თავი 48

6 2 0
                                    

სვეტიცხოველის კედელზე შვიდს უჩვენებდა მზის საათი, როცა პირველად შეტოკდა მიწა. არსაკიძე ხარაჩოზე იდგა, კალატოზებს უძახდა: აქ ამოვიდესო ერთ-ერთი.
მან ერთმა შეიცნო ეს. ძირს ჩამოვიდა, კალატოზებს მკერდზე მიადო გაშლილი მკლავები: ეზოში გავიდეთო, ეუბნება.
გაოცდნენ დამსწრენი.
დასავლეთის კედლის გასწვრივ კატა გასულიყო ხარაჩოზე, იქ დაბუდებულ მტრედებს ზვერავდა.
ერთბაშად უცნაური კნავილი ასტეხა, საშინელის სისწრაფით დაეშვა ძირს.
არსაკიძემ უყვირა მონებს: დაუყოვნებლივ დასცალეთო ხარაჩოები.
ამ დროს მეორეჯერ შეტოკდა მიწა.
ხოლო მესამეჯერ ისეთი ძალით შეჰქანდა ნიადაგი, არსაკიძემ ტაძარს შეჰხედა, ასე ეჩვენა: ეკლესია შეტორტმანდა და გადაწვაო განზე.
შემზარავი გრუხუნი გაისმა, სამ ადგილას დაირღვა გალავანი.
ყვირილით გამოცვივდნენ ლაზები და სამცხელები ეზოში, პირქვე დაემხვნენ,დაიწყეს ლოცვა.
შუკაში დედაკაცი მიელალებოდა ცხვრებს, აბღავლდა პირუტყვი. გაიფანტა ფარა, ძაღლებმა შემზარავი ყმუილი მორთეს, აზმუვლდნენ ძროხები, დედაკაცები გაბმულად კიოდნენ.
ქოსსა ჰკრეს არაგვის კარისა და მუხნარისას ციხეებში. მონასპანი გარეთ გამოსცვივდნენ, მოედნებზე დაფდაფების ცემა ასტეხეს ჯარებმა.
ძელსა სცეს ეკლესიაში ზედიზედ.
ბერებმა და მონაზვნებმა საოსტიგნოები დააგდეს.
ისმოდა ტირილი, ღაღადისი და გალობა:
"შენ გესავ, უფალო".

* * * * * * *

სვეტიცხოველი გადარჩა, ახლა შორენას მისწვდა არსაკიძის ფიქრი.
მთავართა სანათლომდის ძლივს მიაღწია აქელებულმა.
დიაცები ირეოდნენ ხურსისეული სასახლის ეზოში.
ვიღაც თავმოტვლეპილ მოხუცს ელაპარაკებოდა გურანდუხტი.
არსაკიძემ ზნაურა შეიცნო, კოლონკელიძიანთ კარის ეკლესიის ნადიაკვნარი.
სამი შეკაზმული ცხენი თავლის კარებთან ება. ჩალისფერ ულაყს ყურებზე ეფერებოდა შორენა. მხოლოდ მას არ ეტყობოდა შეშფოთება სახეზე.
შორენა, გურანდუხტი და ზნაურა ზედაზენს წასვლას აპირებდნენ თურმე ამ დილით.
გურანდუხტი შეძრწუნებული მოუთხრობდა არსკიძეს დედამიწის მესამეჯერ შეტოკების ამბავს. საწოლიდან გადმოვარდნილა. შორენა თავლაში ყოფილიყო, ცხენს აკაზმვინებდა თურმე ზნაურას.
არსაკიძის დანახვაზე გამოჰქანდა ერისთავის ქალი, სტუმარს მიესალმა, უამბობდა, საცოდავად აჭიხვინებულანო ცხენები.
სწორედ ამ დროს თავშიშველი ფხოველი მონა შემოვარდა ეზოში, ჯიქურ მიეჭრა შორენას და ეუბნება:
ლასტის ჯებირი გაარღვიეს ირმებმა, ორი ხარი და ერთი ფური საჩიხიდან გაგვექცაო. ბევრი ვსდიეთ სასახლის ბაღში, ახლოსაც არ გაგვიკარაო არც ერთი.
"ნებიერა ხომ არ გაქცეულა, თუ იცი, ბაღათურ?"
ეკითხება შორენა.
