თავი 2

65 3 0
                                    

იმ ღამეს მოვიდა საშინელი თქეში, ნაშუაღამევიდან წვიმდა დაუცხრომლად. შემოდგომის პირველი სუსხი ჩამოდგა. შირიმნის ბრძოლაში მიღებული იარა განუახლდა გიორგის. ფეხი ასტკივდა, მაგრამ წინაპართა წესის დარღვევა არ ისურვა და წინაღამის უძილარმა უთენია ითხოვა ცხენი.
ზარდახანის მოლარემ აღვირი მოართვა, ლაგამი ამოსდო ოქროსფერ ულაყს, მერმე ზარდახანის მეჯინიბე მიეჭრა, საყბეური შეუსხა, ზარდახანის მოლარემვე შეუდგა უნაგირი.
შეჯდა მეფე და ზარდახნისუხუცესმა მათრახი მიართვა.
დაწინაურდნენ აჩუხჩი და ზარდახნისუხუცესი.
გიორგიმ ცხენს მათრახი სწყვიტა, უკან გამოუდგნენ სამივე ერისთავნი, მერემეთუხუცესი, მენადირეთუხუცესი და ბაზიერნი.
ატყდა ბუკის ცემა მეფის ნაკრძალში. სპილენძის დაფდაფებს სცემდნენ მეითარები და მარეკები. უცნაურის ღრიანცელით მოსდებოდნენ ტყეს.
ნადირმა შორს გაიტყუა მადევრები, შორიდან, ძლიერ შორიდან ისმოდა მათი გამალებული ყეფა და გნიასი.
გიორგის და მის ამალას ადგილის გამოცვლა ეწადათ, მაგრამ ხევს გაღმა კბოდეები და ქარაფები იყო, ხევში უსიერი ჭოჭი და სადები, გაუვალი კატაბარდები გზას უღობავდნენ მხედრებს.
ფეხით სვლა იყო საჭირო, ცხენზე ჯდომამ უარესად აატკივა მეფეს წვივის იარა, ამიტომაც ვეღარ ბედავდა დაქვეითებას იგი. მამამზემ თათბირი მიაწოდა ასეთი:
მხარმარჯვნით ხევია ერთი, იმ მთის ცხვირის გადაღმა მდებარე, მადევრები უცილოდ ამ ხევში შემოაბრუნებენ ოტებულ ნადირს. დასავლეთისაკენ ქარაფები ახლავს იმ ხევს, როცა მადევრები მოსდევენ მხეცს, იგი იოლი გზით გარბისო მუდამ, არ ეტანებაო არასდროს ქარაფს. იმ ხევის ყელთან დავუხვდეთ და არ აგვცდებაო არც ერთი.
გაიზიარეს მამამზის რჩევა. სადებს შორიდან მოუარეს, ნეკერჩხლის ტყე გადალახეს ცხენდაცხენ.
მოუახლოვდნენ ხევის ყელს და ისევ ატყდა მადევრების ყეფა, მარეკებმა უმატეს ღრიანცელს. ჯერ მუხნარიც არ გაეარნათ მხედრებს, აშრიალდა ერთბაშად ტევრი, ცხენისებური თქარუნი მოისმა ანაზდად, მიწისპირზე გადაირბინა მგელმა.
ახლა მეორე მოძუნძულებდა ხევდახევ, კვლავ ისმოდა ცხენისებური თქარუნი. კატაბარდებში გაიელვა ცეცხლოვანმა თვალმა, მშვილდი მოზიდა გიორგიმ და პირველი ქეიბური ესროლა გულდაგულ. ძაღლივით დაიყეფა რაღაცამ, დაიგმინა და მოისმა ბრაგვანი სულ ახლოს, კუნელის ჩირგვების გადაღმა.
დაქვეითდა მამამზე ერისთავი, ბირკებიან ჯაგებში გადაიჭრა, დიდხანს დაბობღავდა კატაბარდში და მერმე გიორგიმ თვალი ჰკიდა − ღიჭიანიდან გამოვიდა მამამზე, მხარზე უზარმაზარი მგელი შეეგდო. ტყისკაცსა ჰგავდა ბირკით მოცულ ტყავკაბაში გამოწყობილი.
