1 ნაწილი

77 1 0
                                    

1968 წლის ზაფხულის დასაწყისისათვის ჩემი ერთადერთი
შარვალი საბოლოოდ ასცდა კოჭებს და მოშიშვლებული წვი-
ვები მიჩანდა. თან უკან ისე გაიცრიცა, ფრთხილად ვჯდებოდი
და მერე ადგომისას ხელით ვსინჯავდი, ვამოწმებდი, მთელი
იყო თუ არა. ახალი შარვლის საყიდელი ფული კი არ მქონდა.
მამაჩემს ვთხოვე, მაგრამ არ მომცა – ეგ ჯერ კიდევ გაძლებს,
ფრთხილად იხმარეო. ასე რომ, სხვა გზა არ მქონდა და არც
დრო იცდიდა, თვითონ უნდა მეღონა რამე.
გვიან ღამით ვარანცოვის ხიდი ტრამვაით გადავიარე და
კათოლიკურ ეკლესიასთან ჩამოვხტი. იქიდან მეშვიდე სა-
ავადმყოფომდე არც ერთი ეზო არ გამომიტოვებია – შევდიო-
დი და თუ სადმე სარეცხი იყო გაფენილი, გაფაციცებით ვათვა-
ლიერებდი, მაგრამ შარვალს ვერსად მოვკარი თვალი.
– რაშია საქმე, ეს კაცები სად გაქრნენ? – მიკვირდა, – თუ
შარვლები აღარ სჭირდებათ-მეთქი.
ასე შორს იმიტომ წამოვედი, რომ იქ, ჩემს უბანში, შარ-
ვლის მოპარვა სარისკო იყო. პატრონს რომ ეცნო, მერე რა უნ-
და მექნა? ისევ უშარვლოდ დავრჩებოდი.
საავადმყოფოსთან შევისვენე. ხალათის ჯიბეში ორი კარგი
ბიჩოკი მქონდა და ორივე მოვწიე. მერე მარჯვნივ ავუყევი აღ-
მართს, გავცდი თაღს და პატარა ეზოში შევედი. იქ აგურის
ხუთსართულიანი ძველი შენობა იდგა. ფანჯრებში არსად სი-
ნათლე არ ენთო, მარტო სადარბაზოს თავზე ბჟუტავდა ჭუჭყია-
ნი ნათურა.
სიბნელეში, მეხუთე სართულის რკინის აივანზე, თოკზე და-
კიდებული შარვლის კონტური გავარჩიე და გამიხარდა. მი-
სადგომად არ იყო ადვილი, მაგრამ ბევრი აღარ მიფიქრია,
ფეხსაცმელები გავიხადე, იქვე კედლის ძირში დავტოვე და
საწვიმარ მილს ფრთხილად ავუყევი, ვცდილობდი, არ მეხმა-
ურა. ის იყო მესამე სართულს ავცდი, უკან შარვლის გაცრეცილი
ნაწილი ყველა მიმართულებით გაირღვა და ნაფლეთებად იქ-
ცა. საცვალი არ მეცვა და ამ შემთხვევამ ღამის სიგრილე კიდევ
უფრო საგრძნობი გახადა. – კიდევ კარგი, ასეთი რამე დღისით
რომ არ მოხდა-მეთქი, – გავიფიქრე.
გავუსწორდი მეხუთე სართულის აივანს და სუნთქვა შემეკ-
რა, ახლოდან გარკვევით ჩანდა, თოკზე ჯინსის შარვალი შრე-
ბოდა. ჯინსის შარვალი იმ დროისათვის თბილისში დიდი იშ-
ვიათობა იყო, აქა-იქ თუ ეცვა ვინმეს. დიდი ხანი არ იყო გასუ-
ლი, რაც ებრაელების უბანში გამოჩნდა გასაყიდად და ძალიან
ძვირი ღირდა.
ფანჯრის რაფას მივწვდი, მერე აგურებს შორის თითების
ჩასაჭიდსა და ფეხის წვერის დასადგმელს ვპოულობდი და ასე
კედელზე დაკიდებული მივიწევდი აივნისაკენ. გადავედი მო-
აჯირზე და ჩავცუცქდი.
არის წუთები, როდესაც სიჩუმეს ვერაფერი შეედრება.