"სწორედ ნებიერი გადახტა პირველი, ერისთავის ასულო".
ბაღათურ საჩიხეში ყოფილიყო, როცა მესამეჯერ იძრა მიწა. ქვას აადუღებდაო ირმების ჯოგის ერთობლივი ბღავილი.
"ცხენები მოგვგვარე, ზნაურა, - ეუბნება შორენა დიაკონს, - მე და უტა მივყვებით ირმებს, თორემ ბიჭები ვერ დაიჭერენ მათ".
ბაღათური ასე ამბობდა:
სასახლის ბაღიდან გასულნი არიან უკვე, მუხოვანში სციცქნიდნენო ნეკერს.
ეტყობოდა გურანდუხტს არ უნდოდა მარტოკანი გაეშვა ქალ-ვაჟი.
დიაკონი წარიტანეთო თან, ძველი მონადირეაო ზნაურა.
შორენა მთავარ დარბაზში ავიდა, მშვილდი მოუტანა არსაკიძეს, თავათაც მხარზე ჰქონდა ერთი.
ხმალი ზედა მაქვს, რად მინდაო მშვილდი?
ესა სთქვა არსაკიძემ, მაინც გამოართვა კაპარჭიანად.
მთავართა სანათლოის ქუჩებზე თავთავიანთი საბადებლები გამოეტანათ მცხოვრებლებს. დიაცები სტიროდნენ, აკვნიანად გარეთ გამოყვანილი ბალღები ღნაოდნენ.
ძაღლები ყმუოდნენ, მოხუცები დარღვეული ქვითკირების ბალავარებზე კრეფდნენ დამსხვრეული დგამისა და ჭურჭლის ნამუსრევებს.
მეფის სასახლეში უთავჟამოდ დაქოთქოთებდნენ კარისკაცები და მსახურები. საწოლ დარბაზში ჭერი ჩამონგრეულიყო, დაეშავებინა მესაწოლე მეფისა. "
კიბეებზე ჩამოჰქონდათ ნოხები, ფარდაგები, მაფრაშები, ზანდუკები, საჭურჭლენი.
საყდრის იარაღები, ცხენსაკაზმები, დედოფლის საპირფარეშოს დიდძალი ხელსაწყონი, მისივე ქათიბები, დიბის კაბები, აურაცხელი სტავრა, ოქსინო და ხატაური ფარჩა...
სასახლის ბაღიდან მუხოვანში გაიყვანა ბაღათურმა შორენა და მისი მხლებლები.
უჩვენა ის ადგილი, სადაც ნეკერსა სჭამდნენ ირმები.
ნაწვიმარი იყო და ახალ ნაკვალევს მიჰყვნენ ცხენოსნები. უნაგირი მოჰქონდა ვიღაც წითურ მონასპას.
ჩიოდა:
ცხენი მომიკლაო მიწისძვრამ. თავლა ჩამოქცეულიყო, ზედ დასცემოდა პირუტყვს.
ირმების გამო ესა სთქვა წითურმა:
იმ ველს გადახვალთ, წიფლნარს გაივლით, იმ წიფლნარის გადაღმა სამი უტევანის მანძილზე დაარღვია მიწისძვრამ ქალაქის ზღუდენი, იქ გადავიდნენო ირმები, უთუოდ.
შორენა იმედს არა ჰკარგავდა, ბალახს დანატრებულნი არიან ირმები, თუ სადმე წავუსწარით, ნებიერას მაინც უცილოდ დავიჭერთო.
მე არ გამექცევაო ნებიერა.
ქალაქის ზღუდენი ბალავრიანად დაელეწა მართლაც მიწისძვრას.
გასცდნენ თუ არა დარღვეულ გალავანს, შორენამ ცხენს მათრახი სტკეცა პირველად.
მშვილდოსან ეროსს მიაგავდა თავათ, სიყვარულის მაცდუნებელ ღმერთს.
არსაკიძეს ღიმილს ჰგვრიდა ირმების დაჭერისათვის ოცნებაც, შინაურებია ირმები, მაგრამ თავისუფლებას რა იგემებენ, სიახლოეს არ გაგიკარებენო.
მაინც უხაროდა საყვარელის გვერდით ჭენება ცხენისა.
ასე ფიქრობდა: გავივლით მცირეს, გულს გადავაყოლებთ, შორენაც შეიგნებს უნაყოფობას დევნისას, დროზე შემოვიქცევითო უკან.
