა და გუშინდელის მტკიცე კავშირი. წარსულის უტყვი მოწმეა, დღევანდელობისთვის სავსებით უხმარი. მუზეუმის ექსპონატად ვერ გამომდგარი და სადაცაა წალეკავს მას მტკვარი, როგორც ქიმერას, მომავლისათვის მოუხმარებელს.
სატახტო ქალაქში მისასვლელის და მეკლიტის როლი გმირების ხიდს წაურთმევია მისთვის, ისევე, როგორც ჩვენს საამაყო ტფილისს პირველობა მცხეთისათვის.
უკვე მცხეთაში ვარ, ღრუბლებით წაგრაგნილი ცარგვალი დამხობია სვეტიცხოვლის წვეტიან გუმბათს, კიდე-კიდე ქარვისფერი კალთები მოუჩანს ცას, მრუმე ზუჩიან მწვერვალებზე ელავს ხანდახან.
სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნო რიცხვით მეათე თავისი მრუმე ღამეებითა და იდუმალებით.
კარიბჭესთან დავქვეითდი, რამდენიმე ლანდი ჩალიჩობდა ტაძრის შესავალთან, ქუჩაში.
ექვთიმე თუ შინაა-მეთქი, ვეკითხები უქუდო ბიჭუნას.
ყმაწვილმა თავი გააქნია: აქ არავინ მეგულებაო ასეთი.
ვიღაც დედაკაცი მომეახლა თავსაფრიანი.
ე მანდ ეზოში ზისო ბერიკაცი, იმას ჰკითხეო.
ჭიშკარი შევაღე, დასადავებული ცხენი შევიყვანე გალავანში, მარცხენა კუთხეში, ზედა გალავანზე მოშენებული შრამელის წინ წელში მოდრეკილი ლანდი იჯდა ლოდზე.
ცხენიანად რა დამინახა ლანდმა, ზეწამოიჭრა, მომიახლოვდა.
რომელი ხარო? შემეკითხა განცვიფრებული.
ხმაზე შევიცანი ექვთიმე, მან კი ვერ მიცნო, ვიდრე გვარი არ ვუთხარი ჩემი.
გაიხარა მოხუცმა, მარჯვენა მკერდზე მაკოცა, ისე, როგორც ოდიშელებს სჩვევიათ ხოლმე. ცხენი ჩამომართვა და ხის კიბისაკენ გამიძღვა.
სიბერეს დაეპატარავებინა ისედაც ტანმორჩილი მოხუცი. ოცდაათი წლის წინათ გალობას მასწავლიდა იგი. ძველ სძილისპირებს აგროვებდა, ძველ ხელნაწერებს, ფოლკლორის ნიმუშებს, შელოცვებს, ზღაპრებს და ძველ მონეტებს.
ასეთი კაცები ჩვენი მუზეუმებისა და ძეგლების გარშემო დაფუსფუსებენ ხშირად, ისინი ძველი კულტურის ნასუფრალით იკვებებიან.
ექვთიმე ჩემს მეხსიერებაში დარჩენილი იყო როგორც ქერა, სავსებით ქერა კაცი, რომელსაც სიმინდის ხაშარივით ბრჭყვიალა, გრძელი ულვაში ჰქონდა.
ახლა სავსებით თეთრი თმა მოსავდა მას და გრძელი, გრძელი წვერი, ისეთი, როგორითაც პრიმიტიული მხატვრები ბიბლიურ ღმერთს ჰხატავდნენ ხოლმე სოფლის ეკლესიებში.
ექვთიმე ჩემის დაკვირვებით ერთი მათგანია, რომელნიც ყველგან საჭირონი არიან, მაგრამ ადგილზე მივლენ, მუდამ ზედმეტნი აღმოჩნდებიან ხოლმე. ისინი მუდამ ახალსა და ახალს მიზანს ეძიებენ ცხოვრებაში, მაგრამ ვერსად პოულობენ თავის თავს, რადგან მათზე ახდება ხოლმე ყოველთვის: «მრავალნი არიან რჩეულნი და მხოლოდ ერთმან მოიხვეჭოს ნიჭი».
ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობითა ხდება შესამჩნევი, ამიტომაც იგი მუდამ თვალში მხვდებოდა ხოლმე.
ხან გალობას ასწავლიდა ძველ-სენაკში, ხან ზუგდიდის მუზეუმის კუსტოსად იყო, ქუთაისის პირველ კინოში გამგედ, ხანაც სტატისტად ქუთაისის თეატრში, ნერონის ქანდაკების როლს ჩინებულად ასრულებდა სცენაზე, ათი წლის წინათ ეთნოგრაფიულ ხოროებს დაჰყვებოდა, ერთ დროს ტფილისში ბუკინისტობდა, მას მუდამ ჰქონდა სავსებით იშვიათი, ძველი წიგნები და სურათები. ერთ მშვენიერ დღეს მის პაწია დუქანში საპარიკმახერო აღმოვაჩინე და ამის შემდეგ იგი გაჰქრა ჩემი ჰორიზონტიდან.
