საღებავში ოქროსფერი გამოილია და მეც ფუნჯი გავრეცხე.
უკვე ოქროსფრად შეღებილ თეთრ ნაჭერზე ვეცადე ხელები შემეწმინდა, თუმცა მალევე მივხვდი საკუთარი გადაწყვეტილების ამაოებას და საბოლოოდ, ისედაც საკმაოდ შელახული შარვალი დავსვარე.
ნახატს ახლოდან თუ შეხედავ, ვერ დაინახავ.
მშვენიერება თუ სიმახინჯე ცალკ-ცალკე, ნაწილ-ნაწილ კი არა, ერთბაშად, მთლიანობაში აღიქმება, ამიტომ შორიდან უნდა დააკვირდე და ან მიიღო, ან ზურგი აქციო.
მე ზურგი ბოლომდე ვერ ვაქციე სიმახინჯეებს და ახლა მათ საკუჭნაოში, საკმაოდ ღრმად ვინახავ იმისათვის, რომ არავინ ნახოს. მეც კი.
თუმცა ნახატი დასამთავრებელია, ვუყურებ და ვხვდები, რომ მისგან სიმახინჯე ვერ გამოვა.
რამდენადაც არ უნდა ვეცადო მის შელახვას, იგი მაინც ვერ დაიკავებს იმ საცოდაობათა შორის ადგილს, რომლებიც უკვე წლებია მტვერში ლპებიან საკუჭნაოში, თაროზე.
ნახატი მსუბუქია და უბრალო, ისევე როგორც მასზე გამოსახული ადამიანი.
მისი სახელი ელიაა.
მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და მეტჯერ ალბათ საჭირო არც იყო. ის ჩემთან ცხოვრობს უკვე სამნახევარი წელია და ჯერ აბარგებას და წასვლას არ აპირებს.
მას რეალურად ბარგიც არ აქვს და რეალურად, თავადაც არ არის აქ, თუმცა ბევრჯერ მინატრია ჩემს სახლში ეცხოვრა, საიდანაც ნებისმიერ წამს გავაგდებდი და არა გულში, საიდანაც ვერც დანით, ვერც ტკბილი სიტყვით ვერ ამოვიკვეთ.
ნახატს ვუყურებ და ვრწმუნდები - ის ისეთია, როგორიც უნდა იყოს.
რეალობაში კაკაოსთან შერეული რძის ფერია.
თხელი თითები, ჩაცვენილი ლოყები, დასავარცხნი თმა, გაცვეთილი კედები და დაფლეთილი ყელსახვევი.
გამოწვდილი ხელი და გამვლელის მიერ, სიბრალულით, თუმცა სიჩქარით ნაბოძები ერთადერთი მონეტა მასში.
თავად სრულყოფილება.
ნახატი ცოტა სხვანაირია, თუმცა უფრო მეტად რეალური.
აქაც თხელია მისი თითები, ჩაცვენილია მისი ლოყები, დასავარცხნია თმა, გაცვეთილია კედები და ყელსახვევიც ისევეა დაფლეთილი, როგორც რეალობაში.
ხელიც გამოწვდილი აქვს და მონეტაც დევს მასში, მაგრამ აქ ყველაფერი ოქროსფერია.
რამდენად გაცვეთილიც არ უნდა იყოს მისი ფეხსაცმელი, ის მაინც ღირებულია, ვინაიდან ოქროსია. რამდენად საბრალოც არ უნდა იყოს ელია, მაინც შეუცვლელია, ვინაიდან, ისიც ოქროსია.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანი შიგნიდან დავინახე და მას შემდეგ სხვანაირად ვერც ვხედავ.
საღებავებში ოქროსფერი გამოილია, მე კი ხატვა შევწყვიტე.
აბა, სხვა ფერი, როგორ მეკადრებინა მისთვის?!
დასვრილი ხელები კიდევ ერთხელ შევაწმინდე შარვალს, შემდეგ მოვისრისე და სახელოსნოს კარი გამოვიხურე.
მეტრომდე გზა დიდია და ხალხით სავსე.
ხალხი ფერადია. ისინი არიან შინდისფერები, ბრინჯის, შაბიამნის, ფირუზის, კუპრის, ლალის ფერები, თუმცა არც ერთი მათგანი არაა ოქროსფერი.
მხოლოდ ის იყო და მხოლოდ ის იქნება ერთადერთი რეალური ფერი სამყაროში - ოქროსფერი.