მცხეთა ჯერ კიდევ მოსჩანდა ცის კიდურზე. არსაკიძემ თავის საყვარელ ქმნილებას მიჰხედა და გაჰქუსლა ცხენი.
უხაროდა ორივენი, უძვირფასესნი, რომ გადაურჩნენ საშინელ სტიქიონს.
მეურმე შემოეყარათ ტყის პირად.
ნარეკვავისკენ გარბოდაო წყვილი ირემი.
ახლოს, ძლიერ ახლოს ჩაუარეს ურემს, ხნულები გადაიჯირითეს და მიჰყვნენო, "ეჰე, იმ საურმე გზას".
"ხარები თუ ფურები?"
ეკითხება ზნაურა.
"ერთი ფური და ერთიც ხარი, ბატონო".
მიუგო მეურმემ.
ხნულებზე გადაიყვანეს არსაკიძემ და შორენამ ცხენები.
მიწა დათქერილი იყო, კვალი პირდაპირ მიდიოდა ჩრდილოეთისაკენ.
ხნულები მოთავდა, ნაურმალზე გადასდიეს ნატერფალებს.
ადამიანთა ნაჯაფარის იავარქმნა არც კი შეესმინა ბუნებას.
უკანა ფეხზე დაცუცქულიყო კურდღელი, ქანდაკივით იდგა ველის პირზე, თათს უცაცუნებდა იქვე მწოლარე ძუს.
ბრაწივით შეემართა ცალიც, პირუტყვული ენით ანიშნებდა: ტყისპირად წამო, ნეკერი მოვციცქნოთო მცირე.
ცხენების ფეხის ხმაზე დაფრთხნენ ორივენი.
მელიკუდას ზღვაში მიტოპავდნენ, მხოლოდ ოთხი ყური მოუჩანდათ მორბენალთ.
ლანდებივით გამოეყვნენ მელიები კურდღლისფერ ჯაგებს, ძუ წინ გარბოდა, გაიცუნცულებდა მცირე მანძილს, მერმე შესდგებოდა, მოხედავდა ქმარს; უსიტყვო მზერით ეუბნებოდა: წამოჩანჩალდიო, ჩემო კაცო.
შორენა ნაურმალს აცქერდებოდა. ჯერ არც ურემს, არც საქონელს არ გადაეარა ზედ, ლარივით მისდევდნენ ირმის ჭლიკების ნატერფალნი შარას.
ახოში ქედნების გუნდი წამოიშალა, მუხოვანს მიაშურეს ფარფატით.
გნოლები ჯერ მელიკუდით დაფარულ მინდორზე გარბოდნენ, მერმე იგინიც აფრინდნენ გუნდად, კაკბები კბოდეებისკენ გაჰქანდნენ, ხევში დაბერვილ ლოდებს შეეხიზნენ და ასტეხეს კრიახი. გუნდის მეთაურები ლოდებზე ადიოდნენ წინასწარ, ზვერავდნენ გარემოს, კაკანებდნენ, წყვილ-წყვილად მიჰყვებოდნენ მზვერავებს.
მელიას, ძუს, შიში გადაავიწყა შიმშილმა, კორდზე შესდგა, დაფიქრდა ნერწყვმორეული.
კარგად არ იცოდა რა მოემოქმედნა?
გნოლებს გამოსდგომოდა, თუ ქარაფებიდან მოეარნა. ბალახში გატვრინულიყო და მოულოდნელად თავს დასხმოდა კაკბებს?
არსაკიძე ხედავდა, როგორ ნეტარებდნენ ბუნების წიაღში წყვილები, აქ არც ალერსი იყო დაშლილი და არც სიყვარული. ამ საფირონის ცის ქვეშ დაგებულია ფოთლების ფარჩა, წყვილად და ერთად ცხოვრობენ ეს საყვარელი ფრინველები და ნადირები.
ქვეყანა ვრცელია, ყველას თანაბრად ატფობს მზის თვალი, დედალსა და მამალს, ხვადსა და ძუს, ფურსა და ხარს.
ირმის ნაკვალევმა სავსებით ნორჩ ტყეში შეიყვანა მხედრები.
ტყე მეჩხერი იყო. აქაც აშკარად ამჩნევდნენ წყვილი ირმების ნაკვალევს.
