ვარდისფერი შპალერი

2 0 0
                                    


ჩემი ოთახის შპალერი დილის შუქზე მოვარდისფროდ კაშკაშებს და მინათებს თვალსაწიერს. იწყება ჩემი დღე, რომელიც საოცრად ერთფეროვანია და ერთი, მონოტონური აზრითაა დაბურული და განაცრისფერებული.
   საოცრად შეესაბამება დღის მონაკვეთები ჩემი გონის მდგომარეობას. დილით და შუადღით მეტნაკლებად კარგ გუნებაზე ვარ; სამყარო ხარობს, ზეიმობს მოელვარე გოლიათის მიერ ნაირფრად დახატული არე-მარის გამოჩენას და შესტრფის მას. მზე რომ არა, სიცოცხლე ვერ იარსებებდა და ლოგიკურია, რომ საკაცობრიომ და, უფრო ზოგადად, სიცოცხლემ მიანიჭა უპირატესობა მნათობი გიგანტის მეფობის პერიოდს. ამ დროს ჩემი ფიქრები ყველაზე დალაგებულია და ჩვეულებრივად ვფუნქციონირებ, ყოველნაირ ადამიანურ უნარ-ჩვევებს ვინარჩუნებ და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს.
ღამე საერთაშორისო დასვენების პერიოდითაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ. გრძელი, საქმიანი დღის შემდეგ თითქმის ყოველი ცოცხალი არსება დაქანცულია და ენერგიის მოსაკრეფად და გრძნობების დასახარისხებლად იყენებს ღამის პერიოდს. მთვარესგან გამონათებული ციაგები წინწკლავს დედამიწის ზედაპირს და მელანქოლიურ გარემოს ქმნის, რომელიც ბევრი გულჩათხრობილი ადამიანისთვის საუკეთესო საფიქრალ მოედნად წარმოდგება, მათ შორის ჩემთვისაც. გულის ნატიფი გრძნობები იცვლება უხეშ განცდებად. ჩემში მარადიულად იბრძვის ორი ბუნება: ერთი, რომელსაც სურს, დაიმონოს ჩემი სულიერი სამყარო და, გაბატონებისას, გაავრცელოს ჩემში უარყოფა ამქვეყნიური სიკეთისა თუ სათნოებისა და მეორე, რომელიც ცნობიერის ციხესიმაგრეს თავდაუდებლად იცავს და არ უდრკება მეტოქის მრისხანებას. ვცდილობ, ვიპოვო გზა ამ გრძნობების დაშოშმინებისთვის, თუმცა უშედეგოდ. ღამე აღრმავებს ადამიანის ფიქრს და ეს ხშირად საზიანოა, ხშირად - მარგებელი. ეს ცალკეულ შემთხვევებზეა დამოკიდებული.
დროის ცვლილებას დღიდან ღამემდე და ღამიდან დღემდე მოჰყვება ზრდა-განვითარება მიწისა და სულისა. დრო არის უებარი წამალი ნებისმიერი იარისა, თუმცა ზოგიერთი იარა, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის პწკენს გულს და უეცრად, წამიერად, თუმცა არც თუ ისე ძლიერად, როგორც ადრე(ეს კი ზუსტად დროის დამსახურებაა), გვახსენებს ძველ ტკივილს და ნოსტალგიასთან შერეულ პესიმისტურ განცდას გვიღვივებს ჩვენში. ვფიქრობ, ესაა მთავარი ნაკლი ადამიანისა: ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ყოველი ტკენა(არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა მიზეზით იყო მიღებული ეს საბედისწერო ტრავმა) ჭრის, აიარებს გულს. დიახ, ხორცდება ეს იარები დროის საშუალებით, თუმცა როდის ერთხელ ყოფილა, ძირმომტვრეულ ადგილზე კვლავ  აგებულიყო წარსულის ბრწყინვალების აღმნიშვნელი შენობა? ტკენა მუდამ დარჩება ჩვენს გულში და არ გაქრება მანამ, სანამ ჩვენთვითონვე არ გავქრებით. იგი ჩვენი ცნობიერის მარადიული თანამგზავრია და ყოველთვის შეგვახსენებს ჩვენს ნაკლოვანებებსა და ადამიანურ ცოდვებს.
თუმცა ჩვენ ადამიანები ვართ და ზუსტად ცოდვებით ძალგვიძს საკუთარი თავის განვითარება. ცოდვები ჩვენი სულიერი სამყაროს დაუსაბამო ლაბირინთია და ჩვენი მოვალეობაა, ლაბირინთის დასასრული ვიპოვოთ.
ვარდისფერი შპალერიდან არეკლილი შუქი მინათებს თვალსაწიერს და ყოველდღიურ ყოფასაც ვუბრუნდები.
***
ხშირად ვფიქრობ, თუ როგორ ძალუძს ადამიანს საკუთარი თავის გაცნობიერება და გონივრულად იცხოვროს.. თითქოს ბუნების კანონებს ვარღვევთ, თუმცა აქტიურადაც ვინარჩუნებთ მას. ჩვენი ცხოვრება თვით ირონიაა და სხვა უკეთეს სიტყვასაც ვერ მოვუძებნით ჩვენს არსს. მუდამ გაორებულნი ვართ, მუდამ ვცდილობთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეს ხომ ირონიაა?
ზუსტად დღისა და ღამის მონაცვლეობაც ირონიულია. ირონია და კონტრასტი სამყაროს საწყისია... იმავეს ფიქრობდა ფიხტეც.

ჩემი მინიატურები.Where stories live. Discover now