60

7 1 0
                                    

ვაი, საშოსა ჩემსა, რამეთუ გშობე,
ვაი, ძუძუთა ჩემთა, რამეთუ გზარდე,
ვაი ბაგეთა ჩემთა, რამეთუ გიძახოდი და არ გამეც ხმაი,
ვაი, თვალთა ჩემთა, რამეთუ გიტირე.
ღამეს ნაბდის კარავი დაედგა ხილნარში, რატისეულ სასახლეში აგზავნიდა თავის დესპანებს.
აღარ თენდებოდა, აგვისტოს ხვატი ვერ გაენელებინა ბნელსაც.
ერთადერთი ჭაღის გარშემო თვალისმომჭრელი სისწრაფით ცეკვავდნენ ფრთამოხატული, თალხი პეპლები.
ბორგავდა ავადმყოფი, იგი არც ამ პეპლებს ხედავდა, არც ღამურებს, ჭერს ქვეშ მორიალეთ, ჩრდილები ლასლასებდნენ ირგვლივ, ჭაღის ალზე იტრუსებოდნენ პეპლები, ძირს სცვივოდნენ განწირულები, მაგრამ მაინც ახალსა და ახალ ლაშქარს უშენდა ჭაღის შუქს ღამე, პეპლები ცეკვავდნენ, დალასლასებდნენ ჩრდილები დარბაზში.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.
თავი აიღო არსაკიძემ, სიცხისაგან გაოგნებულმა. სარკმლიდან მოსჩანდა ლურჯი, სავსებით ლურჯი ცარგვალი, სწორედ ისეთი, როგორც ნაავდრალი შავი ზღვა.
ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ ბნელს, აფახულებდნენ ოქროსფერ წამწამებს.
ნონაი ბალახებს ხარშავდა თავის სამყოფლოში და როცა ცრემლი მოზღვავდებოდა, კაბის კალთით იწმენდდა თვალებს.
წუხდა ნონაი, არც ბოდოკია სჩანდა სადმე, აღარც დედა სულთმობრძავისა.
ისევ აიღო ავადმყოფმა თავი, ასე ეჩვენა კონსტანტინეს:
ბუს მართვე უხმობსო ღამეს. თვალი დახუჭა, ნელი, ნელი ხმით სთქვა: "წყალი" .
სწყუროდა ავადმყოფს, იქვე იდგა წყალი, მარჯვენა მკლავი აღარ ჰქონდა, მარცხენას ვეღარ ხმარობდა მხარში დაჭრილი.
ხედავდა: წყალი იქცეოდა ნაპირებიდან. არა, ზღვა იყო ეგ, ლურჯი ზღვა, ოქროს თევზები ხომ არ თამაშობდნენ შიგ?
ლაზური სოფელი და ეკლესია დალანდა ზღვისპირად, ალვის ხეები, ლაზური ოდა, ალვის ხეები, ცამდის მაღალნი.
მერმე მთები გამოჩნდნენ, ფხოვის მშვენიერი მთები, აქაც უხვად იღვრებოდა ქარაფებიდან წყალი, მაინც არავის მოჰქონდა იგი.
ფხოვური ქვითკირის პატარა ეზოში დაფათურობს შავით მოსილა დიაცი, ფხოვური მანდილი ახურავს შავი.
ცალ ხელში შავ ტარიანი დანა უჭირავს სისხლიანი, შავი ცხვრისთვის უძგერებია ყელში და მოთქრიალებს წყალი კი არა, სისხლი. მისწვდა არსაკიძე, მაგრამ გაბოროტდა დედა, ახლოს არ გაიკარა თავისი საყვარელი უტა.
ქარაფებიდან იღვრებოდა წყალი, ჰქუხდნენ მშვენიერი ჩქერალები ფხოვისა, მაგრამ გაუძლისი სიცხე იდგა მთებში.
მოწყურებული ქორები აწყდებოდნენ უწყალო ცას.
წყალიო, დაიძახა არსაკიძემ უძლური ხმით და ბალღივით იტირა, დედამაც რომ არ მოუტანა წყალი.
შეეშინდა: არავინ ნახოსო ცრემლი. გამოიღო საბნიდან მარცხენა ხელი, თვალზე წამოიფარა.
გამოეთხოვა მთებსა და ზღვას, გამოეთხოვა თავის ტკბილ სიყრმესა და სიჭაბუკეს გამწარებულს.
ასე მოესმა ავადმყოფს: რაღაც ფაჩუნობსო კუთხეებში. რაღაც დაეცა სველ ღაწვზე , უბწკინა. ხოჭო ხომ არ იყო ეს?
ამასაც გრძნობდა: საბნის ქვეშაც ფაჩუნობდა რაღაც, გააჟრჟოლა ანაზდად და აცახცახდა,მერმე ალასლასდნენ ჩრდილები დარბაზში.
უზარმაზარი ლანდი ჩამოვიდა კედლიდან, მგლისებრმა თვალებმა გაიელვეს ბნელში.
და ერკინებოდა მხატვარს გრძელწვერა მოხუცი, მერმე მისწვდა იგი ჭრილობიან ბარკალს და დაუბუშა ვრცელი ბარკლისაი.
მოეძალა ბობღია ლანდი, მგლისებრი თვალები შემოანათა და სთხოვა სული.
არ მისცა სული მგლისებრთვალება მოხუცებულს მხატვარმა.
დიდხანს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.

* * * * * * *

ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვევოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან.
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი,ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.
დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი.
უთენია ჩამოვიდა ფხოვიდან დედა და როცა მორიელებისაგან დაკბენილი შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე.
...და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა.

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაWhere stories live. Discover now