არსაკიძე ასე ამბობდა: ალბათ მესამე ნეკერს შეჰყვებოდაო რომელიმე ტყეში.
მხარმარცხნით მთებია, მხარმარჯვნივ სოფლები, უთუოდ ამ გზას აირჩევდაო იგიც.
ნორჩი წიფლების წვეროკინები უზანგებამდის სწვდებოდა მხედრებს, ამ ტყესაც მისწვდენოდა დილანდელი წვიმა, ამიტომაც საწმერთული დაუსველდა შორენას.
არსაკიძე ნაღვლობდა: ეს საწმერთული, ხოხბისყელისფერი, ნეტავ არ ჩაგეცვაო ამ დილით.
"განა მე ვიცოდი მიწა იძვრებოდა, ან ნებიერას დევნა მოგვიხდებოდა მე და შენ?"
"ნეტავ შენ გვერდით მატარა მუდამ, მიუწვდენელის საძებნადაც გადავიხვეწო ამ ქვეყნიდან თუნდაც".
ეს უნდოდა ეპასუხა უტას, მაგრამ ნაცვლად ამისა ეუბნება შორენას:
"როგორი უცნაურია ბუნება, ჩემო, ადამიანებს ჭერი დაგვექცა თავზე. აქ კი ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ზედმეტი".
შორენამ არა მიუგო რა, იგი კვლავ ირმის ნაკვალევს უთვალთვალებდა.
არსაკიძემ კიდევ შეხედა, შეწითლებოდა ძველი სპილოსძვლისფერი ღაწვები, ყაყაჩოსავით შეფაკლოდა პატარა, მშვენიერი ყურები.
წიფლნარიდან გავიდნენ თუ არა, პირველად შორენამ მოჰკრა თვალი: ახოში სძოვდნენ ხარი და ფური. ლომის ფერი ნებიერა იცნო პატრონმა და ადგილიდან მოსწყვიტა ანაზდად ცხენი.
შემოესმათ თუ არა ცხენების თქარუნი, თავი ააღირა ორივემ, ფური და ხარი გაჭენდნენ წყვილად.
არსაკიძემ წინასწარ იცოდა, თუნდაც ტრამალზედაც სავსებით ამაო იყო მათი დევნა ცხენდაცხენ, არც მისძალებია თავდაპირველად ცხენს, ამიტომაც მის ულაყს გაასწრო შორენას იაბომ.
როცა ათიოდე უტევანის მანძილზე წამოეწიენ ცხენოსნები, კეკლუცად მოიღერა ლომის ფერმა ნებიერამ ყელი, მკერდი შეუშვირა ჰაერის ქროლვას, ხარმა ზურგზე გადაიწყო ქორბუდიანი რქები და თვალისმომჭრელი სისწრაფით გაქანდნენ წყვილად, თითქოს ეროსი ჩასვლოდათ გვამში.
არსაკიძეს უცნაური აღტაცება მოჰგვარა ამ საოცარმა სანახაობამ, ალბათ გიორგი მეფის საჩიხეში თვალი დაუდგამს ფურისთვის ხარს, ახლა იდროვა, გაიტაცა მიჯნურმა მიჯნური.
თავათაც უყივლა ცხენს, თავათაც გამოუდგა წინ მიმქროლავ საყვარელს.
ველი მოთავდა, ხნულები დაიწყო. ცხენებს უჭირდათ ხნულში ჭენება. არსაკიძე თრთოდა, ეშინოდა: შორენას ცხენს ფეხი არ ჩავარდნოდა სარწყავ რუში თუნდაც. ევედრებოდა ერისთავის ქალს, ამაოდ მივსდევთო ირმებს.
ყამირიც მოთავდა, ახლა ჯაგნარი დაიწყო, ხრამმა გადაუჭრა ცხენოსნებს გზა.
შეევედრა არსაკიძე, გავბრუნდეთო მცხეთაში.
სამსჭვალივით გულზე მოხვდა ვაჟის ნათქვამი დიაცს.
"მცხეთაში მიეჩქარები?
როდისღა მოათავებ მაგ შენს სვეტიცხოველს. როგორც ვატყობ, მეორედ მოსვლა მოუსწრებს მის დასრულებას".
ვაჟი მიხვდა: იჭვნეულობდა დიაცი.
უნებლიეთ იცრუა: არა, საქმე არაფერი მაქვს ბევრი, მაგრამ ამაოდ დავშვრებითო მაგ ირმების დევნისგან.
