დანისლულ სანაპიროზე მკაფიოდ ჩანს ზღვის მიერ უზარმაზარ ქვებზე გადმოსროლილი ზვირთები. ზვირთების მიხეთქებით გამოწვეულ ხმას ახლავს ხეებში ჩამამალულ ფრინველთა კეკლუცი, სატრფიალო ჭიკჭიკი, გველთა სისინი და სხვა მტაცებელთა თუ პირუტყვთა ფუსფუსი; აქ ერთიანდებოდა წყლისა და მიწის, ფაქტობრივად, დაუსაბამო სამეფოები და წარმოიქმენბობდა საღვთო კეთილხმოვანება, რომელიც ნებისმიერი გამვლელისთვის უსაზღვროდ სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა საინტერესოა, რომ ეს ადგილი არც თუ ისე ცნობილი იყო. მოსახლეობის მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა იცოდა „ჰარმონიული სანაპიროს" შესახებ.ერთი და ორი ჰარმონიულ სანაპიროზე სეირნობდნენ. იყო, დაახლოებით, ღამის 9 საათი: მეგობრები მიაცილეს და მხოლოდ ისინიღა დარჩნენ.
ორი არ იყო ბევრი ლაპარაკის მოყვარული და ძირითადად ერთი იყო მოლაპარაკე. აქა-იქ ორიც ჩაერთვებოდა, იხუმრებდა, გაიცინებდნენ, ხოლო შემდგომ ერთი კვლავ იმეფებდა და განაგრძობდა მუსაიფს. ერთი თვლიდა, რომ აუცილებლად უნდა ესაუბრა, რათა უხერხული დუმილი დაეძლია და ორისთვის არ ყოფილიყო მასთან გატარებული დრო უსიამოვნო.
-კარგი დღე იყო. ძლივს, როგორ მოხდა, რომ ორზე გამოვედით და ძლივს გავატარეთ უფრო მეტი დრო ერთად- ამბობს ერთი. იგი ქვევით იყურება და განვლილ ნაფეხურებს ადევნებს თვალს.
ორმა უბრალოდ თავი დაუქნია.
-...ხო იცი, ამ ადგილს „ჰარმონიულ სანაპიროს" უწოდებენ- განაგრძობს საუბარს ერთი.
-არა, არ ვიცოდი.
-წინ გაიხედე; ხომ ხედავ გრძელ ხიდს? თითქოს არსად მიდის, თუმცა, როგორც ვიცი, ხიდის ბოლოს იდეალური ადგილია სათევზაოდ. ხალხმა კი სხვა ფუნქცია მიანიჭა ამ ხიდს; ეს მშვენიერი ადგილია იმისათვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გრძნობა აღუწერონ... ორო, ვინმე მოგწონს?
-არა. რომ მომწონებოდა ვინმე, გეცოდინებოდა. შენ?
-...კი, და ძალიანაც მაწუხებს.
-გაწუხებს?
-...სამწუხაროდ, მაწუხებს. ოდითგანვე მქონდა გაცნობიერებული, რომ მე ოდესმე შემიყვარდებოდა ვინმე და, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, თუმცა მაინც მტკივნეულია, როდესაც იძულებული ვხდები, ეს გრძნობა შევიგრძნო და ვერ გავუზიარო იმ ადამიანს, ვინც მიყვარს.
-რატომ ვერ უზიარებ?
-რთული კითხვაა.
-რატომ? შეიძლება იმიტომ ვერ უზიარებ, რომ უბრალოდ საკმარისი ძალისხმევა არ გაქვს.
-ეს შენ ნამდვილად არ იცი.
-მაშინ შენთვითონვე თქვი, თუ რატომ ვერ უზიარებ გრძნობებს.
-..არ ძალმიძს ამ საკითხზე საუბარი.
-არადა გიყვარს საუბარი.
-...კი, მაგრამ ასეთ თემაზე არა. უბრალოდ მომივიდა ფიქრად სიყვარულის საკითხი, ასე დეტალურად არ მინდა, რომ განვიხილო - ერთმა ნერვიულად გაისწორა პერანგის საყელო და დაიმორცხვა. ლოყები აუღაჟღაჟდა, თუმცა რადგან უკვე ათის ნახევარი იქნებოდა, საკმაოდ დაბნელდა და შეუძლებელი იქნებოდა სიწითლის ამოცნობა მის სახეზე. ერთმა იგრძნო, თუ როგორ მოიცვა თავისი სხეული ბობოქარმა ცეცხლმა და აიტაცა თავისი სული ჰაერში, მიუწვდომელ სიმაღლემდე.