თავისი მშვენიერი თეთრი კბილები შემოანათა გიორგის და მოაძახა:
«ეს ერთი და სხვა ათასი, მეფეთ მეფეო».
ესა სთქვა და გიორგის ცხენის ფერხთით დააგდო ნანადირევი. ისევ ასტეხეს მარეკებმა დაფდაფების ცემა, მენადირეთუხუცესის დიდი ბუკი ისმოდა სულ ახლოს.
ნეკერჩხლის შტოებს ლეწავდა ირემი, მოანგრევდა ტყეს და მოჰქროდა გამალებული, სჩანდა მადევრები მოსდევდნენ ფეხდაფეხ.
მხედრებმა შენიშნეს ადამიანის ორანი რომ იგრძნო ნადირმა, − მხარმარჯვნისაკენ გადაუხვია, სწორედ იმ სადებისკენ, რომელსაც შორიდან მოუარეს მეფემ და მისმა ამალამ ხევის ყელამდის მოსვლისას.
დიდებულებმა არ ინდომეს თავათ გამოდგომა, რადგან ცხენდაცხენ ვერ მიყვებოდნენ; გიორგიმ ცხენიდან ჩამოხტომა დააპირა, მაგრამ მამამზემ აღვირში უტაცა ხელი.
უარესად გაგიმიზეზდებაო ნაიარევი ფეხი, ნუ იქმო, აფიცებდა ბაგრატ კურაპალატის სულს.
მეფე დინჯად იჯდა მშვლის ბეწვის უნაგირზე და შესცქეროდა მამამზის ისრიმისფერ თვალებს. მის მუდარაში იმდენი სიწრფელე და მამაშვილური რუდუნება ისმოდა, გაოცდა გიორგი.
ძველი მამამზე მოაგონდა, შირიმნის, ფანასკერტის და ნიალის ომებში თანამებრძოლი, ბაგრატ კურაპალატის უერთგულესი ყმა და მისივე სიყრმის მეგობარი.
ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენ მსტოვარები, მამამზე უბრალო იყოსო კოლონკელიძისა და ჭიაბერის მიერ ატეხილ ამბოხში.
ცხენიდან არ ჩამოვიდა და გადასწყვიტა იმ წუთშივე დაემარტოხელებინა მამამზე, ძმურად, მამაშვილურად გასაუბრებოდა, გამოეკითხა ჭიაბერის განდგომის მიზეზი.
შემდგომ ამისა, სახის გამომეტყველებით, ან ხმის ნირით გამოარკვევდა მეფე, თუ რა წილი ედო თავათ მამამზეს ამ საქმეში?
ბოლოს ხომ შესაძლოა, მამამზე იმადაც წამოსულიყო საახალწლოდ მეფესთან, რათა თავათ ემხილა საკუთარი ვაჟი.
ამიტომაც დაითხოვა დანარჩენი ერისთავები. მენადირეთუხუცესს უბრძანა სადებისაკენ გამოსდგომოდნენ ირემს, ნეკერჩხლის ტყეში ეძიათ ნაკვალევი მისი.
მე და მამამზე ხევის ყელთან დავრჩებითო მარტო.
ხევის ყელისაკენ მიაბრუნეს ცხენები ორთა. მეფეს ნაბიჯით მოჰყავდა ულაყი, თანაც გულმოდგინედ ეძებდა პირველ სიტყვას საუბრის დასაწყებად.
მის გულში რიალებდნენ სიტყვები ხან გოლეულივით ტკბილი, ხან ასპიტის გესლივით მწარე, მაგრამ იდუმალად გადაიხედავდა მის გვერდით ცხენდაცხენ მომავალ მოხუცისაკენ, ისევ ნიალის ველი მოაგონდებოდა, ბასიანის სანახებში გამართული ბრძოლები, ფანასკერტის ციხეში ჩაკეტვის ამბები და კვლავ დაებმებოდა ენა.