შორენამ ცხენი შეაყენა, უკან მოიხედა. აღარსად სჩანდა ზნაურაი.
ბოლოს დაინახეს შორიდან, ახლა გამოვიდა იგი ტყიდან, ძლივს მობობღავდა დიაკონი ველზე.
"ოცი, უტა, შენ ნუ მოსცდები საქმეს, თუ გინდა, დაბრუნდი, მე და ზნაურა ვივლით ასე მცირე ხანს, ეგერ რომ ტყე სჩანს, იმის გადაღმა თუ ვეღარ ვნახეთ სადმე, გამოვბრუნდებით".
იწყინა არსაკიძემ:
"როგორა გგონია, ჩემო, ამ ტყეში მიგატოვებ და მარტო წავალ შინ?"
"მეც შენსავით მუდამ შეუძლებელსა და მიუწვდომელს მივეტრფოდი ჩემს სიცოცხლეში, უტა, შორიელი მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლობელი. ის, რაც ხელზე, ახლოა, მუდამ მოსაწყენია, თურმე.
დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავ. მოდი, ეს დღე ჩემთვის დაკარგე, უტა. მე ისეთი გრძნობა მაქვს და ისეთი სიზმრები... ხათუთას ცუდად ჰქონია ეს სიზმრები მინიშნებული...
ველს რომ დავინახავ, გზას რომ დავხედავ, უცნაური მღელვარება შემიპყრობს, მინდა ვიარო, ცის კიდურიდან ცისკიდურამდის ვიარო და აღარ მოვბრუნდე ჩემს სამყოფლოში არასდროს".
"შენთვის ერთ დღეს კი არა, მთელ ჩემს სიცოცხლეს დავლევ თუ გინდა, სანატრელო.
სვეტიცხოველი მოვათავე გუშინწინ, ახლა "სიზმარი" უნდა დავასრულო როგორმე".
ეს უნდოდა ეთქვა არსაკიძეს, მაგრამ მოერიდა, ქალაჩუნობად ჩამომართმევსო, ამიტომაც აგრე უთხრა:
"ერთი დღე? შესაძლოა შენთვის მთელი სიცოცხლეა შევაგდო სასწორზე, მაგრამ"...
"მაგრამ, რაო? "
ჩაჰკითხავდა ქალი.
"მაგრამ არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისაგან შეიბღალებიან ხოლმე. მხოლოდ იმ სიტყვასა აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი. უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სიტფოს მოკლებული მზეი".
მცირე ხანს მდუმარედ მიდიოდნენ, მერმე ისევ ქალმა დასძრა სიტყვა:
"მე ასე მგონია, უტა, ნებიერას რომ დავენახე, არ გამექცეოდა. ჩემი ბრალია, ცხენი არ უნდა გამეჭენებია, ისე მივახლოვებოდი, დავიჭერდი უთუოდ".
ტყის ინდოურები ჯეჯილებიდან ადგნენ. არსაკიძემ ისარი ესროლა, მეწინავე ინდოური შეტორტმანდა ჰაერში, დაეცა მიწაზე, ზნაურამ აიყვანა ჯერაც ცოცხალი, თასმით მიიბა ქამარზე.
შეჯდა ისევე ცხენზე, ფართხალებდა ინდოური საწყალობლად. ისედაც უცნაური ანაგობა ჰქონდა ზნაურას, თავზე ფხოვური ფაფახი ეხურა, ქორის ბუდისებრ გაბურძგვნილი, წელზე შებმული ნასხვისარი ხმალი მუხლამდის უწევდა ცხენს, პირუკუშებრუნებული ჯუბაჩა ეცვა ტყავისა, გაწეწილი და დაფხრეწილი. ახლა, როცა ეს ინდოურიც წელზე მიიბა, შორენამ და კონსტანტინემ ვეღარ შეიკავეს ღიმი.
წამოეწიათ ზნაურა, უჩიოდა თავის ცხენს, გამიოჩნდაო ეს სამგლე.
სვავები წამოიშალნენ დათვის მიერ გაგლეჯილი ძროხის ლეშიდან, მახლობელ მუხიდან ყვავები უთვალთვალებდნენ მათ, ჯერაც არ ჩაევლოთ ცხენოსნებს, ისე დაასხდნენ ისინი ლეშს.