მცხეთაში ჩასვლის კვირაძალში შემთხვევით გავიგე: სვეტიცხოვლის მეთვალყურედ ყოფილაო თურმე.
დიდხანს ვისხედით მე და ექვთიმე აივანზე.
გაიელვებდა, მოიჭრებოდა ცაზე სვეტიცხოვლის სილუეტი, კვლავ დაბნელდებოდა ირგვლივ, შეუდგებოდა ცას უცნაური ცახცახი, ახლა უფრო ძლიერი გახდებოდა ელვათა კრთომა, ჯვარის მონასტერი გამოჩნდებოდა, ზედაზენისა და სარკინეთის შავჯაგრიანი მთები.
იძალა ქარმა, აღმოსავლეთისაკენ გადალალა ღრუბლები, შემოდგომის ცა მოიწმინდა და ისეთი კაშკაშა მთვარე დაადგა სვეტიცხოველს, როგორიც მაისში მინახავს ხოლმე.
უსიტყვოდ შევსცქეროდი ბნელში მთვლემარე ტაძარს და მის გარშემო მოჯარულ კბილოვან ქონგურებს. ღამურები უკანასკნელ ფერხულს უვლიდნენ ეზოში და ისეთი უცნაური მყუდროება იდგა ირგვლივ, თითქოს დროსაც დავიწყნიაო სრბოლა.
თავზე დაადგა ტაძარს მუქლურჯი ცარგვალი, რომლის ქუბებს გალავნის ქონგურების ნაჩრდილები ისე ხატავდნენ, როგორც გიშრისა და იასპის აჟურებს.
რაც უნდა დიდი ქმნილების წინაშე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც მეტ ყურადღებას მოითხოვს შენგან.
მე გამოვკითხე ექვთიმეს თავისი ცხოვრების ამბავი. იჯდა ტაძრის ჩრდილისაგან წარმომდგარ ბნელში ჩია მოხუცი და მომითხრობდა.
ეს იყო ტრაგედია ისეთი ადამიანისა, რომელსაც მრავალი რამ აინტერესებდა და ყურადღების დაფანტულობის წყალობით ყველგან მოსცარვოდა ხელი. უკანასკნელად ათი წელი დაუყვია მცხეთაში ამ უცნაურ კაცს, რომელიც ყოველ წელს სამ სამსახურს იცვლიდა ხოლმე.
ამჟამად ნუმიზმატიკით ყოფილა თურმე გატაცებული.
ადგა, ოთახში შევიდა, ჭრაქი გამოიტანა და პაწია ქისა, მონეტებით სავსე. ეს ფულები საქართველოს მუზეუმს უნდა ვუანდერძოო სიკვდილის წინ.
ძველკოლხური სპილენძის მონეტები მაჩვენა, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის, დავით ნარინისა და ერეკლე მეფის თეთრები. ეს ყველაფერი დმანისის, უფლისციხის და გელათის სანახებში ჰქონია ნაპოვნი.
ექვთიმეს მოძრავი ბუნების ამბავი რაკი ვიცოდი, გამოვკითხე: მცხეთიდან თუ აპირებ-მეთქი ადგილის გადანაცვლებას სადმე?
«ვისთან ან სად წავიდე, შვილო?
ორი წყება ცოლ-შვილი მიწას მივაბარე ამ ოცი წლის მანძილზე. უკვე მიხრწნილებაში გადამდგარი ვარ.
ერთადერთი, რაც ცოტა, სულ ცოტა მაკავშირებს ამ ცხოვრებასთან, ეს არის ამ ტაძრისადმი სიყვარული წარუხოცელი. აქ ვჩალიჩობ, შვილო, ამ საყვარელი ქმნილების ჩრდილის ქვეშ, ვუვლი ამ შესანიშნავ ტაძარს და იგი ჩემს თვალში ღვთის სახლი როდია, არამედ დიდი ხელოვნების იგავმიუწვდენელი ქმნილება, რომელიც, როგორც ხედავ, თვით ღმერთზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა.
ასე დავდივარ, დავბორიალობ, შვილო, ჩვენს წინაპართა საფლავებსა და აჩრდილებს შორის. წრეულს დაიწყეს ამ ტაძრის შეკეთება, იმ ხარაჩოებს ხომ ხედავ, გუმბათზე რამდენიმე სარკმელია კიდევ ჩასადგმელი, ველური მტრედები ჩადიან ტაძარში.
მეც დავდივარ, სკორეს გადავაცლი ხოლმე ვახტანგ გორგასალისა და ერეკლე მეორის საფლავებს.