ბოლოს მამამზე მისი სტუმარი იყო. ბაგრატ კურაპალატმა მის ხელში დალია სული. განა მამამზემ და ზვიად ერისთავმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად?
ნუთუ იგივე ხელები ლესავენ გიორგის წინააღმდეგ მახვილს, იგივე ხელები, რომელთაც გააპატიოსნეს ბაგრატის ცხედარი ფანასკერტის ციხეში?
ეს ყოველივე სდუღდა გიორგის გულში და სიტყვა ვერ ეპოვნა მას, სიმძიმილის გამოსათქმელი.
სწორედ ამ დროს კვლავ მოისმა დიდი ბუკის ხმა და მარეკების მოახლოებულმა ღრიანცელმა დააფრთხო გიორგის ცხენი. ფიქრში წასულმა მხედარმა სადავის დამოკლება მოასწრო და უზარმაზარი ქარაფის კიდესთან ყალხზე შეაყენა ულაყი.
ხევის ყელთან შესდგნენ ორივენი.
ყური სცქვიტეს მონადირეთა.
რომელიღაც ნადირი მობობღავდა ნისლისაგან დაბურულ ტყეში. მის თათების ქვეშ ლიწინლიწინი გაჰქონდა გამხმარ შტოებს.
დეზი ჰკრა ულაყს გიორგიმ, ხევის სიღრმეში შეაგდო იგი, მშვილდი მოზიდა და არწივის ფრთაზე გამართული ქეიბური მკერდში ჰკრა ჩალისფერ დათვს.
დაიღრიალა გამძვინვარებულმა მხეცმა, ცხენოსანთან შებმას განერიდა, ქარაფისაკენ გაიქცა, ერთი შესდგა უფსკრულის პირად, კვლავ დაიღრიალა და გადაეშვა დაჭრილი ნადირი.
მეფეს სიჭაბუკემ სძლია, უკან გამოუდგა ცხენდაცხენ, ქარაფის კიდეზე მისული გადმოხტა, კვლავ მოზიდა მშვილდი, მაგრამ დააცდინა ღიჭიანში გაუჩინარებულ დათვს.
გულნატკენი მეფე ზედ დასცქეროდა უფსკრულს, მაგრამ მიხვდა, ნაიარევი ფეხის პატრონი ვერ მიჰყვებოდა ოტებულს.
მაშინ ისკუპა ცხენიდან მამამზე ერისთავმა, სწორედ ისევე მარჯვედ, როგორც შირიმნის ბრძოლაში, ტყავკაბის უკანა ბალთები ამოიკეცა, ზედ დაჯდა და ჭაბუკური ხალისით გადაეშვა უფსკრულისაკენ.
იდგა გიორგი ქარაფის კიდესთან და შესცქეროდა შემრეცილ ბილიკზე სრიალით მიმავალ მამამზეს ზურგს, მერმე შამბში დაინთქა მისი ტყავკაბა და სრული მდუმარება დავარდა ტყეში.
ბუკი აიღო გიორგიმ, იხმო მარეკები და მეითარები.
ქარაფებს შემოუარეს შორიდან ბაზიერებმა, მარეკებმა და მეითარებმა, მადევრებმა შამბნარში იპოვნეს დათვის ნაკვალევი და ნასისხლარი, მაგრამ დეკაში გადასული დაეკარგათ ისევ.
ამაოდ ჩხრიკეს ღრანტეები, ხევები, შამბნარები და ღიჭიანი, მაგრამ მიწამ პირი უყოო ორთავეს, ვერც დათვი იპოვნეს სადმე და ვეღარც მამამზე.
დაიმარტოხელა სპასალარი გიორგიმ, უჩურჩულა: გაგვეპარაო მთავარი ნადირი.
ვერ შეგბედეთო, თორემ არ მინდოდა მამამზის გამოშვება ციხიდან. მისი ზრახვანი წუხელვე ნათელი იყო ჩემთვის. მას ეს უნდოდა, დავეზვერეთ, ჩვენი საომარი მზაობა შეემოწმებინა, კარგად იცოდა, მეფის კარზე ხელს არავინ ახლებდა სტუმარს. ახალწლის მეორე დღეს სანადიროდ გაიწვევდნენ სადარბაზოდ მოსულ დიდებულს, ხოლო ნადირობის დროს გაპარვა არც ისე საძნელო იქნებოდაო.