ნამიანი შარვალი თოკიდან ფრთხილად ჩამოვხსენი, ჩაც-
მა არც მიფიქრია, წელზე შემოვიხვიე და უკან გავბრუნდი.
მშვიდობიანად დავეშვი დაბლა, ჩავიცვი ფეხსაცმელები, გავ-
ცდი თაღს და ქუჩას სირბილით გავუყევი. ლამპიონების შუქს
ვერიდებოდი, ბნელ ადგილებს ვარჩევდი.
გათენებას ბევრი არაფერი უკლდა, უბანში რომ ამოვედი
და ბაღის შესასვლელთან შევისვენე. არ ჩაიარა ღამემ ცუდად,
თავს უკვე მდიდარ კაცად ვთვლიდი. ახლა ხაიმა უნდა მენახა.
– ნეტა სახლში დამხვდეს-მეთქი! – ვინატრე.
ჩვენი სახლები ერთმანეთის გვერდით იდგა. ორივე ოთ-
ხსართულიანი იყო და ორივე ერთნაირად სქელი თუნუქით გა-
დახურული. ერთი დიდი საერთო ეზო გვქონდა, სადაც ბავშვო-
ბის დროს ფეხბურთს ვთამაშობდით, საიდანაც დაიწყო სინამ-
დვილეში ეს სამყარო ჩემთვის.
ხაიმას სახლისაგან განსხვავებით, ჩემს სახლს ეზოს მხრი-
დან სხვენამდე დახვეული კიბე მიუყვებოდა. ავუყევი იმ კიბეს,
გავიარე სხვენი და მერე სახურავიდან ქალაქს გადავხედე.
თბილისის ზღვის მხარეს ჯერ ისევ ჩაბნელებული ცის კიდე
ვარდისფრად იყო შეფაკლული. არსენალის მთის ძირში საბარგო მატარებლის გრძელი შემადგენლობა აზერბაიჯანისა-
კენ მიექანებოდა. ბორბლების დაგადუგის ხმა აქამდე აღწევ-
და.
გადავედი ხაიმას სახლის სახურავზე და სამტრედესთან
შევჩერდი, მტრედებმა გურგური ატეხეს. ის სამტრედე ჩემი და
ხაიმას საკუთრება იყო, ოცდაათი მტრედი გვყავდა. ერთად
რომ აიჭრებოდნენ ჰაერში და უბანს წრეს არტყამდნენ, მარ-
თლა სასიამოვნო სანახავი იყო.
შეჩერებით კი იმიტომ შევჩერდი, რომ მოპირდაპირე სახ-
ლის ბოლო სართულის ჩაბნელებულ ფანჯარაში, მოულოდნე-
ლად, სულ რამდენიმე წამით, სუსტი სინათლე გაკრთა და და-
ვინახე, როგორ მოუკიდა სიგარეტს ძია ჩარლიკამ. მარტო არ
იყო, მის წინ ვიღაც მელოტი კაცი იდგა და მომარჯვებული ფო-
ტოაპარატი ხაიმას ფანჯრებისათვის ჰქონდა დამიზნებული. –
ახ, შე ნაბოზვარო-მეთქი! – გავიფიქრე. ყოველი შემთხვევი-
სათვის, სამტრედეს ამოვეფარე და ეზოს მხარეს ჩავიწიე. ის
ძია ჩარლიკა ახალი, ასე ორი თვის გადმოსული იყო ჩვენს
უბანში, თავს რკინიგზის ინჟინრად ასაღებდა და სულ გაღიმე-
ბული დადიოდა, მისალმებას ვერ დაასწრებდი. – აი, ნაღდი
კაცი ეგ არისო! – თქვა ერთხელ მამაჩემმა, მიზეზი კი ის იყო,
რომ იმან ჩექმების შეკეთებაში, ხუთი მანეთის ნაცვლად, შვი-
დი მანეთი გადაუხადა.
ჩავიარე სახურავი და ეზოში გადავიხედე. არავინ არ ჩან-
და. ხაიმას შუშაბანდის ღია სარკმელი ვიპოვე, დავეკიდე საწ-
ვიმრის ღარზე, გავძვერი სარკმელში და ფანჯრის ჩარჩოს ჩა-
ვუყევი. დავდექი იატაკზე და ცოტა ხნის მერე ფეხის წვერებზე
მივუახლოვდი სანახევროდ გამოღებულ კარს, საიდანაც ლა-
პარაკი ისმოდა.