რამდენიმე წუთის შემდეგ იმ ხიდს მიუახლოვდნენ. გადაწყვიტეს, რომ გადასულიყვნენ ამ ხიდზე და ბოლოსკენ ჩამომსხდარიყვნენ.
ზღვის ნოტიო სუნი ფილტვებს საამური სურნელით ავსებდა და ისინი სრულ სიწყნარეში იყვნენ. ამჯერად მხოლოდ ზღვის ცოტათი შეწყნარებული ხმა ისმოდა და წყლის გრილი წვეთები ეშხეფებოდათ მათ. ერთი უყურებდა, თუ როგორ გადაწვა ორი და ხელებით ინარჩუნებოდა წონასწორობას. ერთი კი, მოკუნტული და ღრმად ჩაფიქრებული, ჰორიზონტისკენ იყურებოდა და საოცარი იდუმალებით უმზერდა მას. ერთი არ იყო მოყვარული სიჩუმისა, თუმცა ეს თითქოს მარადიული დუმილი გამოუთქმელი სიამოვნებით ავსებდა. ეს სიჩუმე მისთვის უსაზღვრო კომფორტს ქმნიდა; თითქოს მისმა სულმა ხმელეთი ჩაანაცვლა და დაიწყო გალობა ზღვასთან ერთად.
ამ საოცარ ნეტარებაში მოცულმა ერთმა იგრძნო სრული სიმშვიდე, უსაფრთხოება და მხოლოდ მაშინ დაარღვია საუკუნოვანი წესი, რომელიც მან დაუწესა თავის თავს:
-ორო, მიყვარხარ.
ხმა შეწყდა. ერთს ყურები დაუგუბდა, გული აუჩქარდა, გადაირბინა შიშმა მისი სახის ნაკვთებზე და ვერ ბედავდა, ორისთვის სახეში შეეხედა.
ორი ხმას არ იღებდა.
ერთმა კვლავ გადადგა პირველი ნაბიჯი და დაუთმო ასპარეზი მის გულს:
-რთულია, როდესაც იცი, რომ შეუძლებელია, იყოს ჩვენ შორის ამგვარი ურთიერთობა, თუმცა მაინც მიყვარხარ. ყველა შენი ქცევა თუ თვისება ჩემთვის მიმზიდველია. შენი გამოხედვა, შენი რეაქცია, როდესაც ფოტოს გიღებ, შენი ჩუმი სიცილი და, ზოგადად, შენი ჩუმი მოქმედებები აღბეჭდილია ჩემს გონებაზე. შენი შეხება გულს მითრთოლავს. მსურს, რომ შენს მკერდს ჩავეკრა და, მარადჟამ, ვიყოთ ასე, გვეშხეფებოდეს ზღვის წვეთები და გვესმოდეს ფრინველთა ჭიკჭიკი, ვიგრძნო შენი ნელი გულისცემა და ადამიანური სითბო. საამურად ჩამესმის ყველა შენი სიტყვა და გამოთქმა. განმარტოებით რომ ვართ, მსურს, რომ სულ შენთან ახლოს ვიყო, ხელი ერთმანეთს მოვკიდოთ... დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩემდამი გრძნობები სრულიად შეგეცვალა, მიყურებდი მე, როგორც შენი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ყველანაირად დაგეხმარებოდა, თუ გასაჭირში აღმოჩნდებოდი ოდესმე, თუმცა გამოშკარავდა, რომ მე რიგითი მოტრფიალე ვიყავი შენი მშვენიერებისა, სხვა მეტს ვერ წარმოვადგენ... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე შენს ცხოვრებაში მაინც რაღაცას ვნიშნავდი და არ ვიყავი უბრალო, წამიერი შემთხვევა. შეიძლება, რომ ეს განცდა ჩემი ქვეცნობიერის მიერ შექმნილი იყოს, რომელიც ცდილობს, იმედით აღმჭურვოს და შეუპოვრად ვიბრძოლო, მაგრამ მე დამარცხებისთვის განწირული ვარ და, რაოდენ მტკივნეული არ უნდა იყოს ეს, მე შევეგუე ამ ფაქტს. დიახ, განწირული ვარ მე ამ გრძნობათა მარადიულ ბრძოლაში. ჩემთვის იმედი აღარ არსებობს და დაუსრულებელ უფსკრულში ვმოგზაურობ. სიყვარულმა დამასუსტა, გაანადგურა ჩემი მშვიდი არსებობის წესი და იძულებული გავხდი, სხვა გზისთვის მიმემართა, თუმცა უშედეგოდ. ყველა გზა იყო შავად შეღებილი და გავძეგლდი, ერთ ადგილას გავიყინე, ვეღარ განვვითარდი. დიახ, ის თვისება, რომლითაც ადამიანები უნიკალურ ქმნილებებად გვევლინება, თითქოს დავკარგე. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, ეს გრძნობათა მორევი შეუპოვრად იტაცებს ჩემს გონებას და მივყავარ ფიქრთა სასუფეველში, თუმცა მე მაინც ამქვეყნიურ ნეტარებას ვანიჭებ უპირატესობას და შენთან ახლოს ყოფნას. არ ველოდები შენგან რაიმე დადებით პასუხს, უბრალოდ მინდოდა, გცოდნოდა ამ გრძნობის შესახებ, რომელიც შენდამი გამაჩნია. როდესაც მგონია, რომ გრძნობა გადამდის და უკვე აღარ მიყვარხარ, კვლავ ჩნდები, გიყურებ და გული კვლავ მიჩქარდება, მიჩნდება კვლავ სურვილი, რომ შენთან ახლოს ვიყო. ასეთი გრძნობა არცერთისადმი გამაჩნდა, მხოლოდ შენ ხარ ასეთი უნიკალური გამონაკლისი. გული მკარნახობს, რომ მეც ვიქნები შენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა ცნობიერი უარყოფითს მქადაგებს. მე, ზოგადად, ილუზიებში მყოფნა არ მიყვარს, ამიტომაც ლოგიკურია, რომ გონებით ვიმოქმედებდი და არ დავუჯერებდი გულის ნაკარნახებს. არც ვიცი, ამდენს რატომ ვლაპარაკობ, არცაა რეალურად საჭირო. მე მაინც დამარცხებული ვარ ამ ომში, თუმცა ღირსეულად მაინც დავმარცხდი. მე მაინც ვარ მე, რაციონალურობის დამჯერი და ერთგული მონა, თუმცა, საბოლოოდ, ხორციელის ახლო მეგობარიც.
მწარე დუმილი.
ზღვის წვეთები კვლავ ეშხეფებოდათ. ერთმა ღრმად ჩაისუნთქა და წამიერად გაიელვა მის გონში ნეტარების მოსურნეობამ.
და წყალში გადახტა.
წყალი მის ირგვლივ თითქოს ვალცს ცეკვავდა და საოცარ დინამიკაშიც იმყოფებოდა ერთი, უბრალოდ ვერ გამოიცნობდით, ეს არაამქვეყნიური სიამოვნებისგან იყო გამოწვეული თუ ძვლების დამამტვრეველი შიშისგან.
უეცრად, ერთს ხელი ჰკიდებს და საოცარი ძალით ამოჰყავს მას ზღვის სიღრმიდან. როდესაც თავი ამოყო ერთმა, დაინახა, რომ ორი ყოფილა ეს ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად მიცურავს სანაპიროსკენ და თან მოჰყავს თვით იგი.
მიაღწიეს სანაპიროს.
-როგორ ხარ? - ეკითხება ორი ერთს.
-რატომ?
-რატომ რა?
-რატომ შემოხვედი წყალში?
-რომ გამომეყვანე. ცურვა არ იცი და..
-მინდოდა, რომ ზღვა მეგრძნო, მეტი არაფერი. ბოძს მოვკიდებდი ხელს და გადავრჩებოდი.
ორი უბრალოდ დუმდა.
ორივენი დაუსაბამო ჰორიზონტს უყურებდნენ. ზღვა კვლავ განაგრძობდა ზვირთების სროლას. ფრინველები მაინც ჭიკჭიკებდნენ და სხვა ცხოველები მათთვის დამახასიათებელი ხმებით გარემოს ამრავალფერებდნენ. შორს იყურებოდნენ და უკან აღარასდროს მოიხედეს.***
ფოტო midjourney-ის ხელოვნური ინტელექტით შევქმენი... საოცარია ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ზოგჯერ მაშინებს, იმდენად ღრმა შინაარსის მატარებელ ფოტოებს იძლევა... ეს ფოტო, ჩემი აზრით, მთლიანად შეესაბამება ჩემი მინიატურის ალეგორიულ სახეს :)
YOU ARE READING
ჩემი მინიატურები.
Randomმოგესალმებით. პირველად ვაქვეყნებ ჩემს ნაშრომებს, რომელიც აქამდე ჩემთვის მქონდა დატოვებული და მხოლოდ და მხოლოდ ჩემს უახლოეს ხალხს ვაკითხავდი ხოლმე. არაა რაიმე გრანდიოზული კრებული, თუმცა ჩემს გულში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და, იმედია, თქვენშ...