ზნაურამ სულ ახლოს ჩაუარა მათ, არც შეპუებიან დიაკონს, არხეინად განაგრძეს თავხედებმა საუზმე.
მოთავდა ფურცლოვანი.
ჯაგები.
ბარდები.
ველი. ისევ აღმართები, ქარაფები და უფსკრულები, ისევე ველი...
ხარირემი ბღაოდა სადღაც.
სვავები სერავდნენ ცას.
წიწვიანი ტყე დაიწყო. აღარ ისმოდა ირმის ბღავილი. მხოლოდ გულყვითელა წიოდა საწყალობლად. დედალი სატრფიალოდ უხმობდა მამალს, რადგან დუმილში გარინდულ ბუნებას მთლად გადავიწყნოდა, რომ მიწა შეირყა ორ-სამ ჯერ, ადამიანები სადღაც სტიროდნენ. ზოგს ჟამი აწუხებდა, ზოგს მიწისძვრა, ხოლო ზოგსაც მოსალოდნელი სიმძიმილი სიყვარულისა.
ცხენები ერთად მიდიოდნენ სავსებით მდუმარე ტყეში. გულწითელა იძახდა მხოლოდ. გახედა არსაკიძემ დიაცს, სისხლი აემღვრა, უნდოდა უფრო მჭიდროდ მიახლებოდა საყვარელს, თავი გადმოეწია მისთვის და ეკოცნა ყვრიმალში, ველის ყაყაჩოსავით შეწითლებულ, პატარა ყურს ქვემოდ, მაგრამ შტოების ლიწინი მოესმა. ეს დიაკონი მოფოხრიკობდა თავისი ჯაგლაგა ცხენით.
არსაკიძემ ცხენი შეაყენა. მშვილდს წაეპოტინა, ნაყოფით დახუნძულ პანტაზე ადამიანივით შემდგარიყო ორ ფეხზე დათვი.
წინა თათით ხეს მოსჭიდებოდა, ცალითაც ტოტებს ბერტყავდა. იღეჭებოდა თავათაც.
პანტის ხის ქვეშ ბელები ძიძგნიდნენ პანტას.
მხედრები რა დაინახა, ძირს ჩამოვარდა, აიყოლია ბელები, უკმაყოფილო ბურტყუნით ქარაფიდან გადაიხვეწა.
სხვებიც აღმოჩნდნენ მახლობელ ხეებზე, ისინი უარესად აბურტყუნდნენ და გადაეშვნენ კბოდეებიდან.
ტყე გაიარეს, კვლავ ველს გადახედეს მხედრებმა.
ხევს გადაღმა გორმახები იყო. მათ გადაღმა მთები. მთებს გადაღმა მწვერვალები, კავკასიონის მწვერვალები ერთობლივად შაბიამანის ფერისა.
მიჭრიალებდნენ ურმები, ბავშვის კუბო მიჰქონდათ სამი, სოფელში ორიოდე ქვითკირი დაენგრია მიწისძვრას, ეკლესიის გუმბათი ეგდო მიწაზე.
სვეტიცხოველი გაახსენდა არსაკიძეს, გამარჯვებული გოლიათი ტაძართაგანი.
ტბას ჩაუარეს ველზე მთვლემარეს, კაშკაშებდა მარტოხელა მზის თვალი მასში. იხვებისა და ბატების ფრთების ბარტყუნი ისმოდა, როგორც ერთობლივი ტაში. ასე ეგონა არსაკიძეს: ბუნება ტაშს უკრავსო საყვარლის მომტაცებელ ხარირემს.
წამოიშალნენ ჭაობის ფრინველები, დასავლეთისაკენ დაფარეს ცისკიდე სრულად.
კვალი დაიკარგა ამ ტბასთან, ახლა ირმის ბღავილი მოისმოდა ჩრდილოეთიდან.
"ნებიერიაა".
ამბობს შორენა.
"ირმის მყვირალობა დაწყებულია ალბათ, ამ მთებში ირმები სხვაც ბევრი იქნება, ჩემო".
თოხარიკზე გადაიყვანეს ცხენები.
ბალღივით ხარობდა შორენა.
"შენ ხომ დააკვირდი იმ სოფელს. ამ ზეგანებზე ნაკლებად უვნია მიწისძვრას ხალხისთვის".