გავჩერდი და ფრთხილად შევიხედე. ხაიმას ბიძები ვიღაც
ხნიერ კაცთან ერთად მაგიდასთან ისხდნენ და ჩაის სვამდნენ.
ეს იყო სულ, სხვა არაფერი ხდებოდა, იმედის გაცრუება ვიგ-
რძენი.
ნეტა რატომ იდგა ის ორი ნაბოზვარი ფანჯარასთან ფო-
ტოაპარატით-მეთქი? – გავიფიქრე და ყოველი შემთხვევისათ-
ვის, ცოტა ხანს მივაყურადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი გავიგონე. ახლად შემოსული ბოსტნეულის ფასებზე ლაპა-
რაკობდნენ.
უკან დავიხიე, შემოვბრუნდი და პირი გავაღე. ჩემ წინ მაღა-
ლი, წვერებიანი კაცი იდგა და იღიმებოდა. იმოდენა კაცი ისე
ჩუმად როგორ მომეპარა, მართლა გასაკვირი იყო.
მეც გავუღიმე და თვალი ჩავუკარი, – ხაიმას ძმაკაცი ვარ-
მეთქი.
– ვიცი, ჯუდე გქვია, მეჯღანე გოგიას ბიჭი ხარო.
მე პირველად ვხედავდი და იმან ამ დროს მარტო ჩემი კი
არა, მამაჩემის სახელიც იცოდა და საქმიანობაც.
– ვინა ხარ-მეთქი?!
– ხაიმას ნათესავი ვარო, – მერე ჯინსზე მანიშნა, – კარგად
გაიყიდებაო.
– ხომ არ აიღებ-მეთქი?
– არა, მე სხვა საქმიანობას ვეწევიო.
კარს ხაიმას უმცროსი ბიძა მოუახლოვდა, მე არ ვუყვარდი,
თარსად მთვლიდა და რომ დამინახა, მოიღუშა.
– ეს საიდან გაჩნდა აქო? – ჰკითხა წვერებიანს.
– ორი წუთის წინ გადმოძვრა ფანჯრიდანო.
ის გაბრაზდა. – ამ სახლში მარტო ხაიმა არ ცხოვრობსო.
დავხარე თავი და ხაიმას ოთახისაკენ გავუყევი.
– წაეთრიე აქედანო! – მომაძახა.
ვითომ არ გამიგონია. გავიარე შუშაბანდი და მუხის ხის
სქელი კარი შევაღე. ხაიმას რკინის საწოლზე პირაღმა ეძინა,
თხელი საბნიდან ფეხები ჰქონდა გამოყოფილი. ფეხისგულზე
შევუღიტინე თუ არა, თავი ასწია.
– მე ვარ-მეთქი, – მერე სინათლე ავანთე, ჯინსი მოვიხსენი
და დავანახვე.
– კარგიაო, – დააქნია თავი და მზერა ჩემს დაფლეთილ
შარვალზე გადაიტანა,
– შარვალი გჭირდებაო? – მიხვდა, რატომაც მივაკითხე.
– ხო-მეთქი.
ჩაფიქრდა. – კარგი, აიღე, ოღონდ სამი საათისთვის უნდა
დამიბრუნოო. საქმე იმაში იყო, რომ იმასაც იმ ერთი შარვლის
მეტი არ ჰქონდა. – უფრო ადრე დაგიბრუნებ-მეთქი.
შარვალს რომ ვიცვლიდი, მოვუყევი, რაც დავინახე სახუ-
რავიდან. ყურადღებით მისმენდა, მერე თვალები მოჭუტა და
ჩარლიკას მწარედ შეაგინა.
– როგორ ფიქრობ, რატომ გჩითავენ-მეთქი?
– ეგ ჩემს ბიძებს ჰკითხე და გეტყვიან, შენ არაფერს დაგი-
მალავენო. ეჭვმა გამკრა, რაც მოისმინა, მისთვის არ იყო
მთლად ახალი ამბავი.
– დიდი მადლობა-მეთქი, – სხვა რა უნდა მეთქვა.
– ეგ ნაგავი აქ არ დატოვო, მოაშორეო!
ავიღე ჩემი შარვლის ნარჩენები და კარისაკენ წავედი.
– არ დაიგვიანოო, – მომაძახა.

მზე მთვარე და პურის ყანა Where stories live. Discover now