განა ჩემისთანებს გაუწირავთ თავი ამ ტაძრისათვის? ცამეტი საუკუნის მანძილზე აწყდებოდნენ მის გალავანს მტრის ურდოები.
სარკინოზი აბულ-ყასიმი ეძგერა მას პირველად, შემუსრა და აქლემთა თავლად გახადა იგი, აღადგინეს, შემდგომ ამისა, სელჯუკმა ალფ-ასლანმა იავარჰყო იგი, კვლავ აღადგინეს და თემურ-ლენგმა დაანგრია ისევე, შაჰ-თამაზმა და შაჰ-აბაზმა მილეწეს მრავალგზის.
მერმე ის იყო მთელი საუკუნე აწვიმდა ტაძარს, ახალ დროშიაც კაცს არ მოჰგონებია მისი შეკეთება, მხოლოდ საბჭოურმა ხელისუფლებამ, ვენაცვალე მას, გადაახურვინა იგი წრეულს და გალავნის ქონგურები შეაკეთეს, ჩრდილოს ფასადზე ხარაჩოები ჯერაც არ მოუხსნიათ, გუმბათის სარკმელებშიაც ჩასდგნენ ამ დღეებში თითო მტკაველა მინას და ჩემი აქ ყოფნის მიზანიც აღსრულებული იქნება კიდევაც, შესაძლოა ჩემი ცხოვრებისაც»... (ეს სიტყვები მცირეოდენის გულის ტკივილით იყო ნათქვამი მის მიერ).
«ხვალ დილას აჰყევი იმ ხარაჩოებს და ისეთ რამეს გიჩვენებ, რაც შთაგონებით აღგავსებს უთუოდ.
მე ასე მესმის, შვილო, მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ, მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და სხვა არაფერი.
ჩრდილოს კედელზე ერთი წარწერაა და ქანდაკი ორი კაცისა. შენი თვალისა და მარჯვენის საქმე იქნება ეს, თუ როგორ ამოიკითხავ ცხრა საუკუნის მანძილზე ქვაში ჩაკირულ საიდუმლოს დღემდის შეუცნობს».

*

იმ ღამეს აივანზე მოვისურვე წოლა. გათენებამდის მოუსვენრად ვბორგავდი, ცხენის მიერ გაღებული ჩქამი მესმოდა ძილში, დარდიმანდი ფრუტუნებდა, ფეხებს აბაკუნებდა და ტკბილად, ტკბილად ახრამუნებდა თივას, თანაც პირქვე დამხობილი ბნელში, გათენებას ვნატრობდი, აღთქმული საიდუმლოს მალე შესაცნობად.
ცისკარმა ყური ამოჰყო თუ არა, შოშიებმა ასტეხეს ჭყიპინი. მერმე ის იყო თავზე წამომადგა მზით გაბრწყინებული, ხვლიკისფერი სვეტიცხოველი; იგი ისეთი მშვენიერი იყო იმ დილას, როგორც არასოდეს მინახავს მანამდის.
ავყევი ხარაჩოებს ჩრდილოს ფასადზე.
ადამიანის მარჯვენა გამოუხატავს კედელზე ოსტატს. გონიო უპყრია მას.
იქვე წარწერაა ასეთი:
«ხელი მონისა არსაკიძისაჲ, რათა შეუნდოთ».
შორიახლოს უცნაური ქანდაკია ორი კაცისა.
ერთი, უწვერული ჭაბუკია, ქართულ ჩოხაში მორთული, ხოლო მეორეს, სახედაღრეჯილ მოხუცს, პირი დაუბჩენია ვაგლახად. სპარსული სამოსი აცვია და გულბოროტების იერი გადაჰკრავს სახეზე.
როცა ხარაჩოებიდან ძირს ჩამოვედი, ჭრუტა თვალებით მიღიმოდა მოხუცი.
«ეს უწვერული კონსტანტინე არსაკიძეა, ხოლო ჩაქუჩიანი მოხუცი, მისი ოსტატი ფარსმან სპარსი.
კიდევ გაჩვენებ ერთი კაცის სახეს, ამ ჩვენ დრომდის მკრთალად მოღწეულს».
დიდხანს აფათურა ხელები უბეში, ბოლოს ძველთაძველი მონეტა ამოიღო ქართული.
ცხენოსანს შავარდენი უზის მარცხენაზე და ასომთავრულით წარწერილია ზედ:
«მეფეთ მეფე გიორგი − მესსიის მახვილი».
ეს იყო და ეს.
წელიწადზე მეტია, რაც ეს ამბავი ჩემს სულში სდუღს, ბოლოს იგი დაიწრიტა, ჩემს წარმოდგენაში შედედდა, სიტყვამ ხელ-ფეხი შეისხა და გადმოინთხა ქაღალდზე, როგორც ნათელი მითი, საუკუნოთა არმურიდან გადმონაჟონი.

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაWhere stories live. Discover now