ეუბნება კონსტანტინე შორენას.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ ნაღვლიანად ამბობს დიაცი.
"ფხოვში თუ იყო ნეტავ? ვინ იცის, რა დღეშია საცოდავი მამაი?"
აღმართი მოათავეს, ზეგანზე გავიდნენ ოფლში გაღვარული, აქოშინებული ცხენები.
ჯვარედინ გზას მიადგნენ ბოლოს. მზეს გადაესწრო მწვერვალს გადაღმა, აფახულებდა სპილენძისფერ წამწამებს.
დაწინაურდა ზნაურა.
მხარმარცხნისაკენ გაიშვირა ხელი:
ამბობს:
"ოვსთა სოფლებია აქეთკენ".
მხარმარჯვნისკენ აჩვენებს შორენას:
"ფხოვის გზა ეგაა, ერისთავის ასულო".
"ჩრდილოეთისაკენ?"
შეეკითხა არსაკიძე.
"ქორსატეველას ციხისაკენ მიდის ეს საურმე გზა პირდაპირ".
მერმე ხელი მიიჩრდილა დიაკვანმა თვალებზე.
"ეჰე, იმ მთაზე დაყორებულ ღრუბლების ქვემოდ ციხე მოსჩანს, ოთხგოდოლიანი.
სწორედ ეგაა ქორსატეველას ციხე".
ქორსატეველას ხსენებაზე გული აემღვრა შორენას, თავათაც მიიჩრდილა შუბლზე ხელი და გაჰხედა ციხეს. მერმე მარჯვნისაკენ შეაბრუნა ცხენი. მხარმარცხნისაკენ მიმავალ ურმის გზას გაჰხედა არსაკიძემ.
"აქეთკენ ატყვია ირმის ნაკვალევი გზას".
ეუბნება ღიმილით.
გამოაბრუნა დიაცმა ცხენი.
"მე შენისთანა მონადირე ვერა ვარ, უტა, მაგრამ ირმის ნაჭლიკარს ხარის ნატერფალიდან კიდევ გავარჩევ როგორმე".
"რამდენი მანძილი დაგვრჩა ახლა ფხოვამდის?"
იკითხა არსაკიძემ.
"სულ ახლოა, ბატონო, ამ მთის ცხვირს შემოვუვლით, ჩრდილოეთიდან, მერმე ხევ-ხევ ვივლით მცირეს, მთას გადავლახავთ ერთს, შავ არაგვს მივყვებით და ორბოძალ გზაზე პირველი გოდოლი იქნება ფხოვისა".
ესა სთქვა დიაკონმა და ექვსი ცხენოსანი მოადგა ჯვარედინა გზას მხარმარცხნიდან.
აქელებულნი ქშინავდნენ ოფლში გაღვარულნი. თორიანი, ქოსა ვაჟკაცი მოუძღოდა მხედრებს.
ტახის ეშვივით წვეტიან ღოჯებს ორგზის გაეპო ზემო ჩარბი, უფრო ნადირს მიაგავდა ეს თვალებგადმოკარკლული ქოსა, ვიდრე კაცთაგანს.
შორენას უსიამოდ გააჟრჟოლა მის დანახვაზე, იცნო: ბოქაი, ჭიაბერის ძუძუმტე და ხუთივე ძმა მისი: აზარაი, გაბიდაი, ზაზაი, ჯიბრედაი და ცცოი.
შორენას მიაშტერა ბოქაიმ თვალები, ცხენი შეაყენა და დანარჩენებს უყივლა რაღაც. ქალმა მკაფიოდ გაიგონა ჭიაბერის სახელი ოსურად ნათქვამში.
ამასობაში მხარმარჯვნივ მიმავალ ფხოვის გზას დაადგნენ შორენა და მისი მხლებლები.
კარგა ხანს იდგნენ გზაჯვარედინზე მხედრები, მათი ჯაჯღანი ესმოდა შორენას.
ახლა არსაკიძემაც მოჰკრა ყური; ჭიაბერს ახსენებდნენ ისინი ხშირად. ყველაზე ხმამაღლა ბოქაი როხროხობდა. უწყრებოდა უმცროს ძმებს რატომღაც.
ბოლოს ერთობლივ სტკეცეს მათრახი ცხენებს და ჭენებით მიაშურეს ქორსატეველას ციხეს.

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაWhere stories live. Discover now