გიორგის ენიშნა ზვიადის ნათქვამი, მაგრამ დადუმდა, თავის სიჭაბუკესა და გამოუცდელობას ქენჯნიდა მწარედ.
მზე მიიდრიკა, გიორგის უკვე სამი ირემი, შვიდი მგელი, ხუთი ტურა და სამი შველი მოეკლა, მაგრამ მაინც არ იღიმოდა გამარჯვებული მონადირე.
ბოლოს სხვა ღონე არ იყო, უნდა აეშვათ ყურშაი, საყვარელი მადევარი მეფისა.
ყურშაი მაკედ იყო, მაინც შინ არ დადგა, როგორც კი სხვა ძაღლების ყეფა შემოესმა. წამოსვლისას ისეთი საცოდავი ყმუილი მორთო, გიორგის შეებრალა და ბრძანა: სასეიროდ მაინც წამოიყვანეთო ყურშაი, თოკით ატარეთო ტყეში.
ბოლოს მენადირეთუხუცესმა თავათ მოიყვანა ყურშაი დათვის გაწყვეტილ ნაკვალევთან, ნამეხარ იფნის ძირას. ამ ადგილიდან სისხლის წვეთებიც არ აჩნდა მიწას.
ყურშაიმ მხარმარცხნით გაუხვია, ბევრი ისუნსულა, ორ-სამჯერ წრე დაუარა და მერმე აიღო გეში. სამი ბაზიერი და შვიდი მოისარი გააყოლა ბაზიერთუხუცესმა ყურშაის.
ნაკრძალი გადიარეს, შემოღობილი გაენგრია ნადირს, ველი გადალახეს შამბიანი, მუხოვანი დაიწყო უსიერი და სწორედ ამ ტყეში, ერთ მუხის ქვეშ ყურშაი თავზე დაადგა მოკლულ დათვს. ნადირის გვერდით, გვიმრიანში პირქვე დამხობილი ეგდო დატორილი მამამზე.
მარჯვენაში სატევარი შერჩენოდა მოხუცს, სისხლს დაეცვარა მისი თეთრი, მატყლივით თეთრი წვერი.
გვიმრა დათქერილი იყო ირგვლივ, სისხლს დაეცვარა დაჯეგილი ბალახიც.
გიორგი ფრიად დააღონა ამ ამბავმა. ზვიად სპასალარს გამოუტყდა იდუმალ: ის მერჩია გაპარულიყოო მამამზე ერისთავი, რადგან ჭიაბერს ვერავინ დააჯერებსო ნადირობის დროს რომ შეემთხვა ეს ყოველივე მამამისს.
დიდხანს უსრისეს საფეთქლები მამამზეს, მერმე ის იყო, თორმეტმა მონადირემ ძლივს მიათრია სასახლემდის გონსმოსულის უზარმაზარი სხეული.
გიორგიმ ბრძანა და იხმეს ფარსმანი, არც ამას დასჯერდა მეფე, თურმანიძე ჩამოაყვანინა ფანასკერტის ციხიდან.
თვალის გახელის უმალვე ეს იკითხა მამამზემ:
სად ვარო?
როცა ეს გაიგო სასახლეშიო, მყისვე ამოიოხრა, მერმე თვალები მოიფშვნიტა და სთქვა:
იმ დათვის ტყავი უნდა მიმერთმიაო მეფისათვის, ამადაც გავსწირეო თავი.
შორს გაეტყუებინა დაკოდილ ნადირს მამამზე. ღიჭიანებში მრავალგზის ხელი მოსცარვია მოისარს და როცა უკანასკნელი ქეიბურით მუცელში დაუკოდნია დათვი, დაძრულა თურმე ეს უზარმაზარი მხეცი, მამამზეს მშვილდი გადაუგდია და პირისპირ შებმიან ურთიერთს დათვი და მამამზე.

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაWhere stories live. Discover now